მთავარი,რეკლამა,სიახლეები

პროექტისთვის „შენი იდეა ბათუმს“ 2021 წლის ბიუჯეტიდან 459 470 ლარი დამტკიცდა

25.12.2020 • 1949
პროექტისთვის „შენი იდეა ბათუმს“ 2021 წლის ბიუჯეტიდან 459 470 ლარი დამტკიცდა

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რაც 151 მილიონი ლარით განისაზღვრა.

2021 წლის ბათუმის ბიუჯეტში 459 470 ლარია გათვალისწინებული პროექტისთვის „შენი იდეა ბათუმს“. ამ რესურსით 2021 წელს  გამარჯვებული შემდეგი 8 იდეა უნდა დაფინანსდეს და რეალობად იქცეს:

[checklist]

  • ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ბაფიტი
  • “ბათუმი-ველოქალაქი”
  • მობილური კინოთეატრი
  • ქუჩის კალათბურთის მოედანი
  • ფერადი ეზოები ბავშვებს
  • ბათუმის ინკლუზიური თეატრალური დასი
  • ბათუმის ღია თეატრალური ფესტივალი
  • ორგანული ნარჩენების კომპოსტირება

[/checklist]

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 2019 წლის ამავე პროექტში გამარჯვებული იდეის „ნატვრის ხის“  და 2020 წლის გამარჯვებული 2 იდეის: „ქუჩის კალათბურთის“ და „ჭიდაობის მოედნის“  განხორციელება, ამ პროექტების რეალიზება კოვიდ19-ის პანდემიის გამო შეფერხდა.

თუმცა ბათუმის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ნაკაიძე მიიჩნევს, რომ ამ შეფერხებამ უბრალოდ დროში გაწელა პროცესი და პროექტების განხორციელება 2021 წელს დაბრკოლებების გარეშეა შესაძლებელი.

„მეორე წელია ხორციელდება პროექტი ,,შენი იდეა ბათუმს“ და დასაწყისისთვის ყველაფერი კარგად მიდის, შრომაც ბევრია საჭირო, მაგრამ სხვაგვარად არ გამოდის, სამომავლოდ ყოველწლიურად ველით პროექტში ჩართული ადამიანების რაოდენობის ზრდას, დაინტერესება აუცილებლად გაიზრდება.

არ მგონია ისეთი ხელისუფლება მოვიდეს ბათუმში ოდესმე, რომ პროექტს ,,შენი იდეა ბათუმს“ მხარი არ დაუჭიროს,“ – ამბობს ზურაბ ნაკაიძე.

ზურაბ ნაკაიძე – ბათუმის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

2021 წლისთვის პროექტში „შენი იდეა ბათუმს“ ხმის მიცემის ეტაპზე გადავიდა 20 იდეა. ხმის მიცემა 1-31 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა ვებგვერდზე www.idea.batumi.ge.  ხმის მიცემის პროცესში ჩაერთო 2547 მოქალაქე, ხოლო 20-მა იდეამ ჯამში 5169 ხმა დააგროვა. გამარჯვებული იდეები განისაზღვრა ხმათა რაოდენობით, პროექტისთვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტის, 500,000 ლარის გათვალისწინებით.

მოწვეული ექსპერტის, ლიზი სოფრომაძის თქმით ,,შენი იდეა ბათუმს“ საინტერესო და რთულად განსახორციელებელი პროექტია, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ექსპერტის შეფასებით ეს არის პროექტი, რომლის წარმატებასაც თანაბრად განსაზღვრავს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და მუნიციპალიტეტის ძალისხმევა:

„ახლა გავდივართ შეფასების პროცესს: რამ იმუშავა და რამ არა. ერთი რამ კი ცხადია: თანაბარი მობილიზებაა საჭირო: ქალაქის მცხოვრებლების და მუნიციპალიტეტის.

პროექტი სხვადასხვა მუნიციპალური სტრუქტურული ერთეულის აქტიურ ჩართულობას მოითხოვს, საკმაოდ მრავალმხრივ ჩართულობას, რაც წინასწარ შეიძლება ვერც გათვალო.

,შენი იდეა ბათუმს“ უამრავი პატარა დეტალისგან შედგება, რასაც ტოტალური შრომა სჭირდება რეალიზების პროცესში. აუცილებელია ასევე გაიაზროს საზოგადოებამ, ქალაქის მცხოვრებლებმა, რომ არსებობს რაღაც ტიპის ინიციატივები, რასაც შეიძლება ვიჩენდეთ საკუთარი ქალაქის, გარემოს შესაცვლელად და არ ვიყოთ ორიეტირებული პირად სარგებელზე. მნიშვნელოვანია დავინახოთ ჩვენ მიერ გაღებული ძალისხმევის, დახარჯული დროისა და ენერგიის როლი და მნიშვნელობა – როცა საქმე საზოგადო სიკეთის შექმნას ეხება.

პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. სასურველი იქნება უფრო ადრე დაიწყოს პროექტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ყოველწლიურად, პრაქტიკამ ეს დაგვანახა. დროთა განმავლობაში შეიძლება გადაიხედოს პროექტის პროცედურები და დაგეგმარებითი სამუშაოები.“ – ამბობს ლიზი სოფრომაძე.

ლიზი სოფრომაძე – თვითმმართველობის ექსპერტი

სალომე ცეცხლაძე ბათუმელი აქტივისტია, ის პროექტში დაწყების მომენტიდანაა ჩართული როგორც ხმის მიმცემის პროცესში, ასევე ერთერთი იდეის თანაავტორიცაა . სალომე ამბობს, რომ მის ირგვლივ ბევრი ადამიანია, ვისაც საინტერესო იდეები აქვს ქალაქისთვის, მაგრამ ვერ ახერხებს საჭირო რესურსის არარსებობის გამო იდეის დარეგისტრირებას ან ხმის მიცემას ელექტრონულად.

„ვფიქრობ პროექტის ,,შენი იდეა ბათუმს“ ბიუჯეტი არასაკმარისია და უნდა გაიზარდოს მომავალში. გამარჯვებული იდეები ხმათა უმრავლესობით ვლინდება, თუმცა არის იდეები, რომლებიც ვერ იღებენ ხმათა საკმარის რაოდენობას, მაგრამ ძალიან სასარგებლო იქნებოდა მათი განხორციელება რეალურად ქალაქისთვის“.

,,შენი იდეა ბათუმს“ კარგი პროექტია მერიის თანამონაწილეობით და უნდა გაგრძელდეს, თუმცა ეს ვერ გადაფარავს იმ პრობლემას, რომ კულტურულ მემკვიდრეობას სახელისუფლებო რგოლები ვანდალურად ექცევა და ეს პროცესი არ ჩერდება, ეს არის ბათუმის ყველაზე მთავარი და მტკივნეული საკითხი  ჩემთვის,“ – ამბობს სალომე ცეცხლაძე.

სალომე ცეცხლაძე. აქტივისტი.

პროექტი ,,შენი იდეა ბათუმს“ ქალაქში რეგისტრირებული საქართველოს იმ მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც  ქალაქში რაიმეს შეცვლა, სიახლეების დანერგვა და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ.

მიმდინარეობს პროექტის „შენი იდეა ბათუმს“ 2020 წლის ციკლის შეფასება, რაც მოქალაქეების დამოკიდებულებების კვლევას მოიაზრებს. მოქალაქეებს  შეუძლიათ ჩაერთონ კვლევა-შეფასების პროცესში და სპეციალურად შექმნილი კითხვარის საშუალებით დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები. კითხვარის შევსება  ბმულის საშუალებითაა შესაძლებელი https://bit.ly/3nLhFLG

„შენი იდეა ბათუმს“ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტია, რომელიც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ქალაქის ბიუჯეტის მართვაში და გადაწყვიტონ რაში უნდა დაიხარჯოს მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.


პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ ახორციელებს  ბათუმის მერია და  ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო. მხარდამჭერები: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/Georgia დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა GGI Georgia.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: