ახალი წლის ღამის ფოიერვერკის შოუ ულამაზესი სანახაობაა, რომელსაც უამრავი ადამიანი ადევნებს თვალს. სადღესასწაულო განწყობა კი პიროტექნიკის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ამ უკანასკნელით გამოწვეული არასასურველი შემთხვევების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
„პიროტექნიკის გამოყენებას თავისი წესები აქვს. წლიდან წლამდე გაზრდილი სტატისტიკა კი გვიჩვენებს, რომ ახალი წლის ღამეს მისი არასწორი გამოყენებით ადამიანების ცხოვრებაში (განსაკუთრებით ბავშვებში) საახალწლო განწყობა ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ტრავმით შეიცვალა“, – ამბობს თემურ მოსიავა, BMC -ის სისხლძარღვთა და პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგი.
BMC -ის სისხლძარღვთა და პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგი თემურ მოსიავა
ბატონო თემურ, რამდენად რთული და საგანგაშოა პიროტექნიკით მიყენებული დაზიანება ადამიანისთვის?
პიროტექნიკის დაზიანება ახლოს არის ცეცხლნასროლ ჭრილობასთან, აფეთქებით წარმოშობილ დაზიანებასთან. გარდა დამწვრობისა, გვხვდება ნაფლეთოვანი და ნაგლეჯი ჭრილობები, ასაფეთქებელი მასალით ქსოვილოვანი სტრუქტურა გახლეჩილი და დაზიანებულია. არის შემთხვევები, როცა რბილი ქსოვილებიდან დაწყებული, ვგულისხმობ კანის საფარს, ძვლოვანი სტრუქტურებით დამთავრებული მძიმე სურათის წინაშე ვდგებით. ზიანდება, რა თქმა უნდა, სისხლძარღვები, ნერვები, რომელთა აღდგენა, საწყის მდგომარეობაში მოყვანა საკმაოდ რთული პროცესია.
რამდენად ხშირია შემთხვევა, როდესაც პიროტექნიკით დაზიანებულ პაციენტებს პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ჩარევა ესაჭიროებათ?
პიროტექნიკით დაზიანებული პაციენტების უმრავლესობას პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგის ჩარევა ესაჭიროება.
მოგეხსენებათ, პიროტექნიკით მიღებული აფეთქებითი დაზიანება ყველაზე მძიმე მექანიკური ტრავმაა – ძლიერი ტალღის გამო ჭრილობის ირგვლივ მდებარე ქსოვილები ზიანდება და შეიძლება სრულიად უსიცოცხლოც კი გახდეს. მსგავსი ჭრილობის უბრალოდ გაკერვა ან სტრუქტურების აღდგენა ხშირად საკმარისი არ არის.
ჩვენს გუნდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გაუმკლავდეს ნებისმიერი სირთულის შემთხვევას თუ დაზიანებას. სისხლძარღვთა ქირურგების გუნდის თითოეული წევრი კვალიფიციური და საქმის პროფესიონალია, შესაბამისად ურთულესი დაზიანების დროსაც კი შედეგი დამდგარა და თანაც – არაერთხელ.
მედიცინის თანამედროვე მეთოდები საშუალებას გვაძლევს ქსოვილთა დიდი ნაწილის კვდომის შემთხვევაშიც კი ჩანაცვლებით აღვადგინოთ და პირვანდელ მდგომარეობასთან მოვიყვანოთ სხეულის ესა თუ ის ნაწილი.
როგორ მიდის ასეთ დროს რეაბილიტაციის პროცესი?
პაციენტის რეაბილიტაციის პროცესი ინდივიდუალურია, ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის დაზიანების ხარისხზე.
რამდენჯერმე მქონია პირადად ჩემს პრაქტიკაში შემთხვევები, როდესაც დაგვჭირდა მრავალეტაპიანი ოპერაციული ჩარევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამკურნალო პროცესი ექიმთან ერთი ვიზიტით არ შემოიფარგლება. აქ მთავარი მაინც შედეგის მიღწევაა. დამერწმუნეთ, გამოცდილი ქირურგი ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული მკურნალობის გარანტია.
თქვენ პირადად რამდენად რთულ შემთხვევასთან მოგიხდათ გამკლავება?
წინა წლებში მქონდა შემთხვევა, როდესაც პაციენტი საკმაოდ რთული მდგომარეობით შემოვიდა კლინიკაში. დაიგეგმა მრავალეტაპიანი მკურნალობა.
თავდაპირველად აღვადგინეთ სისხლძარღვები, კიდურის ოსტეოსინთეზი. დარჩენილი სტრუქტურების სიცოცხლისუნარიანობა რომ შეგვენარჩუნებინა, კიდური ჩავანაცვლეთ მუცლის საფარში (კანქვეშა ქსოვილებში). ეს ერთ-ერთი მეთოდია რბილი ქსოვილების დასაფარად. რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც სისხლის მიმოქცევა აღდგა და მიხორცდა კანი დაზიანებულ კიდურზე, შემდეგ განვახორციელეთ მისი პლატიკურად, რეკონსტრუქციულად დამუშავება.
როგორ ფიქრობთ, რატომ იზრდება წლიდან წლამდე პიროტექნიკით დაზიანების სტატისტიკა?
ახალი წლის ღამეს კლინიკაში მოხვედრილი ყველა პაციენტის მთავარი შეცდომაა პიროტექნიკის ხელში დაკავება. საახალწლო პიროტექნიკა უნდა დაფიქსირდეს მიწაში ან ვერტიკალურ მდგომარეობაში, არ შეიძლება მისი ხელით მართვა.
ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთი მორიგე ექიმი ვერ უმკლავდება ხოლმე და საჭირო ხდება გუნდის სრული შემადგენლობის გამოძახება.
ჩვენს კლინიკაში, BMC – ში, 24/7-ზე მუშაობს სისხლძარღვთა ქირურგების გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი. ახალი წლის ღამეს ჩემს კოლეგებს მინდა ვუსურვო მშვიდობიანი მორიგეობა.
გახსოვდეთ, რომ ქაღალდის მილში აფეთქების სიმძლავრე არაფრით ჩამოუვარდება ხელყუმბარას. პიროტექნიკის გამოყენებისას არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძვირი გადაიხადეთ ან რამდენად ხარისხიანია, აქ მთავარია წესების დაცვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ტრავმას აგარიდებთ.
ბათუმში თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო თურქეთში შესვლა-გამოსვლაზე ახალი რეგულაციები წესდება. საკონსულოს ინფორმაციით ეს წესები პირველ მარტამდე გაგრძელდება.
შესაბამისად, თურქეთში შესვლის მსურველებმა უნდა იცოდნენ, რომ:
„ბოლო პერიოდში ინგლისში დაფიქსირებულ ვირუსის მუტაციური ფორმის SARS-CoV-2-ის შემთხვევების მატების გამო, 2020 წლის 28 დეკემბრიდან უცხოეთიდან საჰაერო გზით, ხოლო 30 დეკემბრიდან სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზებით თურქეთში შემოსულმა პირებმა ქვეყანაში შემოსვლისას უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული SARS-CoV-2 ტესტის უარყოფითი პასუხი.
ისინი, ვინც არ წარმოადგენენ PCR ტესტის უარყოფით პასუხს, დაექვემდებარებიან კარანტინის გავლას მათ მიერ გაცხადებულ მისამართზე (სახლი, სასტუმრო და ა.შ.), ხოლო ვისაც არ ექნებათ გასაჩერებელი ადგილი, განთავსდებიან რეგიონის ჯანდაცვის დირექტორატის მიერ განსაზღვრულ საკარანტინო სივრცეებში. საკარანტინო ვადის მე-7 დღეს, ვისაც ექნება უარყოფითი პასუხი PCR ტესტზე, მათთვის მე-7 დღის ბოლოს დასრულებულად ჩაითვლება საკარანტინო ვადა, ხოლო ვისაც PCR ტესტის პასუხი ექნება დადებითი, ის მკურნალობას გააგრძელებს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს COVID-19 პროტოკოლის შესაბამისად“.
შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა, ერთობლივი ბრძანებით, საავტომობილო გზებზე შავი წერტილების აღმოფხვრისა და გადაადგილების უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების წესი დაამტკიცეს.
ღონისძიებების მიზანი, გზის შავ წერტილებად მიჩნეულ მონაკვეთებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების თავიდან აცილებაა.
ამ ახალი წესის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე. მინისტრების ერთობლივი ბრძანება 2020 წლის 24 დეკემბრიდან ამოქმედდა.
„შავი წერტილი არის საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის არაუმეტეს 300-მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში 3 კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:
ადამიანის დაღუპვით დასრულებული არანაკლებ 4 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;
ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და ადამიანის დაღუპვით დასრულებული ჯამში არანაკლებ 10 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა“.
შსს ახდენს შავი წერტილების იდენტიფიცირებას და ინფორმაციას აწვდის საავტომობილო გზების დეპარტამენტს. შსს-მ და დეპარტამენტმა კოორდინირებულად უნდა დაგეგმონ დამტკიცებული წესის შესაბამისად გასატარებელი ღონისძიებები და მოამზადონ სათანადო წინადადებები.
ბრძანებით განისაზღვრა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინსპექტირების წესიც – „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინსპექტირების მექანიზმი არის დამხმარე მექანიზმი, რომლის მიზანია წინასწარ აღმოაჩინოს საფრთხეები, ვიდრე ეს საფრთხე იქცევა „შავ წერტილებად“.
ინსპექტირება მოიცავს – საავტომობილ გზის ვიდეოგადაღებას ან/და ადგილის ვიზუალურ ინსპექტირებას.
„ადგილის ვიზუალური ინსპექტირების მიზანია საავტომობილო გზის მოვლა-შენახვის ხარვეზების დადგენა და ისეთი მონაკვეთების იდენტიფიცირება, სადაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, უნდა გატარდეს უსაფრთხოების ხარჯთეფექტური ღონისძიებები“.
დამტკიცებული წესის მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების [სსშ] თავიდან ასაცილებლად ტარდება შემდეგი მოქმედებები:
საგზაო შემთხვევების მონაცემების შესწავლა;
ამ შემთხვევების გამომწვევი მიზეზების განსაზღვრა;
შემთხვევითი ფაქტორების განსაზღვრა;
ისეთი ღონისძიებების შერჩევა, რომლებიც, სავარაუდოდ, ეფექტიანი იქნება აღმოჩენილი დეფექტების გამოსასწორებლად.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სახეებისა და ახალი წესით დამტკიცებული განსახორციოელებელი ღონისძიებების რამდენიმე მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:
[toggle title=”სსშ-ის სახეები და შესაბამისი ღონისძიებები:“]
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების [სსშ] სახეები, განსახორციოელებელი ღონისძიებები და მიზანი:
შეჯახება გზაჯვარედინზე (განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც მძღოლი მოძრაობს მაღალი სიჩქარით, არ ხდება გზის დათმობა და მძღოლები ცდილობენ უმოკლესი მანძილის გავლას მანევრირების წესების დარღვევით). ღონისძიება: გზაჯვარედინთან მოძრაობის ზოლებად დაყოფა. მიზანი: გზამკვლევი მძღოლისათვის, თუ როგორ იმოძრაოს გზაჯვარედინზე, დაბნეულობის რისკის შემცირება და საკონფლიქტო წერტილების განცალკევება.
გზაჯვარედინზე სატრანსპორტო საშუალების მოხვევის დროს უკნიდან სხვა სატრანსპორტო საშუალების შეჯახება. ღონისძიება: გზაჯვარედინზე მოსახვევი ზოლების მოწყობა. მიზანი: განაცალკევოს და დაიცვას მომხვევი ტრანსპორტი საგზაო მოძრაობის დროს.
სსშ გადამკვეთ გზებზე ან T ტიპის გზაჯვარედინზე, რომელიც გამოწვეულია მაღალი სიჩქარით, გავლის უპირატესობის შესახებ დაბნეულობით ან დიდი ხნის ლოდინის გამო რისკის გაწევით, მთავარ გზაზე შერწყმის განხორციელების მოლოდინში. ღონისძიება: გზაჯვარედინის გარდაქმნა წრიულ მოძრაობად. მიზანი: შემცირდეს საკონფლიქტო წერტილებისა და საგზაო შემთხვევების რაოდენობა.
შეჯახება გზაჯვარედინზე, სადაც მეორეხარისხოვან საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო საშუალებამ არ დაუთმო გზა მთავარ გზაზე მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას. ღონისძიება: ხილვადობის გაუმჯობესება და საგზაო ნიშნების მოწყობა. მიზანი: მიეცეს მძღოლს საშუალება, გზაჯვარედინთან მიახლოებისას დაინახოს, უსაფრთხოა თუ არა გზაზე მოძრაობის გაგრძელება.
სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აჭარბებს მოძრაობის სიჩქარის ზღვარს, ეჯახება ქვეითს ან საავტომობილო გზის სხვა მოსარგებლეს ქალაქში ან სოფელში. ღონისძიება: ა) სიჩქარის მართვა – შესასვლელი; ბ) სიჩქარის მართვა – უსაფრთხოების კუნძული (ქვეითთა გადასასვლელით ან მის გარეშე); გ) სიჩქარის მართვა – ამაღლებული ტროტუარი და საზიარო ბილიკი ქვეითთა/ველობილიკები. მიზანი: ა) გასაგები გახდეს მძღოლისთვის, რომ ის შედის ქალაქში ან სოფელში, სადაც მან აუცილებლად უნდა შეზღუდოს სიჩქარე და მეტი სიფრთხილით იმოძრაოს; ბ) აიძულოს მძღოლი დაიცვას სიჩქარის ზღვარი; გ) დაიცვას ქვეითი და გზის სხვა მოსარგებლე და წაახალისოს მძღოლი, რათა დაიცვას დასაშვები მოძრაობის სიჩქარის ზღვარი.
სსშ: ქვეითად მოსიარულეებს ეჯახება სატრანსპორტო საშუალება, როდესაც ისინი კვეთენ საავტომობილო გზას ქალაქში. ღონისძიება: მოძრაობის სიჩქარის მართვა – უსაფრთხოების კუნძული. მიზანი: მისცეს ქვეითებს შესაძლებლობა ორ ეტაპად გადაკვეთონ საავტომობილო გზა.
სიჩქარის არშემცირებით ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული სსშ. ღონისძიება: განივი ვიბროხმაურიანი მოწყობილობის განთავსება. მიზანი: მძღოლების გაფრთხილება საფრთხის შემთხვევაში ან/და სიჩქარის მნიშვნელოვნად შემცირების საჭიროებისას.
ვიბროხმაურიანი მოწყობილობა იწვევს ხმაურს და ვიბრაციას, როდესაც სატრანსპორტო საშუალება გადაუვლის მას. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მძღოლების გასაფრთხილებლად, რომ შეამცირონ მოძრაობის სიჩქარე და მეტად მობილიზდნენ.
სსშ: სატრანსპორტო საშუალება გადადის საავტომობილო გზიდან და ეჯახება გზისპირა ობიექტს, გორდება დაღმართზე და ა.შ. ღონისძიება: ა) საფრთხის მოცილება; ბ) უსაფრთხოების ბარიერის მოწყობა. მიზანი: უსაფრთხო გზისპირის შექმნა. ამ შემთხვევაში, თუ მძღოლი დაკარგავს კონტროლს და გადავა საავტომობილო გზიდან, მას შეეძლება კონტროლის აღდგენა და საავტომობილო გზაზე უსაფრთხოდ დაბრუნება.
შეჯახება, გამოწვეული დამუხრუჭებული სატრანსპორტო საშუალების მოცურების ან დროულად ვერგაჩერების შედეგად. ღონისძიება: მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირის მოწყობა. მიზანი: მძღოლმა შეძლოს სატრანსპორტო საშუალების მოცურების ან დროულად ვერგაჩერების თავიდან არიდება.
[/toggle]
შავი წერტილების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაზე ჩანაწერი საავტომობილო გზების შესახებ კანონში 2020 წლის ზაფხულში შეიტანეს.
კანონში აღნიშნულია, რომ შავი წერტილების აღმოსაფხვრელად შესაბამისი წესები მუნიციპალიტეტებმაც უნდა შეიმუშაონ: „ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და მუნიციპალიტეტების ორგანოები მათ მართვაში არსებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით შავი წერტილების აღმოფხვრისა და ამ გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად შეიმუშავებენ წესებს“.
მიმდინარე წლის იანვარში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული გრანტიდან 600 000 ევრო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სიახლოვეს მდებარე „შავი წერტილების“ შერჩევას მოხმარდება.
„გასული წლის დეკემბერში ვიცოდი, რომ ჩაბარებული მქონდა პენსილვანიის უნივერსიტეტში. მას შემდეგ ველოდი, როდის მოვიდოდა აგვისტო, რომ წავსულიყავი…“ – გვიყვება თიკა ქოქოშვილი. ის პენსილვანიის უნივერსიტეტში კომპიუტერულ მეცნიერებებს სწავლობს, თუმცა პანდემიის გამო ახლაც თბილისშია. თიკამ ონლაინ გაიარა პირველი სემესტრი.
ამერიკაში არასდროს ვყოფილვარ… პანდემია რომ არა, სექტემბრიდან იქ ვიქნებოდი
„მაინც მარტივად გავაანალიზე, რომ ყველას ცხოვრება შეიცვალა, მხოლოდ ჩემი არა. ვკონცეტრირდი იმაზე, რომ ეს სწავლის ხარისხზე არ უნდა ასახულიყო,“ – ამბობს თიკა ქოქოშვილი. მან თბილისში კომაროვის სკოლა დაამთავრა. არ გამორიცხავს, რომ კომპიუტერულ მეცნიერებებთან ერთად ფიზიკაც ისწავლოს, რომელიც ძალიან აინტერესებს და რის საშუალებასაც მის მიერ შერჩეული სასწავლო პროგრამა იძლევა.
თიკა ამ დრომდე ამერიკის შეერთებულ შტატებში არასდროს ყოფილა. პანდემია რომ არა, სექტემბრიდან ის პენსილვანიის უნივერსიტეტში იქნებოდა და კამპუსში დაიწყებდა სტუდენტურ ცხოვრებას ამერიკაში.
„გაზაფხულზე როცა პანდემია დაიწყო, მქონდა იმედი, რომ იქნებ, შემოდგომამდე რამე შეიცვალოს, მაგრამ არაფერი შეიცვალა. ზაფხულში ვფიქრობდი, რომ მაინც წავსულიყავი, რადგან უნივერსიტეტი იძლეოდა, როგორც ჩვეულებრივ, ისე დისტანციურად სწავლების შესაძლებლობას. მერე ავწონ-დავწონე ყველაფერი და გადავწყვიტე, რომ აქ დარჩენა სჯობდა…
შემდეგ უნივერსიტეტმაც აღარ გახსნა კამპუსები და უმეტესი პროგრამები ონლაინ დატოვა. გამოდის, უნივერსიტეტმაც იგივე გადაწყვეტილება მიიღო.
მარტივი არ იყო, მაგრამ გავაანალიზე, რომ არაფრის შეცვლა მე არ შემეძლო და სიმართლე გითხრათ, დიდად არ მინერვიულია.
ახლა ყოველ საღამოს, დაახლოებით 7 საათზე იწყება ჩემი სწავლა პენსილვანიის უნივერსიტეტში, ყველაზე მეტად ეს გამიჭირდა – ამერიკულ დროზე გადართვა და ამ დროს თბილისში ხარ: როცა სწავლას ვიწყებ, აქ უკვე ღამეა,“ – აღნიშნავს თიკა.
ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, ძირითადად კომპიუტერთან ვარ
„ლექციები ძირითადად ღამის 12-ზე სრულდება, მერეც რაღაც შეხვედრებია, ან ერთობლივად პროექტებზე ვმუშაობთ, მოკლედ, გვიან ვასრულებ მუშაობას…“ – ამბობს თიკა და იქვე ამატებს, რომ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან უყვარს, მაგრამ ახლა „ყველაფერი ონლაინ ხდება“, მათ შორის, მეგობრებთან ურთიერთობა.
„უფრო აქტიური ვიყავი, ახლა სუფთა ჰაერზე თუ გავისეირნე, ესაა,“ – აღნიშნავს თიკა.
თიკას დაკვირვებით, პანდემიის პერიოდს აქვს დადებითი მხარეც – ადამიანები უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს და მეტად დაინტერესდნენ ერთმანეთით.
„ამ პერიოდში, ჩემი აზრით, უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს, ადამიანებმა უფრო მეტი დრო გამოძებნეს ერთმანეთისთვის… ყველაფრისგან თითქოს ნეგატივი მოდის, ვიღაც უმუშევარი დარჩა, ვიღაცის ცხოვრება მკვეთრად გაუარესდა, პანდემია ფსიქოლოგიურად მოქმედებს ყველაზე, მაგრამ მომწონს, რომ ადამიანები ფრთხილობენ უკვე, რეგულაციების დაცვას ცდილობენ.
ამერიკელ მეგობრებთანაც ჩვენი საუბრის თემა ძირითადად კორონავირუსია. ჩემი კურსელები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან, კარგად გაცნობა ვერ მოვასწარი, მაგრამ ცხადია, ყველას გვინდა ერთად ვიყოთ, ამერიკაში და, რა თქმა უნდა, პანდემიის გარეშე,“ – ამბობს თიკა.
არასდროს მისწავლია აუდიტორიაში, რომ შევაფასო, რომელი ჯობია
„არასდროს მისწავლია აუდიტორიაში, რომ შევაფასო, რომელი ჯობია,“ – ფიქრობს თიკა. იმის მიუხედავად, რომ აუდიტორიაში ლექცია არასდროს მოუსმენია, თვლის, რომ აუდიტორიაში სწავლა ჯობია. სხვა პირველკურსელებიც ასე ფიქრობენო, დასძენს თიკა.
„ონლაინსწავლებას პლუსებიც აქვს,“ – განაგრძობს თიკა და პანდემიის დროს იძულებით ონლაისისტემაზე გადასულ განათლების სისტემას აფასებს. „პლუსი არის ის, რომ მარტივად შეგიძლია ყველაფრის გამოყენება, მაგალითად, არ გიწევს შენობიდან შენობაში გადასვლა, კლასიდან კლასში სიარული, ნაკლები დრო იხარჯება, პრინციპში იგივე ხარისხის განათლებას იღებ, რასაც აუდიტორიაში სწავლის დროს მივიღებდი.
მაგრამ მაინც ჩვეულებრივად აუდიტორიაში ყოფნა ჯობია,“ – ასკვნის საბოლოოდ თიკა. მისი აზრით, მნიშვნელოვანია პროფესორებთან და თანატოლებთან უშუალო კომუნიკაცია ონლაინკონტაქტის ნაცვლად.
„გვინდა, რომ მალე დავუბრუნდეთ ძველი ცხოვრების სტილს, შევიდეთ კამპუსებში, რომ ნორმალურ გარემოში გავაგრძელოთ სწავლა…“ – აღნიშნა თიკამ „ბათუმელებთან“.
საქართველოს განათლების სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით 121 საჯარო სკოლაში Wi-Fi ქსელების მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა განხორციელდება დონორის – მსოფლიო ბანკის დაფინანსებით. სატენდერო თანხა 4 023 000 ლარია.
შერჩეული სკოლებიდან 63 სკოლა აღმოსავლეთ საქართველოშია, ხოლო 58 სკოლა დასავლეთ საქართველოში. მათ შორის 23 სკოლა აჭარაში:
ბათუმში: მე-2, მე-14, მე-15, 25-ე და 27-ე საჯარო სკოლები;
ქობულეთში: მე-6 და მე-3 სკოლები, ასევე, კვირიკეს მე-2, სოფელ ქობულეთის, წყავროკას და ჩაისუბნის საჯარო სკოლები;
ხელვაჩაურში: სოფელ ხელვაჩაურის N1 სკოლა, თხილნარის N1 სკოლა, ასევე, ახალსოფლისა და კაპრეშუმის საჯარო სკოლები;
ქედაში: დაბა ქედისა და დოლოგნის საჯარო სკოლები;
შუახევში: დაბა შუახევისა და ხიჭაურის საჯარო სკოლები;
ხულოში: სოფლების – ღურტას, ოქრუაშვილების, დიოკნისის და სხალთის საჯარო სკოლები.
სატენდერო კომისიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სკოლები შერჩეულია სამინისტროს მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით და სია შეთანხმებულია დონორთან.
ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 8 თებერვალს და 12 თებერვალს დასრულდება. სკოლებში Wi-Fi ქსელების მოწყობა კი, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შექმნილი კრიზისის გამო სტუდენტების ნაწილი ვერ ახერხებს სწავლის გადასახადის დაფარვას და მოუწოდებს განათლების სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას მიიღოს ყველა ზომა უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
„პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, მათ შორის სტუდენტმა და მათმა ოჯახის წევრებმა, ხელფასი ან შემოსავალი დაკარგეს. სტუდენტების დიდი ნაწილი, როგორც წესი, მომსახურების სექტორში დაბალანაზღაურებად პოზიციებზეა დასაქმებული, რის გამოც, მათ უმრავლესობას დანაზოგი არ აქვს.
ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდება ინფორმაცია სტუდენტების მიერ ორგანიზებული პროცესის შესახებ, რომლებიც სწავლის გადასახადის გადავადებას ან შემცირებას ითხოვენ. შეიქმნა სტუდენტების პეტიცია, საფასურის განახევრებისა და სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენის შესახებ. კიდევ ერთ პეტიციაში აღნიშნულია, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა პანდემიის პირობებში, რამდენადაც ფინანსური კრიზისის გამო ახალგაზრდები და მათი ოჯახები ვეღარ ფარავენ სწავლის გადასახადს და სტუდენტები იძულებული არიან უარი თქვან განათლებაზე.
…პანდემიასთან და ონლაინ სწავლასთან დაკავშირებულ ზოგად, ფართოდ გავრცელებულ სტრესს, დაბალშემოსავლიანი სტუდენტების შემთხვევაში, ფინანსური პრობლემებით გამოწვეული სტრესიც ემატება, რაც მათ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აყენებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და განათლების სამინისტროს:
შეისწავლოს სტუდენტების მიერ სტატუსის შეჩერების მიზეზები და უმაღლესი განათლების თანაბარი მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები იმ სტუდენტების სათანადო მხარდაჭერისათვის, რომლებიც ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ სწავლის გადასახადის დაფარვას;
სიღრმისეულად შეისწავლოს სტუდენტების საჭიროებები, შექმნილი კრიზისის ზეგავლენის ხასიათი და მასშტაბი სტუდენტების სხვადასხვა ჯგუფებზე და შეიმუშავოს გრძელვადიანი პოლიტიკა უმაღლესი განათლების სისტემაში პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესამცირებლად და თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად“ – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხატია ხიმშიაშვილი ინგლისური ენისა და ლიტერატურის 24 წლის მასწავლებელია. ენას ის კავკასიის ბიზნესსკოლაში ასწავლის. ამბობს, რომ აკეთებს საქმეს, რაზეც ბავშვობაში ოცნებობდა.
„აქტიური ბავშვობა და საინტერესო ამბებით დატვირთული დღეები – ეს იყო ჩემი ნატვრა. სკოლა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულში დავამთავრე.
მაღალმთიან აჭარაში, სამწუხაროდ, ბავშვებს არ მიუწვდებათ ხელი სრულფასოვან სასკოლო განათლებაზე. მათ ხშირად შინ არ აქვთ კომპიუტერი და სმარტფონიც კი. შუქი უწყვეტად ბევრ სოფელს არ მიეწოდება, ბევრგან პრობლემაა ინტერნეტიც. ონლაინსწავლების პირობებში ეს ხარვეზები ძალიან მოქმედებს ბავშვების განათლების ხარისხზე, შედეგებზე.
ახლა, როცა თავად ვარ მასწავლებელი და ვხედავ რა აქტიურადაა ჩართული სკოლა ბავშვების ცხოვრებაში, ვგრძნობ რაც აკლიათ მთაში ბავშვებს. მინდა ყველა ბავშვს ჰქონდეს აქტიურ და შემეცნებით სასწავლო პროცესში ჩართვის შესაძლებლობა“ – ამბობს ხატია ხიმშიაშვილი.
ხატია ხიმშიაშვილი
უცხო ენა ხატიამ შუახევის სოფელ ნიგაზეულის სკოლაში ისწავლა. სოფელში ინგლისური ენის რამდენიმე კარგი მასწავლებელი იყო მივლენილი პროგრამით ,,ისწავლე და ასწავლე საქართველოში”. ხატია ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან მათგან ბევრი რამ ისწავლა და მასწავლებელთან გაკვეთილების შემდეგაც დამატებით დადიოდა ინგლისურის გაკვეთილებზე.
ნიგაზეული აჭარის ისტორიული სოფელია. ზაფხულობით აქაურობას უცხოელი ტურისტები სტუმრობენ. ხატია გვიყვება, რომ ამას ის შესაძლებლობად აღიქვამდა, აჩვენებდა სხვადასხვა ადგილს ტურისტებს, უყვებოდა სოფლის შესახებ და მერე მათთან კონტაქტს არ წყვეტდა. ხატიას თქმით, ენობრივი ბარიერი მან სწორედ ტურისტებთან ურთიერთობით დაძლია.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხატიამ წელს დაამთავრა. მისი სწავლება ოთხწლიან საბაკალავრო საფეხურზე სრულად დააფინანსა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ – კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის შედეგად.
ხატიას მსგავსად კომპანიამ 5 წლის მანძილზე ჯამში 23 სტუდენტის სწავლება დააფინანსა საბაკალავრო საფეხურზე.
სტუდენტები გარკვეული კრიტერიუმებით შეირჩნენ. დაფინანსდა მაღალმთიანი აჭარიდან იმ სტუდენტების სწავლება, ვინც ყველა საგანში ყოველი სემესტრის ბოლოს მიიღებდა 71 და მეტ ქულას. 23 სტუდენტი მაღალმთიანი აჭარიდან სწორედ ასეთი აღმოჩნდა.
ხატია განათლების მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე გეგმავს უცხოეთში სწავლის გაგრძელებას, თუმცა პანდემიამ მისი გეგმები მომავლისთვის გადადო.
„საუნივერსიტეტო სწავლება არ ნიშნავს განათლების პროცესის დასრულებას. მუდმივი პროფესიული განვითარებაა საჭირო. ვფიქრობ, სამომავლოდ შევძლებ ვასწავლო ინგლისური ენა აჭარის მაღალმთიანეთში ბავშვებს, მინდა განათლების ხელმისაწვდომობაში ჩემი წვლილი შევიტანო.
უცხო ენის სწავლისას უმნიშვნელოვანესია კომუნიკაცია, აქტივობები, ახალი მიდგომების გამოყენება. პირობითად, სტიმულის მომცემი იქნებოდა თითოეულ მუნიციპალიტეტში უცხო ენის კუთხე, ბათუმში არსებული „ამერიკული კუთხის“ მსგავსად, სადაც ბავშვები, ახალგაზრდები შეძლებდნენ სხვადასხვა რესურსით სარგებლობას, პროექტებში ჩართვას.
ენის კარგად ცოდნა რეგიონში ტურიზმის განვითარების საწინდარია, რისი უდიდესი პოტენციალიც აჭარას აქვს.
სოციალურად შეჭირვებული ხალხი ცხოვრობს მთაში. ოჯახებს ძირითადი სარჩო სოფლის მეურნეობისგან აქვთ, რაც არ არის საკმარისი განათლების მისაღებად, სხვაგვარად განვითარებისთვის. საბედნიეროდ მე გამიმართლა და მომეცა საშუალება მესწავლა ის, რაც მინდოდა, მინდა ეს შესაძლებლობა ჰქონდეს ყველას“ – ამბობს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სტიპენდიატი.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, საქართველოს ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.
„პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 28-30 დეკემბერს დილის 9:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.
ხოლო 31 დეკემბერს ამანათების მიღება 09:00 საათიდან 16:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს“ – აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოცნებები ყველას გვაქვს. კარგად დაგეგმვისას ოცნება ნელ-ნელა მიზნად იქცევა, მიზნის მიღწევას კი მხოლოდ დასახული ნაბიჯების შესრულება სჭირდება.
2021 წელი დაგროვებული სურვილების ასრულების წელი იქნება! ამიტომ გახსენით ყულაბა, უფრო სწორედ – დეპოზიტი, სადაც თქვენი სურვილების ასრულებისთვის თანხის დაგროვებას დღესვე დაიწყებთ.
ფინკა ბანკში დაგროვება მარტივია, დეპოზიტის ტიპი – მრავალფეროვანი, პროცენტი კი – ყველაზე მაღალი!
არ დაივიწყოთ თქვენი ოცნებები! აქციეთ ისინი მიზნებად და ამისთვის მომზადება დღესვე დაიწყეთ: შეავსეთ განაცხადი, დაელოდეთ ჩვენს ზარს და ერთი ნაბიჯით უფრო მეტად მიუახლოვდით სურვილების ასრულებას!
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ წელს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ახალი წელი სჯობს მოქალაქეებმა მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღნიშნონ.
„მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ოჯახებში ახალი წელი, ნუ მივალთ ჩვენს ბებიებთან, ბაბუებთან, შვილიშვილებთანაც კი.
სამწუხაროდ, ეს ახალი წელი გამონაკლისი იქნება ალბათ მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე ყველა სხვა ახალი წლისაგან, იმიტომ, რომ გვიკრძალავს ჩვენი ახლობლების ნახვასაც კი,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.
დღეს, 25 დეკემბერს, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ყოფილი უნივერსამის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტებს შრომის ინსპექციამ დახურვისკენ მოუწოდა, რამაც მოვაჭრეთა პროტესტი გამოიწვია.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ ბანკებიდან ვალები აიღეს, რათა წინასაახალწლო დღეებში ევაჭრათ, ახლა კი შემოსავლის გარეშე რჩებიან.
„გუშინ გავიხსენით და დღეს დაიკეტეთო. ბავშვები ხომ არ ვართ, რატომ შვებიან ასე…“; „საქონელი შემოვიტანეთ, სეზონური საქონელია, თან ისეთი წელია, რომ არ გვიმუშავია..“ – ამბობენ მოვაჭრეები.
„უნდათ, რომ მათმა მაღაზიებმა იმუშაონ, ყველაფერი მათ მაღაზიებში შეიტანეს, ჩვენ დავწყვიტოთ შვილები მშიერი?“ – გვითხრა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
ბაზრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ ტერიტორიაზე მუშაობას განაგრძობს მხოლოდ მომსახურე პერსონალი, მაგალითად, მკერავები და მეწაღეები.
24 დეკემბრიდან საქართველოში არ გაიხსნა ბაზრობები, მიუხედავად მთავრობის მიერ დაანონსებული შეზღუდვების შემსუბუქებისა. გაიხსნა მხოლოდ მაღაზიები და სავაჭრო მოლები.
ნახეთ, რა ხდებოდა დღეს ყოფილი უნივერსამის ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში:
სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების შეფასებით, იწვევს COVID19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდას, რამაც შეიძლება გადატვირთოს ჯანდაცვის სისტემა – წერს როიტერსი.
რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, რომელმაც სამხრეთ აფრიკასთან დაკავშირებულ ინფიცირების შემთხვევებში ვირუსის მუტირებული ვარიანტი აღმოაჩინა, აკრძალა ფრენები სამხრეთ აფრიკიდან.
რას გულისხმობს ვირუსის ახალი მუტაცია?
ახალი ვარიანტი, მოხსენიებული როგორც 501.V2, აღმოაჩინა სამხრეთ აფრიკის მეცნიერთა ქსელმა, რომელიც თვალყურს ადევნებდა SARS-COV-2 ვირუსის გენეტიკას.
მეცნიერების განცხადებით, როგორც ჩანს, კორონავირუსის ეს ვარიანტი ფოკუსირებულია ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში და დომინირებს ოქტომბრის შემდეგ შეგროვებული ნიმუშების შედეგებში.
მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ვარიანტი განსხვავდება კორონავირუსის სხვა ვარიანტებისგან, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში ცირკულირებენ, რადგან ახალ ვარიანტს აღენიშნება რამდენიმე მუტაცია ვირუსის ძალიან მნიშვნელოვან, “წვეტ” ცილაში, რომელსაც ვირუსი ადამიანის უჯრედების დასაინფიცირებლად იყენებს.
ის ასევე უკავშირდება უფრო მაღალ ვირუსულ დატვირთვას, რაც გულისხმობს ვირუსის ნაწილაკების უფრო მაღალ კონცენტრაციას/შემცველობას პაციენტის სხეულში, რაც შესაძლოა ხელს უწყობდეს გადაცემის მაღალ დონეს.
სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ქვეყანაში ახალი შემთხვევების 80% -დან 90% ვირუსის მუტირებული ვარიანტის მატარებელია.
ყველა ვირუსი, მათ შორის COVID-19– ის გამომწვევი Sars Cov 2, დროთა განმავლობაში იცვლება და ამ დროისთვის, მსოფლიოში ამ ვირუსის ასობით ვარიაციაა გამოვლენილი.
სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ეს ვარიანტი იწვევს კოვიდის უფრო მძიმე მიმდინარეობს. ამასთან, როგორც ჩანს, ის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სხვა ვერსიები.
განსხვავდება თუ არა ეს ვერსია ბრიტანეთში გავრცელებული მუტირებული ვერსიისგან?
სამხრეთ აფრიკასა (501.V2) და დიდი ბრიტანეთში გავრცელებული(B.1.1.7) ვარიანტები სხვადასხვაა, მაგრამ აღენიშნებათ მსგავსი ცვლილებები ვირუსის “წვეტ” ცილაში, რაც შესაძლოა მათ უფრო გადამდებს ხდიდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ისინი წარმოადგენენ ერთმანეთისგან განსხვავებულ ვარიანტებს და თანმიმდევრობის ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი ერთმანეთისგან წარმოიშვა.
იქნება ეფექტური COVID-19 ვაქცინები ამ ვარიანტის წინააღმდეგ?
„როიტერსი“ წერს, რომ სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების განცხადებით, ნაადრევია იმის თქმა, იცავს თუ არა ვაქცინები ამჟამად ბრიტანეთში, შეერთებულ შტატებში ან სხვა ქვეყნებში შემუშავებული აცრები ვირუსის ახალ ვარიანტს.
ვაქცინის შემქმნელებმა, მათ შორის AstraZeneca-მ, BioNTech-მა და Moderna -მ ამ კვირაში განაცხადეს, რომ მათი გათვლით ვაქცინები ბრიტანეთში გავრცელებული ვერსიის წინააღმდეგაც იმუშავებენ.
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რაც 151 მილიონი ლარით განისაზღვრა.
2021 წლის ბათუმის ბიუჯეტში 459 470 ლარია გათვალისწინებული პროექტისთვის „შენი იდეა ბათუმს“. ამ რესურსით 2021 წელს გამარჯვებული შემდეგი 8 იდეა უნდა დაფინანსდეს და რეალობად იქცეს:
[checklist]
ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ბაფიტი
“ბათუმი-ველოქალაქი”
მობილური კინოთეატრი
ქუჩის კალათბურთის მოედანი
ფერადი ეზოები ბავშვებს
ბათუმის ინკლუზიური თეატრალური დასი
ბათუმის ღია თეატრალური ფესტივალი
ორგანული ნარჩენების კომპოსტირება
[/checklist]
ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 2019 წლის ამავე პროექტში გამარჯვებული იდეის „ნატვრის ხის“ და 2020 წლის გამარჯვებული 2 იდეის: „ქუჩის კალათბურთის“ და „ჭიდაობის მოედნის“ განხორციელება, ამ პროექტების რეალიზება კოვიდ19-ის პანდემიის გამო შეფერხდა.
თუმცა ბათუმის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ნაკაიძე მიიჩნევს, რომ ამ შეფერხებამ უბრალოდ დროში გაწელა პროცესი და პროექტების განხორციელება 2021 წელს დაბრკოლებების გარეშეა შესაძლებელი.
„მეორე წელია ხორციელდება პროექტი ,,შენი იდეა ბათუმს“ და დასაწყისისთვის ყველაფერი კარგად მიდის, შრომაც ბევრია საჭირო, მაგრამ სხვაგვარად არ გამოდის, სამომავლოდ ყოველწლიურად ველით პროექტში ჩართული ადამიანების რაოდენობის ზრდას, დაინტერესება აუცილებლად გაიზრდება.
არ მგონია ისეთი ხელისუფლება მოვიდეს ბათუმში ოდესმე, რომ პროექტს ,,შენი იდეა ბათუმს“ მხარი არ დაუჭიროს,“ – ამბობს ზურაბ ნაკაიძე.
ზურაბ ნაკაიძე – ბათუმის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
2021 წლისთვის პროექტში „შენი იდეა ბათუმს“ ხმის მიცემის ეტაპზე გადავიდა 20 იდეა. ხმის მიცემა 1-31 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა ვებგვერდზე www.idea.batumi.ge. ხმის მიცემის პროცესში ჩაერთო 2547 მოქალაქე, ხოლო 20-მა იდეამ ჯამში 5169 ხმა დააგროვა. გამარჯვებული იდეები განისაზღვრა ხმათა რაოდენობით, პროექტისთვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტის, 500,000 ლარის გათვალისწინებით.
მოწვეული ექსპერტის, ლიზი სოფრომაძის თქმით ,,შენი იდეა ბათუმს“ საინტერესო და რთულად განსახორციელებელი პროექტია, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ექსპერტის შეფასებით ეს არის პროექტი, რომლის წარმატებასაც თანაბრად განსაზღვრავს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და მუნიციპალიტეტის ძალისხმევა:
„ახლა გავდივართ შეფასების პროცესს: რამ იმუშავა და რამ არა. ერთი რამ კი ცხადია: თანაბარი მობილიზებაა საჭირო: ქალაქის მცხოვრებლების და მუნიციპალიტეტის.
პროექტი სხვადასხვა მუნიციპალური სტრუქტურული ერთეულის აქტიურ ჩართულობას მოითხოვს, საკმაოდ მრავალმხრივ ჩართულობას, რაც წინასწარ შეიძლება ვერც გათვალო.
,შენი იდეა ბათუმს“ უამრავი პატარა დეტალისგან შედგება, რასაც ტოტალური შრომა სჭირდება რეალიზების პროცესში. აუცილებელია ასევე გაიაზროს საზოგადოებამ, ქალაქის მცხოვრებლებმა, რომ არსებობს რაღაც ტიპის ინიციატივები, რასაც შეიძლება ვიჩენდეთ საკუთარი ქალაქის, გარემოს შესაცვლელად და არ ვიყოთ ორიეტირებული პირად სარგებელზე. მნიშვნელოვანია დავინახოთ ჩვენ მიერ გაღებული ძალისხმევის, დახარჯული დროისა და ენერგიის როლი და მნიშვნელობა – როცა საქმე საზოგადო სიკეთის შექმნას ეხება.
პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. სასურველი იქნება უფრო ადრე დაიწყოს პროექტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ყოველწლიურად, პრაქტიკამ ეს დაგვანახა. დროთა განმავლობაში შეიძლება გადაიხედოს პროექტის პროცედურები და დაგეგმარებითი სამუშაოები.“ – ამბობს ლიზი სოფრომაძე.
ლიზი სოფრომაძე – თვითმმართველობის ექსპერტი
სალომე ცეცხლაძე ბათუმელი აქტივისტია, ის პროექტში დაწყების მომენტიდანაა ჩართული როგორც ხმის მიმცემის პროცესში, ასევე ერთერთი იდეის თანაავტორიცაა . სალომე ამბობს, რომ მის ირგვლივ ბევრი ადამიანია, ვისაც საინტერესო იდეები აქვს ქალაქისთვის, მაგრამ ვერ ახერხებს საჭირო რესურსის არარსებობის გამო იდეის დარეგისტრირებას ან ხმის მიცემას ელექტრონულად.
„ვფიქრობ პროექტის ,,შენი იდეა ბათუმს“ ბიუჯეტი არასაკმარისია და უნდა გაიზარდოს მომავალში. გამარჯვებული იდეები ხმათა უმრავლესობით ვლინდება, თუმცა არის იდეები, რომლებიც ვერ იღებენ ხმათა საკმარის რაოდენობას, მაგრამ ძალიან სასარგებლო იქნებოდა მათი განხორციელება რეალურად ქალაქისთვის“.
,,შენი იდეა ბათუმს“ კარგი პროექტია მერიის თანამონაწილეობით და უნდა გაგრძელდეს, თუმცა ეს ვერ გადაფარავს იმ პრობლემას, რომ კულტურულ მემკვიდრეობას სახელისუფლებო რგოლები ვანდალურად ექცევა და ეს პროცესი არ ჩერდება, ეს არის ბათუმის ყველაზე მთავარი და მტკივნეული საკითხი ჩემთვის,“ – ამბობს სალომე ცეცხლაძე.
სალომე ცეცხლაძე. აქტივისტი.
პროექტი ,,შენი იდეა ბათუმს“ ქალაქში რეგისტრირებული საქართველოს იმ მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც ქალაქში რაიმეს შეცვლა, სიახლეების დანერგვა და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ.
მიმდინარეობს პროექტის „შენი იდეა ბათუმს“ 2020 წლის ციკლის შეფასება, რაც მოქალაქეების დამოკიდებულებების კვლევას მოიაზრებს. მოქალაქეებს შეუძლიათ ჩაერთონ კვლევა-შეფასების პროცესში და სპეციალურად შექმნილი კითხვარის საშუალებით დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები. კითხვარის შევსება ბმულის საშუალებითაა შესაძლებელი https://bit.ly/3nLhFLG
„შენი იდეა ბათუმს“ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტია, რომელიც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ქალაქის ბიუჯეტის მართვაში და გადაწყვიტონ რაში უნდა დაიხარჯოს მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.
პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ ახორციელებს ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო. მხარდამჭერები: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/Georgia დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა GGI Georgia.
ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე მოწყობილ ნაპირდამცავ ნაგებობასთან ყოველწლიურად მინიმუმ 25 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა დაიყაროს. ეს აუცილებელია, რათა აქ პლაჟი შენარჩუნდეს. თუმცა ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის. შესაბამისი თანხა არც აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტში და არც საქართველოს ბიუჯეტის პროექტშია გაწერილი.
პლაჟის ხელოვნურ კვებას ბათუმის ნაპირდაცვის ის პროექტიც ითვალისწინებდა, რომლითაც ეს ნაგებობა მოეწყო და რაშიც 55 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ხელოვნური პლაჟის შენარჩუნებას კი, მინიმუმ ნახევარ მილიონამდე ლარი მაინც დასჭირდება ყოველწლიურად.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, სანაპიროზე სამუშაოები ჰოლანდიურმა კომპანია STRUIJK GROUP-მა შეასრულა.
„ბათუმელებს“ მუნიციპალური განვითარების ფონდში უთხრეს, რომ ნაგებობა ბათუმის მუნიციპალიტეტს უნდა გადაეცეს, რისთვისაც მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.
ვინაიდან დამცავი ნაგებობა ბათუმს უნდა გადმოეცეს, რატომ არ არის ბიუჯეტში გათვალისწინებული ხრეშის შესატანად საჭირო თანხა? – ამ კითხვაზე პასუხის მიღება „ბათუმელებმა“ ქალაქის მერიაში სცადა, თუმცა პრესსამსახურში გვითხრეს, რომ წერილობით უნდა მივმართოთ.
სანაპირო ზოლზე ხელოვნური პლაჟი უკვე წარეცხილია / ბათუმი, სექტემბერი, 2020
იმისათვის, რომ ახალი ბულვარის ბოლოდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე მონაკვეთში სანაპიროზე პლაჟი აღდგეს და შენარჩუნდეს, საჭირო იქნება ჩატარდეს კვლევა და ყოველწლიურად ზამთარში, როცა არ არის ტურისტული სეზონი, ხრეში შეიტანონ.
ახალი ბულვარის გაგრძელებაზე პლაჟის ხელოვნურად მოწყობისთვის, ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 30 ათასი კუბ/მეტრი ხრეში, ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან მანქანებით გადაიტანეს.
სამუშაოები 2020 წლის იანვარში დასრულდა, თუმცა რამდენიმე მონაკვეთზე ხელოვნურად მოწყობილი პლაჟი ზღვამ უკვე გადარეცხა.
ხელოვნური ნაგებობის გასწვრივ რომ პლაჟი ზღვამ წარეცხა, ამის საილუსტრაციოდ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების შედარებაც გამოდგება.
პირველი ფოტო [მარცხნივ] 2019 წელსაა გადაღებული, წითელი ზოლით კი, ერთ მონაკვეთში, ზღვისა და სანაპიროს საზღვარია მონიშნული [თუმცა ამ ფოტოს გადაღების შემდეგ აქ ხრეში კიდევ შეიტანეს და პლაჟიც უფრო გააფართოვეს], მეორე ფოტო 2020 წლის 5 დეკემბერსაა გადაღებული – აქ ჩანს წითელი ზოლიდან რამდენით გადმოიწია ზღვამ პლაჟის მიტაცების ხარჯზე:
2019 წლის 28 ოქტომბერს და 2020 წლის 5 დეკემბერს თანამგზავრიდან გადაღებული ერთი და იმავე ადგილის ფოტოები
ზღვამ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ზოგიერთ ადგილზე ნაპირის დაცვის მიზნით ჩალაგებული ლოდების წყობის დაშლაც დაიწყო.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძეს დაუჭირა მხარი. პლენარული სხდომა დღეს, 25 დეკემბერს, გაიმართა.
უმაღლესმა საბჭომ თორნიკე რიჟვაძის მიერ წარმოდგენილი მინისტრობის კანდიდატებიც დაამტკიცა: ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე იქნება, ჯანდაცვის – ნინო ნიჟარაძე, სოფლის მეურნეობის – გიორგი სურმანიძე, განათლების – მაია ხაჯიშვილი.
აჭარის მთავრობას უმაღლეს საბჭოში „ოცნების“ 14-ვე წევრმა დაუჭირა მხარი.
„ბუნებრივია, გექნებათ მხარდაჭერა,“ – ეს თითქმის ყველა გამომსვლელმა აღნიშნა”ქართული ოცნებიდან”, რომელთაც კენჭისყრამდე ერთპარტიული უმაღლესი საბჭოს ტრიბუნა დაიკავეს და, მათი შეფასებით, ხელისუფლების სხვადასხვა მიღწევა მიმოიხილეს.
ტრიბუნასთან დადგა ირაკლი ჩავლეიშვილიც. ის ერთადერთი დეპუტატია, რომელიც „გაერთიანებული ოპოზიციიდან“ უმაღლეს საბჭოში შევიდა.
„გაყალბება გახდა ჩვენი ეროვნული იდენტობის მახასიათებელი, ისე შეგვისისხლხორცდა ეს საკითხი ჩვენ… საბოლოოდ, ყველაფერი თავს იყრის პარლამენტში, უმაღლეს საბჭოში, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება აქ,”- აღნიშნა ირაკლი ჩავლეიშვილმა.
ირაკლი ჩავლეიშვილმა ასევე თქვა, რომ დღეს რთულია ხელისუფლებაში ყოფნა, მაგრამ მთავრობას მხარს არ დაუჭერს: „ავანსად ვერ გავცემ ნდობას, დავაკვირდები ხელისუფლების საქმიანობას“, – დასძინა მან.
არჩევნების გაყალბების საკითხს „ოცნების” დეპუტატებიც შეეხენ.
„საზოგადოებას აღარ სჯერა იმის, რომ არჩევნები გაყალბდა,”- განაცხადა ილია ვერძაძემ.
„არსებობს კრიზისული სიტუაცია… ისინი არ იღებენ პასუხისმგებლობას, გაზაფხულზე ელოდებიან ქვეყნის შესუსტებას, მაგრამ პანდემიის პირობებშიც ჩვენ ველოდებით ეკონომიკის ზრდას,”- განაცხადა ტიტე აროშიძემ.
„ვფიქრობ, ნაახალწლევს ვიქნებით გაცილებით მეტი,”- აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ. მისი აზრით, ოპოზიცია აზრს შეიცვლის და უმაღლეს საბჭოში შევა.
ტრიბუნასთან დავით გაბაიძემ ოპოზიციის დამოკიდებულება „ტანტრუმის მდგომარეობით“ ახსნა.
„ეს არის ტერმინი ბავშვთა ფსიქოლოგიაში, როცა ერთიდან სამ წლამდე ბავშვს აქვს ემოციური ამოხეთქვა, რაღაცას ითხოვს, ვერ მიიღებს, ტირის, კივის, ფეხებს აბაკუნებს…”- განმარტა დავით გაბაიძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ იმის დასტურად, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ელჩები ახსენა, ევროპა და აზიაც.
„ამერიკის შეერთებული შტატები გეუბნება, რომ არა ხარ მართალი, ევროპელი ამას გეუბნება, აზიელი გეუბნებათ იგივეს…“ – აღნიშნა დავით გაბაიძემ.
„ნურავის გაუჩნდება ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები, ყველაფერი იქნება მშვიდად…“ – დაამშვიდა „ოცნების“ დეპუტატები თორნიკე რიჟვაძემ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სტაბილურობის შენარჩუნებაა.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოსახლეობა მოელის გვერდში დგომას, თანადგომას, ყოველდღიურად მძიმდება მათი ეკონომიკური მდგომარეობა. ეს გვერდში დგომა უნდა იყოს საგრძნობი და ხელშესახები,”- დასძინა თორნიკე რიჟვაძემ.
„წარმატებებს გისურვებთ,“- მიმართა თორნიკე რიჟვაძეს დავით გაბაიძემ მას შემდეგ, რაც ერთპარტიულ საბჭოში „ოცნების“ სრულმა შემადგენლობამ ხელი თანხმობის ნიშნად ასწია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 დეკემბრის 21 საათიდან 26 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 3 გრადუსი სითბო – 2 გრადუსი ყინვა
ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 27 და 28 დეკემბერს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად კი უნალექო ამინდი ბათუმში დეკემბრის ბოლომდე შენარჩუნდება.
კახეთის პოლიციამ არასრულწლოვანი გოგოს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე 3 პირი: 1999 წელს დაბადებული ა.ა. 1991 წელს დაბადებული რ.ო. და 1995 წელს დაბადებული ა.ა. დააკავა.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ა.ა.-მ ცოლად შერთვის მიზნით, თანმხლებ პირებთან ერთად, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფელში მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონას 2004 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს.
რამდენიმედღიანი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად პოლიციამ გატაცებული არასრულწლოვანის ადგილსამყოფელი დაადგინა.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეათე მოწვევის საქართველოს ერთპარტიულ პარლამენტში, არც რელიგიური მრავალფეროვნებისთვის აღმოჩნდა ადგილი. დარბაზში მხოლოდ დომინანტური, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები ისხდნენ. სხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები პირველ სხდომაზე არ მიუწვევიათ. „ეს დარბაზი ასეა აშენებულ-მოწყობილი, ვერ იტევს მეტ ადამიანს“, – გვითხრეს პარლამენტში.
იქ, სადაც სიმჭიდროვის მიზეზით ადგილი ვერ გამოინახა სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის, მართლმადიდებელ სასულიერო პირებს 5 სავარძელი შეხვდათ. პარლამენტის ადმინისტრაცია თავს იმით იმართლებს, რომ მათ სხვისი ადგილი დაიკავეს. „ასე არის ოდითგანვე“ – გვეუბნებიან ადმინისტრაციაში, ანუ მას შემდეგ, რაც, მათი თქმით, რუსთაველზე პარლამენტის შენობა აშენდა.
რელიგიური უმცირესობების ადგილი მხოლოდ ქუთაისის პარლამენტის შენობაში ყოფილა გათვალისწინებული.
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძის თქმით, გული არ დაწყვეტია იმ ფაქტის გამო, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომაზე არ მიიწვიეს. მისთვის ეს სურათი ზუსტად ასახავს იმას, რაც რეალობაში ხდება.
„ითქვა, რომ რაკი პანდემიაა, დისტანციიდან გამომდინარე საკმარისი ადგილები არ იყო. თუმცა ერთი ეკლესია 5 ადამიანით იყო წარმოდგენილი. სიმართლე რომ გითხრათ, განცდის დონეზე გული არ დამწყვეტია, რომ არ დაუძახეს რელიგიებს, რადგან, როგორც წესი, ეს ზედაპირული საჩვენებელი გამოსვლები ხანდახან დამაბნეველია და ვერ აღიქვამ რა ხდება რეალურად. ეს სურათი კი იყო ძალიან ადეკვატური იმისა, რაც ხდება. ერთპარტიულ პარლამენტში მხოლოდ ერთი რელიგიური ჯგუფი იყო წარმოდგენილი. აბსოლუტურად ადეკვატური სურათია“, – ამბობს რუსუდან გოცირიძე.
რუსუდან გოცირიძე. ფოტო საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ფეისბუქ გვერდიდან
მისი თქმით, რომც მიეწვიათ, ბევრი რელიგიური თემი შესაძლოა არც წასულიყო ამ მოწვევის პარლამენტში პროტესტის ნიშნად. „მათ შორის ვიქნებოდით ჩვენც“, – ამბობს რუსუდანი.
პროტესტს კი, მისი თქმით, ის პროცესები იწვევს, რაც ქვეყანაში არჩევნების შემდეგ ვითარდება. „მოსახლეობაში არსებობს პროტესტი განცდა და ეს აბსოლუტურად იგნორირებულია ხელისუფლების მხრიდან. ეს იმდენად შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მოქალაქისთვის, რომ მოწვევის შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად არ წავიდოდით“, – გვეუბნება რუსუდან გოცირიძე.
ხელისუფლების ეს ჟესტი, ეპისკოპოსის აზრით, აჩვენებს იმასაც, რომ ხელისუფლებას მოჩვენებითობის დონეზეც კი აღარ აინტერესებს რელიგიური მრავალფეროვნების საკითხი. „რომ მოენდომებინათ, რელიგიის საკითხთა სააგენტო მოახერხებდა მრავალფეროვნების ჩვენებას. შეიქმნებოდა ზედაპირული სურათი თითქოს მრავალფეროვნება მათთვის ძვირფასია, მაგრამ არც ეს გააკეთეს, კეკლუცობის დონეზეც კი აღარ აინტერესებთ ეს თემა და ის, რომ მხოლოდ ერთი ჯგუფი იყო სხდომაზე წარმოდგენილი, ძალიან ზუსტი სურათი ამის საჩვენებლად“, – ამბობს ის.
რუსუდან გოცირიძის აზრით, სახელმწიფომ არადომინანტურ რელიგიებთან გაუცხოება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა რელიგიის საკითხთა სააგენტო შექმნა. „სააგენტომ ზუსტად იცის, რომელი რელიგიური თემია კრიტიკულად განწყობილი სახელმწიფოს მიმართ და რომელი იქნება უთქმელად იქ, სადაც დაუძახებენ. მაგალითად, როცა რელიგიის სააგენტომ გააკეთა „რელიგიები საქართველოში“, კონკრეტულად ჩვენი თემი არ წარმოადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მათ რუკაზე, მათ კალენდარზე არ ვარსებობთ, რადგან იციან, რომ კრიტიკულად ვართ განწყობილი“, – ამბობს ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე.
თენგიზ პარმაქსიზიშვილი
ბათუმის კათოლიკური ეკლესიის წევრის, თენგიზ პარმაქსიზიშვილის აზრით, ხელისუფლება რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებაში უფრო შორს წავიდა და არა მარტო პარლამენტში არ მიიწვია, ადამიანის უფლებების ხაზიც გადაკვეთა – რელიგიურ ლიდერებს მათი მრევლის წევრების პირადი მონაცემები მოსთხოვა. ამ მონაცემების გაგზავნაზე კონფესიებმა უარი განაცხადეს.
„ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. ამას ჰქვია ბოლშევიზმი, ამ გზით მივდივართ?“ – კითხულობს ის. მისი აზრით, „ქართული ოცნება“ ტოლერანტობის თვალსაზრისით რომ მოიკოჭლებს, ამას არა მხოლოდ რელიგიური უმცირესობების პარლამენტში არ მიწვევა ადასტურებს.
„მთელი პანდემიის პერიოდი აჩვენებს ჩვენს დისკრიმინაციას, როცა ჯერ აღდგომის, შემდეგ კი ახლა შობის დღესასწაულზე არ მოგვცა გადაადგილების უფლება. მაშინ როცა 6 იანვარს მოხსნა შეზღუდვა, როცა მართლმადიდებლები აღნიშნავენ შობას“.
თენგიზ პარმაქსაზიშვილის აზრით, თუ ხელისუფლება სახელმწიფოებრივად აზროვნებს, უნდა ესმოდეს, რომ სახელმწიფო ყველა მოქალაქისთვის არის ერთი. „როცა გამონაკლისს უშვებ ერთისთვის და ზღუდავ მეორეს, ეს არც ტოლერანტობაა და არც სახელმწიფოებრივი აზროვნება“, – გვეუბნება ის.
საქართველოს მთავრობას რელიგიური უმცირესობებისთვის თანაბარი გარემოს შექმნისკენ მოუწოდა სახალხო დამცველმაც. „ნებისმიერი შეზღუდვა და მისგან დაწესებული გამონაკლისი შემთხვევები შემუშავდეს არადისკრიმინაციული მიდგომით, რომელიც თანასწორუფლებიანობის და სახელმწიფოს ნეიტრალობის მოთხოვნებს უპასუხებს“, –წერს სახალხო დამცველი.
ტარიელ ნაკაიძე მუსლიმი თემის წარმომადგენელია. ის წლების განმავლობაში „ქართველ მუსლიმთა კავშირს“ ხელმძღვანელობდა და წელს პირველად, მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრიც გახდა. თუმცა, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, მანდატზე ისიც უარს ამბობს. ტარიელ ნაკაიძე მიიჩნევს, რომ ერთპარტიულ პარლამენტში მიწვევა დიდი სახარბიელო არ არის, თუმცა შინაარსობრივად თუ განვიხილავთ, საკმაოდ უსიამოვნო ტენდენციაა, რადგან ხელისუფლებას რელიგიური მრავალფეროვნების წარმოჩენა უკვე ზედაპირულადაც აღარ სურს.
„პრაქტიკულად, ხელისუფლებას არ აქვს კეთილი ნების პოლიტიკა და ეს არ გამოიხატება მხოლოდ პარლამენტში არ მიწვევაში. წინა მოწვევის პარლამენტი ისეთი კანონის მიღებას ცდილობდა, რითაც რელიგიურ უმცირესობებს უსაფრთხოების სახელით უპირებდა ზღუდავდა. ბევრი ბრძოლის შემდეგ ეს აღარ მოხდა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ამ პარლამენტმა ეს თემა ისევ გააცოცხლოს“, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.
მისი თქმით, პანდემიისას დომინანტური რელიგიისთვის მიცემული პრივილეგიები, პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ „ჩვენ მართლმადიდებლური ქვეყანა ვართ“ და ამის ღიად დეკლარირება საკმაოდ ცუდ სურათს გვაძლევს, „სადაც ჩანს თუ რა სახის პოლიტიკური განზრახვა აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არადომინანტური რელიგიების მიმართ. ამიტომ საგანგაშოა ეს სიტუაცია“, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე. მას მიაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ჯერ კიდევ ბევრი აქვს საბრძოლო იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებები გაძლიერდეს.
შედარებით ლოიალურად უყურებს ამ საკითხს სრულიად საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე. „რახან ერთი კონფესია იყო, კარგი იქნებოდა, რომ ჩვენც მივეწვიეთ, რადგან ისტორიულად და დღესაც ჩვენი კულტურული სიმდიდრეა რელიგიური მრავალფეროვნება“, – მოკლედ გვითხრა ადამ შანთაძემ.
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI)-ის თანადამფუძნებელი და სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამების ხელმძღვანელი მარიამ ღავთაძე, პარლამენტის მხრიდან რელიგიური კონფესიების მიმართ გულგრილობას, ღია განაცხადს უწოდებს იმაზე, რომ მთავრობა არ მიიჩნევს თანასწორ მოქალაქეებად განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანებს.
„ცალკე საკითხია ის, რამდენად ექნებოდათ მათ სურვილი ერთპარტიულ პარლამენტში მისვლის“, – ამბობს ღავთაძე. მისი აზრით, პირველ სხდომაზე არ მიპატიჟება იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც ხელისუფლება წლის განმავლობაში ავლენდა უმცირესობების მიმართ.
„ეს გამოჩნდა მაშინაც, როცა აღდგომის დღესასწაულიდან მოყოლებული როგორ ურთიერთობდა სახელმწიფო მართლმადიდებელ ეკლესიასთან, როცა აბსოლუტურად გასული იყო კონსტიტუციის ფარგლებიდან და კულუარულ გარიგებებში იყო შესული საპატრიარქოსთან, სხვა აღმსარებლობებს კი ელემენტარულ კითხვებზეც არ სცემდა პასუხს“, – ამბობს ღავთაძე.
პანდემიის პირველი ტალღაში დაწესებული შეზღუდვების დროს რელიგიურ უმცირესობებს ხელისუფლებამ პასუხი არ გასცა კითხვაზე, შეეძლოთ თუ არა მათ რელიგიური მსახურების განახლება ან როგორ უნდა ემოქმედათ პანდემიის პირობებში.
პრემიერ-მინისტრ გახარიას პარლამენტში ყოფნისას „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა სერგო რატიანმა პირდაპირ ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა შეკრების უფლება რელიგიურ კონფესიებს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, თუმცა პრემიერმა არც ამ შემთხვევაში გასცა პასუხი. „ეს იყო სრული იგნორი“-მიიჩნევს მარიამ ღავთაძე.
მარიამ ღავთაძე
მისი თქმით, პანდემიის პერიოდში არც რელიგიის საკითხთა სააგენტოს უზრუნია რელიგიური კონფესიების ინფორმირებაზე. „ვერ ნახავთ მათ მიერ გაცემულ ვერცერთ რეკომენდაციას, ვერცერთ ჩანაწერს, მაშინ როცა მთელ მსოფლიოში გაიცემოდა რეკომენდაციები რელიგიური ორგანიზაციებისთვის. მაქვს განცდა, რომ რელიგიის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესდება ამ ხელისუფლების პირობებში და ეს ყველაფერი ამაზე მიანიშნებს“.
მარიამის აზრით, მათ შორის პირდაპირ დისკრიმინაციასაც აქვს ადგილი, როდესაც დომინანტი ეკლესიის გარდა სხვა კონფესიებს არ მისცეს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის შესაძლებლობა, ახლა კი არც შობის დღესასწაულზე დართეს უფლება ღამით გადაადგილების.
გამონაკლისი მთავრობამ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ საპატრიარქოსთვის დაუშვა და 6 იანვარს მოხსნა გადაადგილებაზე შეზღუდვა, მაშინ როცა მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ქრისტეშობას. სხვა მიმდინარეობის ქრისტიანები კი, ისინი, ვინც 25 დეკემბერს ზეიმობს შობის დღესასწაულს, იძულებული იყო საშობაო წირვა არა ტრადიციულად ღამით, არამედ კომენდანტის საათის დაწყებამდე ჩაეტარებინა.
„ვიცე-პრემიერი [მაია ცქიტიშვილი] ამბობს, რომ იმიტომ უნდა იზეიმონ მართლმადიდებლებმა, რომ ისინი უმრავლესობაა. ეს არის სწორედ დისკრიმინაცია. გარდა იმისა, რომ მიზანმიმართულად ახდენენ ამ შერჩევას, ისიც კი არ ესმით, რას ნიშნავს რწმენის და რელიგიის თავისუფლება“, – ამბობს ღავთაძე.
მარიამის აზრით, მსგავსი მიდგომა მმართველ პარტიას საკუთარი პოლიტიკის განმტკიცებისთვის სჭირდება და მიაჩნია, რომ ამას დომინანტური ეკლესიისთვის პრივილეგიების მიცემით მოახერხებს. „ამაზე მეტყველებს ტყეების მიცემა საპატრიარქოსთვის პანდემიის პერიოდში და ის პრივილეგიები, რასაც ამ პერიოდში ვხედავდით. ეს ყველაფერი საკმაოდ საგანგაშოა, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ის, რომ დარჩა ხელისუფლებაში, მოახერხა ის, რომ რელიგიის სააგენტო რომლის პრობლემურობაზე ყველა საუბრობს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებიც, მაინც შეინარჩუნა და ალბათ სხვა შემზღუდავ ქმედებებზე გადავა სამომავლოდ“.
რაც შეეხება მრევლის წევრების პირადი მონაცემების მოთხოვნას, მარიამ ღავთაძის თქმით, ეს ძალიან პრობლემური – საბჭოთა უშიშროების მეთოდებია და ახლაც მხოლოდ ძალიან არადემოკრატიულ ქვეყნებში გამოიყენება. „ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას სურს წვდომა ჰქონდეს ადამიანების პერსონალურ მონაცემებზე მათი რელიგიური შეხედულებების მიხედვით და ასე დაახარისხოს ისინი“, – ამბობს ღავთაძე.
ჩვენ შევეცადეთ გაგვეგო, რას ფიქრობდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო პარლამენტის მხრიდან რელიგიური უმცირესობების იგნორირებაზე.
ამ უწყებაში გვითხრეს: „ჩვენ არაფერს არ ვამბობთ, მათ ჰკითხეთ, ვინც არ მიიწვია“.
____
მთავარი ფოტო: მოსაყდრე შიო [შუაში] თანმხლებ პირებთან ერთად
ბათუმში, ჯავახიშვილის N82-ში, ქალაქის მერია ხუთსართულიანი 4 კორპუსის აშენებას გეგმავს. აქედან 1 კორპუსის პროექტი, როგორც მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, უკვე შესყიდულია. 3 კორპუსის პროექტის შესყიდვაზე კი ტენდერი ჯერ არ დასრულებულა.
„სოციალური სახლების“ მშენებლობისთვის საჭირო თანხა ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.
„თუ გამოინახება შესაბამისი ფინანსები, ეკონომიის ხარჯზე, ან სხვა კუთხით, ალბათ შევა ცვლილება ბიუჯეტში და შესაძლოა მშენებლობაც დაიწყოს“, – გვითხრეს სამმართველოში.
კონკრეტულად რა კატეგორიის მოქალაქეებისთვის შენდება ბინები და ხომ არ არის დაგეგმილი მათი გაცემა „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში? – ამ კითხვაზე პასუხად მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის: „მიმდინარე პროცესია, მუშავდება პროგრამა, დაზუსტდება ყველაფერი და შემდეგ გადაწყდება უშუალოდ მშენებლობის საკითხიც“.
ბათუმში, ჯავახიშვილის N82-ში სამი სოციალური სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას მერიას 27 777 ლარად სთავაზობს ამხანაგობა „ბამბლი“.
ტენდერის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე 3 ხუთსართულიანი კორპუსი უნდა დაპროექტდეს – თითოეულ სართულზე 5 ბინა სხვადასხვა ფართობის, ჯამში 75 ბინა.
მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს კორპუსების დაპროექტებაზე ტენდერი 50 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული და ის შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. ტენდერი აუქციონის გარეშე მიმდინარეობს, ამიტომ ჯერ მხოლოდ ის პრეტენდენტი ჩანს, რომელიც ყველაზე დაბალ ფასს ასახელებს.
დოკუმენტების მიხედვით, ამხანაგობა „ბამბლის“ წევრებია: შპს „სითი ართ დეისი“ [რომელიც ბათუმში 2018 წელსაა რეგისტრირებული და მისი მფლობელი და დირექტორია გურამ ლომთათიძე] და შპს „საპროექტო ჯგუფი“ [ეს კომპანია ბათუმში 2020 წლის ნოემბერშია დარეგისტრირებული და მისი მფლობელი და დირექტორია თინათინ კირვალიძე].
ამხანაგობის საერთო კრების ოქმის მიხედვით, „ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ბამბლის“ – ის წევრებმა დაადგინეს: ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილს, კერძოდ: საპროექტო-საინჟინრო სამუშაოებს შეასრულებს „სითი ართ დეისი“, ხოლო ტენდერით
გათვალისწინებულ სხვა დანარჩენ სამუშაოებს შეასრულებს „საპროექტო ჯგუფი“.
—
რაც შეეხება „იაფ სახლს“ – პროგრამის ფარგლებში 4 ხუთსართულიანი სახლია აშენებული, თუმცა ბინების გაცემა ჯერ არ დაწყებულა. პროგრამაში 11 დეკემბერს ქალაქის საკრებულომ ცვლილებები მას შემდეგ შეიტანა, რაც განაცხადების მიღება დასრულებული იყო. ერთ-ერთი ცვლილებით, კომისიის მიერ შერჩეული ოჯახებისათვის ბინების გადაცემა მოხდება შემდეგი წესით:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოვლენილია 19 აფთიაქი, საიდანაც რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.
„გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, ქალაქ თბილისის მასშტაბით გამოვლენილ იქნა ფსიქოტროპული მედიკამენტებით ვაჭრობის ნებართვის არმქონე 19 აფთიაქი, საიდანაც სისტემატურად, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული აფთიაქებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი, რომელთა ნაწილი განთავსებული იყო როგორც დახლებზე, ასევე ობიექტებზე არსებულ სხვადასხვა სამალავში.
საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით“ – აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.
ქრისტიანული სამყაროს უმეტესი ნაწილი 25 დეკემბერს შობას აღნიშნავს. საშობაო მესა გაიმართა ბათუმშიც, ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში. კომენდანტის საათის გამო საშობაო მესა სამი საათით ადრე დაიწყო.
საშობაო მსახურებაქრისტეს შობის სცენა – საშობაო პრეზეპე ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაშისაშობაო ლიტურგია
28 ნოემბრის შემდეგ საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გამონაკლისი იქნება 31 დეკემბერი და 6 იანვარი. მთავრობამ არ გაითვალისწინა არადომინანტური კონფესიების რელიგიური დღესასწაულები. თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენების ნაცვლად, მთავრობამ იმ რელიგიურ უმცირესობებს, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, საშვის სისტემით სარგებლობა შესთავაზა. საშვს მხოლოდ ის ადამიანები მიიღებდნენ, ვის პირად მონაცემებსაც ეკლესია სპეციალურ სამსახურებს გადასცემდა.
კათოლიკურმა ეკლესიამ უარი თქვა მთავრობის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე და საშობაო მსახურება კომენდანტის საათის დაწყებამდე ჩაატარა.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს აჭარის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დამატებით 1 200 000 ლარი გამოუყო. ეს თანხა, როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, საავადმყოფოს [ახალ კლინიკას] სრულყოფილად ფუნქციონირების დასაწყებად სჭირდება.
კერძოდ: 200 ათასი ლარი კოვიდის მართვაში ჩართული პერსონალის სახელფასო დანამატისთვის [პრემიებისთვის], ხოლო 1 მილიონი ლარი ოფისის ხარჯებისთვის [ორი ცალი დიზელ-გენერატორის შესაძენად – 350 ათასი ლარი; ხოლო მედიკამენტების, სახარჯი მასალებისა და სამედიცინო მოწყობილობების შესაძენად – 650 ათასი ლარი.]
დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ ბათუმის ახალი რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო სრულყოფილად და დამოუკიდებლად მუშაობას დაიწყებს 2021 წლის იანვრიდან.
რას ნიშნავს „ახალი რესპუბლიკურის“ დამოუკიდებლად მუშაობა და რა ბედი ელის „ძველ რესპუბლიკურს“? – „ბათუმელები“ სოლომონ ფუტკარაძეს, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს დაუკავშირდა.
„საავადმყოფო ახალ შენობაში რეალურად ფუნქციონირებს ცალკე. უბრალოდ, ახლა მიმდინარეობს ადმინისტრაციული გამიჯვნა, რადგან შენობა ჩაბარდა და ექსპლუატაციაში მივიღეთ; ასევე ავიღეთ ლიცენზიები შესაბამის მიმართულებებში/სერვისებში, რაც აქამდე არ ჰქონდა კლინიკას. ამიტომ, უკვე შესაძლებელია ახალი საავადმყოფო იმართოს დამოუკიდებლად. შევისყიდეთ პროგრამა, მიმდინარეობს სამუშაოების გადანაწილება… ახალი წლიდან გვინდოდა დაწყება, თუმცა, თუ პირველი იანვრიდან ვერა, 10 იანვრამდე მაინც მოვახერხებთ, რომ ახალმა კლინიკამ დაიწყოს დამოუკიდებლად მართვა“, – გვითხრა სოლომონ ფუტკარაძემ.
ახალ კლინიკას უკვე მიენიჭა სტაციონალური დაწესებულების ნებართვა და ნებართვის დანართი საქმიანობაში – რეანიმაცია. ასევე კლინიკამ მიიღო შემდეგი ლიცენზიები:
გადაუდებელი სამედიცინო დახმარება – EMERGNCY II
ქირურგიული პროფილის
დიალიზის
რადიოლოგიური-კომპიუტერულ ტომოგრაფიის კვლევაში
რენტგენოლოგიურ კვლევაში
პარალელურად, კლინიკამ 2020 წლის 18 დეკემბერს მიმართა ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს – საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის თაობაზე.
დირექტორის თქმით, მიუხედავად ამისა, ახალი რესპუბლიკური ჯერჯერობით დარჩება კოვიდცენტრად, „პანდემიის შემდეგ კი, ის სერვისები, რაც ძველ კლინიკაში შემოგვრჩა, თანამშრომლებთან ერთად, გადავა ახალში“.
სოლომონ ფუტკარაძე ამბობს, რომ კოვიდის პარალელურად შეეცადნენ ძველ კლინიკაში შეენარჩუნებინათ არსებული სერვისები: „მოსახლეობას სჭირდება – ქირურგია, თერაპია, ნევროლოგია და ა.შ. მითუმეტეს, როცა ქალაქის საავადმყოფოები კოვიდცენტრებად ან ნახევრად კოვიდცენტრებად [ჰიბრიდულად] გადაიქცა, შემცირდა ამ სერვისების მიწოდება დანარჩენი მოსახლეობისთვის. ჩვენც, როცა მოგვიწია ამ საავადმყოფოს გადაწყობა კოვიდის სამართავად, შეგვიმცირდა სერვისების ნაწილი [მაგალითად, რეანიმაცია] ძველ კლინიკაში, მათ შორის მედპერსონალის დეფიციტის გამოც. ახლა კი, დავიწყეთ ძველ კლინიკაში როგორც რეანიმაციის, ისე სხვა მიმართულებების სერვისების აღდგენა, მედპერსონალის მოძიება [კონკურსსაც ვაცხადებთ, ისეც ვეძებთ, ვშოულობთ და მოგვყავს მედპერსონალი].“
სოლომონ ფუტკარაძის თქმით, ვიდრე ახალი კლინიკა იქნება კოვიდცენტრი, მანამდე ძველი კლინიკა გააგრძელებს ცალკე ფუნქციონირებას ყველა სერვისით, რაც აქამდე ჰქონდა.
დღეს ბათუმის რესპუბლიკურს ორი შპს მართავს:
შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ [ძველს]
შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ [ახალს]
რეესტრის მიხედვით, ორივე შპს-ს მესაკუთრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, ხოლო წილის მმართველი – აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო. ასევე, ამ ორივე კომპანიის დირექტორი სოლომონ ფუტკარაძეა.
„ბათუმი რომ ელოდებოდა ახალ საავადმყოფოს, ის ახალი წლიდან დაიწყებს დამოუკიდებლად მართვას; იქნება ცალკე საავადმყოფო. მოსახლეობისთვის დამაბნეველია ორ შპს. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ არ წაშლილიყო ჩვენი ბრენდი – „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, – ამბობს სოლომონ ფუტკარაძე.
მისივე თქმით, იანვრიდან არ იგეგმება, რომ ამ ორ შპს-ს ორი სხვადასხვა დირექტორი ჰყავდეს. „როცა ძველ საავადმყოფოში არსებული სერვისები გადმოვა ახალში და აქ გააგრძელებს მუშაობას, დაიწყება ძველი საავადმყოფოს [შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“] ლიკვიდაცია“.
ძველი საავადმყოფოს შენობას კი, უფრო ზუსტად მიწის ნაკვეთს [ვინაიდან ეს შენობა უნდა დაინგრეს], შემდგომში აჭარის მთავრობა განკარგავს.
„ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ ფუნქციონირებას ახორციელებს შენობაში, რომელიც, სპეციალისტების განმარტებით, ამორტიზებულია და ექვემდებარება დემონტაჟს, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, მთავრობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რათა ამ საავადმყოფოს კოვიდდთან დაკავშირებული გარკვეული ვალდებულებები, არსებული ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე, დროებით განეხორციელებინა ახალაშენებულ შენობაში“, – აღნიშნულია ერთ-ერთ დოკუმენტში.
სახელმწიფოს დაგეგმილი ჰქონდა, რომ „ახალი რესპუბლიკური“ ა[ა]იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში გაერთიანებულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
სოლომონ ფუტკარაძის თქმით, ბათუმის ახალი კლინიკის აღნიშნულ ჰოლდინგში გაერთიანება ამ ეტაპზე არ განიხილება.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 24 დეკემბრის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ერთჯერად 300-ლარიან დახმარებაზე მომხმარებელთა მიერ უკვე 111 157 განაცხადი დარეგისტრირდა.
განაცხადის რეგისტრაციის ვადა დღეს, 24 დეკემბერს, მთავრდება. წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება კი 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
„პირები, ვისაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა 2020 წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ანაზღაურება აღარ მიუღიათ იმ დამქირავებლისგან, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება, მიიღებენ 300-ლარიან კომპენსაციას.“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
ამავე სამსახურის ინფორმაციით: „შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ
განაცხადს მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას, ასევე, მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები“.
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ბათუმში ბუშტების აქციის შემდეგ დაკავებულების საქმეში ხულიგნობის ნიშნები ვერ დაინახა და ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა. მოსამართლემ პირველ დეკემბერს დაკავებული ოთხი პირის მიმართ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის ნაწილში.
„სასამართლოში პოლიციამ ვერ დაადასტურა აქციის მონაწილეების მხრიდან ხულიგნობის ჩადენა,“ – აღნიშნავს საია-ს იურისტი, ილონა დიასამიძე. ის სასამართლოში ბათუმის საპროტესტო აქციაზე დაკავებულების ინტერესებს იცავს.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა საპროტესტო აქციაზე დაკავებულების წვრილმან ხულიგნობას სასამართლო არ ადასტურებს. აქციის მონაწილეებს პოლიციელები ძირითადად წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლებით აკავებენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ბათუმში პირველ დეკემბერს მას შემდეგ დააკავეს, როცა მათ ბუშტების დამაგრება სცადეს აჭარის მთავრობის სახლის წინ. ბუშტები პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების მთავარი საგანი გახდა. პოლიციელებმა ბუშტები დახეთქეს, ხოლო აქციის მონაწილეები დააკავეს.
დაკავებები 2 დეკემბერსაც გაგრძელდა – ამ დღეს დაკავებული რეზო ხარაზის საქმის განხილვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს არ დაუსრულებია. მას სანახავი აქვს რამდენიმე ვიდეომტკიცებულება, რომელიც დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა.
3 დეკემბრიდან ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, აქციის მონაწილეებმა ბუშტები პოლიციელების ხელშეშლის გარეშე განათავსეს და ნაძვის ხეც დადგეს. აქ საპროტესტო აქცია 3 ნოემბრიდან ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეები ხელახლა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება აბონენტთა ნაწილს შემდეგ ქუჩებსა და სოფლებში:
ბათუმში – 12:00-დან 17:00 საათამდე შემდეგ ქუჩებს: ლ. ასათიანის, მ. აბაშიძის, ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. ასევე ზღვისპირა პარკის ტერიტორიას.
ხელვაჩაურში – 12:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში, მონაცვლეობით – ურეხის, კახაბრის, მახვილაურის, შარაბიძეებისა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებების ნაწილს. ასევე სოფლებს: ინჯალოსა და ზანაქიძეებს.
ქობულეთში – 11:00-დან 18:00 საათამდე დ. აღმაშენებლის ქუჩის ნაწილს. ასევე სოფელ კვირიკეს.
შუახევში – 12:30-დან 15:00 საათამდე სოფლებს: ბუთურაულს, ფურტიოსა და ნიგაზეულს.
ხულოში – 12:30-დან 15:00 საათამდე სოფლებს: თხილვანას, ფაჩხას, ყინჩაურს, კალოთასა და მიმდებარე სოფლებს.
მიმდინარე წლის 20 დეკემბერს ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრისა“ და რუმინულ კონსტანცას „საზღვაო უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო და გძელვადიანი ურთიერთობის დამყარებას.
მემორანდუმის მიზანია საუნივერსიტეტო/საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობა, საერთო საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა და იმპლიმენტაცია, ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა, უნივერსიტეტების პერსონალისა და სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიების გატარების გზით, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობა და ასევე, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და იმპლემენტაცია.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბუსსს „ანრის“ რექტორმა რუსლან დიასამიძემ და კონსტანცას საზღვაო უნივერსიტეტის რექტორმა ვიოლეტა-ვალი ჩუკურმა.
ორი მასწავლებელი საქართველოდან, მარინე ფორჩხიძე და ირმა კურტანიძე საერთაშორისო კონკურსის Global Teacher Award 2020-ის გამარჯვებულები არიან.
მასწავლებლის საერთაშორისო კონკურსი Global Teacher prize-სგან იმით განსხვავდება, რომ სამეტაპიანია და მხოლოდ ერთი ფინალისტი არ ჰყავს. კონკურსის ორგანიზატორი ქვეყანა ინდოეთია.
„ბათუმელები“ ერთ-ერთ გამარჯვებულს, მარინე ფორჩხიძეს ესაუბრა, ის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2020 წლის ათეულის ფინალისტიცაა. მარინე ზესტაფონის მე-7 საჯარო და სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელია. როგორც მარინე გვეუბნება, კონკურსში მონაწილე მასწავლებელმა უნდა წარადგინოს ისეთი საერთაშორისო პროექტები, რომელიც კონკრეტული პრობლემის გადაჭრას ემსახურება.
„მე რამდენიმე პროექტი მქონდა წარდგენილი, ერთ-ერთი იყო გარემოს დაცვაზეც, ასევე წარვადგინე პროექტი, რომელშიც უცხოელი მოხალისე მასწავლებლებიც მყავს ჩართული.
ივნისში გავხსენი პლატფორმა, სადაც უფასოდ ვამეცადინებთ 300-ზე მეტ ბავშვს. ყველა საგნის მასწავლებელი მონაწილეობს ამ პროექტში და ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, არა მარტო სასკოლო საგნებში იმეცადინონ, დამატებით კლუბებშიც მიიღონ მონაწილეობა.
გვაქვს დრამის კლუბი, მხატვრული კითხვის, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ვასწავლით, ოღონდ ისე, რომ ბავშვებმა სხვადასხვა ონლაინპლატფორმის გამოყენება შეძლონ. უცხოელი მასწავლებლები კი ბავშვებს ენაში ამეცადინებენ“, – გვითხრა მარინე ფორჩხიძემ.
მისი თქმით, პროექტში აფხაზი, ასევე ობოლი და მიუსაფარი ბავშვებიც არიან ჩართული. მასწავლებლის თქმით, ბავშვები პროექტში საკუთარი კომპიუტერებით ერთვებიან.
მასწავლებლის გლობალურ კონკურსში წელს 180-მდე ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველოდან დაახლოებით 400-მდე პედაგოგი იყო რეგისტრირებული, მათგან ორმა გაიმარჯვა.
„ფინალში ყველა წელს განსხვავებული რაოდენობა გადადის, ზოგჯერ 50 გამარჯვებული ჰყავთ, ზოგჯერ 70 და ასე შემდეგ, გააჩნია, რამდენი განაცხადია შესული. ფინალისტები ფულად ჯილდოს არ იღებენ, მხოლოდ სერტიფიკატი გადაეცემათ და ასევე ძალიან მნიშვნელოვან ტრენინგში იღებენ მონაწილეობას, რომელიც ძალიან ნაყოფიერია“, – გვეუბნება მარინე.
როგორი გამოცდილება აქვთ თქვენს კოლეგებს უცხო ქვეყნებში, რა გამოწვევებზე საუბრობენ ისინი და სად ვართ ჩვენ ონლაინპლატფორმების სწავლების თვალსაზრისით? – ვკითხეთ გამარჯვებულ პედაგოგს, რაზეც მარინე ფორჩხიძემ გვიპასუხა:
„გულწრფელად გეტყვით, როცა მეგონა, რომ ძალიან მაგარი მასწავლებელი ვარ და რა კარგად ვფლობ უცხო პლატფორმებს-მეთქი, ასე არ ყოფილა. ეს აღმოვაჩინე მაშინ, როცა საერთაშორისო კონკურსებში დავიწყე მონაწილეობა. ჩვენი უცხოელი კოლეგები ისეთ პრეზენტაციებს აკეთებენ და ისე საუბრობენ, ისე ჰყავთ ბავშვებიც გაწაფული, რომ ჩვენ ბევრ ისეთ ქვეყანასაც კი ვერ შევედრებით, რომელიც განვითარებით ჩვენზე ნაკლები გვგონია.
წარმოიდგინეთ, ბავშვები ონლაინჟურნალებს, გაზეთებს უშვებენ, ათასნაირ პროექტს აკეთებენ, ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ განვითარების ამ ეტაპზე მივიდეთ. მართლა არ არის საკმარისი სკოლაში შეხვიდე, საგანი ასწავლო და გამოხვიდე, 21-ე საუკუნის ბავშვი უნდა გამოზარდო და ბევრს ასეთი ბავშვი ჰყავთ გამოზრდილი. მოსწავლეები ისე არიან გაწვრთნილი, რომ ყველა სიტუაციას უღებენ ალღოს“, – ამბობს მარინე.
პედაგოგის აზრით, პანდემიამ გვაჩვენა, რომ ქართველი მასწავლებლები და მოსწავლეები არა მარტო მზად არ იყვნენ ონლაინპლატფორმების გამოყენებისთვის, ონლაინრესურსების სერიოზული პრობლემაც შეიქმნა. „არც იმის გამოცდილება გვქონდა, როგორ გამოგვეყენებინა ეს პლატფორმები“, – ამბობს მარინე.
მისი აზრით, ქართველი მასწავლებლები სიახლეებს ადვილად ითვისებენ, თუმცა გამოცდილება აკლიათ.
ირმა კურტანიძე
Global Teacher Award 2020-ის მეორე გამარჯვებული პედაგოგი ირმა კურტანიძე გორის მე-9 საჯარო სკოლაში მუშაობს, ის რუსული ენის მასწავლებელია.
ყოველწლიურად საქართველოში ათობით ბავშვი, მოზარდი და ზრდასრული ზიანდება საახალწლო პიროტექნიკისგან.
მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნისთვის პიროტექნიკური ნაწარმის მიყიდვა საქართველოში 2018 წლიდან დასჯადია, პიროტექნიკა, ე.წ. „ასაფეთქებლები“ და „ბომბაჩკები“ ბავშვებისთვის რომ კვლავ ხელმისაწვდომია, ამაში ქუჩაში გავლისასაც იოლად დარწმუნდებით.
15 დეკემბერს ბათუმში სატვირთო ავტომანქანას ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, როცა, თვითმხილველების თქმით, ბავშვებმა სატვირთო ავტომანქანის ქვეშ „ბომბაჩკები“ შეაგდეს. ამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა არის შემთხვევები, როცა პიროტქნიკის გამო ადამიანების ჯანმრთელობა ზიანდება.
გასულ ახალ წელს, 2019 წლის 31 დეკემბრიდან 2020 წლის პირველი იანვრის ჩათვლით საქართველოში პიროტექნიკით 81 ადამიანი დაზიანდა, მათგან 51 პირს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა – ეს ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან მოგვაწოდეს.
ბოლო წლების განმავლობაში „ბათუმელებმა“ არაერთი შემთხვევა გააშუქა, როცა საახალწლო პიროტექნიკის გამოყენების გამო ბავშვები დაშავდნენ.
საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით პიროტექნიკის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა დასჯადია. ის, ვინც არასრულწლოვანს პიროტექნიკას მიჰყიდის 100 [ფიზიკური პირის შემთხვევაში] ან 200 ლარით [იურიდიული პირის შემთხვევაში] ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში 3 მილიონ 400 ათას 700 დოლარის პიროტექნიკაა შემოტანილი. მათ შორის: ფეიერვერკები, სასიგნალო რაკეტები, წვიმის რაკეტები, ნისლსაწინააღმდეგო სიგნალები და სხვა პიროტექნიკური ნაწარმი.
გასულ, 2019 წელთან შედარებით, პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი წელს საქართველოში განახევრებულია. გასულ წელს საქართველოში 6 მილიონ 305 ათას 400 დოლარის პიროტექნიკა და ფეიერვერკები იქნა შემოტანილი.
„ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია ხოფის ბაზრობის ადმინისტრაციასთან და იქ მომუშავე მოქალაქეებთან… იქ ახლა მუშაობენ სპეციალისტები, რამდენად დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს ეს ობიექტი,“ – უთხრა ჟურნალისტებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯაბა ფუტკარაძემ ხოფის ბაზრობასთან დაკავშირებით, რომლის მოვაჭრეებმაც დღეს, 24 დეკემბერს, საპროტესტო აქცია გამართეს.
ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრის გახსნას ითხოვენ. დღეს არსებული რეგულაციებით შეზღუდვა ამ ტიპის სავაჭრო ობიექტებზე ძალაში დარჩა და ხოფის ბაზრობა ვერ გაიხსნა.
აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ სხვადასხვა უწყება სწავლობს, რამდენად არის შესაძლებელი ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება ისე, რომ პრობლემა არ შეიქმნას. მინისტრი დაზუსტებით ვერ ამბობს, რა შემთხვევაში შეიძლება გაიხსნას ხოფის ბაზრობა.
„ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ის გამოწვევა, რაც გვაქვს რეგიონში, მაქსიმალურად აღმოვფხვრათ, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რაც გაცემულია შესაბამისი ეპიდემიოლოგების მიერ. ამის ფარგლებში, თუ რამდენად შესაძლებელია ამ რეკომენდაციების გათვალისწინება – ფუნქციონირება იქნება ეს, თუ სხვა ტიპის კომერციული საქმიანობა, რა თქმა უნდა, განხორციელდება იმ რეკომენდაციების დაცვით, რაც არის გაცემული… ერთია, რეკომენდაციების დაცვა და აგრეთვე თუ შესაბამის სამართლებრივ საფუძველზე ჭრილში ჩაჯდება, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, ეკონომიკური გუნდის და არა მხოლოდ, რომ ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას რეკომენდაციების გათვალისწინებით მიეცეს საშუალება მუშაობის,“ – აღნიშნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯაბა ფუტკარაძემ.
არაფერ შუაშია, მაგრამ ხვნა-თესვა ადამიანის უფლებების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავარ თემად იქცა. დღეს, 24 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს, თორნიკე რიჟვაძეს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ამ ორი კომიტეტის წევრებს თორნიკე რიჟვაძე ცალკე შეხვდა.
ხვნა-თესვაზე ყურადღება ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ გაამახვილა. არაერთი უფლებრივი პრობლემის არსებობის მიუხედავად, მას კითხვა საერთოდ არ ჰქონდა. უფლებებზე აქცენტის ნაცვლად, ცოტნე ანანიძემ ხვნა-თესვაზე არჩია მთავრობის შექება და ერთპარტიულ უმაღლეს საბჭოში საბჭოთა ტერმინის გამოყენებასაც არ მოერიდა: “რეკორდული ათვისება”.
ხვნა-თესვაზე ისაუბრა თორნიკე რიჟვაძემაც. “მომავალ წელსაც გვექნება და უკვე პროგრამული ხასიათი მიიღო ხვნა-თესვის დაფინანსებამ” – თქვა მან.
კითხვა არა, მაგრამ უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზოგადად შეეხო იმასაც, რომ შშმ პირებს გამოწვევები აქვთ, ხოლო პანდემიის პირობებში სესხების პრობლემა გააქტიურდა და “მეტი ინფორმირებულობაა საჭირო”.
“ყველა სკოლა, რომელიც შენდება, ადაპტირებულია,” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. კონკრეტულად როგორ მოგვარდება პრობლემური სესხი, ან რა შეიცვლება შშმ პირებისთვის, სხდომაზე არ უსაუბრიათ.
თორნიკე რიჟვაძესთან კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა ლადო მგალობლიშვილს. ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა. დეპუტატის აზრით, ააიპ-ების ხელმძღვანელებს უკონკურსოდ არ უნდა ნიშნავდნენ მინისტრები.
“მაგალითად, აჭარის სახელმწიფო ცეკვის ანსამბლის დირექტორი ინიშნება თქვენივე უფლებამოსილების ვადით,” – თქვა ლადო მგალობლიშვილმა და განმარტა, რომ ამ საკითხს ააქტიურებს, რადგან “მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარეს აქვს ამ კუთხით ინიციატივის უფლება,”- დასძინა მან.
“მზად ვართ ამ საკითხზე ვიმსჯელოთ დეტალურად,” – მოკლე რეპლიკით შემოიფარგლა თორნიკე რიჟვაძე.
რადგან ორი კომიტეტის დეპუტატებს მოსაზრებებიც აღარ დარჩათ, თორნიკე რიჟვაძემ თავისი ინიციატივით “ოცნების ქალაქზე” არჩია ელაპარაკა ერთი-ორი წუთი.
“იქ ყველა ოჯახს საცხოვრისის პრობლემა მოუგვარდა,” – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.
“რა დამრჩენია, წარმატება უნდა გისურვოთ,” – დაასრულა სხდომა ლადო მგალობლიშვილმა და თორნიკე რიჟვაძეს გახედა.