Batumelebi | რუსეთიდან 43 278 მოქალაქე შემოვიდა პანდემიის დროს – სტატისტიკა რუსეთიდან 43 278 მოქალაქე შემოვიდა პანდემიის დროს – სტატისტიკა – Batumelebi
RU | GE  

რუსეთიდან 43 278 მოქალაქე შემოვიდა პანდემიის დროს – სტატისტიკა

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობა აპრილიდან 98 პროცენტით შემცირდა. სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ რუსეთიდან საქართველოში შემოსვლას მხოლოდ ტვირთის გადამზიდავები ახერხებენ, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რუსეთის მოქალაქეები, ვისი მეუღლე ან 13 წლამდე შვილი საქართველოს მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მარტში ყაზბეგის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან საქართველოში სულ 39 618 პირი შემოვიდა. საქართველომ რუსეთთან საზღვარი, პანდემიის გამო, 16 მარტს ჩაკეტა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობა მარტში 78 პროცენტით შემცირდა. აპრილში, მაისსა და ივნისში კი, კლებამ 98 პროცენტს მიაღწია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

  • მარტში ყაზბეგის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან საქართველოში სულ  39 618 პირი შემოვიდა
  • აპრილში რუსეთიდან 11 986 შემოსვლის ფაქტი დაფიქსირდა
  • მაისში – 12 635
  • ივნისში – 11 444

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკე აქვს დათვლილი უშუალოდ რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც „ყაზბეგიდან“ შემოვიდნენ საქართველოში, მათ შორის, არიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.

  • მარტში 32 788 რუსეთის მოქალაქე ჩამოვიდა საქართველოში „ყაზბეგიდან“
  • აპრილში – 3 496
  • მაისში – 3 561
  • ივნისში – 3 433

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განმარტეს, რომ ცალკე არ ითვლიან, რამდენი ადამიანი შემოდის, როგორც ტრანზიტული მძღოლი კონკრეტული ქვეყნიდან და ტრანზიტული მოძრაობის რაოდენობას თვეების მიხედვით ცალ-ცალკე ითვლიან.

___

მთავარი ფოტო: 2017 წელი. ლარსის გამშვები პუნქტი (ს.ს.კ.გ. “ყაზბეგი”). ფოტო: გურამ როგავა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი