მთავარი,სიახლეები

ბათუმში 3 სოციალურ სახლს ააშენებენ – მერია ამჯერად კორპუსების პროექტებს შეისყიდის

06.12.2020 • 2845
ბათუმში 3 სოციალურ სახლს ააშენებენ – მერია ამჯერად კორპუსების პროექტებს შეისყიდის

ბათუმის მერია ჯავახიშვილისა და ორბელიანის ქუჩების კვეთაში სამი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. სამომავლოდ ამ „სოციალურ სახლებში“ ბინები „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში გაიცემა თუ არა, ჯერ-ჯერობით მერიიდან პასუხი არ გვაქვს.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ კორპუსების დაპროექტებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. 3 კორპუსის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის 50 ათასი ლარია გამოყოფილი. დოკუმენტაცია, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდში უნდა მომზადდეს.

„ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ პროექტების შესყიდვა გვევალება, შემდგომში რა პრინციპით განაწილდება ბინები, არ ვიცით“ – გვითხრეს ინფრასტრუქტურის სამმართველოში.

წინადადებების მიღება დაიწყება 2020 წლის 13 დეკემბერს და 16 დეკემბერს დასრულდება.

ტენდერის პირობის მიხედვით თითოეულ სართულზე 5 ბინა უნდა დაპროექტდეს, თითოეულის ფართობი კი – 38,5 – 59,3 – 39,5 – 43,6 და 60,2 კვ.მ-მდე უნდა იყოს. ანუ, 3 კორპუსში სხვადასხვა ფართობის, ჯამში 75 ბინა იქნება.

სოციალური სახლები ბათუმში, ჯავახიშვილის N82-ში უნდა აშენდეს, სადაც გამწვანებულ ეზოში ორსართულიანი შენობა დგას. დიდი ალბათობით ამ შენობას დაანგრევენ. მშენებლობას შესაძლოა გამწვანებაც შეეწიროს.

აბრები შენობაზე ჯავახიშვილის 82-ში / ბათუმი/

შენობა, რომელიც იმ ტერიტორიაზე დგას, სადაც სოციალური სახლების დაპროექტება/მშენებლობა იგეგმება. აღნიშნულ შენობას, დიდი ალბათობით, დაანგრევენ / ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა N82 / 5.12.2020

ბათუმში საცხოვრებელი სახლების მშენებლობას ითვალისწინებს პროგრამა – „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარული შენობების რეაბილიტაცია“, რომელიც ამჯერად 2021-24 წლებზეა გათვლილი. ამ წლებში, უშუალოდ საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის კი, ბიუჯეტის პროექტით, ჯამში 6 132 400 ლარია გაწერილი.

პროგრამაში აღნიშნულია, რომ, „მუნიციპალიტეტისათვის პრიორიტეტულია ქალაქ ბათუმში რეგისტრირებულ იმ
მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სტაბილური შემოსავალი, არ გააჩნით საკუთრებაში უძრავი ქონება და თავისი შემოსავლიდან გამომდინარე ბაზარზე არსებული მოთხოვნებით ვერ შეძლეს საცხოვრებელი ბინის შეძენა, მიეცეთ შესაძლებლობა შეეძინონ საცხოვრებელი ბინა, შეღავათიანი პირობებით“.

როგორ შეარჩევენ ბენეფიციარებს, პროგრამაში გაწერილი არ არის. თუმცა, ეს პროგრამა მუნიციპალური საბინაო ფონდის შექმნასაც ითვალისწინებს.

ადგილი [მარცხნივ] ბათუმში, სადაც სოციალური სახლები უნდა აშენდეს/ჯავახიშვილისა და ორბელიანის ქუჩების კვეთა

ამ ადგილთან ახლოს, სადაც 3 კორპუსი უნდა დაპროექტდეს, ქალაქის ბიუჯეტის სახსრებით, 4 ხუთსართულიანი კორპუსი უკვე აშენებულია. აქედან ორი დასრულებულია, ორი კი, არა.

ამ ახალაშენებულ კორპუსებში ბინები [სულ 80 ბინა] ე.წ. „იაფი სახლის“ [ხელმისაწვდომი საცხოვრისის] პროგრამის ფარგლებში უნდა განაწილდეს. როგორც ერთი თვის წინ მერიაში გვითხრეს, შესულია ბინის მსურველ მოქალაქეთა 245 განაცხადი, რომლებსაც კომისია განიხილავს.

ამ თემაზე ვრცლად:

„იაფ სახლში“ 40 ბინას 245 ოჯახი ითხოვს – მერიაში განცხადებებს სწავლობენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: