მთავარი,სიახლეები

ლექტორი კოლეგებს პლაგიატში ადანაშაულებს – ის შესაძლოა უმუშევარი დარჩეს

23.06.2020 • 3484
ლექტორი კოლეგებს პლაგიატში ადანაშაულებს – ის შესაძლოა უმუშევარი დარჩეს

„არაა გამორიცხული, აკადემიიდან საერთოდ გამათავისუფლონ… დაპირისპირება ჩემსა და მენეჯმენტს შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა რამდენიმე პროფესორი და, მათ შორის, რექტორი პლაგიატში ვამხილე… ვაპროტესტებდი სხვა გადაწყვეტილებებსაც, მაგალითად, როცა დოქტორანტურის შექმნა გადაწყვიტეს, როცა ამის რესურსი არ არის,“ – ამბობს ვაჟა ანანიძე. იგი ბათუმის საზღვაო აკადემიის ასოცირებული პროფესორია, ასევე სარედაქციო კომიტეტის თავმჯდომარე და ამავე აკადემიის ბიბლიოთეკის სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის სამმართველოს კოორდინატორი. ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიაში 2008 წლიდან მუშაობს.

დღეს, 23 ივნისს, ბათუმის საზღვაო აკადემიის ეთიკის კომისია დაახლოებით 7 საათი განიხილავდა ვაჟა ანანიძის საკითხს – მოახდინა თუ არა მან საზღვაო აკადემიის დისკრედიტაცია, ასევე აშანტაჟებს და აბულინგებს თუ არა კონკრეტულ თანამშრომელს, ვისი ნაშრომიც, მისი აზრით, პლაგიატს შეიცავს. კომისია დღეს ისე დაიშალა, რომ გადაწყვეტილება არ მიუღია.

ეთიკის კომისიამდე ვაჟა ანანიძეს რამდენიმე წერილით მიუმართავს რექტორისთვის, ასევე ადმინისტრაციის სხვადასხვა წარმომადგენლისთვის და რეაგირება მოუთხოვია სხვადასხვა პრობლემაზე: პლაგიატზე, აკადემიის სტრუქტურის გამართვაზე, დოქტორანტურაზე… მას შემდეგ, რაც ვაჟა ანანიძეს პასუხი არ მიუღია, მან 5 მაისს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართა, 18 მაისს კი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. ვაჟა ანანიძე მიიჩნევს, რომ პლაგიატს აკადემიის არაერთი პროფესორის ნამუშევარი შეიცავს და ამ დრომდე აკადემია სპეციალურად არ იყენებს ელექტრონულ პროგრამას, რომელიც ავტომატურად ადგენს პლაგიატის გამოყენების შემთხვევებს.

„მე მივმართე მხოლოდ ორ შემთხვევაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს – რექტორის ირაკლი შარაბიძის სადისერტაციო ნაშრომზე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ნინო ყურშუბაძის ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომზე… აკადემიის ადმინისტრაციაში ჩათვალეს, რომ ეს იყო აკადემიის პრესტიჟის დაბლა დაცემა,“ – გვიყვება ვაჟა ანანიძე.

დადგინდა თუ არა პლაგიატი, ჯერ უცნობია – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ჯერ საჯარო ინფორმაციით პასუხი ვაჟა ანანიძისთვის არ გამოუგზავნია.

ვაჟა ანანიძემ ის კონკრეტული ნამუშევრები გვაჩვენა, რომელსაც იგი პლაგიატად მიიჩნევს. მაგალითად, საზღვაო აკადემიის დღევანდელმა რექტორმა, ირაკლი შარაბიძემ 2015 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „შავ ზღვაში არსებული გოგირდწყალბადის ამოღების, დამუშავების ტექნოლოგიები და მათი გამოყენების პერსპექტივები“. ინტერნეტში ხელმისაწვდომია ასევე მერაბ ჯიბლაძის სამეცნიერო ნაშრომი „შავი ზღვის სიღრმული წყლებიდან გოგირდწყალბადის მიღება და ფიზიკო-ქიმიური ანალიზი“, რომელიც 2014 წელსაა გამოცემული. ორივე სამეცნიერო ნაშრომში იდენტური ტექსტებით აღწერილია კონკრეტული მეთოდი, რომელიც ტექსტის მიხედვით დაპატენტებულია. ორივე ნაშრომის მიხედვით, პატენტის ავტორი თვითონაა, ვინც ამ ნაშრომს წერს.

ვაჟა ანანიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მერაბ ჯიბლაძე ირაკლი შარაბიძის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო და ირაკლი შარაბიძე ნაშრომის ბოლოს ასახელებს მერაბ ჯიბლაძის იმ კონკრეტულ ნაშრომს, საიდანაც ტექსტის ნაწილი გამოყენებულია.

„მაგრამ ამ ყველაფერს აქვს თავისი სტანდარტი – იქვე უნდა იყოს ეს აღწერილი, ვისი ტექსტია გამოყენებული და მეორე: როგორ გაიგოს მკითხველმა, როცა ერთსა და იმავე მეთოდზე ორივე ავტორი ერთნაირად წერს: „ჩვენ მიერ მიღებულ პატენტში“? – კითხულობს ვაჟა ანანიძე.

ვაჟა ანანიძემ გვაჩვენა ნინო ყურშუბაძის სამეცნიერო ნაშრომიც, რომელიც მან ლატვიაში საზღვაო აკადემიების კონფერენციაზე 2017 წელს წარადგინა. ნინო ყურშუბაძე საზღვაო აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსია.

ვაჟა ანანიძის მტკიცებით, ნინო ყურშუბაძის ინგლისურენოვანი ნაშრომი „ROLE of ISO 14001:2015 IN SUSTAINABLE ASSURANCE OF MARPOL CONVENTION REQUIREMENTS“ კონკრეტულ გვერდებზე სიტყვა-სიტყვათ იმეორებს 2013 წელს გორანა ჯელიკ მარელიკის და მერიკა შლისკოვიჩის ნამუშევარს „Sustainable Ship Management“. ნინო ყურშუბაძეს სამეცნიერო ნაშრომის სქოლიოში ეს ავტორი მითითებული არ აქვს.

კონკრეტული აბზაცების გამეორება ამ ტექსტებში ნახა „ბათუმელებმაც“, თუმცა ჩვენ გაგვიჩნდა კითხვა, მაგალითად: შესაძლოა, ნინო ყურშუბაძემ სხვა ავტორით ისარგებლა, ვისაც ანალოგიური ტექსტი აქვს და ვინც თავისი ნაშრომის სქოლიოში მიუთითა კიდეც? – ამ და სხვა კითხვების დასმა თავად ნინო ყურშუბაძისთვის გვინდოდა, თუმცა საზღვაო აკადემიის ინტერნეტგვერდზე მითითებული ტელეფონის ნომერი მას დღეს გამორთული ჰქონდა.

ნინო ყურშუბაძესთან, ასევე ირაკლი შარაბიძესთან დაკავშირებაზე, ან რაიმე სახის კომენტარის გაკეთებაზე უარი გვითხრეს საზღვაო აკადემიის პრესსამსახურშიც. აქ განმარტეს, რომ ეს საკითხები დახურულ სხდომაზე განიხილება და ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან. „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა ირაკლი შარაბიძემ.

სხდომა, რომელზეც ვაჟა ანანიძეს აკადემიის დისკრედიტაციას ედავებიან, დღეს დილიდანვე დახურეს. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟა ანანიძე თანახმა იყო, სხდომა მედიაში გაშუქებულიყო, აკადემიის ეთიკის კომისიამ პერსონალური მონაცემების დაფარვის მოტივით სხდომა დახურა, თუმცა დახურა არა სხდომაზე, არამედ მის დაწყებამდე.

სხდომის დახურვა ერთ-ერთი საკითხია, რასაც ანა ბერძენიშვილი აპროტესტებს. ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტია და ვაჟა ანანიძის ინტერესებს იცავს. მისი შეფასება კრიტიკულია და მიიჩნევს, რომ ვაჟა ანანიძეს საზღვაო აკადემიაში დევნიან.

„ეს არის დევნა… ყველა პროცედურა დაარღვიეს, რის დარღვევაც შეიძლებოდა. ყველაზე მთავარი ალბათ იყო ის, რომ ვისაც ვედავებით დარღვევებს, ის იხილავდა ამ საქმეს და არათუ იხილავდა, არამედ კომისიის თავმჯდომარეა“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი შარაბიძეა, საზღვაო აკადემიის რექტორი. იგი დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის პრობლემების გამო დისტანციურად „ზუმის“ საშუალებით ესწრებოდა. რადგან კომისიის თავმჯდომარე სხდომას ფიზიკურად ვერ დაესწრო, სხდომას მისი მოადგილე, მანუჩარ ლორია გაუძღვა.

„აცილება დაკმაყოფილდა ნინო ყურშუბაძის შემთხვევაში, მაგრამ აცილება არ დაკმაყოფილდა ირაკლი შარაბიძის შემთხვევაში, რომელიც თვეების განმავლობაში არ სცემდა პასუხს ვაჟა ანანიძეს, მან აკადემიის ასოცირებული პროფესორის არც ერთ წერილს არ უპასუხა… ის ხან შემოდიოდა სხდომაზე, ხან ითიშებოდა, მერე ისევ ურეკავდნენ და ასე გრძელდებოდა,“ – გვიყვება ანა ბერძენიშვილი.

იურისტის ანა ბერძენიშვილის შეფასებით, დღევანდელ სხდომაზე საზღვაო აკადემიამ დისციპლინური სამართალწარმოების ფარგლებში გამართული სხდომის კანონით განსაზღვრული ყველა წესი დაარღვია. ის გამოყოფს „მთავარ დარღვევასაც“ – საქმის მასალები, თუ რას ედავებიან კონკრეტულად პროფესორს, არც ვაჟა ანანიძეს აჩვენეს და არც მისი ინტერესების დამცველს.

„არც კომისიის წევრებს ჰქონდათ საქმის მასალები… მათ ჰქონდათ გეგმა, რომ უნდა დაესვათ კითხვები მხოლოდ ვაჟა ანანიძისთვის და დღესვე დაესრულებინათ სხდომა. კომისიამ ჩემ მიერ დაყენებული არც ერთი შუამდგომლობა არ დაამაყოფილა,“ – გვითხრა ანა ბერძენიშვილმა.

საზღვაო აკადემიაში არც ის გვითხრეს, როდის მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას. ანა ბერძენიშვილი განმარტავს, რომ სამართლებრივად შესაძლოა ასოცირებულ პროფესორს შენიშვნა მისცენ, ან გაფრთხილება, ხელფასი ჩამოაკლონ, ან საერთოდ – სამსახურიდანაც გაუშვან.

„კულმინაცია იყო ბოლო ეტაპი, როცა კომისიის წევრებმა გვითხრეს, რომ გადიან სათათბიროდ. ვიკითხე, რა საკითხზე სათათბიროდ გადიხართ-მეთქი და კომისიის იურისტმა მიპასუხა, მტკიცებულებების შესასწავლადო. ეს ირონია და გაუგონარი ამბავია – მტკიცებულებები საჯაროდ უნდა შეისწავლონ,“ – დასძინა ანა ბერძენიშვილმა „ბათუმელებთან“.

____

მთავარი ფოტო: ვაჟა ანანიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: