მთავარი,სიახლეები

კორონავირუსის ახალი შტამი – რა ვიცით მასზე?

21.12.2020 • 1283
კორონავირუსის ახალი შტამი – რა ვიცით მასზე?

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის გამოჩენა ბევრს აშფოთებს. არაერთმა ქვეყანამ შეწყვიტა ავიამიმოსვლა დიდ ბრიტანეთთან.

ახალ შტამზე აქვეყნებს „ბიბისი“ სტატიას, რომელშიც ავტორი თავს უყრის ყველა გავრცელებულ ცნობას კორონავირუსის ახალი, „ბრიტანული“ შტამის შესახებ.

  • რატომ იწვევს შეშფოთებას კორონავირუსის ახალი შტამი?

ამ შეშფოთების საფუძველი სამი ფაქტორია: კორონავირუსის ახალი შტამი სწრაფად ანაცვლებს აქამდე არსებულ შტამებს;  მუტაცია ხდება ვირუსის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ნაწილებში; რამდენიმე მუტაციამ ლაბორატორიულ პირობებში უკვე აჩვენა ვირუსის უჯრედებში შეღწევის გაზრდილი უნარი.

ეს ყველაფერი ერთად მიუთითებს იმაზე, რომ კორონავირუსის ახალ შტამს შეუძლია უფრო სწრაფად გავრცელება, თუმცა ეს საბოლოოდ არ არის დადასტურებული.

  • რამდენად სწრაფად ვრცელდება ახალი შტამის კორონავირუსი?

პირველად ეს შტამი დიდ ბრიტანეთში სექტემბერში გამოვლინდა. „ბიბისი“ წერს, რომ უკვე ნოემბერში ლონდონში კოვიდით ინფიცირებულთა 25 პროცენტს სწორედ ეს შტამი ჰქონდა, დეკემბერში კი ამ მაჩვენებელმა 65 პროცენტს მიაღწია.

მათემატიკოსები ცდილობენ გამოთვალონ კორონავირუსის სხვა შტამების მოქმედება, რომ გასაგები გახდეს, რამდენად აგრესიული შეიძლება იყოს ახალი შტამის კორონავირუსი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვირუსის, არამედ ადამიანების მოქმედებაც ვირუსისგან თავის დასაცავად.

  • საიდან გამოჩნდა ახალი შტამის კორონავირუსი?

დღეს მიიჩნევენ, რომ ახალი შტამის კორონავირუსი განუვითარდა პაციენტს დიდ ბრიტანეთში ან შეტანილი იქნა სხვა ქვეყნიდან. ახალი შტამის კორონავირუსი ახლა მთელს დიდ ბრიტანეთში ფიქსირდება, ჩრდილოეთ ირლანდიის გარდა.

ერთი ვერსიის თანახმად, შესაძლოა ახალი შტამი განუვითარდა პაციენტს, რომლის დასუსტებულმა იმუნურმა სისტემამ ვერ შეძლო ვირუსის დაძლევა და პაციენტის ორგანიზმი გახდა ხელსაყრელი გარემო ვირუსის მუტაციისთვის.

კორონავირუსის ახალი შტამი უკვე გამოჩნდა დანიაში, ავსტრალიასა და ნიდერლანდებში. ვარაუდობენ,რომ ამ ქვეყნებში ახალი შტამი დიდი ბრიტანეთიდან შეიტანეს.

  • მომხდარა თუ არა კორონავირუსის მუტაცია აქამდე? 

კორონავირუსის მუტაცია ახალი არ არის. კორონავირუსი, რომელიც ჩინეთში, ქალაქ უჰანში გამოჩნდა, ის აღარ არის, რაც ახლა მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაშია გავრცელებული.

კორონავირუსის მუტირებული შტამი D614G, რომელიც თებერვალში გამოჩნდა ევროპაში, მთელს მსოფლიოში გავრცელდა. მეორე შტამი – A222V კი ზაფხულში ესპანეთიდან გავრცელდა ევროპაში.

  • გაიზარდა თუ არა ახალი შტამის პირობებში გარდაცვალების შემთხვევები?

ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ახალი შტამით უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა იმ გარემოებამ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, შეიძლება საავადმყოფოებში საწოლების დეფიციტი შექმნას.

  • იქნება თუ არა ეფექტური ახალი შტამის წინააღმდეგ კორონავირუსის ვაქცინა? 

თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კი, ყოველ შემთხვევაში – უახლოეს მომავალში.

ვაქცინა იწვევს იმუნურ პასუხს კორონავირუსის ცილაზე და იმუნურ სისტემას განაწყობენ ვირუსის სხვადასხვა შემადგენელზე თავდასხმისთვის. ეს ნიშნავს, რომ მუტაციის მიუხედავად, ვაქცინა კვლავინდებურად ეფექტური იქნება.

ვაქცინა არაეფექტური შეიძლება გახდეს იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი მუტაციას გააგრძელებს. მაშინ ყოველ წელს საჭირო გახდება ვაქცინის განახლება კონკრეტული შტამების წინააღმდეგ, როგორც ეს ხდება გრიპის ვაქცინის შემთხვევაში.

__________________

მომზადებულია BBC-ზე დაყრდნობით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: