მთავარი,სიახლეები

როცა ორსულ ქალს ყაჩაღობაზე 11 წელს უსჯი – უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატის ძველი საქმე

22.07.2020 • 1748
როცა ორსულ ქალს ყაჩაღობაზე 11 წელს უსჯი – უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატის ძველი საქმე

კიდევ ერთი მოსამართლე, რომელიც უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეობას აპირებს, ლევან თევზაძეა. გასულ კვირას, 17 ივლისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სწორედ მისი კანდიდატურა წარუდგინა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად. ლევან თევზაძის კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენას 14-წევრიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან 10-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

ლევან თევზაძემ წლების წინ მოსამართლეობა ხელვაჩაურის სასამართლოში დაიწყო. წინა ხელისუფლების პერიოდში ერთ-ერთი რეზონანსული საქმე სწორედ ამ სასამართლოს და სწორედ ლევან თევზაძეს უკავშირდება. მოსამართლემ 2009 წელს 4 თვის ფეხმძიმე ქალი, ნათია შალიკაშვილი, ყაჩაღობის მუხლით გაასამართლა. ლევან თევზაძემ ქალს 11 წელი და 6 თვე მიუსაჯა. ნათია შალიკაშვილს ბრალი არასდროს უღიარებია.

2014 წელს, ხელისუფლების შეცვლიდან მალევე, ნათია შალიკაშვილი სასჯელის მოხდისგან იმავე სასამართლომ გაათავისუფლა.

ნათია შალიკაშვილი ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის მუხლით გაასამართლეს. ლევან თევზაძემ ნათია შალიკაშვილს ჯერ 11 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შემდეგ კი, მანვე შალიკაშვილს სასჯელის მოხდა 5 წლით გადაუვადა, რადგან განაჩენის გამოტანის დროისთვის ნათიას შვილი გაუჩნდა.

 

ნათია შალიკაშვილის საქმის საბრალდებო დასკვნა – არქივი

 

„ნათია შალიკაშვილის საქმემ“ ყურადღება ბევრი დეტალის გამო მიიქცია. მთავარი მაინც პროკურატურის ვერსია იყო, რომლის მიხედვითაც 4 თვის ფეხმძიმე ნათია შალიკაშვილი 4 პირთან ერთად დაესხა თავს ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ოჯახს და 1000 დოლარით დააყაჩაღა. პროკურატურის ვერსია მაშინ მოსამართლე ლევან თევზაძემ გაიზიარა იმის მიუხედავად, რომ ამ რეზონანსულ საქმეში არაერთ პროცედურულ დარღვევებზე საუბრობდა მესამე სექტორი, ასევე სახალხო დამცველი. მაშინ ომბუდსმენი დღეს მოქმედი ხელისუფლების მაღაჩინოსანი, სოზარ სუბარი იყო.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ საქმის ხარვეზებზე გამომძიებელი და პროკურორიც ალაპარაკდნენ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც 2009 წელს ნათია შალიკაშვილის ინტერესებს იცავდა, მიიჩნევდა, რომ საქმეში არაერთი წინააღმდეგობა იყო და დაირღვა, მაგალითად, მტკიცებულებების ერთობლიობის და სანდოობის სტანდარტი.

მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობდა სახალხო დამცველიც. ამ საქმეში პირდაპირი მტკიცებულება მხოლოდ დაზარალებულად ცნობილი ქალის და მოწმის ამოცნობის ჩვენებები იყო, თუმცა ნათია შალიკაშვილის ამოცნობის ვიდეოჩანაწერის მიხედვით, დაზარალებულმა ქალმა ნათია შალიკაშვილის შესახებ თქვა: „ვფიქრობ, ის იყო“. გამომძიებელმა მას არაერთხელ გაუმეორა კითხვა: „ფიქრობთ, თუ დარწმუნებული ხართ?“ რომლის პასუხადაც დაზარალებულმა დარწმუნებით ვერაფერი თქვა.

რეზონანსულ საქმეში არსებული ხარვეზები ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურორმა გიორგი დავითაშვილმა გადაცემა „დეტექტორში“ მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა. მან მოსამართლის პასუხისმგებლობაზე გააკეთა აქცენტი. „თუ არასრულყოფილად იყო გამოძიებული, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე, საბოლოოდ, სასამართლო იკვლევს მტკიცებულებებს,“ – თქვა მან.

2014 წელს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო ხელახლა მიუბრუნდა ამ საქმეს, რადგან ნათია შალიკაშვილს სასჯელი მცირეწლოვანი ბავშვის გამო არ მოუხდია. სასჯელის გაუქმებამდე ნათია შალიკაშვილს საყოველთაო ამნისტიაც შეეხო და სასჯელი შვიდნახევარ წლამდე შეუმცირეს. ნათია შალიკაშვილი სასჯელისგან სრულად მოსამართლე ლეილა გურგუჩიანმა 2014 წლის თებერვალში გაათავისუფლა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში.

_________

2009 წელს, როცა მოსამართლე ლევან თევზაძემ „ნათია შალიკაშვილის საქმე“ განიხილა, ის 30 წლის იყო. მოსამართლეობამდე იგი სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, 2001 წელს ლევან თევზაძე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი გახდა. სტაჟიორად მუშაობის ერთი წლის შემდეგ, 2002 წელს, ლევან თევზაძე პირდაპირ იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილე გახდა.

2003 წელს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსი იყო;

2004 წელს ლევან თევზაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილეა;

2005 წელს – შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჩივარ-განცხადებებზე რეაგირების განყოფილების უფროსის მოადგილე;

2005-2007 წლებში ლევან თევზაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს ფინანსური დარღვევების შემოწმების განყოფილების უფროს გამომძიებლად მუშაობდა;

2008 წელს ლევან თევზაძე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციის წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს ფინანსური დარღვევების შემოწმების განყოფილების უფროსი;

2008-2009 წლებში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2009 წელს – ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

ხელვაჩაურის შემდეგ ლევან თევზაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადავიდა და ამავე სასამართლოს თავმჯდომარედ 2012 წლის ჩათვლით მუშაობდა.

2013 წლიდან ლევან თევზაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, 2018 წლიდან კი, უვადოდ დანიშნული.

2015-2018 წლებში ლევან თევზაძე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიც. ამ საბჭომ ახლა ლევან თევზაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდიატად დაასახელა.

ლევან თევზაძე იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა, რის გამოც საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითებდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: