მთავარი,სიახლეები

როცა პენსილვანიაში უნდა გესწავლა, მაგრამ თბილისში დარჩი – სტუდენტი პანდემიისას

25.12.2020 • 1390
როცა პენსილვანიაში უნდა გესწავლა, მაგრამ თბილისში დარჩი – სტუდენტი პანდემიისას

„გასული წლის დეკემბერში ვიცოდი, რომ ჩაბარებული მქონდა პენსილვანიის უნივერსიტეტში. მას შემდეგ ველოდი, როდის მოვიდოდა აგვისტო, რომ წავსულიყავი…“ – გვიყვება თიკა ქოქოშვილი. ის პენსილვანიის უნივერსიტეტში კომპიუტერულ მეცნიერებებს სწავლობს, თუმცა პანდემიის გამო ახლაც თბილისშია. თიკამ ონლაინ გაიარა პირველი სემესტრი.

ამერიკაში არასდროს ვყოფილვარ… პანდემია რომ არა, სექტემბრიდან იქ ვიქნებოდი 

„მაინც მარტივად გავაანალიზე, რომ ყველას ცხოვრება შეიცვალა, მხოლოდ ჩემი არა. ვკონცეტრირდი იმაზე, რომ ეს სწავლის ხარისხზე არ უნდა ასახულიყო,“ – ამბობს თიკა ქოქოშვილი. მან თბილისში კომაროვის სკოლა დაამთავრა. არ გამორიცხავს, რომ კომპიუტერულ მეცნიერებებთან ერთად ფიზიკაც ისწავლოს, რომელიც ძალიან აინტერესებს და რის საშუალებასაც მის მიერ შერჩეული სასწავლო პროგრამა იძლევა.

თიკა ამ დრომდე ამერიკის შეერთებულ შტატებში არასდროს ყოფილა. პანდემია რომ არა, სექტემბრიდან ის პენსილვანიის უნივერსიტეტში იქნებოდა და კამპუსში დაიწყებდა სტუდენტურ ცხოვრებას ამერიკაში.

„გაზაფხულზე როცა პანდემია დაიწყო, მქონდა იმედი, რომ იქნებ, შემოდგომამდე რამე შეიცვალოს, მაგრამ არაფერი შეიცვალა. ზაფხულში ვფიქრობდი, რომ მაინც წავსულიყავი, რადგან უნივერსიტეტი იძლეოდა, როგორც ჩვეულებრივ, ისე დისტანციურად სწავლების შესაძლებლობას. მერე ავწონ-დავწონე ყველაფერი და გადავწყვიტე, რომ აქ დარჩენა სჯობდა…

შემდეგ უნივერსიტეტმაც აღარ გახსნა კამპუსები და უმეტესი პროგრამები ონლაინ დატოვა. გამოდის, უნივერსიტეტმაც იგივე გადაწყვეტილება მიიღო.

მარტივი არ იყო, მაგრამ გავაანალიზე, რომ არაფრის შეცვლა მე არ შემეძლო და სიმართლე გითხრათ, დიდად არ მინერვიულია.

ახლა ყოველ საღამოს, დაახლოებით 7 საათზე იწყება ჩემი სწავლა პენსილვანიის უნივერსიტეტში, ყველაზე მეტად ეს გამიჭირდა – ამერიკულ დროზე გადართვა და ამ დროს თბილისში ხარ: როცა სწავლას ვიწყებ, აქ უკვე ღამეა,“ – აღნიშნავს თიკა.

ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, ძირითადად კომპიუტერთან ვარ 

„ლექციები ძირითადად ღამის 12-ზე სრულდება, მერეც რაღაც შეხვედრებია, ან ერთობლივად პროექტებზე ვმუშაობთ, მოკლედ, გვიან ვასრულებ მუშაობას…“ – ამბობს თიკა და იქვე ამატებს, რომ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან უყვარს, მაგრამ ახლა „ყველაფერი ონლაინ ხდება“, მათ შორის, მეგობრებთან ურთიერთობა.

„უფრო აქტიური ვიყავი, ახლა სუფთა ჰაერზე თუ გავისეირნე, ესაა,“ – აღნიშნავს თიკა.

თიკას დაკვირვებით, პანდემიის პერიოდს აქვს დადებითი მხარეც – ადამიანები უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს და მეტად დაინტერესდნენ ერთმანეთით.

„ამ პერიოდში, ჩემი აზრით, უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს, ადამიანებმა უფრო მეტი დრო გამოძებნეს ერთმანეთისთვის… ყველაფრისგან თითქოს ნეგატივი მოდის, ვიღაც უმუშევარი დარჩა, ვიღაცის ცხოვრება მკვეთრად გაუარესდა, პანდემია ფსიქოლოგიურად მოქმედებს ყველაზე, მაგრამ მომწონს, რომ ადამიანები ფრთხილობენ უკვე, რეგულაციების დაცვას ცდილობენ.

ამერიკელ მეგობრებთანაც ჩვენი საუბრის თემა ძირითადად კორონავირუსია. ჩემი კურსელები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან, კარგად გაცნობა ვერ მოვასწარი, მაგრამ ცხადია, ყველას გვინდა ერთად ვიყოთ, ამერიკაში და, რა თქმა უნდა, პანდემიის გარეშე,“ – ამბობს თიკა.

არასდროს მისწავლია აუდიტორიაში, რომ შევაფასო, რომელი ჯობია

„არასდროს მისწავლია აუდიტორიაში, რომ  შევაფასო, რომელი ჯობია,“ – ფიქრობს თიკა. იმის მიუხედავად, რომ აუდიტორიაში ლექცია არასდროს მოუსმენია, თვლის, რომ აუდიტორიაში სწავლა ჯობია. სხვა პირველკურსელებიც ასე ფიქრობენო, დასძენს თიკა.

„ონლაინსწავლებას პლუსებიც აქვს,“ – განაგრძობს თიკა და პანდემიის დროს იძულებით ონლაისისტემაზე გადასულ განათლების სისტემას აფასებს. „პლუსი არის ის, რომ მარტივად შეგიძლია ყველაფრის გამოყენება, მაგალითად, არ გიწევს შენობიდან შენობაში გადასვლა, კლასიდან კლასში სიარული, ნაკლები დრო იხარჯება, პრინციპში იგივე ხარისხის განათლებას იღებ, რასაც აუდიტორიაში სწავლის დროს მივიღებდი.

მაგრამ მაინც ჩვეულებრივად აუდიტორიაში ყოფნა ჯობია,“ – ასკვნის საბოლოოდ თიკა. მისი აზრით, მნიშვნელოვანია პროფესორებთან და თანატოლებთან უშუალო კომუნიკაცია ონლაინკონტაქტის ნაცვლად.

„გვინდა, რომ მალე დავუბრუნდეთ ძველი ცხოვრების სტილს, შევიდეთ კამპუსებში, რომ ნორმალურ გარემოში გავაგრძელოთ სწავლა…“ – აღნიშნა თიკამ „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: