მთავარი,სიახლეები

მდინარე აჭყვაში თევზები დაიხოცა – გარემოს ზედამხედველობა ადგილზე დღეს გავა

21.07.2020 • 2011
მდინარე აჭყვაში თევზები დაიხოცა – გარემოს ზედამხედველობა ადგილზე დღეს გავა

ქობულეთში, მდინარე აჭყვაში თევზები და  წყლის სხვა ბინადრები დაიხოცა. ამის ამსახველ ვიდეოს ფეისბუქში ქობულეთის საკრებულოს წევრი, ბონდო თედორაძე ავრცელებს. მისი თქმით, თევზების დახოცვა მდინარის დაბინძურებამ გამოიწვია.

„არა მარტო თევზები, მდინარის სხვა ბინადრებიც დახოცილია. საშინელი სუნი დგას, მდინარე დაბინძურებულია და ყურადღებას არავინ აქცევს“, – ამბობს საკრებულოს წევრი.

მისი თქმით, ქობულეთში მდინარე აჭყვა ლესელიძის ქუჩის მიმდებარე მონაკვეთშია დაბინძურებული. „ჯერ კიდევ იანვარში გადავიღე და გავავრცელე ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მდინარეში 100 ტონამდე მანდარინის ნარჩენი იყო ჩაყრილი. მაშინვე მივმართე ქალაქის ხელმძღვანელობას, ზედამხედველობის სამსახურს, თუმცა არანაირი ზომები არ მიიღეს. მოსახლეობა ფანჯრებსაც კი ვეღარ აღებს, ისეთი სუნი დგას“.

„ბათუმელები“ ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს დაუკავშირდა, რომელიც ირწმუნება, რომ მდინარეში თევზების დახოცვა საწარმოების მიერ მდინარის დაბინძურებას არ გამოუწვევია. მისი თქმით, მდინარე მხოლოდ ორი დღით იყო ჩაკეტილი, რამაც გამოიწვია ეს ვითარება.

მდინარე აჭყვაში დახოცილი თევზები

„ეს საკითხი შესწავლილია. არანაირ ეკოლოგიურ კატასტროფასთან ან რაიმე სახის ეკოლოგიურ სირთულესთან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აშუქებს, ადგილი არ აქვს.

სულ ორი დღე იყო ჩაკეტილი არხი, სამელიორაციო სამუშაოები განხორციელდა, მდინარე აჭყვასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს, ახლა არხი გახსნილია და წყლის ნაკადი ჩვეულებრივ იმოძრავებს“, – ამბობს მირიან ქათამაძე.

მდინარის კალაპოტი დაჭაობებულია და ცოცხალი არსებები დახოცილი. ქობულეთის მერი კი აცხადებს, რომ არხი მხოლოდ 2 დღით ჩაიკეტა.

კითხვაზე, ორი დღით არხის ჩაკეტვამ გამოიწვია წყლის დაჭაობება და თევზების დახოცვა? – მირიან ქათამაძე ისევ იმეორებს, რომ არხი მხოლოდ ორი დღით იყო ჩაკეტილი.

„სამელიორაციო სამუშაოების გამო საჭიროებამ მოითხოვა ორი დღით შესაბამისი არხის ჩაკეტვა, ამან გამოიწვია წყლის სიმცირე და გარკვეული სახის კითხვის ნიშანი გაუჩნდა მოსახლეობას. უკვე გუშინ დასრულდა სამუშაოები, გაიხსნა არხი და შესაბამისად ეს პრობლემა მოიხსნება. ის, რომ პოლიტიკური ოპონენტები ამას ისე აშუქებენ, თითქოს ეს არის ეკოლოგიური პრობლემა, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ასევე კატეგორიულად გამოვრიცხავ რაიმე სახის ნარჩენებისგან მდინარე აჭყვის კალაპოტის დაბინძურებას იმ დონეზე, რომ აქ შეიძლება რაიმე სახის პრობლემა იყოს“.

მირიან ქათამაძის თქმით, ქობულეთის შემოგარენში ადრე ბინძურდებოდა მდინარის კალაპოტი, თუმცა შესაბამისი სამსახურები „უმოკლეს დროში ასუფთავებენ“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა გარემოს ზედამხედველობის სამსახურსაც, სადაც განაცხადეს, რომ შესაბამისი ჯგუფი დღეს, 21 ივლისს, გავა ადგილზე და აიღებს სინჯებს იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია მდინარეში ცოცხალი არსებების დახოცვა.

 

მთავარი ფოტო: დახოცილი თევზები მდინარე აჭყვაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: