მთავარი,სიახლეები

მალხაზ რეხვიაშვილი აჭარის ტელევიზიის რედაქტორს ეთიკის ქარტიაში უჩივის

19.05.2020 • 1975
მალხაზ რეხვიაშვილი აჭარის ტელევიზიის რედაქტორს ეთიკის ქარტიაში უჩივის

აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარემ და გადაცემა „ჰეშთეგის“ ყოფილმა წამყვანმა მალხაზ რეხვიაშვილმა ტელევიზიისა და რადიოს 8-საათიანი გამოშვების რედაქტორის, ფირუზ ბოლქვაძის წინააღმდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა.

ქარტიის განცხადებით, მალხაზ რეხვიაშვილი დავობს მასალის სათაურზე. კერძოდ, რეხვიაშვილის განმარტებით, ახალი ამბის ტექსტი და სათაური ერთმანეთს ეწინააღმდეგება. საუბარია 11 მაისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაზე, რომელიც მალხაზ რეხვიაშვილის აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებას ეხებოდა.

ვიდეომასალის სათაურში გამოტანილი წინადადება – „მალხაზ რეხვიაშვილი მაუწყებლიდან დისკრედიტაციისა და ცილისწამებისთვის გაათავისუფლეს“ – ტელევიზიის საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ემზარ პაქსაძეს ეკუთვნოდა, თუმცა, მალხაზ რეხვიაშვილის აზრით, ეს სათაურში აღნიშნული არ ყოფილა და რესპონდენტის აზრი სათაურში წარმოჩენილი იყო ისე, როგორც ფაქტი, რითიც მოხდა მისი დისკრედიტაცია.

მალხაზ რეხვიაშვილი მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი და მეთერთმეტე პრინციპი –  ინფორმაციის სიზუსტე და ფაქტის განზრახ დამახინჯება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო რეხვიაშვილის განცხადება და ღია სხდომაზე განიხილავს, დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან და რადიოდან გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი, ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი 11 მაისს გაუშვეს. მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი 21 აპრილს ფეისბუქზე დაწერილი სტატუსი გახდა, რომლითაც მან თავის კოლეგას, თეონა თურმანიძეს მხარი დაუჭირა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: