განათლება,მთავარი,რეკლამა,სიახლეები

„მინდა განათლების ხელმისაწვდომობაში ჩემი წვლილი შევიტანო“ – ინგლისურის მასწავლებელი

25.12.2020 • 2018
„მინდა განათლების ხელმისაწვდომობაში ჩემი წვლილი შევიტანო“ – ინგლისურის მასწავლებელი

ხატია ხიმშიაშვილი ინგლისური ენისა და ლიტერატურის 24 წლის მასწავლებელია. ენას ის კავკასიის ბიზნესსკოლაში ასწავლის. ამბობს, რომ აკეთებს საქმეს, რაზეც ბავშვობაში ოცნებობდა.

„აქტიური ბავშვობა და საინტერესო ამბებით დატვირთული დღეები – ეს იყო ჩემი ნატვრა. სკოლა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულში დავამთავრე.

მაღალმთიან აჭარაში, სამწუხაროდ, ბავშვებს არ მიუწვდებათ ხელი სრულფასოვან სასკოლო განათლებაზე. მათ ხშირად შინ არ აქვთ კომპიუტერი და სმარტფონიც კი. შუქი უწყვეტად ბევრ სოფელს არ მიეწოდება, ბევრგან პრობლემაა ინტერნეტიც. ონლაინსწავლების პირობებში ეს ხარვეზები ძალიან მოქმედებს ბავშვების განათლების ხარისხზე, შედეგებზე.

ახლა, როცა თავად ვარ მასწავლებელი და ვხედავ რა აქტიურადაა ჩართული სკოლა ბავშვების ცხოვრებაში, ვგრძნობ რაც აკლიათ მთაში ბავშვებს. მინდა ყველა ბავშვს ჰქონდეს აქტიურ და შემეცნებით სასწავლო პროცესში ჩართვის შესაძლებლობა“ – ამბობს ხატია ხიმშიაშვილი.

ხატია ხიმშიაშვილი

ხატია ხიმშიაშვილი

უცხო ენა ხატიამ შუახევის სოფელ ნიგაზეულის სკოლაში ისწავლა. სოფელში ინგლისური ენის რამდენიმე კარგი მასწავლებელი იყო მივლენილი პროგრამით ,,ისწავლე და ასწავლე საქართველოში”. ხატია ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან მათგან ბევრი რამ ისწავლა და მასწავლებელთან გაკვეთილების შემდეგაც დამატებით დადიოდა ინგლისურის გაკვეთილებზე.

ნიგაზეული აჭარის ისტორიული სოფელია. ზაფხულობით აქაურობას უცხოელი ტურისტები სტუმრობენ. ხატია გვიყვება, რომ ამას ის შესაძლებლობად აღიქვამდა, აჩვენებდა სხვადასხვა ადგილს ტურისტებს, უყვებოდა სოფლის შესახებ და მერე მათთან კონტაქტს არ წყვეტდა. ხატიას თქმით, ენობრივი ბარიერი მან სწორედ ტურისტებთან ურთიერთობით დაძლია.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხატიამ წელს დაამთავრა. მისი სწავლება ოთხწლიან საბაკალავრო საფეხურზე სრულად დააფინანსა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ – კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის შედეგად.

ხატიას მსგავსად კომპანიამ 5 წლის მანძილზე ჯამში 23 სტუდენტის სწავლება დააფინანსა საბაკალავრო საფეხურზე.

სტუდენტები გარკვეული კრიტერიუმებით შეირჩნენ. დაფინანსდა მაღალმთიანი აჭარიდან იმ სტუდენტების სწავლება, ვინც ყველა საგანში ყოველი სემესტრის ბოლოს მიიღებდა 71 და მეტ ქულას. 23 სტუდენტი მაღალმთიანი აჭარიდან სწორედ ასეთი აღმოჩნდა.

ხატია ხიმშიაშვილი, აჭარისწყალი ჯორჯიას სტიპენდიანტი

ხატია ხიმშიაშვილი, აჭარისწყალი ჯორჯიას სტიპენდიანტი

ხატია განათლების მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე გეგმავს უცხოეთში სწავლის გაგრძელებას, თუმცა პანდემიამ მისი გეგმები მომავლისთვის გადადო.

„საუნივერსიტეტო სწავლება არ ნიშნავს განათლების პროცესის დასრულებას. მუდმივი პროფესიული განვითარებაა საჭირო. ვფიქრობ, სამომავლოდ შევძლებ ვასწავლო ინგლისური ენა აჭარის მაღალმთიანეთში ბავშვებს, მინდა განათლების ხელმისაწვდომობაში ჩემი წვლილი შევიტანო.

უცხო ენის სწავლისას უმნიშვნელოვანესია კომუნიკაცია, აქტივობები, ახალი მიდგომების გამოყენება. პირობითად, სტიმულის მომცემი იქნებოდა თითოეულ მუნიციპალიტეტში უცხო ენის კუთხე, ბათუმში არსებული „ამერიკული კუთხის“ მსგავსად, სადაც ბავშვები, ახალგაზრდები შეძლებდნენ სხვადასხვა რესურსით სარგებლობას, პროექტებში ჩართვას.

ენის კარგად ცოდნა რეგიონში ტურიზმის განვითარების საწინდარია, რისი უდიდესი პოტენციალიც აჭარას აქვს.

სოციალურად შეჭირვებული ხალხი ცხოვრობს მთაში. ოჯახებს ძირითადი სარჩო სოფლის მეურნეობისგან აქვთ, რაც არ არის საკმარისი განათლების მისაღებად, სხვაგვარად განვითარებისთვის. საბედნიეროდ მე გამიმართლა და მომეცა საშუალება მესწავლა ის, რაც მინდოდა, მინდა ეს შესაძლებლობა ჰქონდეს ყველას“ – ამბობს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სტიპენდიატი.

____

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: