მთავარი,სიახლეები

ჩვენ არ გავჩერდებით – თურქეთში დასაქმებული ქალების საპროტესტო გზავნილი

13.07.2020 • 2685
ჩვენ არ გავჩერდებით – თურქეთში დასაქმებული ქალების საპროტესტო გზავნილი

„ჩვენ ისევ გავმართავთ აქციას, არ გავჩერდებით!“ – გვითხრა მადონა შაინიძემ, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან გამართული აქციის დასრულების შემდეგ. მას უნდოდა გვცოდნოდა, რომ ისევ უიმედოდაა და აქციის მონაწილე, თვითდასაქმებული ქალები, რომლებიც სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნას, ან ამ პუნქტის გახსნამდე მრავალჯერად კომპენსაციას ითხოვენ, მისი აზრით, დამაიმედებელ პასუხს ისევ ვერ მიიღებენ:

„ვნახოთ, ამჯერად რას გადაწყვეტენ, რა პასუხს გაგვცემენ და შემდეგ ჩვენ ისევ გავმართავთ აქციას. აბა, რა ვქნათ, მოვიპაროთ? – ვინ გვაპატიებს, თვითონ გვაპატიებს?“ – კითხულობს მადონა, რომლის ადრესატიც „თვითონ“, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა. მადონა ამ კითხვას თავადვე ასე პასუხობს.

„ჰოდა, არც ჩვენ ვაპატიებთ  გასაჭირში ჩვენს დატოვებას“.

მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან მას სხვა კითხვებიც აქვს.

მადონა ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომლებიც წლებია ყოველ დღე კვეთდნენ საქართველო-თურქეთის საზღვარს სამსახურში მისასვლელად. თავად უარყოფს – „არა, მე ასე არ ვიტყოდიო“ – მაგრამ აქციების წარმართვისას ერთ-ერთი ლიდერი და გადაწყვეტილების მიმღებია. თავად ამბობს, რომ აქციების საუკეთესოდ ორგანიზებას ქალები არა რომელიმე ერთი ლიდერის, არამედ ერთიანობით ახერხებენ – „ამ აქციებზე ჩვენ ყველა ლიდერები ვართ“.

მადონა უპირობოდ მიიჩნევს, რომ როცა მოქალაქეს უჭირს და ეს ამბავი მთავრობის სახლამდე, აჭარის უმაღლეს საბჭომდე ან სხვა რომელიმე სამთავრობო სტრუქტურამდე მიაქვს, მთავრობის წარმომადგენელი მათ მოსასმენად კაბინეტიდან თუ შენობიდან გარეთ უნდა გამოვიდეს.

„მე მათი კაბინეტები არ მაინტერესებს. მოვიდა ხალხი, დგას გარეთ და გთხოვს გამოსვლას, ვინ ხარ შენ, რომ არ გამოდიხარ? – მერე რაა, რომ დეპუტატი ხარ. როგორიც შენ ხარ – თვალი გაქვს და ხელი, ისეთივეა სხვაც. ალბათ დანაშაული გაქვს რაღაც, რომ ვერ გამოდიხარ და ყველას თანდასწრებით ვერ საუბრობ. მე მირჩევნია სიმართლე ვთქვა და დავიღუპო, ვიდრე ტყუილი და გადავრჩე“, – ამბობს მადონა, თუმცა ის მაინც მთავრობის თავმჯდომარის პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს:

„არ შეიძლებოდა ერთხელ  მოსულიყო ბატონი თორნიკე და ჩვენთვის ეკითხა, თავის ქალაქში, მისი თანაქალაქელები ამდენს რისთვის კივიან და წივიან? – შეიძლება კადიროვია ჩამოსული, არ უნდა მოიკითხოს, რა ხდება აჭარაში? აბა, რისთვის ხარ ხელისუფალი, რისთვის ზიხარ? – გამოვიდეს აქციაზე ბატონი თორნიკე და დაგველაპარაკოს, ცუდს არავინ აკადრებს, რადგან ის ჩვენი ხელისუფალია. კონკრეტული პასუხი გაგვცეს თავის თანაქალაქელებს, არ გვინდა მხოლოდ ჰაერში გაფრენილი დაპირებები. გაგვცეს პასუხი, რას უპირებს ამდენ ხალხს, რისთვის არის ეს ხელისუფლება, რამე რომ გამიჭირდეს, უნდა ვიფიქრო, რომ უპატრონო ვარ და უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობ? – ნუ მაფიქრებინებ ამას და არც ხმამაღლა ვიტყვი.“

მადონა შაინიძე აქციაზე

მადონას მონაყოლით, პანდემიის გამოცხადების, თურქეთ-საქართველოს საზღვრის დაკეტვისა და სახლში დარჩენის შემდეგ, თურქეთის მხარეს მომუშავე ქალებმა ფეისბუქში საერთო ჩატი გააკეთეს: „აქ ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს ამბებს“. ისინი იმედოვნებდნენ, რომ დაახლოებით ერთ თვეში მაინც გაიხსნებოდა  საზღვარი და ჩვეულ რიტმში გააგრძელებდნენ მუშაობას, მაგრამ ასე არ მოხდა:

„გავიდა სამი თვე და ყველას ამოგვეწურა დანაზოგი, ზოგი ქირით ცხოვრობს, ზოგს ბანკის დავალიანება აქვს გადასახდელი, ზოგიერთს კი პროდუქტის ფულიც კი შემოელია“.

პრობლემების მატების პარალელურად მათთვის წარმოუდგენელი იყო ისიც, რომ შესაძლოა ვერ მიეღოთ ის ერთჯერადი კომპენსაციაც კი, რაც მთავრობამ თვითდასაქმებულებისთვის გაითვალისწინა: „გვითხრეს, რომ ჩვენ მათ რიცხვში არ შევიდოდით“.

ამის შემდეგ მათ იგივე ჩატში, სადაც ერთმანეთს საკუთარ ამბებს უზიარებდნენ, საპროტესტო აქცია დაგეგმეს და საკმაოდ ეფექტურად მოახერხეს მისი ორგანიზებაც. „ცუდ დღეში ჩავარდნილ ადამიანს რა არ მოუვა თავში, რომ გამოსავალი მოძებნოს“, – ამბობს მადონა.

აქციების პარალელურად მათ ბევრჯერ მიიღეს დაპირება, რომ კომპენსაციის მისაღებად უშუამდგომლებდნენ ცენტრალურ მთავრობასთან, თუმცა უშედეგოდ. მადონას და ასევე სხვა ბევრ ქალს, რომლებიც თურქეთში მუშაობდნენ, ჯერ კიდევ არ მიუღიათ ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციაც კი. ახლა ისინი ითხოვენ, რომ ეს კომპენსაცია ყოველთვიურად გასცეს სახელმწიფომ საზღვრის გახსნამდე.

„რომელიმე აქცია შედეგიანად რომ დასრულებულიყო – არავის არ გვეხალისება ქუჩაში გამოსვლა და ხეტიალი. ზოგს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ზოგიერთს ავადმყოფი ქმარი, გამოვიდნენ და ქუჩაში დგანან. ჩვენ აშკარად გვატყუებენ. დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა – დაწერეთ განცხადებები და დაგასაქმებთო. ორი წლის წინ ვინც დაწერა [განცხადება] ისინი არ დაუსაქმებიათ ჯერ, რატომ გვატყუებენ? – ან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რომ გამოგვიგზავნეს სარფში, რისი გაკეთება შეეძლო მაგას ჩვენთვის? – ადამიანი ხვდება, როცა ნამდვილი საუბარი გაქვს. ეს ნამდვილი საუბარი არ იყო. ჩვენ როცა მათ კომენტარებს ვისმენთ, ძალიან არ მოგვწონს და ძალიან ვბრაზდებით. იცი, რომ აშკარად გატყუებს. ეს არის გამაღიზიანებელი. მე უკმაყოფილო ვარ“.

მადონა შაინიძემ თურქეთის მხარეს სამუშაო რვა წლის წინ მოძებნა, მას შემდეგ, რაც 24-წლიანი გამოცდილების მიუხედავად, ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაათავისუფლეს ისე, რომ არაფერი აუხსნეს. მადონას თქმით, ამ დროს სამსახურის პოვნა არც თურქეთის მხარეს იყო იოლი და კონსულტანტის ადგილი ერთ-ერთ მაღაზიაში ერთთვიანი მცდელობის შემდეგ იპოვა:

„დამპირდნენ დაგირეკავთო. იმედი არ მქონდა, მაგრამ დამირეკეს და სიხარულით წავედი სამუშაოდ. საზღვრის იქით რვა წელია ვმუშაობ. ამ დროის განმავლობაში არაფერი მომითხოვია მთავრობისთვის, ჯანმრთელობამ ხელი შემიწყო და არავის  სამოწყალოდ არ დამრჩენია საქმე. ეპიდემია რომ არ ყოფილიყო, არც ახლა არ დამჭირდებოდა, მაგრამ ახლა რა გავაკეთოთ?!“

საუბრის დასასრულს მადონა ასე დაგვემშვიდობა: „ისევ აქციაზე შევხვდებით ალბათ. აქ უკვე გადარჩენაზეა საუბარი. რა მოხდება არ ვიცი, მე რომ მქონდეს დიდი შემოსავალი, ამ ქალებს ყველას დავეხმარებოდი, მაგრამ რა ვქნა.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: