მთავარი,სიახლეები

იქნება თუ არა წყალი სოფელში ფასიანი

03.10.2017 • 2429
იქნება თუ არა წყალი სოფელში ფასიანი

ამ წუთებში  სასტუმრო „რედისონში“, აჭარაში წყლის სექტორის რეფორმის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საბოლოო ანგარიშის განხილვა  მიმდინარეობს. შეხვედრაზე აჭარის სადაბო და სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემების რეაბილიტაციის პროექტისთვის საჭირო ინვესტიციების და ინსტიტუციონალური დახმარების საჭიროებები  უნდა განსაზღვრონ.

პროექტი აჭარის  მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომლის  ფარგლებშიც საკონსულტაციო კომპანია მაქსის მიერ [ MACS – Energy and Water] უკვე მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დოკუმენტი.

პროექტის განსახორციელებლად სს „აჭარის წყლის ალიანსი“ შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში აჭარის მთავრობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით არის წარმოდგენილი, გარდა ამისა ალიანსში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული.

სააქციო საზოგადოება კონსულტანტის ფუნქციებს შეითავსებს და მუნიციპალიტეტებს ტენდერის გამოცხადებაში, პრიორიტეტების განსაზღვრაში  და სხვა საქმიანობაში დაეხმარება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარაში წყლის სექტორის რეფორმა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW] შეღავათიანი სესხითა და ევროკავშირის NIF-ის გრანტით დაფინანასდება;

პროექტის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის მიხედვით საერთო ინვესტიციების სტრატეგია სამ განზომილებას მოიცავს:

  • ინვესტიციები მუნიციპალიტეტების დაბების წყალმომარაგებისა და წყალარინების ცენტრალიზებულ სისტემებში;
  • ინვესტიციები მაღალმთიანი სოფლების წყლის დეცენტრალიზებულ სისტემებში;
  • ინვესტიციები ექსპლუატაციისა და მართვისათვის საჭირო ტექნიკა-მოწყობილობების შესაძენად.

მთავრობის ინფორმაციით, პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 44 000 000 ევროს შეადგენს, რომელიც  როგორც ცენტრალური, ისე დეცენტრალიზებული კომპონენტისთვის დაიხარჯება. ინვესტიციების პერიოდი შვიდ  წელზეა გათვლილი  [2018-2024წწ]

პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე, სპეციალურად შერჩეული კონსულტანტების მიერ დეტალური პროექტები მომზადდება და ყველა მუნიციპალიტეტისთვის  სატენდერო პროცედურები განხორციელდება.

პროექტამდე არსებული და პროექტის შემდგომ შექმნილი ინფრასტრუქტურული აქტივები, ისევე, როგორც საერთო სერვისების მიწოდებისთვის საჭირო აქტივები, მუნიციპალიტეტების საკუთრებაში გადავა.  გახდება თუ არა ამ პროექტის განხორციელების შემდეგ სოფელში წყალი ფასიანი? – ამ კითხვაზე ჯერჯერობით მთავრობაში არ პასუხობენ, ხულოს გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის  ინფორმაციით კი  სასმელი წყალი სოფელში ისევ უფასო იქნება.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და პროექტში ჩართული სხვა მხარეები დაესწრებიან.

შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გახსნა. მთავრობის თავმჯდომარე აჭარაში წყლის რეფორმის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: