ბათუმი,მთავარი,სიახლეები

78 000 დასაქმებული უმუშევარი დარჩა, მათი რიცხვი მეტი უნდა იყოს – შემოსავლების სამსახური

21.05.2020 • 1956
78 000 დასაქმებული უმუშევარი დარჩა, მათი რიცხვი მეტი უნდა იყოს – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით, 20 000-მდე დამსაქმებელს უკვე წარდგენილი აქვს ინფორმაცია უმუშევრად დარჩენილი 78 000 დასაქმებულის შესახებ, თუმცა, უწყების მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს.

პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირზე კომპენსაცია განისაზღვრება თვეში 200 ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან [04.05.2020 წელი] 6 თვის განმავლობაში.

„შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს შეახსენებს, რომ მათ ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა.

შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებლებს, შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

დამსაქმებელთა საყურადღებოდ: მთავრობის მიერ პროგრამაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, დამსაქმებელს უმუშევრად დარჩენილი თანამშრომლის შესახებ ინფორმაციის წარდგენა მაისის თვეში, 20-ის ნაცვლად, 30 რიცხვის ჩათვლით შეუძლია.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, „სამსახური დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 2 დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას.

აღნიშნული სააგენტოს მიერ კომპენსაციის გაცემის პროცედურა, მონაცემების დამუშავებიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში მოხდება. დაქირავებით დასაქმებული პირისთვის კუთვნილი კომპენსაციის მიღება მხოლოდ საბანკო ანგარიშზე განხორციელდება“.

მოქალაქეს, რომელიც იყო დასაქმებული და კორონავირუსის პანდემიის გამო უხელფასოდ დარჩა, თავად შეუძლია გადაამოწმოს, არის თუ არა ის კომპენსაციის მიმღებთა სიაში/რეესტრში. გადასამოწმებლად გადადით ამ ბმულზე:

დახმარების პროგრამაში მთავრობამ ცვლილებები 19 მაისს შეიტანა. ამ ცვლილებების მიხედვით:

„კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ დაქირავებულს (მათ შორის პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში), თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც (რაც დასტურდება დამქირავებლის მიერ სამსახურში საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით), იღებდა ხელფასს (გარდა, პირის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა) და 2020 წლის 1 ივნისამდე შეუწყდა/შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან ან/და დამქირავებლისგან არ იღებს ხელფასს“.

„[შემოსავლების] სამსახური, დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითებით წარუდგენს დასაქმების სააგენტოს არაუგვიანეს კომპენსაციის გაცემის თვის 20  რიცხვისა, ხოლო მაისში – დამატებით 30 რიცხვის ჩათვლით“.

„დამქირავებელი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში [ყოველი თვის 15 რიცხვამდე] განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი შესაბამისი თვის 20 რიცხვის ჩათვლით, ხოლო მაისში – დამატებით 30 რიცხვის ჩათვლით“.

ამასთან, ახალი ცვლილების მიხედვით, „კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა საბანკო დაწესებულე­ბის მეშვეობით, პირის საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც  პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 30 რიცხვისა. ამასთან, მაისის 21-დან 30 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ინფორმაციების მიხედვით, კომპენსაცია გაიცემა არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა“

გარდა დასაქმებულებისა, უმუშევრად დარჩა თვითდასაქმებულებიც, რომლებმაც ერთჯერადად კომპენსაციის – 300 ლარის მისაღებად, 2020 წლის პირველ ივლისამდე, უნდა წარადგინონ განაცხადი.

ამ თემაზე:

თვითდასაქმებულებს 300 ლარის მისაღებად განაცხადის შევსება დღეიდან შეუძლიათ – ინსტრუქცია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: