ბათუმი,მთავარი,სიახლეები

თვითდასაქმებულებს 300 ლარის მისაღებად განაცხადის შევსება დღეიდან შეუძლიათ – ინსტრუქცია

15.05.2020 • 11040
თვითდასაქმებულებს 300 ლარის მისაღებად განაცხადის შევსება დღეიდან შეუძლიათ – ინსტრუქცია

თვითდასაქმებულებს, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, დღეიდან, 15 მაისიდან, საშუალება აქვთ, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და გაიარონ რეგისტრაცია, 300 ლარის კომპენსაციის ერთჯერადად მისაღებად.

რეგისტრაცია შეუძლიათ ასევე იმ თვითდასაქმებულებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში.

განაცხადის ფორმის შევსების ინსტრუქცია ნახეთ ამ ბმულზე

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესავსები განაცხადის ელექტრონული ფორმისთვის საჭირო ეს მისამართი დღეს, 15 მაისს ჩაირთვება. [გაითვალისწინეთ, რომ საიტი ჩაირთო თუმცა ხარვეზების გამო ხშირად ითიშება]

მთავრობის მიერ ადრე გამოქვეყნებული ინსტრუქციის მიხედვით, თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი შემოსავლების სამსახურში, კომპენსაციის მიღების მიზნით, არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისისა, ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

[checklist]

  • სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
  • საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);
  • საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში მისი შემოსავლის წყაროს შესახებ;
  • 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის: გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი (წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. მაგალითად, შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტი);
  • 2020 წლის პირველი 3 თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
  • მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ნებართვა/ლიცენზია;
  • საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი;

[/checklist]

სააგენტო, სამუშაო ჯგუფთან ერთად, განიხილავს წარმოდგენილ ელექტრონულ განაცხადებს და არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად სიას წარუდგენს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ უწყებათაშორის კომისიას.

აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდებიან ის პირები, რომლებიც არიან შემოსავლების სამსახურიდან სააგენტოსთვის მიწოდებულ სხვა საკომპენსაციო სიებში.

კომისიის გადაწყვეტილებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო უზრუნველყოფს განმცხადებლისათვის კომპენსაციის თანხის ჩარიცხვას განცხადებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

იმ პირებს, რომელთა განცხადებებიც არ დაკმაყოფილდება, სააგენტო გადაწყვეტილების მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აწვდის ინფორმაციას კომპენსაციის გაცემაზე უარის შესახებ.

დამატებითი ინფორმაციის მიღება პირს შეეძლება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505.

ვინ შეიძლება მოხვდეს არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების კატეგორიაში, ჩამონათვალი ნახეთ ამ ბმულზე:

კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ ასევე იმ თვითდასაქმებულებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მიღება არის უფრო გამარტივებული და მათ არ დასჭირდებათ დამატებითი მტკიცებულების წარდგენა, თუმცა ზემოთ აღნიშნულ განაცხადის ფორმას ისინიც ავსებენ.

უფრო დეტალურად ნახეთ აქ:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: