მთავარი,სიახლეები

რა უთხრეს მინდია ლავასოღლის ოჯახს გენპროკურატურაში?

08.06.2020
რა უთხრეს მინდია ლავასოღლის ოჯახს გენპროკურატურაში?

„ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის, ვერაფერი გვითხრეს პროკურატურაში, საპროტესტო აქციები გაგრძელდება,“ – ამბობს ადვოკატი ლექსო კობაიძე, რომელიც დღეს, 8 ივნისს, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდა. ლექსო კობაიძე ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის ინტერესებს იცავს.

ლავასოღლის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციებს ბათუმში პირველი ივნისიდან მართავენ. აქციის მონაწილეები თურქეთში, საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი მინდია ლავასოღლის საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვენ. ამ დრომდე აჭარის პროკურატურასთან 15 ადამიანი შიმშილობს, მათგან ოთხს პირი აქვს ამოკერილი.

შეხვედრას პროკურატურაში დღეს ადვოკატის გარდა მინდია ლავასოღლის ოჯახის რამდენიმე წევრიც ესწრებოდა. ადვოკატი ლექსო კობაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პროკურატურამ მათ ვერ დაუსახელა მინდია ლავასოღლის ექსტრადაციის კონკრეტული თარიღი. ლავასოღლი თურქეთში 2018 წელს დააკავეს.

„გვითხრეს, რომ თურქეთს არ გამოუგზავნია მოთხოვნაო… რეალურად, ვერ გვითხრეს, რატომ არის პრობლემა ექსტრადაცია და რა პასუხი მიიღო საქართველომ თურქეთისგან, საპროტესტო აქციები რა ფორმით გაგრძელდება, ჯერ არ ვიცით, არ არის გადაწყვეტილება მიღებული,“ – გვითხრა ლექსო კობაიძემ.

მინდია ლავასოღლის ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით 2018 წელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანის დროს იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს მინდია ლავასოღლის ქართულ ციხეში გადმოყვანა. მათივე თქმით, მინდია ლავასოღლი მიწიდან ოთხი სართულის ქვემოთ გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა.

საქართველოს პროკურატურაში კი, ამ დრომდე ოფიციალურად არ განუმარტავთ, რის გამო ვერ ხერხდება მინდია ლავასოღლის ექსტრადაცია. პროკურატურაში განაცხადეს, რომ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციას და მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: