მთავარი,სიახლეები

რედაქცია დირექტორის სამსახურში ანუ როგორ გააშუქა აჭარა TV-მ ჟურნალისტის გათავისუფლება

25.05.2020 • 1638
რედაქცია დირექტორის სამსახურში ანუ როგორ გააშუქა აჭარა TV-მ ჟურნალისტის გათავისუფლება

კრიტიკულად განწყობილი კიდევ ერთი ჟურნალისტის – მალხაზ რეხვიაშვილის აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლება მაუწყებელმა ასეთი სათაურით გააშუქა: –მალხაზ რეხვიაშვილი მაუწყებლიდან დისკრედიტაციის და ცილისწამებისთვის გაათავისუფლეს“. მაუწყებელმა ეს სათაური გამოიყენა მაშინ, როცა გათავისუფლებულ ჟურნალისტს და ტელევიზიის მენეჯმენტს შორის სასამართლო დავა არათუ დასრულდა, არამედ ჯერ არც კი დაწყებულა. შესაბამისად, სასამართლოს არც ერთ ინსტანციას არ დაუდგენია ის, რაც აჭარის ტელევიზიამ ფაქტის სახით უთხრა 11 მაისს მაყურებელს, როგორც ტელევიზიის პირდაპირი ეთერიდან, ასევე მაუწყებლის ოფიციალური ვებგვერდიდან.

მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი „ცილისწამება და დისკრედიტაციაა“, ასე წერია ბრძანებაში, რომელსაც ტელევიზიის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე აწერს ხელს. მაუწყებლიდან ჟურნალისტების ჩამოშორების წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, აჭარის ტელევიზიის ნიუსრუმმა ამჯერად ტელევიზიის მენეჯმენტის პოზიცია პირდაპირ გაიზიარა და მენეჯმენტის გადაწყვეტილება გაასაღა, როგორც უტყუარი სიმართლე.

ასე არ მომხდარა სხვა დროს. ტელევიზიიდან თეონა ბაკურიძის გათავისუფლების შემთხვევაში, მაგალითად, მაუწყებელმა სათაურში დაწერა: თეონა ბაკურიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს. ეს ამბავი 13 მარტს მოხდა. მაშინ ტელევიზიას სათაურში არ გამოუტანია ამონარიდი ბრძანებიდან, სადაც იგივე გიორგი კოხრეიძემ დაწერა, რომ „დასაქმებულმა უხეშად დაარღვია მაუწყებლის შრომის შინა განაწესი“.

გამოჩნდა თუ არა, რომ ნიუსრუმმა, რომელმაც მალხაზ რეხვიაშვილის ტელევიზიიდან გაშვების შესახებ სიუჟეტი მოამზადა, ტელევიზიის ხელმძღვანელის პოზიციის დაკავება არჩია? – ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი, ფირუზ ბოლქვაძე არ ფიქრობს, რომ რაიმე სახის შეცდომა დაუშვა. მეტიც, იგი დარწმუნებულია, რომ მალხაზ რეხვიაშვილი ახლაც ცდილობს მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის დისკრედიტაციას, რადგან რეხვიაშვილმა საკითხის შესწავლა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ სთხოვა.

„მალხაზ რეხვიაშვილი ცდილობს ქარტიის შეცდომაში შეყვანას ფაქტების დამახინჯების გზით… მისი საჩივარი არის უსაფუძვლო და ემსახურება მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის დისკრედიტაციას,“ – გვიპასუხა ფირუზ ბოლქვაძემ. ის განმარტავს, რომ მის მიერ შერჩეული სათაური ოფიციალურ დოკუმენტს – ბრძანებას ეფუძნებოდა, „რომელშიც ზუსტად, სიტყვა-სიტყვით ეწერა ის საფუძვლები, რის გამოც გათავისუფლდა [რეხვიაშვილი]“.

დირექტორის ბრძანების პირდაპირ გაზიარება, სათაურში იმის არ მითითება, რომ „ცილისწამება და დისკრედიტაცია“ ბრძანებიდან ამოღებული ტერმინებია და ის არ არის დადგენილი სიმართლე, არის თუ არა აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა? რატომ გაასაღა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურმა ფაქტად ის, რაც სასამართლოს მიერ დადგენილი არ არის? – ვკითხეთ ტელევიზიის რედაქტორს, ფირუზ ბოლქვაძე.

„…ეს იყო ფაქტობრივად დამდგარი, გადაწყვეტილება [დირექტორის მიერ] უკვე მიღებული იყო და ეს არ იყო მოკვლევის პროცესი, ეს პროცესი იყო მანამდე. როცა მოხდა გადაწყვეტილების მიღება, დადგა კონკრეტული შედეგი ამ გადაწყვეტილებიდან და ჩვენ ეს გავაშუქეთ,“ – აღნიშნავს ფირუზ ბოლქვაძე.

ფირუზ ბოლქვაძე საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი მას შემდეგ გახდა, როცა ახალმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ, საინფორმაციო გამოშვების წინა რედაქტორს – მაია მერკვილაძეს არარსებული თოქ-შოუს პროდიუსერობა შესთავაზა და რადიოში გადაიყვანა. ტელევიზიის დირექტორის ამ გადაწყვეტილებას მაია მერკვილაძეც სასამართლოში ასაჩივრებს. 

რატომ არჩია ახალი ამბების ახალმა რედაქტორმა, ფირუზ ბოლქვაძემ მაუწყებლის მენეჯმენტის მხარეს დამდგარიყო? – ამ კითხვამ რედაქტორი გააღიზიანა, დამშვიდობება გადაწყვიტა, თუმცა მანამდე მოკლედ ესეც გვითხრა:

„ჩვენ არავის მხარე არ გვიჭირავს, ჟურნალისტები ფაქტებს აშუქებენ მიუკერძოებლად და ობიექტურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად იყო გაშუქებული მაგ ინფორმაციაში ყველაფერი, დანარჩენი გადაწყვიტოს ქარტიამ,“ – დაასრულა საუბარი „ბათუმელებთან“ ფირუზ ბოლქვაძემ.

იყო თუ არა მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლების შესახებ მომზადებული ახალი ამბის სათაური პრობლემა? – ეს კითხვა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ვახო ხუზმიაშვილსაც დავუსვით, რომელმაც პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

„მე მოსამართლე არა ვარ, ვერ ჩავერევი ვერც ფირუზის სასარგებლოდ და ვერც მალხაზის სასარგებლოდ. დაველოდოთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რას იტყვის. თუ ისე გამოვიდა, რომ ჩვენ რამე დავარღვიეთ, ბოდიშის მოხდაც არ არის სირცხვილი, მანამდე კი, თავს შევიკავებ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ვახო ხუზმიაშვილმა.

მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლებაზე მომზადებული სიუჟეტის ავტორი, ჟურნალისტი თამარ ხოზრევანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში სათაურებს რედაქტორები არჩევენ:

„რედაქტორი არჩევს სათაურს და ამ შემთხვევაშიც ასე იყო… მე ეს სიუჟეტი და ინტერნეტგვერდზე მასალაც გამოქვეყნების შემდეგ ვნახე. ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა ყველა მხარიდან დაცლილი პოზიცია, რომ გაათავისუფლეს სამსახურიდან მხოლოდ ეს ყოფილიყო და დანარჩენი პოზიციები ტექსტში იქნებოდა… ვფიქრობ, რომ სათაური ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რედაქტორები იღებენ ამ გადაწყვეტილებას,“ – ამბობს თამარ ხოზრევანიძე.

ჟურნალისტი ამბობს, რომ  ეთერში გასვლის შემდეგ ამ საკითხზე ნიუსრუმშიც იმსჯელეს.

„…არ მომითხოვია შეცვლა, სხვა სიუჟეტზე ვმუშაობდი და არ გვიფიქრია შეცვლა. ვისაუბრეთ, იყო თუ არა ეს სწორი. მე პასუხისმგებლობას ვიღებ ტექსტზე, დანარჩენს მე ვერ შევაფასებ…“ – აღნიშნა თამარ ხოზრევანიძემ „ბათუმელებთან“.

„შეიძლება მე ემოციურად აღვიქვამ ამ ფაქტს, რადგან ეს ჩემი ამბავია,“ – გვიყვება მალხაზ რეხვიაშვილი, რომელსაც ასევე ვკითხეთ, უკვე ხომ არ არის შეცვლილი სარედაქციო პოლიტიკა, რისი მოლოდინიც ახალი დირექტორის პირობებში იმ ჟურნალისტებს ჰქონდათ, რომელთა დიდი ნაწილიც უკვე ჩამოაშორეს რედაქციას.

„მე სრულიად ვენდობი ქარტიას. თუ აღმოჩნდება, რომ ფაქტი განზრახ დაამახინჯეს, გამოვა, რომ ნიუსრუმში ვიღაცები კონკრეტული ადამიანების ინტერესებს ატარებენ. მანამდე არ მინდა ჟურნალისტებს რამე ისეთი დავაბრალო, რაც მათ პატივს და ღირსებას შელახავს,“ – ამბობს მალხაზ რეხვიაშვილი.

მალხაზ რეხვიაშვილი არ მიიჩნევს, რომ სათაურში მისი პოზიციაც უნდა დაფიქსირებულიყო,  „მაგრამ ფაქტად იყო გამოტანილი ის, რასაც ემზარ პაქსაძე [მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი] ამტკიცებს და რასაც მე ვასაჩივრებ. ეს ვერ იქნებოდა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რადგან ეს გარემოება დაადგინა ერთმა კონკრეტულმა  სამსახურმა… ფირუზ ბოლქვაძემ ეს ფაქტად გამოიტანა, ეს ხომ სასამართლო არ ყოფილა? პაქსაძე ხომ არ არის მოსამართლე?“ – კითხულობს მალხაზ რეხვიაშვილი.

სასამართლომდე აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების ჩამოშორება და, მათ შორის, მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გაშვება შეაფასა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. ამ ორგანიზაციამ რეხვიაშვილის გათავისუფლების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, „შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა მაუწყებელზე“, თუმცა აჭარის ტელევიზიის ვეგვერდზე ამის შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.

ორგანიზაციის – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ბოლო განცხადება, რომელიც აჭარის ტელევიზიის ვებგვერდზე იძებნება, 14 მარტით თარიღდება. „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა“ – წერია საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში. მაშინ აჭარის ტელევიზიის ონლაინსამსახურის უფროსი სოფო ჟღენტი იყო, რომელიც მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, 14 აპრილს ჩამოაშორეს ონლაინსამსახურს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: