“ლელო საქართველოს” გუნდს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შეუერთდა

“ლელო საქართველოს” გუნდს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შეუერთდა. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 8 წლის შემდეგაც ქართული ოცნება ვერ ასრულებს დანაპირებს და მათი გუნდის წევრები ცდილობენ, ბრძოლა სამართლიან პლატფორმაზე განაგრძონ.

“ამ 8 წლის განმავლობაში არათუ რამე განხორციელდა, არამედ ქვეყანა ღრმა ძილში წავიდა. ქვეყანა გააჩერეს, დაამუხრუჭეს. ყველა მიმართულებით კრიზისია. სწორედ ამ პროცესმა გამოიწვია იმ ადამინების იმედგაცრუება და პროტესტი, რომლებიც ერთ დროს “ოცნების” აქტიური წევრები იყვნენ.

დღეს ჩვენ გვიერთდება ჯამბულ ხოზრევანიძე, გუშინდელ დღემდე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და დღეს უკვე “ლელოს” აქტიური თანამებრძოლი, რომელთანაც ერთად ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ქვეყნის დასავლური კურსი იქნას შენარჩუნებული და გავაგრძელებთ ქვეყნის აღორძინებას,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“ლელოს” ახალი გუნდის წევრი ჯამბულ ხოზრევანიძე აცხადებს, რომ ის თავის ახალ გუნდთან ერთად საქართველოს მოსახლეობისთვის იმედია დაბრუნებას აქტიურად შეეცდება.

“2005 წლიდან ვიბრძოდი უკეთესი საქართველოსთვის. 2016 წელსაც გამოვთქვი უკმაყოფილება იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ჩემს იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა. 2020 წელსაც იგივე მეორდება, იმ ადამიანებს ვხედავ ამ ხელისუფლებაში, რომლებმაც წინა ხელისუფლების დროს შექმნეს რეჟიმი და ახლა ამ რეჟიმის გაუარესებას ცდილობენ. ესენი არიან ფეოდალები, რომლებიც მაგალითისთვის ვიტყვი და აჭარას ამუხრუჭებენ.

მე ვიბრძოდი სამართლიანობისთვის და სამწუხაროდ, ამ ასაკში ისევ უკუსვლით მიწევს წინა პერიოდში დაბრუნება, რაც იყო 2012 წელს. მე მწამს, რომ “ლელოსთან” ერთად ადამიანებს დავუბრუნებთ იმ იმედს, რაც სჭირდებათ,”- განაცხადა ჯამბულ ხოზრევანიძემ.

ჯამბულ ხოზრევანიძის “ლელოს” რიგებში გაწევრიანებას გამოეხმაურა პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძეც.

“დღეს “ლელოს” გუნდი ძლიერდება მებრძოლი ადამიანით, რომელიც ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე ყოფნის დროს აფიქსირებდა თავის ღირსეულ პოზიციას. მაშინ, როდესაც საჭირო იყო ბრძოლა ქუჩაში თუ აუდიტორიაში, ის იბრძოდა ამ რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს ამ ადამიანს ვხედავთ “ლელოს” ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიდერად და დასაყრდენად აჭარაში. ჩვენი მიზანია, დაფასდნენ ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ქვეყნის წინსვლისთვის,”- ირაკლი კუპრაძე.

გააქირავე მარტივად rent.myhome.ge-ს დახმარებით

Myhome-მა შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად ახალი პლატფორმა შექმნა rent.myhome.ge, რომელიც უძრავი ქონების გამქირავებლებს და ტურისტებს დაეხმარება მარტივად იპოვონ ერთმანეთი.

ვებგვერდზე გამქირავებელს შეეძლება მარტივად განათავსოს სახლი, ბინა, ოთახი, გესთჰაუსი თუ სასტუმრო, უმასპინძლოს ტურისტებს და მიიღოს დამატებით შემოსავალი.

მასპინძლები შეძლებენ სრულყოფილად წარმოაჩინონ შეთავაზება: განთავსების პირობები, კვება თუ სხვა დამატებითი მომსახურებები, ონლაინ დაჯავშნითა და გადახდის შესაძლებლობით.

განმთავსებლებისთვის ჯავშნების პროცესის მარტივად სამართავად პლატფორმაში ინტეგრირებულია სპეციალური კალენდარი. Ამასთანავე შესაძლებელი იქნება აირჩიონ გადახდის ფორმა: ონლაინ გადახდა თუ ადგილზე ანგარიშსწორება. პლატფორმით სარგებლობა ნოემბრამდე საკომისიოს გადახდის გარეშე იქნება შესაძლებელი.

განთავსებული შეთავაზებები გამოჩნდება Myhome-ის დღიურად გაქირავების მოდულში, სადაც 2019-წლის ზაფხულში 125,000-მა უნიკალურმა მომხმარებელმა მოძებმა სასურველი საკურორტო ქონება.

„ეს არის საერთაშორისო სტანდარტების მქონე პირველი სრულყოფილი პლატფორმა ქართული უძრავი ქონების გაქირავებისთვის, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო გამოცდილებაზე და მორგებულია ადგილობრივ საჭიროებებს. rent.myhome.ge დაეხმარება შიდა ტურიზმსა და ადგილობრივი სერვისების განვითარებას”- მადონა კაჭკაჭაშვილი Myhome-ის Product Owner.

სასურველი ქონების დასამატებლად შეგიძლია ეწვიო: rent.myhome.ge-ს ან მოგვწერო Facebook-ზე https://www.facebook.com/MyHome.My.Ge/

პროექტი ხორციელდება Myhome-ისა და Visa-ს კოლაბორაციით, რომელიც ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას და დაეხმარება ადგილობივ ბიზნესებს მიმდინარე კრიზისიდან სწრაფად გამოსვლაში.

 

მსოფლიოში 15 მილიონზე მეტი ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 23 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 15 239 805 შემთხვევა.

ეს არის მხოლოდ იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ კვლევის შედეგად, ინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ამაზე გაცილებით დიდია.

იანვრიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 623 658 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 143 190 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში; 82 771 – ბრაზილიაში და 45 586 – დიდ ბრიტანეთში.

კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია აშშ-ი, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 3 970 908 ადამიანი, ასევე, ბრაზილია – 2 227 514 ინფიცირებული და  ინდოეთი – 1 238 798 ინფიცირებული.

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსისგან განიკურნა 8 656 734 ადამიანი.

ვინ შეაკეთებს ბათუმის ქუჩებს

ბათუმის ასფალტირებული და არაასფალტირებული ქუჩების შეკეთებაზე ტენდერები მერიის სამსახურებს ახლა აქვთ გამოცხადებული. ქალაქის ბიუჯეტიდან ამ სამუშაოებისთვის ჯამში 440 ათას 140 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების დაწყება კი, მიმდინარე ტენდერების დასრულებაზეა დამოკიდებული.

გზის პრობლემატურ მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგების [ასფალტის დაკერების] სამუშაოებზე ტენდერი 299 ათას 840 ლარით აქვს გამოცხადებული მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს. წინადადებების მიღება 29 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტოს დასრულდება.

პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის განმავლობაში 1 538 კუბ/მ ბეტონის საფარი უნდა დააგოს გზების პრობლემურ მონაკვეთებში.

„თითოეულ ობიექტზე სამუშაოები უნდა განხორციელდეს მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველის მხრიდან მიიღებს შეტყობინებას სამუშაოების დაწყების თაობაზე, რომელშიც განსაზღვრული იქნება სამუშაოების დაწყების კონკრეტული თარიღი და სამუშაოების შესრულების კონკრეტული ვადა კონკრეტულ ქუჩაზე ან მონაკვეთზე… შესრულებული სამუშაოების საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებიდან; ამ  პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრა“, – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

140 ათას 300 ლარით გამოაცხადა ტენდერი ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტომ ქალაქში არაასფალტირებული ქუჩების სარემონტო სამუშაოებზე. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 5 აგვისტოს დაიწყება და 10 აგვისტოს დასრულდება.

გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, უნდა შეასრულოს შემდეგი სამუშაოები:

    • არაასფალტირებული ქუჩების შეკეთება ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით – ჯამში 90 000 კვ/მ;
    • არაასფალტირებული ქუჩების შეკეთება (ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის გარეშე) – ჯამში 70 000 კვ/მ;
    • არაასფალტირებულ ქუჩებსა და გზებზე უვარგისი გრუნტის ამოღება და ბუნებრივი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით შევსება (დატკეპნით) – 240 კუბ/მ.

გამარჯვებულმა „მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მიერ მითითებული ქუჩების მოხრეშვა-მოშანდაგების შემდეგ მთელი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ქუჩების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა. მიმწოდებელი ვალდებულია ჩაატაროს არაასფალტირებულ ქუჩებზე ორმოების კიდეების გაფხვიერების და დამუშავების სამუშაოები; მოახდინოს ბალასტით ორმოების შევსება, გასწორება-დატკეპნა, საჭიროების შემთხვევაში ზემოდან ქვიშა-ღორღოვანი ნარევით მოსწორება“.

ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემოდის გზები, რომლებიც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. ასეთია, მაგალითად, ანგისა-ახალციხის გზის მონაკვეთი – ფრიდონ ხალვაშის გამზირი.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აჭარასა და გურიის რეგიონში საავტომობილო გზების პერიოდული შეკეთების სამუშაოებზე ტენდერი ახლახან გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 7 აგვისტოს დაიწყება და 12 აგვისტოს დამთავრდება.

ტენდერში გამარჯვებულმა გზების დეპარტამენტის წერილობითი დავალების შესაბამისად, აჭარასა და გურიაში გზები ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში უნდა შეაკეთოს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება [სამუშაოების ჩამონათვალი და მათი ღირებულებების ჯამი] არის 37 201 ლარი, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა – 20 მილიონი ლარი.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი / 2020 წლის ივლისი /

ოზურგეთი პირველი მუნიციპალიტეტია, რომელიც ოპტიკური ინტერნეტის პროექტში ჩაერთვება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ოზურგეთი პირველი მუნიციპალიტეტი იქნება საქართველოში, რომელიც ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების პროექტში ჩაერთვება.

ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 23 ივლისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მიღებული იქნა გადაწყვეტილება, კონტრაქტი დაიდება და სამუშაოები დაიწყება საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში. საუბარია ე.წ. „ოფენ ნეტის“ პროექტზე, რომელიც ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროს კოორდინირებით, ეს პროექტი ძალიან მასშტაბურია და საქმე ეხება ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის გაყვანას მთელ საქართველოში, რაც მოიცავს ათასობით დასახლებულ პუნქტს“.

ნათია თურნავას განცხადებით, თავდაპირველად საპილოტე პროექტი განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში:

„უახლოეს თვეებში დაიწყება სამუშაოები, ხოლო წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს კიდევაც. საქმე პირველ ეტაპზე ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 49 დასახლებულ პუნქტს, ეს არის 8 500 ოჯახზე მეტი, ვინც მიიღებს რამოდენიმე თვის განმავლობაში მაღალი სიჩქარის ინტერნეტს. პროექტი გაგრძელდება საქართველოს სხვა რეგიონებშიც“.

თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარება განსაკუთრებით მნშვნელოვანია განათლების სისტემისთვის, ბიზნესისთვის, დისტანციური მუშაობისთვის და ა.შ.

თურქეთში გასულ 24 საათში კორონავირუსის 902 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში გასულ 24 საათში 902 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა თურქეთში 222 402-მდეა გაზრდილი. დაავადების გავრცელების რაოდენობით თურქეთი მსოფლიოში მე-15 ადგილზეა.

თურქული მედიასაშუალების „ანადოლუს“ ინფორმაციით, თურქეთში covid19-ით ამ დრომდე 5 545 ადამიანი დაიღუპა, ბოლო 24 საათის განმავლობაში – 19.

პანდემიის გამო თურქეთთან საზღვარი საქართველომ 15 მარტს ჩაკეტა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელება პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის უცნობია, როდის შეიძლება გახსნას საქართველომ თურქეთთან საზღვარი.

დღეს, 23 ივლისს, საქართველოში covid19-ით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, სამის წყარო უცნობია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 23 ივლისის მდგომარეობით 1085-მდეა გაზრდილი, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 911, გარდაიცვალა – 16.

ამ თემაზე:

რუსეთიდან 43 278 მოქალაქე შემოვიდა პანდემიის დროს – სტატისტიკა

რადისონ ბათუმი ადასტურებს, რომ ერთ-ერთ სტუმარს კოვიდ -19 აღმოაჩნდა

ინფორმაცია ყაზახეთის მოქალაქეების ჩარტერული რეისით შემოსვლაზე და მათ შორის ინფიცირებული პირების ყოფნაზე ბათუმში გასული კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვრცელდებოდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აქამდე დაუდასტურებელი ინფორმაციის მიუხედავად, რამდენიმე სტუმარმა პროტესტის ნიშნად სასტუმროც კი დატოვა.

„რადისონის“ სტუმრები გვიყვებოდნენ, რომ სასტუმროს მაღლივი ორი სართული ჩაკეტილია.

ფაქტის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ვერ დაგვიდასტურეს. უწყებაში გვითხრეს, რომ „რადისონის“ ყაზახი სტუმრები მათ არ შეუმოწმებიათ“.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „ბათუმელებმა“ გასულ კვირასვე თავად „რადისონის“ მმართველ კომპანიასაც მიმართა. კომპანიაში დღეს დაადასტურეს, რომ სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდგინდა.

„რადისონის“ მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციას გთავაზობთ უცვლელად:

„კომპანია „სილქ ჰოსფითალითი“ ბათუმში, სასტუმრო „რადისონში“ ერთ-ერთი სტუმრისთვის ახალი კორონავირუსის დადასტურებას ეხმიანება. სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმის“ ერთ-ერთ სტუმარს, ლუგარის ლაბორატორიაში განმეორებით  ჩატარებული ტესტირების შედეგად დაუდგინდა კოვიდ -19, გამოხატული სიმპტომების გარეშე. ტესტირება ორჯერ ჩაუტარდათ მის თანმხლებ და მასთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს. ტესტების პასუხები უარყოფითია. ყველა მათგანი გადაყვანილია კარანტინში და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.

კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ, სტუმარი გადაყვანილი იქნა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სასტუმრო „რადისონის“ თანამშრომლებმა იმოქმედეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პროტოკოლით გათვალისწინებული უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით. ადგილზე მაშინვე მოვიდნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC)  წარმომადგენლები, რომლებმაც ჩაატარეს მოკვლევა და გასცეს დამატებითი რეკომენდაციები.

ამ დროისათვის სასტუმრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და ემსახურება ტურისტებს. ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი სტუმრების კომფორტი და უსაფრთხოება და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ არ შეექმნათ რაიმე სახის უხერხულობა“.

დადასტურდა კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა, სამის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია

23 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 4 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია, მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ამ პაციენტების ინფიცირების წყაროს მოძიება, რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს – ესაა გაჩიანის კლასტერთან დაკავშირებული, დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები და იმპორტირებული შემთხვევები.

დღეის მონაცემებით, 196 პაციენტი მკურნალობს საქართველოს კოვიდცენტრებში.

სულ საქართველოში კორონავირუსის 1085 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან გამოჯანმრთელდა – 911, ხოლო გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებაა, ძირითადად, გარდაბნის რაიონში.

______________

ამავე თემაზე: 

გაჩიანის კლასტერი ყველაზე ცხელი წერტილია – ამირან გამყრელიძე

ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი გამკაცრდება – გახარია

დღეს, 23 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გაჩიანის კლასტერთან დაკავშირებით საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი გამკაცრდება.

„სოციალური სტრუქტურა ამ სოფლების გახლავთ ისეთი, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე ამ სოფლებიდან შრომობს თბილისის და საერთოდ, ქვეყნის სხვადასხვა ბაზრებზე თუ ბაზრობებზე. ამიტომ, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი, ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება, შერჩევითი. ასევე, ამ სოფლებში ჩატარდება აქტიური ტესტირება,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, შტაბს მიღებული აქვს დავალება საკარანტინო ზომები სწრაფად გაამკაცროს კონკრეტულ ადგილებში.

გაჩიანის კლასტერი ქვემო ქართლის რეგიონს, გარდაბნის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. გაჩიანის დასახლებაში სამი სოფელი შედის, სადაც კორონავირუსით ინფიცირების 35-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. მთავრობის განცხადებით, სწორედ ამ რეგიონიდან მუშაობენ ადამიანები სხვადახვა ბაზრობაზე.

22 ივლისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ახლა საქართველოში ყველაზე „ცხელი წერტილი“ გაჩიანის დასახლებაა.

ამავე თემაზე: 

გაჩიანის კლასტერი ყველაზე ცხელი წერტილია – ამირან გამყრელიძე

ავტომანქანები და მშენებლობები უსინათლოთა ბილიკებზე ბათუმში [ვიდეო]

ბათუმის არაერთ ქუჩაზე ველობილიკების გარდა უსინათლო ადამიანებისთვის განკუთვნილი ბილიკებიცაა, თუმცა მათზე გადაადგილება უსინათლოებისთვის ნამდვილად არ არის უსაფრთხო. ამაში სწრაფად დარწმუნდებით, თუ ერთხელ მაინც შეეცდებით ამ ბილიკს გაჰყვეთ თვალდახუჭული.

უსინათლოთა ბილიკებზე, რომლებიც გზის სავალ ნაწილზეა დაგებული, ძალიან ხშირად შეხვდებით პარკირებულ ავტომობილებსა თუ სხვადასხვა სავაჭრო და კვების ობიექტების მიერ გამოდგმულ ინვენტარს.

ასეთ ბილიკებს ზოგჯერ ორმოებთან მივყავართ, თანაც ისე, რომ ახლოს არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი არ დგას მხედველობის არმქონე ადამიანისთვის. ზოგან ბილიკს მშენებლობის კედელთან მივყავართ, ქალაქის ზოგიერთ ადგილას კი უსინათლოთა ბილიკი უბრალოდ მოულოდნელად წყდება.

სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც სამშენებლო პროცესისთვის ითვისებენ ტროტუარის ნაწილს და მასთან ერთად უსინათლოთა ან/და ველობილიკებს, სანებართვო პირობაში არ უდევთ ვალდებულება, დააყენონ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები.

ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში ამბობენ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას. „ეს მიემართება არამარტო უსინათლოთა ბილიკებს, არამედ ველობილიკებს. ის კომპანიები, რომლებიც აპირებენ მშენებლობის პერიოდში ტროტუარის ათვისებას, სადაც შეიზღუდება, როგორც ველობილიკი, ისე უსინათლოთა ბილიკი, მშენებლობის მონაკვეთის დასაწყისის თავში და ასევე მეორე მხარეს განათავსებენ საგზაო ნიშანს ან ბანერს, სადაც მითითებული იქნება, რომ აქ შეზღუდულია გადაადგილება”, – ამბობენ მერიაში.

 

2000-ზე მეტი ოჯახი აჭარაში ბინის მიღებას სახელმწიფოს დახმარებით ცდილობს

მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელიც სამთავრობო კომისიამ შეადგინა ე.წ. ოცნების ქალაქში დაპირებულ ბინას 1607 ოჯახი ელოდება. სამთავრობო კომისიამ მუშაობა დაასრულა და მონაცემების გაფილტვრა დაიწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა შეისწავლის ამ ოჯახებიდან რომელიმეს ხომ არ აქვს ინდივიდუალური საკუთრება, თუ დახმარება რეალურად სჭირდება.

კომისიის თავმჯდომარის, რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით [რამაზ ჯინჭარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეა], ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაცია „იუნისეფი“ ჩაერთვება: „და პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება“.

აღწერის მონაცემების მიხედვით, კომისიამ „ოცნების ქალაქში“ 64 საცხოვრებლის მესაკუთრის იდენტიფიცირება ვერ მოახერხა, რადგან ქოხები დაკეტილია და მესაკუთრე ადგილზე არ გამოჩენილა: „საუბარია ოჯახებზე, ვინც დაკეტა სახლი და სხვაგან გადავიდა“.

რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, უკვე გამოავლინეს შემთხვევები, როცა მონაცემთა ბაზაში დედა და შვილები, ცოლი და ქმარ-შვილი ან პირიქით ცალ-ცალკე დარეგისტრირდნენ. კომისიამ ასეთი 55 ოჯახი გამოავლინა: „მათთან შეთანხმებით სარეგისტრაციო ბაზაში ეს ოჯახები გავაერთიანეთ.“

ე.წ. „ოცნების ქალაქი“ ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა. ყოფილი 25-ე და 53-ე სამხედრო ბატალიონების ბაზების ტერიტორიაზე ოჯახებმა, რომელთა ნაწილი აცხადებდა, რომ ეკომიგრანტები იყვნენ ან არ გააჩნდათ საცხოვრებელი, ხის ფიცრულები ააგეს და დასახლდნენ, თუმცა, თანდათან ხის ნაგებობებს კაპიტალური შენობები ჩაენაცვლა.

ტერიტორია, სადაც „ოცნების ქალაქია“ გაშენებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების რეგისტრაცია 2019 წლის 9 თებერვალს დაიწყო.

რაც შეეხება „იაფი სახლის“ პროგრამას, ბათუმის მერიის ინფორმაციით, ე.წ. იაფი სახლის პროგრამაში ამ დროისთვის 90 განაცხადია დარეგისტრირებული. ამ განცხადებებს სპეციალური კომისია უახლოეს მომავალში შეისწავლის. თუმცა, 2020 წლის 11 მარტის მდგომარეობით, ბათუმის მერიაში აცხადებდნენ, რომ სერვისცენტრებს „იაფ სახლში“ ბინის მისაღებად 560-მა მოქალაქემ მიმართა.

ბევრად უფრო ადრე, როდესაც იაფი სახლი პროგრამის იდეა გაჩნდა ბათუმის მერიაში, 2013 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, იაფ სახლში ბინის მისაღებად ბათუმის მერიას 4 567-მა პირმა მიმართა განცხადებით.

„იაფ სახლში“ ჩასართველად აუცილებელი მოთხოვნაა, მერიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ამ პროგრამის ფარგლებში ოჯახებს, რომლებიც წინასწარ დამტკიცებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, მერია ხელმისაწვდომი საცხოვრისით უზრუნველყოფს.

პროგრამა ბინების გადაცემას 15 წლის ვადით, გამოსყიდვის უფლებას ითვალისწინებს. გამოსყიდვის ფასი კი გადაცემული ფართობის თვითღირებულება იქნება.

„იაფი სახლის“ პროექტის ფარგლებში ბათუმის მერიამ ორი ხუთსართულიანი კორპუსი უკვე ააშენა. ორივე სახლში 20-20 ბინაა. კორპუსების აშენებაზე 2,3 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. „იაფი სახლის“ ფარგლებში კიდევ ორი კორპუსის აშენება იგეგმება.

____

ამავე თემაზე:

ბათუმის მერიისგან ბინას 4567 ოჯახი ითხოვს

ველოსიპედებისთვის GPS ნავიგაციისა და ახალი სერვისის შესაძენად 200 500 ლარია გამოყოფილი

„ბათუმიველოს“ ველოსიპედები ბათუმში სულ მცირე სექტემბრის თვემდე არ გამოჩნდება. მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ გამოაცხადა ტენდერი მომსახურების შესყიდვაზე, რომელიც მოიცავს: 100 ცალ GPS ნავიგაციის მოწყობილობას ველოსიპედებისთვის, შესაბამისი პლატფორმით/სერვერით სარგებლობას და ადმინისტრირებას.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 200 ათას 500 ლარია.

„ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, საწყის ეტაპზე, ქალაქში ახალი სისტემის საშუალეთ, 100 ველოსიპედით სარგებლობა იქნება შესაძლებელი, რაც გულისხმობს ველოსიპედებით სარგებლობას მობილური აპლიკაციების სისტემის გამოყენებით და არა აქამდე არსებული ტერმინალებით. ეს ტერმინალები გაუქმდება.

„ახალი სისტემით შესაძლებელი იქნება ნახო, სად არის თავისუფალი ველოსიპედი და ასევე ის გააჩერო ნებისმიერ ადგილზე, როგორც მაგალითად „სქროლების“ შემთხვევაშია. დეტალური ინფორმაცია შეგვიძლია მოგვიანებით მოგაწოდოთ“, – გვითხრეს „ავტოტრანსპორტში“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 8 აგვისტოს დასრულდება. თუ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა, პირობის მიხედვით:

  • GPS ნავიგაციის მოწყობილობის მიწოდების ვადად განსაზღვრულია, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვე;
  • ველოსიპედების გაზიარების სერვისის უზრუნველყოფისთვის პლატფორმით მომსახურეობით სარგებლობა – ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში;
  • სერვისისთ სარგებლობა და ადმინისტრირება – ასევე, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაციის უფროსი, მარად სანიკიძე, „ბათუმელებთან“ დაახლოებით ორი კვირის წინ აცხადებდა, რომ მათ ბალანსზე 360 ველოსიპედია, მიმდინარეობს სისტემის განახლება და ამ ველოსიპედების შეკეთება; დაახლოებით 15-20 დღეში კი ველოსიპედებს ქსელში დააბრუნებდნენ. მისივე თქმით, სავარაუდოდ რამდენიმე ადგილზე ველობარათის გამოყენებაც იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა, დღეს „ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, რომ ბარათები აღარ იქნება.

ამ თემაზე ვრცლად:

რას უპირებს მერია „ბათუმიველოს“ – სისტემიდან ყველა ველოსიპედი ჩახსნილია

 

როცა ორსულ ქალს ყაჩაღობაზე 11 წელს უსჯი – უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატის ძველი საქმე

კიდევ ერთი მოსამართლე, რომელიც უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეობას აპირებს, ლევან თევზაძეა. გასულ კვირას, 17 ივლისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სწორედ მისი კანდიდატურა წარუდგინა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად. ლევან თევზაძის კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენას 14-წევრიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან 10-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

ლევან თევზაძემ წლების წინ მოსამართლეობა ხელვაჩაურის სასამართლოში დაიწყო. წინა ხელისუფლების პერიოდში ერთ-ერთი რეზონანსული საქმე სწორედ ამ სასამართლოს და სწორედ ლევან თევზაძეს უკავშირდება. მოსამართლემ 2009 წელს 4 თვის ფეხმძიმე ქალი, ნათია შალიკაშვილი, ყაჩაღობის მუხლით გაასამართლა. ლევან თევზაძემ ქალს 11 წელი და 6 თვე მიუსაჯა. ნათია შალიკაშვილს ბრალი არასდროს უღიარებია.

2014 წელს, ხელისუფლების შეცვლიდან მალევე, ნათია შალიკაშვილი სასჯელის მოხდისგან იმავე სასამართლომ გაათავისუფლა.

ნათია შალიკაშვილი ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის მუხლით გაასამართლეს. ლევან თევზაძემ ნათია შალიკაშვილს ჯერ 11 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შემდეგ კი, მანვე შალიკაშვილს სასჯელის მოხდა 5 წლით გადაუვადა, რადგან განაჩენის გამოტანის დროისთვის ნათიას შვილი გაუჩნდა.

 

ნათია შალიკაშვილის საქმის საბრალდებო დასკვნა – არქივი

 

„ნათია შალიკაშვილის საქმემ“ ყურადღება ბევრი დეტალის გამო მიიქცია. მთავარი მაინც პროკურატურის ვერსია იყო, რომლის მიხედვითაც 4 თვის ფეხმძიმე ნათია შალიკაშვილი 4 პირთან ერთად დაესხა თავს ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ოჯახს და 1000 დოლარით დააყაჩაღა. პროკურატურის ვერსია მაშინ მოსამართლე ლევან თევზაძემ გაიზიარა იმის მიუხედავად, რომ ამ რეზონანსულ საქმეში არაერთ პროცედურულ დარღვევებზე საუბრობდა მესამე სექტორი, ასევე სახალხო დამცველი. მაშინ ომბუდსმენი დღეს მოქმედი ხელისუფლების მაღაჩინოსანი, სოზარ სუბარი იყო.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ საქმის ხარვეზებზე გამომძიებელი და პროკურორიც ალაპარაკდნენ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც 2009 წელს ნათია შალიკაშვილის ინტერესებს იცავდა, მიიჩნევდა, რომ საქმეში არაერთი წინააღმდეგობა იყო და დაირღვა, მაგალითად, მტკიცებულებების ერთობლიობის და სანდოობის სტანდარტი.

მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობდა სახალხო დამცველიც. ამ საქმეში პირდაპირი მტკიცებულება მხოლოდ დაზარალებულად ცნობილი ქალის და მოწმის ამოცნობის ჩვენებები იყო, თუმცა ნათია შალიკაშვილის ამოცნობის ვიდეოჩანაწერის მიხედვით, დაზარალებულმა ქალმა ნათია შალიკაშვილის შესახებ თქვა: „ვფიქრობ, ის იყო“. გამომძიებელმა მას არაერთხელ გაუმეორა კითხვა: „ფიქრობთ, თუ დარწმუნებული ხართ?“ რომლის პასუხადაც დაზარალებულმა დარწმუნებით ვერაფერი თქვა.

რეზონანსულ საქმეში არსებული ხარვეზები ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურორმა გიორგი დავითაშვილმა გადაცემა „დეტექტორში“ მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა. მან მოსამართლის პასუხისმგებლობაზე გააკეთა აქცენტი. „თუ არასრულყოფილად იყო გამოძიებული, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე, საბოლოოდ, სასამართლო იკვლევს მტკიცებულებებს,“ – თქვა მან.

2014 წელს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო ხელახლა მიუბრუნდა ამ საქმეს, რადგან ნათია შალიკაშვილს სასჯელი მცირეწლოვანი ბავშვის გამო არ მოუხდია. სასჯელის გაუქმებამდე ნათია შალიკაშვილს საყოველთაო ამნისტიაც შეეხო და სასჯელი შვიდნახევარ წლამდე შეუმცირეს. ნათია შალიკაშვილი სასჯელისგან სრულად მოსამართლე ლეილა გურგუჩიანმა 2014 წლის თებერვალში გაათავისუფლა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში.

_________

2009 წელს, როცა მოსამართლე ლევან თევზაძემ „ნათია შალიკაშვილის საქმე“ განიხილა, ის 30 წლის იყო. მოსამართლეობამდე იგი სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, 2001 წელს ლევან თევზაძე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი გახდა. სტაჟიორად მუშაობის ერთი წლის შემდეგ, 2002 წელს, ლევან თევზაძე პირდაპირ იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილე გახდა.

2003 წელს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსი იყო;

2004 წელს ლევან თევზაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილეა;

2005 წელს – შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჩივარ-განცხადებებზე რეაგირების განყოფილების უფროსის მოადგილე;

2005-2007 წლებში ლევან თევზაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს ფინანსური დარღვევების შემოწმების განყოფილების უფროს გამომძიებლად მუშაობდა;

2008 წელს ლევან თევზაძე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციის წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს ფინანსური დარღვევების შემოწმების განყოფილების უფროსი;

2008-2009 წლებში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2009 წელს – ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

ხელვაჩაურის შემდეგ ლევან თევზაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადავიდა და ამავე სასამართლოს თავმჯდომარედ 2012 წლის ჩათვლით მუშაობდა.

2013 წლიდან ლევან თევზაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, 2018 წლიდან კი, უვადოდ დანიშნული.

2015-2018 წლებში ლევან თევზაძე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიც. ამ საბჭომ ახლა ლევან თევზაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდიატად დაასახელა.

ლევან თევზაძე იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა, რის გამოც საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითებდა.

წელს საქართველოში 54 ადამიანი დაიკარგა, 20 პირს ამ დრომდე ეძებენ

2020 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 54 ადამიანი დაიკარგა, მათგან 13 არასრულწლოვანი იყო.

ბოლო ექვს თვეში დაკარგული 54 ადამიანიდან 34 იპოვეს [8 – გარდაცვლილი], 20 ადამიანი კი ამ დრომდე ეძებენ, მათ შორისაა 3 არასრულწლოვანი.

წელს 2020 წლის ივნისამდე დაკარგულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქე იყო, 1 – ნიდერლანდების, 1 – რუსეთის და 1 – თურქეთის. შსს-ს სტატისტიკის თანახმად, მათგან ორი, ნიდერლანდებისა და თურქეთის მოქალაქე, გარდაცვლილი იპოვეს.

ეს მხოლოდ ექვსი თვის სტატისტიკაა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა გაცილებით უფრო დიდია, თუ დროის უფრო დიდ ინტერვალს ავიღებთ. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის [1973-2020 წწ]  საქართველოში 986 ადამიანი იძებნება.

ყველაზე მეტი ადამიანი თბილისშია დაკარგული. 1973 წლიდან დღემდე დაკარგულ პირთა სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 351 დაკარგული
  • იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 158 დაკარგული
  • შიდა ქართლი – 124 დაკარგული
  • ქვემო ქართლი – 80 დაკარგული
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 75 დაკარგული
  • კახეთი – 81 დაკარგული
  • აჭარა – 64 დაკარგული
  • სამცხე-ჯავახეთი – 15 დაკარგული
  • გურია – 14 დაკარგული
  • მცხეთა-მთიანეთი -15 დაკარგული
  • აფხაზეთი – 9 დაკარგული

იაპონიამ 2.8 მლნ აშშ დოლარი გამოყო საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის

იაპონიის მთავრობამ  საქართველოსთვის 300 მილიონი იენი, დაახლოებით 2.8 მლნ აშშ დოლარი, გამოყო.

დღეს, 22 ივლისს, საქართველოში იაპონიის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ხელი მოაწერეს ნოტების გაცვლას იაპონიასა და საქართველოს შორის, საქართველოსთვის სამედიცინო აღჭურვის გადაცემის მიზნით.

საქართველოში იაპონიის საელჩოს ცნობით, იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი მხარდაჭერა არა მხოლოდ Covid19-ის პანდემიის პირობებში დაეხმარება საქართველოს, არამედ მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს საშუალო და გრძელვადიან სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის, სამედიცინო სისტემის გაძლიერებით.

უკვე 20 წელია იაპონია მხარს უჭერს საქართველოს მდგრად განვითარებას. მაგალითად, იაპონიის მთავრობის დაფინანსებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის განვითარება (პირველი ფაზა) და პროექტები გარემოს დაცვის მიმართულებით – მათ შორით, სუფთა ენერგიის წარმოებისათვის (მზის პანელების მეშვეობით თბილისის აეროპორტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (დაახლოებით 453 მილიონი აშშ დოლარი). ასევე, იაპონიის მთავრობამ დააფინანსა 18 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 180 პროექტი „გრასრუტების ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში ბოლო 20 წლის განმავლობაში.

იაპონიის საელჩოს ცნობით, იაპონიის მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს მხარდაჭერას და თანამშრომლობას სახელმწიფოს მედეგობის გასაზრდელად – მათ შორის ისეთი პროექტებით, რომლებიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობისა და განათლების სექტორის განვითარებას.

რამდენი ადამიანი შემოვიდა თურქეთიდან პანდემიის დროს – ოფიციალური სტატისტიკა

პანდემიის პერიოდში ანუ მარტიდან ივნისის ჩათვლით თურქეთიდან საქართველოში სულ 157 630 პირი შემოვიდა, აქედან უშუალოდ თურქეთის მოქალაქეა – 87 362. თურქეთთან საქართველოს სამი საზღვარი აქვს – სარფი, ვალე და კარწახი.

საქართველომ თურქეთთან საზღვარი, პანდემიის გამო, 15 მარტს ჩაკეტა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელება პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით,  თურქეთთან საქართველოს საზღვრებიდან შემოვიდა

  • მარტში სულ 109 951 ადამიანი
  • აპრილში – 13 694
  • მაისში- 14 887
  • ივნისში – 19 098

ეს მონაცემები ასახავს ნებისმიერი მიზნით საქართველო-თურქეთის საზღვრის კვეთას, მათ შორის, სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც პანდემიის დროს დაბრუნდნენ სამშობლოში, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს და კანონით განსაზღვრულ სხვა პირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცალკე ითვლის იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც თურქეთთან არსებული საზღვრებიდან შემოვიდნენ და თურქეთის მოქალაქეები არიან.

  • მარტში საქართველოში 41 133 თურქეთის მოქალაქე შემოვიდა
  • აპრილში – 13 451
  • მაისში – 16 106
  • ივნისში – 16 672

ივნისში თურქეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89 პროცენტითაა შემცირებული.

ამ თემაზე:

რუსეთიდან 43 278 მოქალაქე შემოვიდა პანდემიის დროს – სტატისტიკა

 

გაჩიანის კლასტერი ყველაზე ცხელი წერტილია – ამირან გამყრელიძე

დღეს, 22 ივლისს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ახლა საქართველოში ყველაზე „ცხელი წერტილი“ გაჩიანის დასახლებაა ქვემო ქართლში.

„განსაკუთრებულად ცხელი წერტილი ჩვენ დღეს გვაქვს ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ე.წ. გაჩიანის დასახლებაში, სადაც სამი სოფელი შედის, აქედან ორ სოფელში – ყალაჯალარში და ყარათაკლიაში გვაქვს შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა, ერთად აღებული 34 შემთხვევა. დღევანდელი 24 შემთხვევიდან 10 სწორედ გაჩიანის კლასტერზე მოდის,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ამ სოფლებში შემავალ გზებზე მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და ამ სოფლებში დაიწყო გაფართოებული კვლევა, თუმცა სინჯების აღებისას წინააღმდეგობას აწყდებიან მოსახლეობისგან.

„სამწუხაროდ, ცუდი დამყოლობაა მოსახლეობის. გუშინ იქ დავიწყეთ გაფართოებული კვლევები. სამივე სოფელში დაახლოებით 7 ათასი მოსახლე ცხოვრობს და გვინდოდა ამ კვირაში სრულად გამოგვეკვლია ეს 7 ათასი მოსახლე. გვაქვს გათვლა, რომ ალბათ ინფიცირებული იქნება მოსახლეობის 5-დან 7-10 პროცენტამდე, უნდა მოხდეს მათი დროულად იზოლაცია, სამკურნალოდ გადაყვანა. ამ სოფლების მოსახლეობა მუშაობს გარდაბნის, ლილოს, თბილისის სხვადასხვა ბაზრობაზე, ამიტომ მაღალია ინფექციის გატანის რისკი. სამწუხაროდ, მოსახლეობიდან შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმება. გუშინ ჩვენი 6 ბრიგადა მუშაობდა ადგილზე, მიუხედავად ამისა, 350 ნიმუშზე მეტი ვერ ავიღეთ, როცა 6 ბრიგადის საშუალო სიმძლავრე არის 700-დან 1000 ნიმუშამდე.

იქ ინფექცია სერიოზულად ტრიალებს და აქედან მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ იყოს მეტი თანამშრომლობა მედპერსონალთან, ჩვენ გვინდა დროულად გამოვავლინოთ იქ ინფექცია, დროულად ჩავაქროთ ეს ცხელი წერტილი გაჩიანის დასახლებაში,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ამ სოფლების მოსახლეობა არ მისცემს მათ ფართომასშტაბიანი კვლევის წარმოების შესაძლებლობას, რჩება ერთადერთი ნაბიჯი – ამ სოფლების ჩაკეტვა.

ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდა პროგნოზირებადი იყო.

„პირდაპირ გეტყვით, პანიკის საფუძველი არ არის, ეს გარკვეულად პროგნოზირებადი იყო, შემსუბუქების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატოს, მთავარია, რომ ეს იყოს კონტროლირებადი, დღეს ეს პროცესი ქვეყანაში არის სრულად მართვადი.

მოსახლოებას პანიკის საფუძველი არა აქვს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ჩვენთან მოსახლეოებაში მოდუნდა ყურადღება, შეიქმნა ილუზია, რომ ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსი. არა, ბატონო. კორონავირუსული პანდემიის დამარცხება მოხდება მხოლოდ ერთიანად, გლობალურად, ეს ვერ მოხდება ცალ-ცალკე ქვეყნებში, კორონავირუსი არის ჩვენთან ერთად და ჩვენ ვცხოვრობთ მასთან მასთან ერთად,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 1079 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 907, გარდაიცვალა 16 პაციენტი.

საზღვაო აკადემიიდან გაათავისუფლეს ლექტორი, რომელმაც კოლეგები პლაგიატში დაადანაშაულა

ბათუმის საზღვაო აკადემიიდან გაათავისუფლეს ასოცირებული პროფესორი ვაჟა ანანიძე, რომელმაც კოლეგები, მათ შორის, აკადემიის რექტორი პლაგიატში დაადანაშაულა. პლაგიატი შესაბამის ორგანოებს ჯერ არ დაუდასტურებიათ, თუმცა მანამდე აკადემიამ თავიდან მოიშორა პროფესორი, რომელმაც პლაგიატის სავარაუდო ფაქტების შესახებ მედიას ინფორმაცია მიაწოდა.

„მე მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს პირად ინფორმაციას შეიცავს, ამიტომ არ მინდა გავასაჯაროვო. ეთიკის კომისიის სხდომები იყო დახურული. ბატონ ვაჟას გადაეცა ბრძანება და ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება. მეტი ინფორმაციის მოწოდება არ შემიძლია,“ – გვითხრა საზღვაო აკადემიის რექტორმა, ირაკლი შარაბიძემ.

საზღვაო აკადემიის ეთიკის კომისია, რომელსაც რექტორი ხელმძღვანელობს, პირველად 23 ივნისს შეიკრიბა. „ეს არის დევნა… ყველა პროცედურა დაარღვიეს, რის დარღვევაც შეიძლებოდა. ყველაზე მთავარი ალბათ იყო ის, რომ ვისაც ვედავებით დარღვევებს, ის იხილავდა ამ საქმეს და არათუ იხილავდა, არამედ კომისიის თავმჯდომარეა“, – ასეთი იყო ანა ბერძენიშვილის შეფასება ეთიკის კომისიის მუშაობაზე. ანა ბერძენიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტია და ვაჟა ანანიძის ინტერესებს ამჯერად სასამართლოში დაიცავს.

ანა ბერძენიშვილის შეფასებით, საზღვაო აკადემიამ დისციპლინური სამართალწარმოების ფარგლებში გამართული სხდომის კანონით განსაზღვრული ყველა წესი დაარღვია.

კანონდარღვევაზე მესამე სექტორის შეფასებებს არ პასუხობს საზღვაო აკადემიის რექტორი. აქაც ირაკლი შარაბიძემ გვითხრა, რომ საქმე პირად ინფორმაციას შეიცავს.

„მე გადმომცეს საქმის მასალები, მაგრამ ეს სრული ბოდვაა, თითქოს მე სტუდენტებს ვაყენებდი შეურაცხყოფას, რომ ფეხმძიმე გოგოსაც კი ვუყვირე… მტკიცებულებები არ არსებობს, მე მივმართავ სასამართლოს,“ – ამბობს საზღვაო აკადემიიდან გათავისუფლებული ასოცირებული პროფესორი, ვაჟა ანანიძე. იგი ასევე საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკის სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის სამმართველოს კოორდინატორი იყო.

გათავისუფლების ბრძანების მიხედვით, ვაჟა ანანიძეს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის დარღვევას ედავებიან – „დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.“

ვაჟა ანანიძემ აკადემიაში დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლების პლაგიატის ფაქტების შესწავლაზე 18 მაისს მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. აკადემიიდან გათავისუფლებულ ლექტორს ჯერ პასუხი არ მიუღია.

პლაგიატის ფაქტების შესახებ ვკითხეთ საზღვაო აკადემიის რექტორსაც.

„ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება არ უკავშირდება პლაგიატს, ეს არის ჩემი პირადული… ეთიკის კომისიაში არის სულ 15 წევრი… ჩემი პლაგიატი არის ექსპერტების მიერ შემოწმებული, პლაგიატი არის გამორიცხული, მე დავიცავი დისერტაცია 5 წლის წინ, არსებობს ექსპერტთა დასკვნა… მე არ ვაპირებ თავის გამართლების რეჟიმში ვიყო,“ – გვიპასუხა ირაკლი შარაბიძემ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საზღვაო აკადამიის პროფესორებთან დაკავშირებულ პლაგიატის საკითხზე, ვაჟა ანანიძეს პასუხს 3 ავისტოს გასცემენ.

ქრთამის აღების ფაქტზე რეინჯერი დააკავეს – საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამოქმედო ტერიტორიაზე – სატყეო უბანში მიწის ნაყოფიერი ფენის მოპოვების სანაცვლოდ, ერთ-ერთ პირს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა თანხა 750 ლარის ოდენობით, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

______________

ფოტო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან.

ლავასოღლიმ 7 დღეში შესაძლოა ციხე დატოვოს – საქართველოს მისი ექსტრადირება არ მოუთხოვია

ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოში გასამართლებული მინდია ლავასოღლიმ შესაძლოა ერთ კვირაში საპატიმრო დაწესებულება დატოვოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი საქართველო ლავასოღლის ექსტრადაციას ბელორუსიისგან არ მოითხოვს. ზუსტად ერთ კვირაში მინდია ლავასოღლის ბელორუსიაში დაკავებიდან 40 დღე გადის.

„…თუკი საქართველო ოფიციალურად დოკუმენტაციას არ წარადგენს ბელორუსიაში და არ მოითხოვს ექტრადირებას, ამ შემთხვევაში სამართლებრივი საფუძველი აღარ იქნება იმისთვის, რომ მას საექსტრადაციო პატიმრობა გაუგრძელონ. ის დააკავეს და საექსტრადაციო პატიმრობაშია იმიტომ, რომ ძებნილი იყო. საქართველომ უნდა მოითხოვოს ექსტრადირება,“ – განმარტავს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს „მინსკის კონვენციაზე“, რომელიც ექსტრადირების საკითხს არეგულირებს სხვა საერთაშორისო აქტებთან ერთად. არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, თუკი საქართველო ამ ერთი კვირის განმავლობაში ექსტრადირებას მოითხოვს, ამ შემთხვევაში ლავასოღლის შესაძლოა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივონ საექსტრადიციო პატიმრობა და მისი ექსტრადირების საკითხის შესწავლა დაიწყოს. გადაწყვეტილებას ამ კუთხით იუსტიციის მინისტრი იღებს.

მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოში 2018 წელს გაასამართლეს. განაჩენის გამოტანამდე ის საპატიმრო დაწესებულებიდან გაუშვეს იმ მოტივით, რომ წინასწარი დაკავების ვადაში [9 თვე] სამართალდამცავებმა მას  კანონიერი ქურდობა ვერ დაუმტკიცეს. ის თურქეთში გადავიდა. ლავასოღლი თურქეთში 2018 წლის ბოლოს დააკავეს და 2020 წლის 20 ივნისამდე საექსტრადაციო პატიმრობაში ჰყავდათ გაურკვეველი მიზეზით.

2020 წლის 20 ივნისს, ბათუმში საპროტესტო აქციების ფონზე, მინდია ლავასოღლი თურქულმა მხარემ საპატიმრო დაწესებულებიდან გაუშვა და მას ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ლავასოღლი წავიდა ბელორუსიაში, სადაც ის, ადვოკატის ცნობით, აეროპორტშივე დააკავეს, როგორც ძებნილი. ამის შესახებ მინდია ლავასოღლის ადვოკატმა აცნობა ოჯახს.

ამ ამბავს 21 ივნისს გამოეხმაურა საქართველოს პროკურატურა და თქვა, რომ უწყებისთვის უცნობია მინდია ლავასოღლის ბელორუსის რესპუბლიკაში ექსტრადირების შესახებ. პროკურატურამ კიდევ ერთხელ გაიმეორა მედიასთან, რომ ლავასოღლის ექსტრადაციას თურქეთიდან 2018 წლის 8 ნოემბრიდან ითხოვს. პროკურატურას და, ზოგადად, საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე არ აქვს პასუხი, რის გამო ვერ მოხერხდა წელიწად-ნახევრის განმავლობაში მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირება.

„მოითხოვა თუ არა საქართველომ ლავასოღლის ექსტრადირება ამჯერად ბელორუსიიდან?“ – ვკითხეთ გუშინ, 21 ივლისს პროკურატურის პრესცენტრს. ამ უწყებაში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე სიახლე არაფერია 21 ივნისის შემდეგ, როცა პროკურატურამ თქვა, რომ ლავასოღლის ბელორუსიაში გადაყვანის შესახებ არაფერი იცის.

ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით პერმანენტული საპროტესტო აქციები ბათუმში ივნისის დასაწყისში იმართებოდა, მათ შორის თურქეთის საკონსულოსთან გაშლილი იყო კარვებიც.

საპროტესტო აქციების ფონზე ლავასოღლის ოჯახის წევრებს გენერალურ პროკურატურაში შეხვდნენ.

____

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“, რომელსაც შსს-მ ბრალი წარუდგინა

ბათუმში გრილი ამინდი შენარჩუნდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 ივლისის 21 საათიდან 23 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 17– 22 გრადუსი
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 27 გრადუსია, მოსალოდნელია 2-3-ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების ცნობით, 24 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა – 22 ივლისის მონაცემები

22 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან 10 გარდაბნის რაიონს უკავშირდება.

დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 1079 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 907, გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებაა, ძირითადად, გარდაბნის რაიონში.

გუშინ, 21 ივლისს, NCDC-ის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში გამოვლენილი 63 ახალი შემთხვევიდან 24 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაფიქსირდა.

_______________

ფოტოზე: პაატა იმნაძე. წყარო: nplg.gov.ge

შსს-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი: სისტემის შიგნითაც ვებრძოდით ოჯახში ძალადობას

„საზოგადოების მხრიდან ძალადობრივი ქცევა, ვფიქრობ, არ შეცვლილა,“ „ჩვენ ვებრძოდით ოჯახში ძალადობას სისტემის შიგნითაც,“ – ამას გოგა ხატიაშვილი ამბობს, მან 20 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროდან წასვლის შესახებ განაცხადა. ბოლო სამი წლის განმავლობაში გოგა ხატიაშვილი შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი იყო.

„…ეს არ იყო ჩემთვის უბრალო სამსახური. იგი არ ჰგავდა ყოველდღიურ რუტინას. არასოდეს არ მტოვებდა იმის განცდა, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებდი. ვეცადე, რომ ეს სამყარო უფრო უსაფრთხო და უკეთესი გამეხადა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება,“ – წერს ფეისბუქში გოგა ხატიაშვილი. „ბათუმელებმა“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ბატონო გოგა, შეგიძლიათ გვითხრათ იმაზე მეტი, ვიდრე ფეისბუქში დაწერეთ შსს-დან წასვლის მიზეზებზე? 

ჩემი რესურსი ამოვწურე. დაახლოებით სამი წელი ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროში და მთელი ჩემი ძალისხმევა მიემართებოდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას. ამ უწყებამ განსაკუთრებით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით გარკვეულ პროგრესს მიაღწია. ამიტომაც მინდა ამ სფეროებზე ვიმუშაო არამხოლოდ შსს-ს პერსპექტივით, არამედ უფრო გლობალურად. პრინციპში ჩემმა მუშაობამ, კონკრეტულ საქმეებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მხოლოდ სისხლის სამართლის მართლმსაჯულება ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება. ისევ ვიგებთ მძიმე შემთხვევების შესახებ, რაც იმით არის განპირობებული, რომ სხვადასხვა მიმართულებით ინსტრუმენტები არის დასახვეწი, ან ახლიდან შესაქმნელი.

  • რომელია ეს მიმართულებები, რაც, თქვენი აზრით, სუსტია? 

ვფიქრობ, ბევრ სფეროში არის გასაძლიერებელი გარკვეული საკითხები. პირველ რიგში, ესაა პრევენცია, რაც არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი და ფუნქცია. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია მსხვერპლების მხარდაჭერა და გაძლიერება. არსებულმა პრაქტიკამაც გვაჩვენა, რომ მხოლოდ რეაგირება და  სადამსჯელო პოლიტიკა არ არის საკმარისი, რადგან საკმაოდ სპეციფიკურ დანაშაულთან გვაქვს საქმე. როგორი კომპლექსური დანაშაულიც არის ოჯახში ძალადობა, მას ასეთივე კომპლექსური მიდგომა სჭირდება. დასჯის პოლიტიკის პარალელურად მნიშვნელოვანია პრევენციაზე მუშაობა და მსხვერპლის გაძლიერება.

  • ანუ ბევრი სამუშაოა ჯერ კიდევ, რატომ გადაწყვიტეთ სისტემის დატოვება? 

ამ ეტაპზე ვცდილობ ჩემი ექსპერტული ცოდნა მოვახმარო ისევ სახელმწიფოს, უწყებებს და ვიმუშაო გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით ერთიანი სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე… შესაბამისად, ჩემი საქმიანობა იქნება უფრო ექსპერტული მიმართულებით.

  • თქვენი აზრით, რა რჩება ამ ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა შსს-ში იმ მიმართულებით, რაზეც მუშაობდით – ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვნები, ლგბტქ თემის მიმართ ჩადენილი დანაშაულები… 

ჩემი მუშაობა შსს-ში მთლიანად უკავშირდება ამ დეპარტამენტს და შექმნის დღიდან ვარ ამ უწყებაში. 2018 წლის დასაწყისში შეიქმნა ეს დეპარტამენტი და დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრესი ამ მიმართულებებით. ბევრი ინსტრუმენტი დაინერგა, გულწრფელად რომ ვთქვათ, ერთი მხრივ, რისკების შეფასების დოკუმენტი შემუშავდა, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა შსს-ს ინიციატივით, რამაც გააუმჯობესა ამ კუთხით არსებული საკანონმდებლო ბაზა. გამომძიებლებისთვის შეიქმნა ათობით რეკომენდაცია სხვადასხვა ტექნიკურ და შინაარსობრივ საკითხზე, თავად გამომძიებლების დამოკიდებულება და მგრძნობელობაც შეიცვალა.

  • შეიცვალა კი? ცოტა ხნის წინ გვეწერა ქალზე, რომელიც მოგვიყვა, როგორ დასცინა პოლიციელმა ბათუმში და უთხრა, ყოველდღე საცემი ყოფილხარო. 

ნამდვილად შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვთქვა: აღარ არის პრობლემა შსს-ში. ჯერ კიდევ სამინისტროს მთავარ გამოწვევად რჩება გამომძიებელთა მგრძნობელობა, დამოკიდებულება. როდესაც ვსაუბრობთ გამომძიებელთა მგრძნობელობაზე, ეს არის საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი. შეუძლებელია, მოკლევადიან პერსპექტივაში გამომძიებელთა მგრძნობელობაზე, მათ მსოფლმხედველობაზე არსებითად იმუშაო და შეცვალო. ეს პროცესი აქტიურად დაიწყო 2018 წლიდან, როცა ჩვენ ვთქვით, რომ მხოლოდ სამართლებრივ მექანიზმებზე არ უნდა ვესაუბროთ გამომძიებლებს. ჩვენ ამ გადამზადების პროგრამაში ჩავსვით ფსიქოლოგი, რომელიც გამომძიებლებს ესაუბრებოდა სხვა პერსპექტივით. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად შეცვლილია გამომძიებელთა დამოკიდებულებები, ეს გამოწვევად რჩება და ყველა ვაცნობიერებთ – ჯერ კიდევ დროა საჭირო, რომ ეს დამოკიდებულებები შეიცვალოს. გულახდილად რომ ვთქვათ, გამომძიებლებიც არიან ამ საზოგადოების ნაწილი, ისინი გაიზარდნენ იმ რეალობაში, რაშიც ზოგადად საზოგადოება იზრდება. ეს არის პატრიარქალური საზოგადოების გამოძახილი. დეპარტამენტში დარჩა ბევრი პროფესიონალი ადამიანი. იმედი მაქვს, ისინი ამ მიმართულებით გააგრძელებენ მუშაობას.

  • რამდენად არსებობს სისტემის შიგნით ნება, დასაჯოს მოძალადე პოლიციელი? საქართველოს პროკურატურამ პირველ ივლისს დაიწყო გამოძიება ქობულეთის პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსის, ირაკლი შაქარიშვილის წინააღმდეგ. მას ცოლი ადანაშაულებს ძალადობაში, თუმცა ის ამ დრომდე პასუხისმგებლობაში არ მიუციათ. 

ამ კონკრეტულ საქმეს ვერ ვიხსენებ, ყველა საქმეს ვერ ვადევნებდი თვალს რთული სამუშაო განრიგიდან გამომდინარე… მე თამამად შემიძლია ის ვთქვა, რომ ჩვენ ოჯახში ძალადობას ვებრძოდით არამხოლოდ სისტემის გარეთ, არამედ სისტემის შიგნითაც.

უწყების პოლიტიკა არის იქითკენ მიმართული, რომ გააუმჯობესოს მიდგომები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ მოთხოვნები და მიდგომები იმ პოლიციელებსა და გამომძიებლებზე, რომლებიც, ერთი მხრივ, არაეფექტურ რეაგირებას ახორციელებენ ოჯახში ჩადენილ დანაშაულებზე, მეორე მხრივ კი, როცა თავად არიან ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირები. თუკი შემაკავებელი ორდერი გამოიცემა პოლიციელის მიმართ და ძალადობის ფორმად იქნება აღიარებული ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა, ეს არის უწყებიდან მისი ავტომატური გათავისუფლების საფუძველი. ეს ბრძანება 2018 წლიდან შეიქმნა, სადაც გაცხადდა პოლიტიკა, რომ პოლიციელი, ვინც ამ ტიპის ძალადობას ჩაიდენს, აღარ უნდა გაჩერდეს უწყებაში. იმის მიუხედავად, რომ შემაკავებელი ორდერი საკმაოდ დაბალი ხარისხის ინსტრუმენტია, ის ადმინისტრაციული რეაგირების ინსტრუმენტია და უფრო პრევენციულია, მაინც შევთანხმდით იმაზე, რომ ასეთი ორდერიც რომ არსებობდეს, ესეც საკმარისია იმისთვის, რომ ის უწყებაში აღარ უნდა მუშაობდეს.

მე გენერალურ ინსპექციაში გამიგზავნია არაერთი საქმე, სადაც მონიტორინგის პერიოდში გამოვლენილა, რომ პოლიციელმა არ შეასრულა კანონით დადგენილი ვალდებულება და არ განახორციელა ჯეროვანი რეაგირება, რაც ევალებოდა. არასათანადო რეაგირებებს ვცდილობდით ორი მიმართულებით შევბრძოლებოდით: მივმართავდით გენერალურ ინსპექციას ინდივიდუალურ შემთხვევებზე და მეორე გლობალურად ვამზადებდით რეკომენდაციებს, ინსტრუქციებს და მათ ვუგზავნიდით, რომ შეცდომები აღარ დაეშვათ და გაეუმჯობესებინათ მიდგომები.

  • ოჯახში ძალადობის კუთხით, თქვენი შეფასებით, რა ვერ მუშაობს ეფექტურად? 

გავიხსენებ კონკრეტულ შემთხვევას: წლების წინ პოლიციაში მოვიდა ქალი, რომელმაც თქვა, რომ იყო პარტნიორი მამაკაცის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. დაიწყო გამოძიება და დააკავა შსს-მ მოძალადე, მას რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალი და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. გავიდა პერიოდი, ის გამოვიდა ციხიდან და მოულოდნელად შეხვდა ქუჩაში მსხვერპლს. ამ ქალთან მას კომუნიკაცია საერთოდ აღარ ჰქონია, მაგრამ ქალი ისევ მოვიდა ჩვენთან და თქვა, რომ დაცვა სჭირდებოდა, ანუ მსხვერპლის ემოციური მდგომარეობა დარჩა ამ პერიოდში საკმაოდ მძიმე. ჩნდება კითხვა: ვინმემ იმუშავა მასთან ამაზე? ან მოძალადესთან იმუშავა ვინმემ? ციხიდან გამოსვლის დროს შეაფასა ვინმემ, დაახლოებით როგორია მისი მდგომარეობა? არ არის საუბარი, 100 პროცენტით განჭვრიტო, მაგრამ დაახლოებით ხომ უნდა ვიცოდეთ? ეს საქმე დაუბრუნდა ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს არ არის ეფექტური მართლმსაჯულება.

  • გვინახავს პრაქტიკულად შემთხვევებიც, როცა ხელახლა ჩადის ძალადობისთვის გასამართლებული პირი დანაშაულს, ან როცა პირობითი მსჯავრის ქვეშაა. ეს რაზე მეტყველებს? 

კი, ყოფილა განმეორებით დანაშაულის ჩადენის შემთხვევებიც. ეს ერთგვარი რგოლია. როცა ერთ-ერთი რგოლი არასაკმარისად ასრულებს თავის ფუნქციას, ან არ ასრულებს, მთლიანად ბრძოლის სისტემა განიცდის მნიშვნელოვან კრახს. გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება მსხვერპლების მხრიდან პოლიციასთან თანამშრომლობის პრობლემა, რასაც გვერდს ვერ ავუვლით.

  • თქვენ სად ხედავთ გამოსავალს, როცა მსხვერპლი გამოძიებას უდასტურებს ძალადობას, თუმცა სასამართლოს ჩვენებას აღარ აძლევს, ან ცვლის ჩვენებას? 

როდესაც მსხვერპლი აღელვებულია და იძახებს პოლიციას, პირველ რიგში, მას სჭირდება უსაფრთხოების განცდა. შემდეგ, როცა გადის გარკვეული პერიოდი, ის რჩება სრულიად მარტო და მსხვერპლი დამოკიდებულია მოძალადეზე არამხოლოდ ეკონომიურად, არამედ ზოგჯერ ფიზიკურადაც კი, მას წასასვლელიც არსადაც აქვს, ან მოძალადეა მისი მომვლელი. როცა მსხვერპლი ხედავს, რომ უსაფრთხოების საკითხი მოგვარდა, მას სურს ნორმალურად ცხოვრების პირობა – მინიმალური პირობები, რომ საკუთარი თავის და შვილების გამოკვება შეძლოს. ის ყოველთვის მომავალში იყურება. ჩემთვისაც  ხშირად უკითხავს მსხვერპლს: მერე რა იქნება, რა მელოდება? მე ამ კითხვებზე პასუხი არ მქონდა.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ მსხვერპლის ეკონომიკური და ფინანსური გაძლიერება არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ის იძულებული არ გახდეს, დაუბრუნდეს მოძალადეს. ეს უქმნის პრობლემას მართლმსაჯულებასაც, რადგან როცა ქმარმა ცოლს საძინებელში ხელი გაარტყა და შემდეგ ქალი სასამართლოს ჩვენებას აღარ აძლევს, ხელში გრჩება მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რა ხარისხის დაზიანება მიიღო ქალმა და ხანდაზმულობა შეესაბამება თუ არა იმ პერიოდს, როცა მან დაზიანებები მიიღო. არსებობს დამატებითი მტკიცებულებების შეგროვებაც, მაგრამ ეს დამატებით ძალისხმევას მოითხოვს.

  • რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად, რომ ქალმა სასამართლოსაც უთხრას სიმართლე? არსებობს მოსაზრება, რომ აჯობებს მსხვერპლი პირდაპირ მაგისტრ მოსამართლესთან დაიკითხოს და არა პოლიციაში. 

თუ ჩვენ მსხვერპლს სწორად შევთავაზებთ სერვისებს, თუ დავანახებთ, რომ ის არ იქნება მარტო, არ გაუჭირდება საკუთარი თავის და შვილების რჩენა, მისი მხრიდან მინიმალური იქნება უარის თქმა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. ამიტომაც არის საჭირო დასჯასთან ერთად ვიზრუნოთ მსხვერპლთან, მოძალადესთანაც, რომ მისი ქცევის კორექცია მოხდეს. დასჯა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა არის საკითხები, რაც თუ არ სრულდება, მთელი პროცესის ეფექტურობა ეჭვქვეშ დგება.

  • ხელმძღვანელ რგოლში, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს და ქმნის პოლიტიკას, რამდენად არსებობს მგრძნობელობის პრობლემა ამ საკითხებზე? 

ზოგადად, ეს პრობლემა არის. პრინციპში ჩვენც ვატყობთ ამას, როცა არ არიან სათანადო მგრძნობელობით განწყობილი პირები, ვინც ამ სფეროში მუშაობს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, ვინც არის პოლიტიკის განმსაზღვრელი, მეტნაკლებად მათი ცნობიერებაც იყოს გააზრებული სათანადოდ. ასეთი სფეროს საქმეებზე მხოლოდ ცოდნა არაა საკმარისი, თუ პრობლემის სიმძიმეს და სიმწვავეს ვერ იაზრებ.

მახსენდება ერთი მსხვერპლი, რომელიც აჭარის რეგიონში ცხოვრობდა. მასთან ხშირად მქონდა კომუნიკაცია და ვეხმარებოდი არამხოლოდ სამართლებრივად, არამედ ვამხნევებდი. ვატყობდი, რომ მძიმე გზა გამოიარა და მისთვის მარტივი არ იყო, ნაბიჯები გადაედგა მოძალადის წინააღმდეგ. საბოლოოდ, მოგვარდა მისი პრობლემა გარკვეულწილად და რამდენიმე თვის შემდეგ მირეკავს სხვა ქალი, მეუბნება, რომ გოგა ფსიქოლოგი სჭირდება. ვუთხარი, რომ მე შსს-ს წარმომადგენელი ვიყავი. მეორედაც დამირეკა და მერე გაირკვა, რომ იმ წინა მსხვერპლს უთქვამს მისთვის, ესაა ფსიქოლოგი, მაგას დაელაპარაკეო. ამ დროს გავიაზრეთ უწყებაში, რომ მთავარია, მსხვერპლს უსმენდე და მისი გჯეროდეს. მსხვერპლი ყოველთვის ყოყმანობს, არ იცის, როგორ მოიქცეს, მიმართოს თუ არა პოლიციას. ის უნდა გრძნობდეს, რომ მისი ესმით.

არ შეიცვალა იმიტომ, რომ ორიენტირებული ვართ დასჯის პოლიტიკაზე და არა პრევენციაზე, ძალადობრივი ქცევის კორექციაზე. მაგალითად, ქუთაისში როცა ქალი მოკლეს, ორი საათის განმავლობაში ხმები ესმოდათ და პოლიციაში არ დარეკეს. უბრალოდ, საზოგადოებამ ვერ გაიაზრა, რა იყო მისი როლი, როცა ყვირილის ხმა ესმოდათ.

ძალიან ხშირად საზოგადოება მსხვერპლისგან მოითხოვს მტკიცებულებებს, რომ ის ნამდვილად მსხვერპლია, განსაკუთრებით კი, გახმაურებულ საქმეებზე, ეს არასწორი მიდგომაა. მიუხედავად იმისა, რომ აზროვნება იცვლება, საზოგადოების მხრიდან ძალადობრივი ქცევა, ვფიქრობ, არ შეიცვალა… ერთმა მოქალაქემ დამირეკა და მითხრა, აღარასოდეს არ დავრეკავ პოლიციაშიო. მანამდე ცოტა ხნით ადრე მან დაინახა თავის სადარბაზოსთან როგორ დაარტყა ქმარმა ცოლს ხელი სახეში და პოლიციას დაურეკა. მერე კი ვნახე, ხელიხელგადახვეული როგორ მიდიოდა ეს წყვილი და აგრესიულად გამომხედესო. ხშირად საზოგადოებამ არ იცის, რის გამო უბრუნდება მსხვერპლი მოძალადეს, რა გზის გავლა უწევს მას.

ეს არ არის მხოლოდ განათლების ბრალი, საკმაოდ განათლებულ ოჯახებშიც ხდება ძალადობა – განათლებულ ადამიანებსაც აქვთ პატრიარქალური დამოკიდებულებები. 2012 წელს, როცა სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანეს სპეციალური მუხლი ოჯახში ძალადობაზე, მაშინ სახელმწიფომ თქვა, რომ ამით დაიცავდა ოჯახის წევრებს, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს მუხლი ძირითადად იცავს ქალებს. ეს არის სიგნალი, რომ ქალის როლი ჩვენს საზოგადოებაში არასწორედაა აღქმული.

  • არასრულწლოვნებზე მინდა გკითხოთ – „ლუკა სირაძის საქმე“ აჩვენებს თუ არა იმას, რომ ძალადობრივი სისტემა ვერ შეიცვალა? თქვენ რას ფიქრობთ, რატომ მივედით აქამდე? 

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უწყებაში არსებობდეს სრულყოფილი საპოლიციო სერვისი, სადაც ადამიანები როცა მივლენ, მათ დახვდეთ პროფესიონალები, რომლებიც ერთის მხრივ მოუსმენენ მათ პრობლემებს და, მეორეს მხრივ, შეეცდებიან ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარონ. პრინციპში სირაძის შემთხვევამ დაგვანახა, რომ მნიშვნელოვანია არასრულწლოვნებთან სპეციფიკური მიდგომა. ვფიქრობ, ყველა გამომძიებელმა და პოლიციელმა არ უნდა იმუშაოს არასრულწლოვანთან, რადგან ეს არის სპეციფიკური კატეგორია, რომელთანაც უნდა იმუშაოს იმ გამომძიებელმა, რომელსაც ამის სურვილი შესაძლოა აქვს, მაგრამ აცნობიერებს თავისებურებებს, რაც არასრულწლოვანს შესაძლოა ჰქონდეს, ანუ ბავშვს არ უნდა მოექცე ისე, როგორც შეიძლება მოექცე უფროსს. მე იმედის თვალით ვუყურებ სამინისტროში ჯერ კიდევ ჩემი იქ მუშაობის პერიოდში შექმნილ არასრულწლოვანთა სამმართველოს. იგეგმება, რომ ეს გაფართოვდეს და რეგიონებშიც იყოს სპეციალიზებული სამმართველოები, რომელიც არასრულწლოვნების მიერ, ან მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. არასრულწლოვნებს უნდა ჰქონდეთ ისეთი გარემო, სადაც ისინი ისაუბრებენ გულწრფელად და დამატებით არ დაისტრესებიან იქ მისვლის დროს.

  • თქვენ მუშაობდით დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაც. ლგბტქ თემი ხშირად გამოთქვამს პრეტენზიას, რომ მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ჭიანურდება, ან საერთოდ არ იძიებენ. 

ჩვენ რომ პარალელი გავავლოთ წინა წლებთან, ყველაფერი შედარებითია, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ამ მიმართულებით გამოძიების ხარისხი. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ გამოწვევები არ რჩება. საგრძნობლად არის გაზრდილი იმ საქმეების რაოდენობა, სადაც დისკრიმინაციული მოტივები გამოკვეთეს სამართალდამცველებმა. ფაქტობრივად, არის გასამმაგებული და შემდეგ პროკურორმა ეს ასახა თავის შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში. ჯგუფის წევრები ხშირად უთითებდნენ, რომ მოტივი სათანადოდ არ იკვეთებოდა გამოძიების ეტაპზე.

რა თქმა უნდა, რჩება მთელი რიგი გამოწვევები, მათ შორის, მგრძნობელობის, დამოკიდებულების მხრივ და რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, რომ გამოძიების გაჭიანურება მათი მხრიდან თანამშრომლობის ნაკლებობას უკავშირდებოდეს. გვქონია შემთხვევები, როცა იბარებდნენ ცალკეულ პირებს გამოკითხვაზე, მაგრამ ისინი არ თანამშრომლობდნენ.

  • ეს ხომ აჩვენებს, რომ არ სჯერათ, არ ენდობიან პოლიციას? 

კი, ერთ-ერთ პრობლემა არის ნდობა. შეიძლება უნდობლობით იყოს გამოწვეული და იმ ბარიერებით, რასაც ისინი შესაძლოა პოლიციაში აწყდებოდნენ, ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გამომძიებლების ცნობიერების, მათი კვალიფიკაციის ამაღლება. ჩვენ ვთანამშრომლობდით იგივე „თანასწორობის მოძრაობასთან“ და ვცდილობდით, ადამიანების რეალური საჭიროებები გვეჩვენებინა გამომძიებლებისთვის.  ვფიქრობ, რომ ესეც გაგრძელდება უწყებაში,  გამომძიებლების მგრძნობელობა და მიდგომები რომ გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს.

____

მთავარი ფოტო: გოგა ხატიაშვილი

საგნობრივ გამოცდას მასწავლებლობის 12 ათასამდე მსურველი აბარებს

დღეს, 22 ივლისს, მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები დაიწყო. საგნობრივ გამოცდას 12 ათასამდე პირი აბარებს. გამოცდები ტარდება როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 22 ივლისის სესიებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან საგამოცდო ცენტრებში 89%-ზე მეტი მასწავლებლობის მსურველი გამოცხადდა. გამოცდაზე მხოლოდ სამმა აპლიკანტმა დააგვიანა, შესაბამისად, ისინი გამოცდების ჩაბარებას ვეღარ შეძლებენ.

ცენტრის ინფორმაციით, დღეს ტესტირებას ის პირები გაივლიან, ვინც დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირდა, ტესტირებისთვის 5 საათია გამოყოფილი.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, როგორც ცენტრში აცხადებენ, გათვალისწინებულია ყველა რეკომენდაცია, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის უწყებების მიერ. აბიტურიენტების მსგავსად, მასწავლებლობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ტესტირების დროს პირბადე მოიხსნან, თუმცა მაგიდასთან მისვლამდე პირბადის ტარება სავალდებულოა.

ზაფხულის გამოცდაზე დარეგისტრირებული არ არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მათ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება მხოლოდ შემოდგომაზე შეუძლიათ. ახალი რეგულაციის მიხედვით, შემოდგომის გამოცდა ბოლო შესაძლებლობა იქნება პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის სტატუსის  ასამაღლებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სკოლის დატოვება მოუწევთ.

მასწავლებლობის მსურველთათვის საგამოცდო პროცესი 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ამავე თემაზე:

დასასჯელად არავინ მოგსდევთ, დამშვიდდით და ჩაატარეთ კარგი გაკვეთილი – შუკაკიძე ახალ სქემაზე

ბათუმში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა – 22 ივლისი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 22 ივლისს, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თურქეთიდან შემოვიდა და კარანტინში იმყოფებოდა.

შესაბამისად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID 19-ის ინფექციით 10 პაციენტია მოთავსებული.

საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი დღეს  24-ით გაიზარდა. 11 საათის მონაცემებით, სულ 1073- ინფიცირებული დაფიქსირდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 907, გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება ფიქსირდება, ძირითადად, გარდაბნის რაიონში. გუშინ, 21 ივლისს, NCDC-ის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში გამოვლენილი 63 ახალი შემთხვევიდან 24 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაფიქსირდა.

გარდაბანი არ ჩაიკეტება, თუმცა მუნიციპალიტეტში გაფართოებული ტესტირება იწყება

ცხოვრება უსახურავო სახლში, როცა გარეთ თავსხმა წვიმაა [ვიდეო]

„ახლა მოდით და ნახეთ, როგორ  გვაწვიმს, იქნებ ვინმე დაგვეხმაროს, იქნებ სახურავის შეკეთების უფლება მოგვცენ“, – ეს შეტყობინება გამოგვიგზავნეს რედაქციაში დღეს, 21 ივლისს, ძლიერი წვიმის დროს. ოჯახი, რომელმაც ჩვენ მოგვწერა, ბათუმში, მარკოზ აჭარელის ქუჩაზე ცხოვრობს. სატელეფონო საუბარში გვითხრეს ისიც, რომ სახურავის კაპიტალურად მოწყობა უნდოდათ, თუმცა მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვო სამუშაოების შეჩერება მოითხოვა.

ადგილზე მისულებს ერთსართულიანი სახლი და ამ სახლის წინ წამოწყებული მშენებლობა დაგხვდა. ძველ სახლზე ახალი ფართობის მიშენება დაუწყიათ, რომელიც დაუსრულებელია, დაუსრულებელია სახლის გადახურვაც.

ოჯახის წევრები სახლის იმ ნაწილში იყრიან თავს, სადაც წვიმა პირდაპირ არ ასხამს.

სახლის ახალაშენებულ ნაწილში ისე წვიმს, როგორც გარეთ, თუმცა წვიმის დროს ოჯახი თავს მაინც აქ აფარებს, იმის გამო, რომ ძველი სახლი ავარიულია და იქ დარჩენა ცუდი ამინდის დროს მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის

ოჯახის წევრები ახალმიშენებულ და ნახევრად სახურავდახურულ ფართობში დაგვხვდნენ და გვითხრეს, რომ ძველი სახლი, განსაკუთრებით წვიმაში, უსაფრთხო არ არის. თინა ქამადაძის თქმით, ამიტომაც დაიწყეს ეზოში ახალი მშენებლობა, თუმცა მშენებლობის ნებართვა არ აქვთ.

„ნებართვის მისაღებად მერიას მივმართე, რამდენიმე სამსახურში გადამამისამართეს, ბოლოს მირიან მეტრეველთან გამაგზავნეს არქიტექტურაში, მან მითხრა ქონების მართვას უნდა მიმართოთო, თუმცა საბოლოოდ პასუხი ვერ მივიღე. მცირეწლოვანი ბავშვები გვყავს და საფრთხის ქვეშ რამდენ ხანს უნდა ვყოფილიყავით, ამიტომაც დავიწყეთ მშენებლობა“, – ამბობს თინა ქამადაძე.

ქამადაძეების ოჯახი 14-წევრიანია, მათ შორის 4 არასრულწლოვანია. ბავშვები ცუდი ამინდის გამო ნათესავებთან ჰყავთ გახიზნული.

ქამადაძეებს სახლში არც ელექტროენერგია აქვთ, რადგან აბონენტად დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ. ოჯახმა სოციალურად დაუცველის სტატუსისა და დახმარების მიღების იმედით სოციალური მომსახურების სააგენტოსაც მიმართა, თუმცა დახმარება ვერ მიიღეს.

საღამოს ექვსი საათისთვის ბათუმში წვიმა გაძლიერდა. ქამადაძეების ნახევრადგადახურულ სახლში  ალუმინის თასებზე დაცემული წვიმის წვეთების ძლიერი ხმაური ისმის. ამ ჭურჭლის დახმარებით დიასახლისი ცდილობს წვიმის შეკავებას.

ქამადაძეების ოჯახს არც ის მიწა ეკუთვნით, რომელზეც სახლს აშენებენ – მიწა სახელმწიფო საკუთრებაა.

Mymarket-ზე ქეშბექის აქცია დაიწყო

15 ივლისიდან Mymarket-ზე ქეშბექის დიდი აქცია დაიწყო. Visa ბარათით გადახდისას შენ შეგიძლია ყოველი ახალი შენაძენზე 25% დაიბრუნო, ხოლო მეორადი ყიდვის შემთხვევაში 30%.

Mymarket ყველასთვის ცნობილი და საჭირო ადგილია ქართულ ინტერნეტში, სადაც ყოველთვის შეგიძლია იპოვო საშენო ნივთები. მათ შორის ახალი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კომპიუტერები, საბავშვო პროდუქცია, ტანსაცმელი და სათამოშოები, ხოლო, ჰიპერმარკეტ გუდვილისგან სურსათი, საოჯახო ქიმია და მზა საკვები. გარდა ამისა, 100 000-ზე მეტი სხვა საჭირო ნაწარმის და მომსახურებით მიღება შეგიძლია Mymarket-ზე.

რაც მთავარია, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლია საშენო პროდუქტების შეძენა, Mymarket კი მათ შენთვის სასურველ მისამართზე მოგიტანს.

ამასთანავე, Mymarket-მა პანდემიის პერიოდში კიდევ ერთი დიდი სიახლე შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მეორადი ნივთების სახლიდან გაყიდვას და ადგილზე მიტანას გულისხმობს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ფორუმ – თეატრი -„Covid-19 ვირუსი და ახალი რეალობა“

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, პეტრას ციხეზე, ფორუმ- თეატრი გაიმართა თემაზე: „Covid-19 ვირუსი და ახალი რეალობა“.

ფორუმ თეატრის სპეციფიკიდან გამომდინარე მაყურებელს უშუალოდ ჰქონდა შესაძლებლობა გამხდარიყო სპექტაკლის მონაწილე. წარმოდგენა დაეთმო პანდემიის შედეგად არსებული შეზღუდვების დროს გაჩენილი პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.

„ფორუმ თეატრი“ მე-20 საუკუნის ბოლოს შექმნა ცნობილმა რეჟისორმა და აქტივისტმა აუგუსტო ბოალმა.

სპექტაკლი, „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა“ და ააიპ „დავიწყოთ ახლა“ პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

პარიზი – თბილისი – 8 აგვისტოდან ფრანგული ავიაკომპანია ფრენებს იწყებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, თბილისსა და პარიზს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და Air France-ს შორის. წამყვანი ფრანგული ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განახორციელებს:

• პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) – თბილისი, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს;
• თბილისი – პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი), ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.

რეგულარული რეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

ისეთი რაღაც შემთათხნეს, ეგონათ ანზორ ბოლქვაძეს ნერვი აეშლებოდა – ინტერვიუ კანდიდატთან

„მე აწი ვეღარ გადავკეთდები“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ანზორ ბოლქვაძე. ის ისევ და ამჯერად უკვე მეოთხედ პარლამენტის წევრობას აპირებს. ეს ფრაზა ანზორ ბოლქვაძემ მაშინ გვითხრა, როცა მუშაობის სტილზე ვკითხეთ – ხულოს, შუახევის და ქედის გარდა, ამჯერად დეპუტატობის კანდიდატმა ხელვაჩაურში მცხოვრებ ამომრჩეველთანაც უნდა იმუშაოს. ანზორ ბოლქვაძე პარლამენტის წევრია 2008 წლიდან. „ქართულმა ოცნებამ“ ის დეპუტატობის კანდიდატად 20 ივლისსაც დაასახელა.

ანზორ ბოლქვაძის კანდიდატად დასახელებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დეპუტატობის კანდიდატს ესეც ვკითხეთ, ეცნობა თუ არა ფეისბუქპოსტებს და როგორია მისი რეაქცია.

  • ბატონო ანზორ, თქვენ უკვე მეოთხედ აპირებთ პარლამენტში შესვლას. გვსმენია, რომ აღარ გინდოდათ დეპუტატობა, ასეა? 

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამდენი წელია ვმოღვაწეობ და ეს არის დამოკიდებული მოსახლეობაზე. მოსახლეობა თუ მაგის საშუალებას არ მოგცემს, უარს იტყვი. ეს ყველაფერი არის მოსახლეობაზე დაყრდნობით და არა ის, რომ ვიღაცას ყაიდა გაუწიო და პარლამენტში შეხვიდე… მეც არ მითქვამს უარი, შეჩვეული ჭირი მირჩევნია, თუკი გამოდის, რომ ხალხს ეს უნდა, რომ მე დავიცვა მათი უფლებები, რატომაც არა.

  • რატომაა „შეჩვეული ჭირი“ პარლამენტარობა? 

ჩემი ახლა სხვა თემების დაწყება და ბიზნესში წასვლა გამორიცხულია. მირჩევნია, მოვემსახურები ხალხს და ჩემს ხარვეზებს, რომელიც მქონდა, ბოლომდე დავასრულებ.

  • რა ხარვეზები გქონდათ? 

მაგალითად, ხიხაძირის ხეობას დავპირდი გზა, უნდა დავასრულო ბოლომდე ეს; გოდერძი-ხულო-ადიგენისს გზის მშენებლობა, უფლის ძალით, სექტემბრიდან სრული ძალით დაიწყება, გოდერძის სათხილამურო ბაზის მშენებლობა… კარგს კაცი არ კითხულობს, მხოლოდ კვანტი როგორ დაგიდონ, იმას ფიქრობენ. ამისთვისაა ზოგი დაბადებული.

შემდგომ ამისა, მინდა ბოლომდე მივიყვანო მთებში მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემა, სადაც პირუტყვი გადაჰყავს მოსახლეობას. საუბარია 500 კვადრატულამდე მიწების დაკანონებაზე. ასე უფრო განვითარდება მთა, ტურისტებსაც მიიღებენ. წელს ამ ეპიდემიამ და გაჭირვებამ გვანახა, რომ მთლიანად აჭარაში, როცა დავდიოდი, გამოკეტილი სახლი აღარ იყო. ეს მისცემს მაგალითს ყველას, რომ ვინც ქალაქში ცხოვრობს, იმედია, ხელშეწყობა იქნება მთავრობისგანაც, რომ ყველა სახლი ამოქმედდეს. ასეთი ეპიდემიის პირობებში, ღმერთმა მეტი აღარ გაამეოროს, მაგრამ როცა ბოსტანი გექნება, კარტოფილს მოიყვან, პროდუქტი ასე აღარ გაძვირდება.

  • რატომ გადაწყვიტეთ პარლამენტარობა, როგორ დაიწყო თქვენი პოლიტიკური კარიერა? 

ეს ახლა 12 წლის წინანდელ ამბავს მეკითხებით, ხო? მაშინ, რა თქმა უნდა, სხვა თემით ვიყავ უფრო დაინტერესებული. მაშინ მაინცადამაინც პოლიტიკაზე არ მიფიქრია, მაგრამ ხალხთან ურთიერთობის გამო გავხდი პარლამენტარი. ვმუშაობდი, სახელმწიფო სამსახურს მივანებე თავი და კომპანია მქონდა, 150 დასაქმებული მყავდა, ვმუშაობდი სხვადასხვა რეგიონში, მშენებელი კაცი ვიყავი, სხვა სად ვიქნებოდი? მაშინ გაჩნდა ეგ აზრი, რომ უნდა წავსულიყავი პოლიტიკაში. იყო მაშინაც მთავრობა და ასე გადაწყვიტეს.

  • ანუ მაშინდელმა მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. თქვენ რის გამო გაგიჩნდათ მაშინ პარლამენტში შესვლის სურვილი? 

ახალზე მელაპარაკეთ. დავამთავრე უკვე ძველი. ორმოცი რომ გავა, ყველაფერს მოიტირებ და საფლავს ქვას დაადებ. ვილაპარაკოთ ახალზე.

  • ანუ პოლიტიკური წარსულის გახსენება აღარ გსურთ…  ფეისბუქრეაქციები გვითხარით, როცა ცნობილი გახდა, რომ თქვენ ისევ დეპუტატობას აპირებთ, ბევრმა გაგაკრიტიკათ. თუ ეცნობით ამ ფეისბუქპოსტებს? 

პოლიტიკოსმა ამას უნდა გაუძლოს, ჩემზე დიდი ბრძოლა იყო „ნაციონალური მოძრაობიდანაც“, რომ მე კანდიდატი არ ვყოფილიყავ. ბევრი დაქირავებული ჰყავთ, ისეთი რაღაცები შემთათხნეს, ეგონათ ანზორ ბოლქვაძეს ნერვი აეშლებოდა, ზოგი ქვებს გამოისვრის… მე არ ვნერვიულობ, მთავარია, უფალთან ვიყო მართალი. ის, რაც დაასახელეს, მაგალითად, თემურ ქედელიძე, ომარ ბოლქვაძე, თურმე მათ ტენდერებში ჩავრეულვარ, თქვენ შეგიძლიათ ეს გადაამოწმოთ, ეს პრინციპი თქვენ გაგაჩნიათ, შეამოწმეთ, რომ ამ ორგანიზაციას რა პრობლემები აქვს, სასამართლოში დგას საკითხი და მე ვითომ ვმფარველობ. ეს იყო მორიგი მიზეზი, რომ რაღაც თემების გამო დავბლოკილიყავ.

ერთი და იგივე ხალხი მუშაობს ამაზე, ეგენი მე არც მაინტერესებს, არც ვკითხულობ მაგენის კომენტარებს და პოსტებს, არც პასუხს ვცემ. ერთი ეს ვიცი, რომ ჩატარდება არჩევნები უფლის ძალით და მე იმედი ყოველთვის მაქვს – იმედი ჩემი ხალხის, საზოგადოების და იქ ვინც არ უნდა დამიპირისპირონ, თუ ხალხი გვერდზე გიდგას, მაგ დროს მათი წერა-კითხვა პირიქით მაპიარებს, მადლობას ვუხდი შორი-ახლოდან. თქვენ დაწერთ ახლა ამას და გაიგებენ, რომ მადლობას ვუხდი. რაში მჭირდება მე, რაღაცას ჩხრიკნიან, რატომ უნდა გავეცნო. მაგას მირჩევნია, წავიდე და გაჭირვებულს დავეხმარო – გასულ წელს 25 ოჯახს სახლი დაეწვა, იმათთვის სახლები ვეძებო. მაგათთვის მე დღეს არ დავაღამებ და არც პასუხს მოვთხოვ.

  • ამბობთ, რომ მოქალაქეებს ცალ-ცალკე ხვდებით, როცა მათ პრობლემები აქვთ. ახლა სამაჟორიტარო ოლქი ფართოვდება და ხულოს, შუახევს და ქედას ხელვაჩაურიც დაემატა. როგორ აპირებთ მუშაობას? 

მე აწი ვეღარ გადავკეთდები… ხელვაჩაურშიც მყავს მეგობრები. რა თქმა უნდა, მუშაობა უნდა, გასვლა, წინასწარ რამეს არ დავიტრაბახებ, იქნება საერთო ენა გამონახული. შეხვედრები მექნება ოქტომბრამდე, ჩემს ავტორიტეტს გამოვიყენებ, რაც გამაჩნია და მაქვს. ვიმუშავებ, არაა პრობლემა. გავაგრძელებ მუშაობას, როგორც წესი და რიგია.

  • რა ვერ მოასწარით ამ 4 წელიწადში, როცა პარლამენტის წევრი იყავით? 

ყველაზე რთული თემა არმოსწრებისა არის გოდერძის გზა. ყველა ღონე ვიხმარე და უფლის ძალით ეს თემა წამოწეულია ახლა მაღალ დონეზე და ერთი ეტაპი დაიწყეს. სულ მალე დაიწყება მეორე ეტაპი, მშენებლები შემობრძანდებიან, მე მგონი, ტენდერი დასრულდა.

  • ამ პროცესის გაჭიანურება აჩვენებს თუ არა იმას, რომ მენეჯმენტი არის პრობლემა? რამდენიმე დღის წინაც იყო ამ გზის გამო საპროტესტო აქცია ხულოში. 

მეც ვიყავი მაგ აქციაზე, შევხდი მოსახლეობას, მინისტრიც იყო ჩამობრძანებული თბილისიდან, შევახვედრე. ალბათ, მე იქ არ ვმფარველობდი და… სულ იმას იძახიან, ანზორ ბოლქვაძე მფარველობსო. რეალურად შევიდა სუსტი კომპანია, ჰქონდა სხვადასხვა დავალიანება, ვერ გააკეთა საბანკო გარანტია. სხვა თემა არ არსებობდა. მშენებლებს მეც შევხდი, ერთ კვირაში იქნება, 10 დღეში იქნება, გაიძახოდნენ, ჰოდა, ვერ მოაბეს თავი სატენდერო წინადადებას, რასაც კანონი მოითხოვს, მეტი არაფერი. მე ამ თემაში ჩავერთე, რომ ეს კომპანია როცა გადიოდა, მოსახლეობის ვალი არ დარჩენოდა, ადამიანებმა აიღეს ხელფასები, რაც იყო.

  • რა შეძელით ამ მოწვევის პარლამენტში, როგორც კანონმდებელმა?  

შეიძლება მე ის პოლიტიკოსი არ ვიყო, რომელიც ყოველდღიურად კანონპროექტებს წერდეს… კმაყოფილი ვარ მთის კანონით, შეწყალებების თემები იყო, ვალების ჩამოწერა, იყო კანონპროექტები, რომლითაც მოსახლეობა დღემდე სარგებლობს. ჩემთვის საამაყოა ისიც, რომ მთაში 100 ლარით ზედმეტ პენსიას იღებენ, თორემ უფრო მეტად დაიცლებოდა მთა.

  • თქვენ საკონსტიტუციო ცვლილებებს თავდაპირველად არ დაუჭირეთ მხარი. ახლაც იგივე პოზიცია გაქვთ? 

კი, მე ხელი არ მოვაწერე. ჩემმა მოსახლეობამ რაც მიკარნახა, ის გავაკეთე. მე ვიქნებოდი თუ არა, ერთი მაჟორიტარი აჭარას უნდა ჰყოლოდა და ეს შენარჩუნდა. აუცილებლობა იყო თუ არა, ამას დრო აჩვენებს. მეორე შემთხვევაში, როცა 120/30-ზე გაკეთდა, მივეცი ხმა. თავის დროზე მე არ მქონდა თანხმობა მოსახლეობისგან და არც ხმა არ მიმიცია, ეს არავის დავალება არ ყოფილა. როცა საკონსტიტუციო ცვლილებები ტარდებოდა, მოსახლეობამ დასვა საკითხი, რომ ჩვენ მაჟორიტარული სისტემა უნდა შევინარჩუნოთ.

  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მონაცემებით, რაც მარტში გასაჯაროვდა, თქვენ არასწორად გქონდათ შევსებული ქონებრივი დეკლარაცია. გაასწორეთ ეს დეკლარაცია? 

არაფერი არ მიყიდია, არ გამიყიდია და შესწორება ახლა ხომ სუფთა წერა არ იყო, რომ გადამეწერა და ნიშანი დაეწერათ? დეკლარაციაში ერთადერთი იყო „ფონი პლიუსის“ ამბავი და ახლაც ვამბობ: ეს არის შპს-ს ქონება. იყო ასევე გოდერძის თემაზე საუბარი, თითქოსდა მე ვერტმფრენები მყოლია… არა, დეკლარაციაში არაფერი შემიცვლია.

არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებული დ.თ დამნაშავედ ცნო.

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 2019 წლის 17 დეკემბერს დ.თ. -მ არასრულწლოვანი გააუპატიურა.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა დ.თ. 2019 წლის 21 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.თ სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თეთრ დათვებს 2100 წლისთვის გადაშენება ემუქრებათ

არქტიკაში ყინულის საფარის დნობასთან ერთად თეთრი დათვები შესაძლოა მიმდინარე ასწლეულის ბოლოს გადაშენდნენ.

თეთრი დათვები დღეს უკვე  შიმშილობენ, რადგან მათი ბუნებრივი საცხოვრებელი გარემო ნადგურდება. მეცნიერების გათვლებით, თუ ნახშირორჟანგის ემისია შენარჩუნდება დღევანდელ ნიშნულზე, გლობალური დათბობა თეთრი დათვების პოპულაციის განადგურებას გამოიწვევს.

არქტიკაში კლიმატი ორჯერ უფრო სწრაფად იცვლება პლანეტის სხვა რეგიონებთან შედარებით. პოლარულ დათვებს შეუძლიათ დაახლოებით 200 დღე გაძლონ კვების გარეშე, მაგრამ მათ სულ უფრო მეტად უჭირთ საკვების მოპოვება.

პოლარული დათვები ნადირობენ არქტიკულ სელაპებზე, რომლებიც ყინულზე ბინადრობენ. თუ თეთრი დათვის სხეულის მასა 20 პროცენტით ნაკლებია ნორმაზე, 200 დღის ნაცვლად მას 125 დღე შეუძლია იცოცხლოს საკვების გარეშე.

კონკურსი საჯარო და კერძო სკოლებისთვის – „ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა“

მედიის განვითარების ფონდი ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით და ილიას უნივერსიტეტთან და PHI საქართველოსთან პარტნიორობით, აცხადებს კონკურსს სკოლებისთვის – „ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა“.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა სკოლამ შექმნას 5-წევრიანი გუნდი, რომელიც უნდა აერთიანებდეს პედაგოგებსა და X-XII კლასის მოსწავლეებს. გუნდი უნდა დარეგისტრირდეს ბმულზე და შეავსოს აპლიკაცია.

აპლიკაციაში გუნდმა უნდა ატვირთოს მედიაწიგნიერებაზე საპროექტო განაცხადი, რომელიც შეეხება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ თემას:

[checklist]

  • ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება
  • ყალბი ვიზუალის (ფოტო/ვიდეო) იდენტიფიცირება
  • ყალბი ფეისბუქპროფილის იდენტიფიცირება
  • მედიაშინაარსის კრიტიკული ანალიზი
  • ჟურნალისტური ეთიკა და პროფესიული სტანდარტები
  • მედიის ფინანსური და მფლობელების გამჭვირვალობა
  • კიბერუსაფრთხოება
  • სიძულვილის ენა
  • მედიაწიგნიერების ინტერაქციული სწავლება
  • ნებისმიერი თემა, რომელიც მედია და ინფორმაციული წიგნიერების კომპეტენციებს ავითარებს

[/checklist]

კონკურსის ორგანიზატორთა ინფორმაციით, მედია და ინფორმაციული წიგნიერების პროექტი შესაძლოა იყოს შემდეგი სახის (თუმცა ეს სია შეზღუდული არ არის):

  • ონლაინთამაშის იდეა
  • ოფლაინთამაშის იდეა (ბანქო, პაზლი და სხვა)
  • ქვიზი
  • კრეატიული გაკვეთილი მედია და ინფორმაციული წიგნიერების თემაზე
  • ცნობიერების ამაღლების კამპანია მედია და ინფორმაციულ წიგნიერებაზე (ვიდეო რგოლის სცენარი, სლოგანები, პოსტერები)
  • როლური თამაშები

და სხვა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების გუნდებს.

სააპლიკაციო განაცხადებს განიხილავს ჟიური, რომელიც პირველ ეტაპზე გამარჯვებულ პროექტებს გამოავლენს. მეორე ეტაპზე გადასული გუნდები ჟიურის წინაშე თავიანთი პროექტების პრეზენტაციას ონლაინ გამართავენ.

ყველაზე მედიაწიგნიერ სკოლას შესაბამისი პრიზი და კომპიუტერი გადაეცემა, მე-2 და მე-3 ადგილზე გასული სკოლები კი სერტიფიკატებით და სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

საკონკურსო განაცხადების შევსების ბოლო ვადაა 20 აგვისტო.

რას სთავაზობს მთავრობა თურქეთში დასაქმებულებს – მინისტრის განმარტება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, თურქეთში სეზონური დასაქმება შესაძლოა მნიშვნელოვნად ჩანაცვლდეს საქართველოში, სოფლის მეურნეობაში შექმნილი სამუშაო ადგილებით. ამის შესახებ დავითაშვილმა დღეს, 21 ივლისს, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

„ჩვენ გვესმის, რომ ძალიან დიდი სურვილი იყო აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმების ჩვენ მეზობელ თურქეთის რესპუბლიკაში. ჩვენ ორგანიზებულად, აჭარის ადგილობრივ მთავრობასთან და კახეთში მუნიციპალიტეტებთან ერთად, მოვახერხეთ სამუშაო ძალის კახეთში მობილიზება. თუმცა, ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი, ჩვენ გვესმის, რომ შიდა დასაქმების ახალი პერსპექტივები ჩნდება სხვადასხვა კუთხეში. ჩვენ გვექნება ძალიან ინტენსიური მოსავლის აღებისა და დაბინავების სეზონი კახეთში, რომელიც უკავშირდება ყურძნის მოსავალს, რთველს, ამის შემდეგ გვექნება ინტენსიურად შიდა ქართლში სამუშაო ძალის საჭიროება და სეზონური დასაქმება, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო ჩვენს მოსახლეობაში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ჩვენ შეიძლება მნიშვნელოვანწილად ჩავანაცვლოთ საქართველოში შეთავაზებული სამუშაო ადგილებით“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ სამუშაო ძალა გადანაწილდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმგვარად, რომ სოფლის მეურნეობაში ადამიანების დასაქმების ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს:

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოფლის მეურნეობაში მოთხოვნა სამუშაოზე არის მნიშვნელოვანწილად გაზრდილი. დარგი ახდენს გენერირებას ახალი სამუშაო ადგილების, ახლა განსაკუთრებით აქტუალურია კახეთის რეგიონი, სადაც არის სეზონური დასაქმების საშუალებები, ძალიან ინტენსიურად მიდის ხილის სხვადასხვა კულტურის დაბინავება, პირველ რიგში, ატმის კულტურას ეხებოდა ეს, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დაახლოებით ორი ათასამდე ადამიანი არის დასაქმებული“.

სეზონური დასაქმებისთვის ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანი გადადიოდა სამუშაოდ თურქეთის რესპუბლიკაში. საზღვარი თურქეთთან 15 მარტს ჩაიკეტა და დღემდე არ გახსნილა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბათუმში არაერთი აქცია გამართეს თურქეთში რეგულარულ სამუშაოზე დასაქმებულმა ქალებმა. ისინი თურქეთთან საზღვრის გახსნას ან საზღვრის გახსნამდე ყოველთვიურ კომპენსაციას ითხოვენ.

____

ამავე თემაზე:

ჩვენ არ გავჩერდებით – თურქეთში დასაქმებული ქალების საპროტესტო გზავნილი

ბათუმში ტროტუარზე ავტომობილის პარკირებისთვის 71 პირი დააჯარიმეს

ბათუმში ტროტუარზე ავტომობილის პარკირებისთვის 71 პირია დაჯარიმებული, ამკრძალავ ნიშანზე დგომისთვის კი 52 ოქმი შედგა. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, სხვადასხვა ტიპის დარღვევაზე ივლისის თვეში პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურმა  1729 ოქმი გამოწერა.

პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის კი, ბოლო 5 დღის განმავლობაში, 1586 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა.

პარკირების წესების დარღვევისთვის ბათუმში 71 პირი დააჯარიმეს

მდინარე აჭყვაში თევზები დაიხოცა – გარემოს ზედამხედველობა ადგილზე დღეს გავა

ქობულეთში, მდინარე აჭყვაში თევზები და  წყლის სხვა ბინადრები დაიხოცა. ამის ამსახველ ვიდეოს ფეისბუქში ქობულეთის საკრებულოს წევრი, ბონდო თედორაძე ავრცელებს. მისი თქმით, თევზების დახოცვა მდინარის დაბინძურებამ გამოიწვია.

„არა მარტო თევზები, მდინარის სხვა ბინადრებიც დახოცილია. საშინელი სუნი დგას, მდინარე დაბინძურებულია და ყურადღებას არავინ აქცევს“, – ამბობს საკრებულოს წევრი.

მისი თქმით, ქობულეთში მდინარე აჭყვა ლესელიძის ქუჩის მიმდებარე მონაკვეთშია დაბინძურებული. „ჯერ კიდევ იანვარში გადავიღე და გავავრცელე ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მდინარეში 100 ტონამდე მანდარინის ნარჩენი იყო ჩაყრილი. მაშინვე მივმართე ქალაქის ხელმძღვანელობას, ზედამხედველობის სამსახურს, თუმცა არანაირი ზომები არ მიიღეს. მოსახლეობა ფანჯრებსაც კი ვეღარ აღებს, ისეთი სუნი დგას“.

„ბათუმელები“ ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს დაუკავშირდა, რომელიც ირწმუნება, რომ მდინარეში თევზების დახოცვა საწარმოების მიერ მდინარის დაბინძურებას არ გამოუწვევია. მისი თქმით, მდინარე მხოლოდ ორი დღით იყო ჩაკეტილი, რამაც გამოიწვია ეს ვითარება.

მდინარე აჭყვაში დახოცილი თევზები

„ეს საკითხი შესწავლილია. არანაირ ეკოლოგიურ კატასტროფასთან ან რაიმე სახის ეკოლოგიურ სირთულესთან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აშუქებს, ადგილი არ აქვს.

სულ ორი დღე იყო ჩაკეტილი არხი, სამელიორაციო სამუშაოები განხორციელდა, მდინარე აჭყვასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს, ახლა არხი გახსნილია და წყლის ნაკადი ჩვეულებრივ იმოძრავებს“, – ამბობს მირიან ქათამაძე.

მდინარის კალაპოტი დაჭაობებულია და ცოცხალი არსებები დახოცილი. ქობულეთის მერი კი აცხადებს, რომ არხი მხოლოდ 2 დღით ჩაიკეტა.

კითხვაზე, ორი დღით არხის ჩაკეტვამ გამოიწვია წყლის დაჭაობება და თევზების დახოცვა? – მირიან ქათამაძე ისევ იმეორებს, რომ არხი მხოლოდ ორი დღით იყო ჩაკეტილი.

„სამელიორაციო სამუშაოების გამო საჭიროებამ მოითხოვა ორი დღით შესაბამისი არხის ჩაკეტვა, ამან გამოიწვია წყლის სიმცირე და გარკვეული სახის კითხვის ნიშანი გაუჩნდა მოსახლეობას. უკვე გუშინ დასრულდა სამუშაოები, გაიხსნა არხი და შესაბამისად ეს პრობლემა მოიხსნება. ის, რომ პოლიტიკური ოპონენტები ამას ისე აშუქებენ, თითქოს ეს არის ეკოლოგიური პრობლემა, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ასევე კატეგორიულად გამოვრიცხავ რაიმე სახის ნარჩენებისგან მდინარე აჭყვის კალაპოტის დაბინძურებას იმ დონეზე, რომ აქ შეიძლება რაიმე სახის პრობლემა იყოს“.

მირიან ქათამაძის თქმით, ქობულეთის შემოგარენში ადრე ბინძურდებოდა მდინარის კალაპოტი, თუმცა შესაბამისი სამსახურები „უმოკლეს დროში ასუფთავებენ“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა გარემოს ზედამხედველობის სამსახურსაც, სადაც განაცხადეს, რომ შესაბამისი ჯგუფი დღეს, 21 ივლისს, გავა ადგილზე და აიღებს სინჯებს იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია მდინარეში ცოცხალი არსებების დახოცვა.

 

მთავარი ფოტო: დახოცილი თევზები მდინარე აჭყვაში

Exit mobile version