მთავარი,სიახლეები

სარფის საბაჟო დროებით, მაგრამ გაურკვეველი ვადით ჩაიკეტა [ფოტო]

15.03.2020
სარფის საბაჟო დროებით, მაგრამ გაურკვეველი ვადით ჩაიკეტა [ფოტო]

ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმების საფუძველზე, ორ ქვეყანას შორის არსებული სამი სასაზღვრო-გამტარი პუნქტიდან ერთ-ერთზე – სარფის გამტარ პუნქტზე, ქვეითთა მოძრაობა ორმხრივად იზღუდება. შეზღუდვის მიზეზი კორონავირუსის ( Covid-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებია.

ბათუმში თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, ქვეითებისთვის მოძრაობის შეზღუდვა საზღვარზე, 2020 წლის 15 მარტიდან, თურქეთის დროით 17.00, საქართველოს დროით 18.00 საათზე შევა ძალაში. შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს.

15 მარტი, ბოლო მგზავრები კვეთენ სარფის საბაჟოზე საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვარს ფოტო: თედო ჯორბენაძე/ბათუმელები

დღეს, 15 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც დაზუსტებულია, რომ მგზავრთა მიმოსვლისთვის რჩება მხოლოდ ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტი – ვალე და კარწახი.

“ორ ქვეყანას შორის არსებული ინტენსიური ხალხთაშორისი და საქმიანი კავშირების გათვალსიწინებით, მხარეები შეთანხმდნენ რომ ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის ფუნქციონირებას განაგრძობს ვალესა და კარწახის გადასასვლელი პუნქტები,” – ნათქვამია საგარე საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქართველოსა და თურქეთს შორის ფრენები 20 მარტის 24:00 საათამდე გაგრძელდება. სამინისტროს განცხადებით თურქულ მხარეს ფრენების შეჩერება 14 მარტიდან სურდა, თუმცა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეზღუდვების ამოქმედება 6 დღით გადავადდა.

ჯერჯერობით უცნობია როდის აღდგება სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის.

ასე გამოიყურება სარფის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორია 2020 წლის 15 მარტის 18:00 საათისთვის. კორონავირუსის ( Covid-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გამო, დღეს ორ ქვეყანას შორის ამ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ქვეითი მგზავრებისთვის საზღვარი ოფიციალურა დ ჩაიკეტა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: