განათლება,მთავარი,სიახლეები

მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები იმ სტუდენტების მხარდასაჭერად, რომელთაც სტატუსი შეუჩერდათ | EMC

25.12.2020
მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები იმ სტუდენტების მხარდასაჭერად, რომელთაც სტატუსი შეუჩერდათ | EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შექმნილი კრიზისის გამო სტუდენტების ნაწილი ვერ ახერხებს სწავლის გადასახადის დაფარვას და მოუწოდებს განათლების სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას მიიღოს ყველა ზომა უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

„პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, მათ შორის სტუდენტმა და მათმა ოჯახის წევრებმა, ხელფასი ან შემოსავალი დაკარგეს. სტუდენტების დიდი ნაწილი, როგორც წესი, მომსახურების სექტორში დაბალანაზღაურებად პოზიციებზეა დასაქმებული, რის გამოც, მათ უმრავლესობას დანაზოგი არ აქვს.

ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდება ინფორმაცია სტუდენტების მიერ ორგანიზებული პროცესის შესახებ, რომლებიც სწავლის გადასახადის გადავადებას ან შემცირებას ითხოვენ. შეიქმნა სტუდენტების პეტიცია, საფასურის განახევრებისა და სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენის შესახებ. კიდევ ერთ პეტიციაში აღნიშნულია, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა პანდემიის პირობებში, რამდენადაც ფინანსური კრიზისის გამო ახალგაზრდები და მათი ოჯახები ვეღარ ფარავენ სწავლის გადასახადს და სტუდენტები იძულებული არიან უარი თქვან განათლებაზე.

…პანდემიასთან და ონლაინ სწავლასთან დაკავშირებულ ზოგად, ფართოდ გავრცელებულ სტრესს, დაბალშემოსავლიანი სტუდენტების შემთხვევაში, ფინანსური პრობლემებით გამოწვეული სტრესიც ემატება, რაც მათ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და განათლების სამინისტროს:

შეისწავლოს სტუდენტების მიერ სტატუსის შეჩერების მიზეზები და უმაღლესი განათლების თანაბარი მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები იმ სტუდენტების სათანადო მხარდაჭერისათვის, რომლებიც ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ სწავლის გადასახადის დაფარვას;

სიღრმისეულად შეისწავლოს სტუდენტების საჭიროებები, შექმნილი კრიზისის ზეგავლენის ხასიათი და მასშტაბი სტუდენტების სხვადასხვა ჯგუფებზე და შეიმუშავოს გრძელვადიანი პოლიტიკა უმაღლესი განათლების სისტემაში პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესამცირებლად და თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად“ – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

ბსუ-ს სტუდენტები სწავლის საფასურის შემცირებას ითხოვენ – პეტიცია

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: