მთავარი,სიახლეები

შსს-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი: სისტემის შიგნითაც ვებრძოდით ოჯახში ძალადობას

22.07.2020 • 2390
შსს-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი: სისტემის შიგნითაც ვებრძოდით ოჯახში ძალადობას

„საზოგადოების მხრიდან ძალადობრივი ქცევა, ვფიქრობ, არ შეცვლილა,“ „ჩვენ ვებრძოდით ოჯახში ძალადობას სისტემის შიგნითაც,“ – ამას გოგა ხატიაშვილი ამბობს, მან 20 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროდან წასვლის შესახებ განაცხადა. ბოლო სამი წლის განმავლობაში გოგა ხატიაშვილი შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი იყო.

„…ეს არ იყო ჩემთვის უბრალო სამსახური. იგი არ ჰგავდა ყოველდღიურ რუტინას. არასოდეს არ მტოვებდა იმის განცდა, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებდი. ვეცადე, რომ ეს სამყარო უფრო უსაფრთხო და უკეთესი გამეხადა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება,“ – წერს ფეისბუქში გოგა ხატიაშვილი. „ბათუმელებმა“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ბატონო გოგა, შეგიძლიათ გვითხრათ იმაზე მეტი, ვიდრე ფეისბუქში დაწერეთ შსს-დან წასვლის მიზეზებზე? 

ჩემი რესურსი ამოვწურე. დაახლოებით სამი წელი ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროში და მთელი ჩემი ძალისხმევა მიემართებოდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას. ამ უწყებამ განსაკუთრებით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით გარკვეულ პროგრესს მიაღწია. ამიტომაც მინდა ამ სფეროებზე ვიმუშაო არამხოლოდ შსს-ს პერსპექტივით, არამედ უფრო გლობალურად. პრინციპში ჩემმა მუშაობამ, კონკრეტულ საქმეებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მხოლოდ სისხლის სამართლის მართლმსაჯულება ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება. ისევ ვიგებთ მძიმე შემთხვევების შესახებ, რაც იმით არის განპირობებული, რომ სხვადასხვა მიმართულებით ინსტრუმენტები არის დასახვეწი, ან ახლიდან შესაქმნელი.

  • რომელია ეს მიმართულებები, რაც, თქვენი აზრით, სუსტია? 

ვფიქრობ, ბევრ სფეროში არის გასაძლიერებელი გარკვეული საკითხები. პირველ რიგში, ესაა პრევენცია, რაც არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი და ფუნქცია. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია მსხვერპლების მხარდაჭერა და გაძლიერება. არსებულმა პრაქტიკამაც გვაჩვენა, რომ მხოლოდ რეაგირება და  სადამსჯელო პოლიტიკა არ არის საკმარისი, რადგან საკმაოდ სპეციფიკურ დანაშაულთან გვაქვს საქმე. როგორი კომპლექსური დანაშაულიც არის ოჯახში ძალადობა, მას ასეთივე კომპლექსური მიდგომა სჭირდება. დასჯის პოლიტიკის პარალელურად მნიშვნელოვანია პრევენციაზე მუშაობა და მსხვერპლის გაძლიერება.

  • ანუ ბევრი სამუშაოა ჯერ კიდევ, რატომ გადაწყვიტეთ სისტემის დატოვება? 

ამ ეტაპზე ვცდილობ ჩემი ექსპერტული ცოდნა მოვახმარო ისევ სახელმწიფოს, უწყებებს და ვიმუშაო გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით ერთიანი სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე… შესაბამისად, ჩემი საქმიანობა იქნება უფრო ექსპერტული მიმართულებით.

  • თქვენი აზრით, რა რჩება ამ ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა შსს-ში იმ მიმართულებით, რაზეც მუშაობდით – ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვნები, ლგბტქ თემის მიმართ ჩადენილი დანაშაულები… 

ჩემი მუშაობა შსს-ში მთლიანად უკავშირდება ამ დეპარტამენტს და შექმნის დღიდან ვარ ამ უწყებაში. 2018 წლის დასაწყისში შეიქმნა ეს დეპარტამენტი და დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრესი ამ მიმართულებებით. ბევრი ინსტრუმენტი დაინერგა, გულწრფელად რომ ვთქვათ, ერთი მხრივ, რისკების შეფასების დოკუმენტი შემუშავდა, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა შსს-ს ინიციატივით, რამაც გააუმჯობესა ამ კუთხით არსებული საკანონმდებლო ბაზა. გამომძიებლებისთვის შეიქმნა ათობით რეკომენდაცია სხვადასხვა ტექნიკურ და შინაარსობრივ საკითხზე, თავად გამომძიებლების დამოკიდებულება და მგრძნობელობაც შეიცვალა.

  • შეიცვალა კი? ცოტა ხნის წინ გვეწერა ქალზე, რომელიც მოგვიყვა, როგორ დასცინა პოლიციელმა ბათუმში და უთხრა, ყოველდღე საცემი ყოფილხარო. 

ნამდვილად შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვთქვა: აღარ არის პრობლემა შსს-ში. ჯერ კიდევ სამინისტროს მთავარ გამოწვევად რჩება გამომძიებელთა მგრძნობელობა, დამოკიდებულება. როდესაც ვსაუბრობთ გამომძიებელთა მგრძნობელობაზე, ეს არის საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი. შეუძლებელია, მოკლევადიან პერსპექტივაში გამომძიებელთა მგრძნობელობაზე, მათ მსოფლმხედველობაზე არსებითად იმუშაო და შეცვალო. ეს პროცესი აქტიურად დაიწყო 2018 წლიდან, როცა ჩვენ ვთქვით, რომ მხოლოდ სამართლებრივ მექანიზმებზე არ უნდა ვესაუბროთ გამომძიებლებს. ჩვენ ამ გადამზადების პროგრამაში ჩავსვით ფსიქოლოგი, რომელიც გამომძიებლებს ესაუბრებოდა სხვა პერსპექტივით. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად შეცვლილია გამომძიებელთა დამოკიდებულებები, ეს გამოწვევად რჩება და ყველა ვაცნობიერებთ – ჯერ კიდევ დროა საჭირო, რომ ეს დამოკიდებულებები შეიცვალოს. გულახდილად რომ ვთქვათ, გამომძიებლებიც არიან ამ საზოგადოების ნაწილი, ისინი გაიზარდნენ იმ რეალობაში, რაშიც ზოგადად საზოგადოება იზრდება. ეს არის პატრიარქალური საზოგადოების გამოძახილი. დეპარტამენტში დარჩა ბევრი პროფესიონალი ადამიანი. იმედი მაქვს, ისინი ამ მიმართულებით გააგრძელებენ მუშაობას.

  • რამდენად არსებობს სისტემის შიგნით ნება, დასაჯოს მოძალადე პოლიციელი? საქართველოს პროკურატურამ პირველ ივლისს დაიწყო გამოძიება ქობულეთის პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსის, ირაკლი შაქარიშვილის წინააღმდეგ. მას ცოლი ადანაშაულებს ძალადობაში, თუმცა ის ამ დრომდე პასუხისმგებლობაში არ მიუციათ. 

ამ კონკრეტულ საქმეს ვერ ვიხსენებ, ყველა საქმეს ვერ ვადევნებდი თვალს რთული სამუშაო განრიგიდან გამომდინარე… მე თამამად შემიძლია ის ვთქვა, რომ ჩვენ ოჯახში ძალადობას ვებრძოდით არამხოლოდ სისტემის გარეთ, არამედ სისტემის შიგნითაც.

უწყების პოლიტიკა არის იქითკენ მიმართული, რომ გააუმჯობესოს მიდგომები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ მოთხოვნები და მიდგომები იმ პოლიციელებსა და გამომძიებლებზე, რომლებიც, ერთი მხრივ, არაეფექტურ რეაგირებას ახორციელებენ ოჯახში ჩადენილ დანაშაულებზე, მეორე მხრივ კი, როცა თავად არიან ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირები. თუკი შემაკავებელი ორდერი გამოიცემა პოლიციელის მიმართ და ძალადობის ფორმად იქნება აღიარებული ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა, ეს არის უწყებიდან მისი ავტომატური გათავისუფლების საფუძველი. ეს ბრძანება 2018 წლიდან შეიქმნა, სადაც გაცხადდა პოლიტიკა, რომ პოლიციელი, ვინც ამ ტიპის ძალადობას ჩაიდენს, აღარ უნდა გაჩერდეს უწყებაში. იმის მიუხედავად, რომ შემაკავებელი ორდერი საკმაოდ დაბალი ხარისხის ინსტრუმენტია, ის ადმინისტრაციული რეაგირების ინსტრუმენტია და უფრო პრევენციულია, მაინც შევთანხმდით იმაზე, რომ ასეთი ორდერიც რომ არსებობდეს, ესეც საკმარისია იმისთვის, რომ ის უწყებაში აღარ უნდა მუშაობდეს.

მე გენერალურ ინსპექციაში გამიგზავნია არაერთი საქმე, სადაც მონიტორინგის პერიოდში გამოვლენილა, რომ პოლიციელმა არ შეასრულა კანონით დადგენილი ვალდებულება და არ განახორციელა ჯეროვანი რეაგირება, რაც ევალებოდა. არასათანადო რეაგირებებს ვცდილობდით ორი მიმართულებით შევბრძოლებოდით: მივმართავდით გენერალურ ინსპექციას ინდივიდუალურ შემთხვევებზე და მეორე გლობალურად ვამზადებდით რეკომენდაციებს, ინსტრუქციებს და მათ ვუგზავნიდით, რომ შეცდომები აღარ დაეშვათ და გაეუმჯობესებინათ მიდგომები.

  • ოჯახში ძალადობის კუთხით, თქვენი შეფასებით, რა ვერ მუშაობს ეფექტურად? 

გავიხსენებ კონკრეტულ შემთხვევას: წლების წინ პოლიციაში მოვიდა ქალი, რომელმაც თქვა, რომ იყო პარტნიორი მამაკაცის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. დაიწყო გამოძიება და დააკავა შსს-მ მოძალადე, მას რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალი და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. გავიდა პერიოდი, ის გამოვიდა ციხიდან და მოულოდნელად შეხვდა ქუჩაში მსხვერპლს. ამ ქალთან მას კომუნიკაცია საერთოდ აღარ ჰქონია, მაგრამ ქალი ისევ მოვიდა ჩვენთან და თქვა, რომ დაცვა სჭირდებოდა, ანუ მსხვერპლის ემოციური მდგომარეობა დარჩა ამ პერიოდში საკმაოდ მძიმე. ჩნდება კითხვა: ვინმემ იმუშავა მასთან ამაზე? ან მოძალადესთან იმუშავა ვინმემ? ციხიდან გამოსვლის დროს შეაფასა ვინმემ, დაახლოებით როგორია მისი მდგომარეობა? არ არის საუბარი, 100 პროცენტით განჭვრიტო, მაგრამ დაახლოებით ხომ უნდა ვიცოდეთ? ეს საქმე დაუბრუნდა ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს არ არის ეფექტური მართლმსაჯულება.

  • გვინახავს პრაქტიკულად შემთხვევებიც, როცა ხელახლა ჩადის ძალადობისთვის გასამართლებული პირი დანაშაულს, ან როცა პირობითი მსჯავრის ქვეშაა. ეს რაზე მეტყველებს? 

კი, ყოფილა განმეორებით დანაშაულის ჩადენის შემთხვევებიც. ეს ერთგვარი რგოლია. როცა ერთ-ერთი რგოლი არასაკმარისად ასრულებს თავის ფუნქციას, ან არ ასრულებს, მთლიანად ბრძოლის სისტემა განიცდის მნიშვნელოვან კრახს. გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება მსხვერპლების მხრიდან პოლიციასთან თანამშრომლობის პრობლემა, რასაც გვერდს ვერ ავუვლით.

  • თქვენ სად ხედავთ გამოსავალს, როცა მსხვერპლი გამოძიებას უდასტურებს ძალადობას, თუმცა სასამართლოს ჩვენებას აღარ აძლევს, ან ცვლის ჩვენებას? 

როდესაც მსხვერპლი აღელვებულია და იძახებს პოლიციას, პირველ რიგში, მას სჭირდება უსაფრთხოების განცდა. შემდეგ, როცა გადის გარკვეული პერიოდი, ის რჩება სრულიად მარტო და მსხვერპლი დამოკიდებულია მოძალადეზე არამხოლოდ ეკონომიურად, არამედ ზოგჯერ ფიზიკურადაც კი, მას წასასვლელიც არსადაც აქვს, ან მოძალადეა მისი მომვლელი. როცა მსხვერპლი ხედავს, რომ უსაფრთხოების საკითხი მოგვარდა, მას სურს ნორმალურად ცხოვრების პირობა – მინიმალური პირობები, რომ საკუთარი თავის და შვილების გამოკვება შეძლოს. ის ყოველთვის მომავალში იყურება. ჩემთვისაც  ხშირად უკითხავს მსხვერპლს: მერე რა იქნება, რა მელოდება? მე ამ კითხვებზე პასუხი არ მქონდა.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ მსხვერპლის ეკონომიკური და ფინანსური გაძლიერება არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ის იძულებული არ გახდეს, დაუბრუნდეს მოძალადეს. ეს უქმნის პრობლემას მართლმსაჯულებასაც, რადგან როცა ქმარმა ცოლს საძინებელში ხელი გაარტყა და შემდეგ ქალი სასამართლოს ჩვენებას აღარ აძლევს, ხელში გრჩება მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რა ხარისხის დაზიანება მიიღო ქალმა და ხანდაზმულობა შეესაბამება თუ არა იმ პერიოდს, როცა მან დაზიანებები მიიღო. არსებობს დამატებითი მტკიცებულებების შეგროვებაც, მაგრამ ეს დამატებით ძალისხმევას მოითხოვს.

  • რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად, რომ ქალმა სასამართლოსაც უთხრას სიმართლე? არსებობს მოსაზრება, რომ აჯობებს მსხვერპლი პირდაპირ მაგისტრ მოსამართლესთან დაიკითხოს და არა პოლიციაში. 

თუ ჩვენ მსხვერპლს სწორად შევთავაზებთ სერვისებს, თუ დავანახებთ, რომ ის არ იქნება მარტო, არ გაუჭირდება საკუთარი თავის და შვილების რჩენა, მისი მხრიდან მინიმალური იქნება უარის თქმა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. ამიტომაც არის საჭირო დასჯასთან ერთად ვიზრუნოთ მსხვერპლთან, მოძალადესთანაც, რომ მისი ქცევის კორექცია მოხდეს. დასჯა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა არის საკითხები, რაც თუ არ სრულდება, მთელი პროცესის ეფექტურობა ეჭვქვეშ დგება.

  • ხელმძღვანელ რგოლში, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს და ქმნის პოლიტიკას, რამდენად არსებობს მგრძნობელობის პრობლემა ამ საკითხებზე? 

ზოგადად, ეს პრობლემა არის. პრინციპში ჩვენც ვატყობთ ამას, როცა არ არიან სათანადო მგრძნობელობით განწყობილი პირები, ვინც ამ სფეროში მუშაობს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, ვინც არის პოლიტიკის განმსაზღვრელი, მეტნაკლებად მათი ცნობიერებაც იყოს გააზრებული სათანადოდ. ასეთი სფეროს საქმეებზე მხოლოდ ცოდნა არაა საკმარისი, თუ პრობლემის სიმძიმეს და სიმწვავეს ვერ იაზრებ.

მახსენდება ერთი მსხვერპლი, რომელიც აჭარის რეგიონში ცხოვრობდა. მასთან ხშირად მქონდა კომუნიკაცია და ვეხმარებოდი არამხოლოდ სამართლებრივად, არამედ ვამხნევებდი. ვატყობდი, რომ მძიმე გზა გამოიარა და მისთვის მარტივი არ იყო, ნაბიჯები გადაედგა მოძალადის წინააღმდეგ. საბოლოოდ, მოგვარდა მისი პრობლემა გარკვეულწილად და რამდენიმე თვის შემდეგ მირეკავს სხვა ქალი, მეუბნება, რომ გოგა ფსიქოლოგი სჭირდება. ვუთხარი, რომ მე შსს-ს წარმომადგენელი ვიყავი. მეორედაც დამირეკა და მერე გაირკვა, რომ იმ წინა მსხვერპლს უთქვამს მისთვის, ესაა ფსიქოლოგი, მაგას დაელაპარაკეო. ამ დროს გავიაზრეთ უწყებაში, რომ მთავარია, მსხვერპლს უსმენდე და მისი გჯეროდეს. მსხვერპლი ყოველთვის ყოყმანობს, არ იცის, როგორ მოიქცეს, მიმართოს თუ არა პოლიციას. ის უნდა გრძნობდეს, რომ მისი ესმით.

არ შეიცვალა იმიტომ, რომ ორიენტირებული ვართ დასჯის პოლიტიკაზე და არა პრევენციაზე, ძალადობრივი ქცევის კორექციაზე. მაგალითად, ქუთაისში როცა ქალი მოკლეს, ორი საათის განმავლობაში ხმები ესმოდათ და პოლიციაში არ დარეკეს. უბრალოდ, საზოგადოებამ ვერ გაიაზრა, რა იყო მისი როლი, როცა ყვირილის ხმა ესმოდათ.

ძალიან ხშირად საზოგადოება მსხვერპლისგან მოითხოვს მტკიცებულებებს, რომ ის ნამდვილად მსხვერპლია, განსაკუთრებით კი, გახმაურებულ საქმეებზე, ეს არასწორი მიდგომაა. მიუხედავად იმისა, რომ აზროვნება იცვლება, საზოგადოების მხრიდან ძალადობრივი ქცევა, ვფიქრობ, არ შეიცვალა… ერთმა მოქალაქემ დამირეკა და მითხრა, აღარასოდეს არ დავრეკავ პოლიციაშიო. მანამდე ცოტა ხნით ადრე მან დაინახა თავის სადარბაზოსთან როგორ დაარტყა ქმარმა ცოლს ხელი სახეში და პოლიციას დაურეკა. მერე კი ვნახე, ხელიხელგადახვეული როგორ მიდიოდა ეს წყვილი და აგრესიულად გამომხედესო. ხშირად საზოგადოებამ არ იცის, რის გამო უბრუნდება მსხვერპლი მოძალადეს, რა გზის გავლა უწევს მას.

ეს არ არის მხოლოდ განათლების ბრალი, საკმაოდ განათლებულ ოჯახებშიც ხდება ძალადობა – განათლებულ ადამიანებსაც აქვთ პატრიარქალური დამოკიდებულებები. 2012 წელს, როცა სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანეს სპეციალური მუხლი ოჯახში ძალადობაზე, მაშინ სახელმწიფომ თქვა, რომ ამით დაიცავდა ოჯახის წევრებს, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს მუხლი ძირითადად იცავს ქალებს. ეს არის სიგნალი, რომ ქალის როლი ჩვენს საზოგადოებაში არასწორედაა აღქმული.

  • არასრულწლოვნებზე მინდა გკითხოთ – „ლუკა სირაძის საქმე“ აჩვენებს თუ არა იმას, რომ ძალადობრივი სისტემა ვერ შეიცვალა? თქვენ რას ფიქრობთ, რატომ მივედით აქამდე? 

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უწყებაში არსებობდეს სრულყოფილი საპოლიციო სერვისი, სადაც ადამიანები როცა მივლენ, მათ დახვდეთ პროფესიონალები, რომლებიც ერთის მხრივ მოუსმენენ მათ პრობლემებს და, მეორეს მხრივ, შეეცდებიან ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარონ. პრინციპში სირაძის შემთხვევამ დაგვანახა, რომ მნიშვნელოვანია არასრულწლოვნებთან სპეციფიკური მიდგომა. ვფიქრობ, ყველა გამომძიებელმა და პოლიციელმა არ უნდა იმუშაოს არასრულწლოვანთან, რადგან ეს არის სპეციფიკური კატეგორია, რომელთანაც უნდა იმუშაოს იმ გამომძიებელმა, რომელსაც ამის სურვილი შესაძლოა აქვს, მაგრამ აცნობიერებს თავისებურებებს, რაც არასრულწლოვანს შესაძლოა ჰქონდეს, ანუ ბავშვს არ უნდა მოექცე ისე, როგორც შეიძლება მოექცე უფროსს. მე იმედის თვალით ვუყურებ სამინისტროში ჯერ კიდევ ჩემი იქ მუშაობის პერიოდში შექმნილ არასრულწლოვანთა სამმართველოს. იგეგმება, რომ ეს გაფართოვდეს და რეგიონებშიც იყოს სპეციალიზებული სამმართველოები, რომელიც არასრულწლოვნების მიერ, ან მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. არასრულწლოვნებს უნდა ჰქონდეთ ისეთი გარემო, სადაც ისინი ისაუბრებენ გულწრფელად და დამატებით არ დაისტრესებიან იქ მისვლის დროს.

  • თქვენ მუშაობდით დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაც. ლგბტქ თემი ხშირად გამოთქვამს პრეტენზიას, რომ მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ჭიანურდება, ან საერთოდ არ იძიებენ. 

ჩვენ რომ პარალელი გავავლოთ წინა წლებთან, ყველაფერი შედარებითია, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ამ მიმართულებით გამოძიების ხარისხი. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ გამოწვევები არ რჩება. საგრძნობლად არის გაზრდილი იმ საქმეების რაოდენობა, სადაც დისკრიმინაციული მოტივები გამოკვეთეს სამართალდამცველებმა. ფაქტობრივად, არის გასამმაგებული და შემდეგ პროკურორმა ეს ასახა თავის შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში. ჯგუფის წევრები ხშირად უთითებდნენ, რომ მოტივი სათანადოდ არ იკვეთებოდა გამოძიების ეტაპზე.

რა თქმა უნდა, რჩება მთელი რიგი გამოწვევები, მათ შორის, მგრძნობელობის, დამოკიდებულების მხრივ და რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, რომ გამოძიების გაჭიანურება მათი მხრიდან თანამშრომლობის ნაკლებობას უკავშირდებოდეს. გვქონია შემთხვევები, როცა იბარებდნენ ცალკეულ პირებს გამოკითხვაზე, მაგრამ ისინი არ თანამშრომლობდნენ.

  • ეს ხომ აჩვენებს, რომ არ სჯერათ, არ ენდობიან პოლიციას? 

კი, ერთ-ერთ პრობლემა არის ნდობა. შეიძლება უნდობლობით იყოს გამოწვეული და იმ ბარიერებით, რასაც ისინი შესაძლოა პოლიციაში აწყდებოდნენ, ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გამომძიებლების ცნობიერების, მათი კვალიფიკაციის ამაღლება. ჩვენ ვთანამშრომლობდით იგივე „თანასწორობის მოძრაობასთან“ და ვცდილობდით, ადამიანების რეალური საჭიროებები გვეჩვენებინა გამომძიებლებისთვის.  ვფიქრობ, რომ ესეც გაგრძელდება უწყებაში,  გამომძიებლების მგრძნობელობა და მიდგომები რომ გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს.

____

მთავარი ფოტო: გოგა ხატიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: