ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როდის ააშენებს ბათუმის მერია 4 სოციალურ სახლს ჯავახიშვილის ქუჩაზე

25.12.2020
როდის ააშენებს ბათუმის მერია 4 სოციალურ სახლს ჯავახიშვილის ქუჩაზე

ბათუმში, ჯავახიშვილის N82-ში, ქალაქის მერია ხუთსართულიანი 4 კორპუსის აშენებას გეგმავს. აქედან 1 კორპუსის პროექტი, როგორც მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, უკვე შესყიდულია. 3 კორპუსის პროექტის შესყიდვაზე კი ტენდერი ჯერ არ დასრულებულა.

„სოციალური სახლების“ მშენებლობისთვის საჭირო თანხა ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.

„თუ გამოინახება შესაბამისი ფინანსები, ეკონომიის ხარჯზე, ან სხვა კუთხით, ალბათ შევა ცვლილება ბიუჯეტში და შესაძლოა მშენებლობაც დაიწყოს“, – გვითხრეს სამმართველოში.

კონკრეტულად რა კატეგორიის მოქალაქეებისთვის შენდება ბინები და ხომ არ არის დაგეგმილი მათი გაცემა „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში? – ამ კითხვაზე პასუხად მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის: „მიმდინარე პროცესია, მუშავდება პროგრამა, დაზუსტდება ყველაფერი და შემდეგ გადაწყდება უშუალოდ მშენებლობის საკითხიც“.

ბათუმში, ჯავახიშვილის N82-ში სამი სოციალური სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას მერიას 27 777 ლარად სთავაზობს ამხანაგობა „ბამბლი“.

ტენდერის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე 3 ხუთსართულიანი კორპუსი უნდა დაპროექტდეს – თითოეულ სართულზე 5 ბინა სხვადასხვა ფართობის, ჯამში 75 ბინა.

მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს კორპუსების დაპროექტებაზე ტენდერი 50 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული და ის შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. ტენდერი აუქციონის გარეშე მიმდინარეობს, ამიტომ ჯერ მხოლოდ ის პრეტენდენტი ჩანს, რომელიც ყველაზე დაბალ ფასს ასახელებს.

დოკუმენტების მიხედვით, ამხანაგობა „ბამბლის“ წევრებია: შპს „სითი ართ დეისი“ [რომელიც ბათუმში 2018 წელსაა რეგისტრირებული და მისი მფლობელი და დირექტორია გურამ ლომთათიძე] და შპს „საპროექტო ჯგუფი“ [ეს კომპანია ბათუმში 2020 წლის ნოემბერშია დარეგისტრირებული და მისი მფლობელი და დირექტორია თინათინ კირვალიძე].

ამხანაგობის საერთო კრების ოქმის მიხედვით, „ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ბამბლის“ – ის წევრებმა დაადგინეს: ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილს, კერძოდ: საპროექტო-საინჟინრო სამუშაოებს შეასრულებს „სითი ართ დეისი“, ხოლო ტენდერით
გათვალისწინებულ სხვა დანარჩენ სამუშაოებს შეასრულებს „საპროექტო ჯგუფი“.

რაც შეეხება „იაფ სახლს“ – პროგრამის ფარგლებში 4 ხუთსართულიანი სახლია აშენებული, თუმცა ბინების გაცემა ჯერ არ დაწყებულა. პროგრამაში 11 დეკემბერს ქალაქის საკრებულომ ცვლილებები მას შემდეგ შეიტანა, რაც განაცხადების მიღება დასრულებული იყო. ერთ-ერთი ცვლილებით, კომისიის მიერ შერჩეული ოჯახებისათვის ბინების გადაცემა მოხდება შემდეგი წესით:

  • 1 და 2-სულიანი ოჯახისათვის – ერთოთახიანი ბინა
  • 3 და 4-სულიანი ოჯახისათვის – ოროთახიანი ბინა
  • 5 და მეტსულიანი ოჯახისათვის – სამოთახიანი ბინა

ამ თემაზე:

ბათუმის მერიისგან ბინას 4567 ოჯახი ითხოვს

 

მთავარი ფოტო: ადგილი ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც 4 კორპუსის [სოციალური სახლის] აშენება იგეგმება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: