ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რა სამედიცინო სერვისები ექნება ახალი წლიდან ბათუმის რესპუბლიკურს

24.12.2020 • 3215
რა სამედიცინო სერვისები ექნება ახალი წლიდან ბათუმის რესპუბლიკურს

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს აჭარის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დამატებით 1 200 000 ლარი გამოუყო. ეს თანხა, როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, საავადმყოფოს [ახალ კლინიკას] სრულყოფილად ფუნქციონირების დასაწყებად სჭირდება.

კერძოდ: 200 ათასი ლარი კოვიდის მართვაში ჩართული პერსონალის სახელფასო დანამატისთვის [პრემიებისთვის], ხოლო 1 მილიონი ლარი ოფისის ხარჯებისთვის [ორი ცალი დიზელ-გენერატორის შესაძენად – 350 ათასი ლარი; ხოლო მედიკამენტების, სახარჯი მასალებისა და სამედიცინო მოწყობილობების შესაძენად – 650 ათასი ლარი.]

დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ ბათუმის ახალი რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო სრულყოფილად და დამოუკიდებლად მუშაობას დაიწყებს 2021 წლის იანვრიდან.

რას ნიშნავს „ახალი რესპუბლიკურის“ დამოუკიდებლად მუშაობა და რა ბედი ელის „ძველ რესპუბლიკურს“? – „ბათუმელები“ სოლომონ ფუტკარაძეს, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს დაუკავშირდა.

„საავადმყოფო ახალ შენობაში რეალურად ფუნქციონირებს ცალკე. უბრალოდ, ახლა მიმდინარეობს ადმინისტრაციული გამიჯვნა, რადგან შენობა ჩაბარდა და ექსპლუატაციაში მივიღეთ; ასევე ავიღეთ ლიცენზიები შესაბამის მიმართულებებში/სერვისებში, რაც აქამდე არ ჰქონდა კლინიკას. ამიტომ, უკვე შესაძლებელია ახალი საავადმყოფო იმართოს დამოუკიდებლად. შევისყიდეთ პროგრამა, მიმდინარეობს სამუშაოების გადანაწილება… ახალი წლიდან გვინდოდა დაწყება, თუმცა, თუ პირველი იანვრიდან ვერა, 10 იანვრამდე მაინც მოვახერხებთ, რომ ახალმა კლინიკამ დაიწყოს დამოუკიდებლად მართვა“, – გვითხრა სოლომონ ფუტკარაძემ.

ახალ კლინიკას უკვე მიენიჭა სტაციონალური დაწესებულების ნებართვა და ნებართვის დანართი საქმიანობაში – რეანიმაცია. ასევე კლინიკამ მიიღო შემდეგი ლიცენზიები:

  • გადაუდებელი სამედიცინო დახმარება – EMERGNCY II
  • ქირურგიული პროფილის
  • დიალიზის
  • რადიოლოგიური-კომპიუტერულ ტომოგრაფიის კვლევაში
  • რენტგენოლოგიურ კვლევაში

პარალელურად, კლინიკამ 2020 წლის 18 დეკემბერს მიმართა ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს – საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის თაობაზე.

დირექტორის თქმით, მიუხედავად ამისა, ახალი რესპუბლიკური ჯერჯერობით დარჩება კოვიდცენტრად, „პანდემიის შემდეგ კი, ის სერვისები, რაც ძველ კლინიკაში შემოგვრჩა, თანამშრომლებთან ერთად, გადავა ახალში“.

სოლომონ ფუტკარაძე ამბობს, რომ კოვიდის პარალელურად შეეცადნენ ძველ კლინიკაში შეენარჩუნებინათ არსებული სერვისები: „მოსახლეობას სჭირდება – ქირურგია, თერაპია, ნევროლოგია და ა.შ. მითუმეტეს, როცა ქალაქის საავადმყოფოები კოვიდცენტრებად ან ნახევრად კოვიდცენტრებად [ჰიბრიდულად] გადაიქცა, შემცირდა ამ სერვისების მიწოდება დანარჩენი მოსახლეობისთვის. ჩვენც, როცა მოგვიწია ამ საავადმყოფოს გადაწყობა კოვიდის სამართავად, შეგვიმცირდა სერვისების ნაწილი [მაგალითად, რეანიმაცია] ძველ კლინიკაში, მათ შორის მედპერსონალის დეფიციტის გამოც. ახლა კი, დავიწყეთ ძველ კლინიკაში როგორც რეანიმაციის, ისე სხვა მიმართულებების სერვისების აღდგენა, მედპერსონალის მოძიება [კონკურსსაც ვაცხადებთ, ისეც ვეძებთ, ვშოულობთ და მოგვყავს მედპერსონალი].“

სოლომონ ფუტკარაძის თქმით, ვიდრე ახალი კლინიკა იქნება კოვიდცენტრი, მანამდე ძველი კლინიკა გააგრძელებს ცალკე ფუნქციონირებას ყველა სერვისით, რაც აქამდე ჰქონდა.

დღეს ბათუმის რესპუბლიკურს ორი შპს მართავს:

  • შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ [ძველს]
  • შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ [ახალს]

რეესტრის მიხედვით, ორივე შპს-ს მესაკუთრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, ხოლო წილის მმართველი – აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო. ასევე, ამ ორივე კომპანიის დირექტორი სოლომონ ფუტკარაძეა.

„ბათუმი რომ ელოდებოდა ახალ საავადმყოფოს, ის ახალი წლიდან დაიწყებს დამოუკიდებლად მართვას; იქნება ცალკე საავადმყოფო. მოსახლეობისთვის დამაბნეველია ორ შპს. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ არ წაშლილიყო ჩვენი ბრენდი – „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, – ამბობს სოლომონ ფუტკარაძე.

მისივე თქმით, იანვრიდან არ იგეგმება, რომ ამ ორ შპს-ს ორი სხვადასხვა დირექტორი ჰყავდეს. „როცა ძველ საავადმყოფოში არსებული სერვისები გადმოვა ახალში და აქ გააგრძელებს მუშაობას, დაიწყება ძველი საავადმყოფოს [შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“] ლიკვიდაცია“.

ძველი საავადმყოფოს შენობას კი, უფრო ზუსტად მიწის ნაკვეთს [ვინაიდან ეს შენობა უნდა დაინგრეს], შემდგომში აჭარის მთავრობა განკარგავს.

„ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ ფუნქციონირებას ახორციელებს შენობაში, რომელიც, სპეციალისტების განმარტებით, ამორტიზებულია და ექვემდებარება დემონტაჟს, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, მთავრობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რათა ამ საავადმყოფოს კოვიდდთან დაკავშირებული გარკვეული ვალდებულებები, არსებული ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე, დროებით განეხორციელებინა ახალაშენებულ შენობაში“, – აღნიშნულია ერთ-ერთ დოკუმენტში.

სახელმწიფოს დაგეგმილი ჰქონდა, რომ „ახალი რესპუბლიკური“ ა[ა]იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში გაერთიანებულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

სოლომონ ფუტკარაძის თქმით, ბათუმის ახალი კლინიკის აღნიშნულ ჰოლდინგში გაერთიანება ამ ეტაპზე არ განიხილება.

ამ თემაზე:

რატომ არ ჩართეს „ბათუმის რესპუბლიკური“ ახალ სამედიცინო ჰოლდინგში – განმარტება

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: