განათლება,სიახლეები

როგორ დაიწერება მოსწავლის ნიშანი წელს – ჩხენკელის განმარტება

15.05.2020
როგორ  დაიწერება მოსწავლის ნიშანი წელს – ჩხენკელის განმარტება

დღეს, 15 მაისს, განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომაზე მიმდინარე სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმებზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, განიხილება შეფასების ორი ალტერნატივა, ეს არის განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაფუძნებული.

„ეს მოდელი ორიენტირებულია თითოეულ მოსწავლეზე და აკადემიური სტანდარტიც არის შენარჩუნებული. განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება მასწავლებელს საშუალებას აძლევს, შეაფასოს მოსწავლის როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეები.

საუბარია იმაზე, რომ მოსწავლე შეფასდეს პირველ სემესტრში მიღებული ქულების მიხედვით და პანდემიამდე ანუ მეორე სემესტრის 6 კვირის პერიოდში მიღებული ქულებით და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე,“-აცხადებს მინისტრი.

მინისტრის თქმით, ბევრმა სკოლამ დააფიქსირა თავისი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ მოსწავლე დისტანციური სწავლების მიხედვითაც შეფასდეს და შემაჯამებელი ქულების საშუალო არითმეტიკული ქულა იქნება მოსწავლის შეფასების წლიური ქულა, თუკი სკოლები ამ გზას აირჩევენ.

„მეხუთეკლასელებისთვის, არსებული სისტემით, განმსაზღვრელი შეფასება იწყებოდა მეორე სემესტრიდან, შესაბამისად, მათთვის პირველი სემესტრის 6 კვირის განმავლობაში პროგრამის და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასება მოხდება და ამის მიხედვით დადგინდება მეხუთეკლასელების წლიური ქულა,“- ამბობს მინისტრი.

ჩხენკელის თქმით, თუ მოსწავლეს 2019-2020 წლების პირველი სემესტრის შეფასება არ გააჩნია, მოსწავლის წლიური ქულა ამ შემთხვევაში განისაზღვრება მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში მიღებული ქულების საფუძველზე“.

მინისტრმა მე-12-კლასელებისთვის საგნის წლიური ქულის ამაღლებაზეც ისაუბრა.  „2020 წლის 21 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით ასეთი მოსწავლეები აფიქსირებენ სურვილს, რომ აიმაღლონ ნიშანი და 2020 წლის 19 ივნისამდე სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეს აძლევს შემაჯამებელ, კომპლექსურ დავალებას, რომლის საფუძველზეც მოხდება შეფასება“.

ჩხენკელის თქმით, მეცხრეკლასელი მოსწავლეები, რომლებიც ძირითადად გადიან სისტემიდან, იმავე მეთოდებით შეფასდებიან. „განსხვავება ისაა, რომ კომპლექსურ დავალებას ასეთი მოსწავლეები 30 ივნისის ჩათვლით მიიღებენ“.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უფრო მეტი დეტალები იქნება ცნობილი როგორც  სკოლებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.