„შუახევი ჰესის“ დიდაჭარის კაშხალიდან წყალი ჟონავს. ჰესის მშენებელი კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ამბობს, რომ „ამგვარი გაჟონვები ჩვეულებრივი მოვლენაა“ და კაშხლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.
„შუახევი ჰესის“ მონიტორინგზე მინიმუმ ორი სახელმწიფო უწყებაა პასუხისმგებელი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. „ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა ორივე სამინისტროდან და ორივე უწყებას თითქმის იდენტური კითხვები გაუგზავნა.
მთავარი კითხვა, რაც გვაინტერესებდა იყო, „შუახევი ჰესის“ დიდაჭარის კაშხალზე, ქვედა ბიეფის მხრიდან კედელზე გამომავალი წყალი ქმნიდა თუ არა საფრთხეს. სამინისტროებისგან ვითხოვდით კომისიურ დასკვნას ან განმარტებას, თუ რამდენად იყო საიმედო კაშხლის ასეთ პირობებში ექსპლუატაცია.
„შუახევი ჰესის“ პროექტის მფლობელი კომპანია – შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“, ახორციელებს დიდაჭარის კაშხლის მრავალმხრივ მონიტორინგს. მონიტორინგის შედეგად საფრთხის დაფიქსირების შემთხვევაში, მოხდება ექსპლოატაციის რეჟიმის სათანადოდ შეცვლა,“ – მოგვწერეს პასუხად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან.
„2013 წლის გზშ-ის ანგარიშის თანახმად, დიდაჭარის კაშხალი მიეკუთვნება დიდი კაშხლების კატეგორიას. შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში განხილულია კაშხლის მდგრადობის საკითხები, აგრეთვე ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების და შერბილების ღონისძიებები. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში მოცემული კვლევები იმ დროისათვის განხილული იქნა შესაბამისი დარგობრივი ექსპერტების მიერ კომისიური წესით და გაცემული იქნა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა შესაბამისი პირობებით, რომელთა შესრულება სავალდებულოა ჰესის მშენებელი კომპანიის მხრიდან, როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის ეტაპზე, ხოლო აღნიშნულის კონტროლს უზრუნველყოფს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი,“ – მოგვწერეს პასუხად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.
https://www.facebook.com/batumelebi/videos/247381873109501/?v=247381873109501
კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ორივე უწყებას დავუსვით, დიდაჭარის კაშხლის მდგრადობას უკავშირდებოდა. დავინტერესდით, იგეგმებოდა თუ არა ობიექტის ტექნიკური შემოწმება.
„შუახევი ჰესის“ პროექტის ობიექტების ტექნიკური შემოწმება განხორციელდა და განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი წესით,“ – მოგვწერეს ეკონომიკის სამინისტროდან.
გარემოს დაცვის სამინისტრომ კი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებაში, ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში გადაგვამისამართა, რომელსაც კაშხლის მდგრადობისა და ობიექტის ტექნიკური შემოწმების პრეროგატივა აქვს. „ბათუმელებმა“ სააგენტოს წერილობით უკვე მიმართა. თუმცა მათგან პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.
სამინისტროებს ასევე ვკითხეთ, რა დასკვნების საფუძველზე მისცა სახელმწიფომ აღნიშნულ ჰესს გვირაბების რეაბილიტაციის შემდგომ ექსპლუატაციის უფლება.
თუმცა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან „ბათუმელებისთვის“ ამ კითხვის პასუხად მოგწერეს არა ის, თუ რის საფუძველზე მიიღო „შუახევი ჰესმა“ რეაბილიტაციის შემდგომ ექსპლუატაციის უფლება, არამედ ის, თუ რის საფუძველზე ჩაუტარდა ჰესის ჩამონგრეულ გვირაბებს რეაბილიტაცია.
დიდაჭარის კაშხალი სამი მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის მიერაა დაფინანსებული. ეს ინსტიტუტებია – საერთაშორის საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და აზიის განვითარების ბანკი (ADB).
„ბათუმელებმა“ წერილობით მიმართა აზიის განვითარების ბანკს, ასევე საერთაშორის საფინანსო კორპორაციას. ჩვენ დავინტერესდით, ხომ არ ჰქონდა საფინანსო ინსტიტუტებს მოკვლევა დაწყებული დიდაჭარის კაშხალთან დაკავშირებით და რამდენად აკმაყოფილებდა კაშხლის ამჟამინდელი მდგომარეობა საერთაშორისო სტანდარტებს.
გამომდინარე იქიდან, რომ აზიის განვითარების ბანკი არის ერთ-ერთი დამფინანსებელი პროექტის, ხომ არ მომხდარა ბანკის მხრიდან ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლა და მონიტორინგი? თუ კი, რა გაირკვა შესწავლის შედეგად? თუ მოკვლევა ჯერ არ დაგიწყიათ, როდის აპირებთ და რა ტიპის მონიტორინგს განახორციელებთ? შეუძლია თუ არა აზიის განვითარების ბანკს თქვას, რომ მის მიერ დაფინანსებული „შუახევი ჰესის“ დიდაჭარის კაშხალი არის აგებული საერთაშორისო სტანდარტებით? – ეს არის იმ კითხვების ჩამონათვალი, რომლითაც აზიის განვითარების ბანკს მივმართეთ.
„უსაფრთხოება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. მოცემულ შემთხვევაზე რეაგირება ხდება სარემონტო სამუშაოებით,“ – მოგვწერეს აზიის განვითარების ბანკიდან.
რაც შეეხება საერთაშორის საფინანსო კორპორაცია IFC-ს, გამოცემა პასუხს მათგან ისევ ელოდება.
“შუახევი ჰესის” მშენებლობა 2013 წლის სექტემბერში დაიწყო. “შუახევი ჰესის” დადგმული სიმძლავრე 187 მეგავატს შეადგენს (178 მეგავატიანი სადგური შუახევში და მცირე 9,8-მეგავატიანი სადგური მდინარე სხალთაზე). პროექტი მოიცავს ორ კაშხალს წყალსაცავებით და ერთ დამბას მდინარეებზე: აჭარისწყალი, სხალთისწყალი და ჩირუხისწყალი.
52 მეტრის სიმაღლის დიდაჭარის კაშხალი ორი მდინარის – აჭარისწყლისა და მდინარე ღორჯომის შესართავთან მდებარეობს. წყალსაცავის მაქსიმალური მოცულობა 998 000 კუბ.მ-ია, ზედაპირის ფართობი კი – 152 500 კვ.მ. ოფიციალური ინფორმაციით “შუახევი ჰესმა” ელექტროენერგიის გამომუშავება უკვე დაიწყო.
[red_box]„შუახევი ჰესი“ ნოემბერში ამოქმედდება – უსაფრთხოა თუ არა აღდგენილი გვირაბები[/red_box]
[red_box]„შუახევიჰესი“ გვირაბის ჩამოშლის შემდეგ[/red_box]