მთავარი,სიახლეები

კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი მუტაცია – ამჯერად სამხრეთ აფრიკაში

25.12.2020 • 1877
კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი მუტაცია – ამჯერად სამხრეთ აფრიკაში

სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების შეფასებით, იწვევს COVID19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდას, რამაც შეიძლება გადატვირთოს ჯანდაცვის სისტემა – წერს როიტერსი.

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, რომელმაც სამხრეთ აფრიკასთან დაკავშირებულ ინფიცირების შემთხვევებში ვირუსის მუტირებული ვარიანტი აღმოაჩინა, აკრძალა ფრენები სამხრეთ აფრიკიდან.

  • რას გულისხმობს ვირუსის ახალი მუტაცია?

ახალი ვარიანტი, მოხსენიებული როგორც 501.V2, აღმოაჩინა სამხრეთ აფრიკის მეცნიერთა ქსელმა, რომელიც თვალყურს ადევნებდა SARS-COV-2 ვირუსის გენეტიკას.

მეცნიერების განცხადებით, როგორც ჩანს,  კორონავირუსის ეს ვარიანტი ფოკუსირებულია ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში და დომინირებს ოქტომბრის შემდეგ შეგროვებული ნიმუშების შედეგებში.

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ვარიანტი განსხვავდება კორონავირუსის სხვა ვარიანტებისგან, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში ცირკულირებენ, რადგან ახალ ვარიანტს აღენიშნება რამდენიმე მუტაცია ვირუსის ძალიან მნიშვნელოვან, “წვეტ” ცილაში, რომელსაც ვირუსი ადამიანის უჯრედების დასაინფიცირებლად იყენებს.

ის ასევე უკავშირდება უფრო მაღალ ვირუსულ დატვირთვას, რაც გულისხმობს ვირუსის ნაწილაკების უფრო მაღალ კონცენტრაციას/შემცველობას პაციენტის სხეულში, რაც შესაძლოა ხელს უწყობდეს გადაცემის მაღალ დონეს.

სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ქვეყანაში ახალი შემთხვევების 80% -დან 90% ვირუსის მუტირებული ვარიანტის მატარებელია.

ყველა ვირუსი, მათ შორის COVID-19– ის გამომწვევი Sars Cov 2, დროთა განმავლობაში იცვლება და ამ დროისთვის, მსოფლიოში ამ ვირუსის ასობით ვარიაციაა გამოვლენილი.

სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ეს ვარიანტი იწვევს კოვიდის უფრო მძიმე მიმდინარეობს. ამასთან, როგორც ჩანს, ის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სხვა ვერსიები.

  • განსხვავდება თუ არა ეს ვერსია ბრიტანეთში გავრცელებული მუტირებული ვერსიისგან?

სამხრეთ აფრიკასა (501.V2) და დიდი ბრიტანეთში გავრცელებული (B.1.1.7) ვარიანტები სხვადასხვაა, მაგრამ აღენიშნებათ მსგავსი ცვლილებები ვირუსის “წვეტ” ცილაში, რაც შესაძლოა მათ უფრო გადამდებს ხდიდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ისინი წარმოადგენენ ერთმანეთისგან განსხვავებულ ვარიანტებს და თანმიმდევრობის ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი ერთმანეთისგან წარმოიშვა.

  • იქნება ეფექტური COVID-19 ვაქცინები ამ ვარიანტის წინააღმდეგ?

„როიტერსი“ წერს, რომ სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების განცხადებით, ნაადრევია იმის თქმა, იცავს თუ არა ვაქცინები ამჟამად ბრიტანეთში, შეერთებულ შტატებში ან სხვა ქვეყნებში შემუშავებული აცრები ვირუსის ახალ ვარიანტს.

ვაქცინის შემქმნელებმა, მათ შორის AstraZeneca-მ, BioNTech-მა და Moderna -მ ამ კვირაში განაცხადეს, რომ მათი გათვლით ვაქცინები ბრიტანეთში გავრცელებული ვერსიის წინააღმდეგაც იმუშავებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: