მთავარი,სიახლეები

რას უპირებს მერია „ბათუმიველოს“ – სისტემიდან ყველა ველოსიპედი ჩახსნილია

29.06.2020 • 2376
რას უპირებს მერია „ბათუმიველოს“ – სისტემიდან ყველა ველოსიპედი ჩახსნილია

ბათუმის მერიამ „ბათუმიველოს“ სისტემის განახლება ზაფხულის დადგომის შემდეგ გადაწყვიტა. ამ დროისთვის მუნიციპალური ველოსიპედით ვერც ბათუმის ბულვარში გაისეირნებთ და ვერც ქალაქში – ქსელში ველოსიპედი აღარ არის.

„360 ველოსიპედია ჩვენს ბალანსზე, მიმდინარეობს სისტემის განახლება და ამ ველოსიპედების შეკეთება, დაახლოებით 15 – 20 დღეში დავაბრუნებთ ველოსიპედებს ქსელში,“ – ამბობს მარად სანიკიძე, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაციის უფროსი.

ბათუმის მერიამ ახალი ველოსიპედების შესაძენად თანხა ისევ ვერ გამოძებნა. ველოსიპედების „სისტემის განახლება“ ამჯერად საბარათე სისტემიდან მობილური აპლიკაციებით სარგებლობაზე გადასვლას გულისხმობს.

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განმარტავენ, რომ ველოსიპედების არსებული სადგომები ბულვარსა თუ ქალაქში შენარჩუნდება და შესაძლოა, რამდენიმე ახალიც მოეწყოს. ტერმინალებს კი აიღებენ, სადაც ველოსიპედების გაყვანა და უკან დაბრუნება სპეციალური გასაღებით იყო შესაძლებელი.

„რამდენიმე დღეში გამოცხადდება ტენდერი პროგრამის შესაძენად, რომლის მიხედვითაც, წინასწარ შეგეძლებათ ნახოთ, რომელ სადგომზე რამდენიმე ველოსიპედია თავისუფალი… აქამდე მომხმარებელს სპეციალურ ბარათზე შეჰქონდა თანხა და ბარათის გამოყენებით იღებდა გასაღებს, რაც ართულებდა სისტემით სარგებლობას. ამჯერად მობილური აპლიკაციის მეშვეობით იქნება შესაძლებელი სახელფასო ბარათით სარგებლობა და ველოსიპედის გამოყვანა,“ – განმარტავს მარად სანიკიძე.

მარად სანიკიძე ვერ აკონკრეტებს, როდის გამოცხადდება ტენდერი და რამდენი თანხა დაიხარჯება ახალი სისტემის მოსაწყობად. ჯერ არც ის არის ცნობილი, როდის ამოქმედდება მობილური აპლიკაციების სისტემა. ივლისის ბოლომდე ველოსიპედების ქსელში დაბრუნების შემდეგ მომხმარებელი ჯერ კიდევ „ბათუმიველოს“ ბარათით მიიღებს მუნიციპალური ველოსიპედის გასაღებს.

რა უნდა ქნას ადამიანმა, ვისაც მობილურში ინტერნეტი არ აქვს? – „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაციის უფროსის თქმით, სავარაუდოდ რამდენიმე ადგილზე ბარათის გამოყენება ისევ იქნება შესაძლებელი.

რატომ დაიწყო ეს სამუშაოები და, მათ შორის, ველოსიპედების რემონტი მერიამ ზაფხულში, ზღვის სეზონზე, როცა ცნობილია, რომ „ბათუმიველოთი“ ძირითადად ტურისტები სარგებლობენ ბათუმის ბულვარში? – ესეც ვკითხეთ „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ წარმომადგენელს.

„კორონავირუსმა შეგვიშალა ხელი, დაპაუზებული იყო ყველა მიმართულება, ჩვენც გაჩერებული ვიყავით… ტენდერი წლის დასაწყისში იგეგმებოდა, მაგრამ შემდეგ შესყიდვების განხორციელება იყო შეჩერებული,“ – გვიპასუხა მარად სანიკიძემ.

ბათუმის ამ წლის ბიუჯეტში ახალი ველოსიპედების შესაძენად თანხა გამოყოფილი არ არის და უცნობია, ბიუჯეტის კორექტირების დროს შეიცვლება თუ არა რამე.

„ეს არის დამოკიდებული ბათუმის მერიასა და საკრებულოზე,“ – დასძინა მარად სანიკიძემ.

თანხა არც 9 წლის წინ შეძენილი ველოსიპედების შესაკეთებლად იხარჯება. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, რომ ველოსიპედებს ამ ორგანიზაციის მიერ კონტრაქტით დაქირავებული ხელოსნები არემონტებენ და ჯერ უცნობია, რეალურად რამდენი ივარგებს სასეირნოდ.

რაც შეეხება მომსახურების ფასს, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მონაცემებით, მობილური აპლიკაციების ამოქმედების შემდეგ „ფასი სავარაუდოდ იგივე დარჩება“.

მუნიციპალური ველოსიპედით სეირნობა ერთი საათით 2 ლარი ღირდა.

____

მთავარი ფოტო ბათუმიველოს ვებგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: