მთავარი,სიახლეები

რატომ აქვთ მართლმადიდებელ მღვდლებს მანქანით მოძრაობის უფლება და სხვებს არა – დისკრიმინაცია

17.04.2020 • 2480
რატომ აქვთ მართლმადიდებელ მღვდლებს მანქანით მოძრაობის უფლება და სხვებს არა – დისკრიმინაცია

საქართველოს საპატრიარქომ დღეს დილიდანვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მღვდლებს, სტიქაროსნებსა და მგალობლებს, შეზღუდვების მიუხედავად, ავტომანქანით გადაადგილების უფლება ექნებათ. არადა მთავრობის განკარგულებაში მსგავსი ჩანაწერი სასულიერო პირებთან დაკავშირებით არ გვხვდება.

დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისთვის დაწესებულ (თუ თვითაღიარებულ) პრივილეგიებს ვიდეო მიმართვით გამოეხმაურა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე, სადაც ის ხელისუფლების დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობს.

„ახლა გავიგეთ, რომ თურმე არსებობს სპეციალური საშვები, რომლითაც შესაძლებელია ქალაქში გადაადგილება. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი მოქალაქეების სერიოზული დაცინვა და სახელმწიფო ძალიან ბინძურ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს.

ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებავ, ამ ქვეყანაში არ არის მხოლოდ ერთადერთი რელიგიური თემი და დღევანდელი დღე არა მხოლოდ ერთი კონკრეტული რელიგიური თემისთვის მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული, თუ შეიძლება კეთილი ინებეთ და როგორც სეკულარულ, დემოკრატიული სახელმწიფოს ხელისუფლება შეეფერება ისე იმოქმედეთ“, – ამბობს რუსუდან გოცირიძე ვიდეოში.

„ბათუმელებმა“ მას ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია სპეციალური საშვთან დაკავშირებით ან ხომ არ მიიღო მთავრობისგან რაიმე ოფიციალური დასტური იმაზე, რომ მას, როგორც სასულიერო პირს, მართლმადიდებელი მღვდლების მსგავსად შეუძლია თავისუფალი გადაადგილება ქალაქში?  რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ – არა.

„ახლა რომც მომცენ ავტომანქანით გადაადგილების უფლება, უკვე ისედაც დისკრიმინაციულია, რადგან საპატრიარქომ მანამდე გამოაცხადა ეს, სანამ მთავრობა იტყოდა რაიმეს. შესაძლოა ეს შეთანხმება მანამდე იყო ან ჯერ საპატრიარქომ გამოაცხადა და შემდეგ მიყვნენ მის ნათქვამს.  არცერთი ვერსია არ არის ჯანსაღი. ამ ეტაპზე უკვე არ არსებობს თანაბარი მიდგომა და ეს ძალიან ცუდია“, – გვეუბნება რუსუდან გოცირიძე.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები ისევ კანონმორჩილ მოქალაქეებს აწვება და არა იმ ჯგუფს, ვის გამოც საჭირო გახდა დამატებითი ზომების მიღება.

„იმიტომ ვბრაზობ, რომ ვის გამოც მე დღეს ფეხით ვიარე წერეთლის ქუჩიდან სოფელ დიღმამდე, ისინი მაინც მანქანებით დადიან და მე, რომელიც ვემორჩილები კანონს და ყველა რეგულაციას ვიცავ მკაცრად, მე მომიწია ფეხით სიარული და ასე მოუწევს ყველა კანონმორჩილ მოქალაქეს“, – გვეუბნება ეპისკოპოსი.

„ბათუმელები“ სხვა ევანგელური ეკლესიების სასულიერო პირებსაც ესაუბრა. მაგალითად, ბათუმის პროტესტანტული ეკლესიის პასტორი ვარლამ რამიშვილიც ამბობს, რომ ავტომანქანით გადაადგილების ნებართვაზე დაზუსტებული ინფორმაცია არც მას აქვს. „რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ელაპარაკა ერთ-ერთი პასტორი და როგორც უთხრეს, ახლა მიდის მსჯელობა მაგ საკითხზეო. უთხრეს, თუ მღვდლებს მიეცემა უფლება, ყველა რელიგიის მსახურს მიეცემა ნებართვაო“, – ამბობს ვარლამ რამიშვილი.

„ბათუმელები“ ასევე ესაუბრა საქართველოს მუფთს ადამ შანთაძეს, რომელიც ამბობს, რომ რელიგიის საკითხთა სააგენტო მათ მთავრობასთან შუამდგომლობას დაჰპირდა.

„გვეტყვიან, როცა დაიშვება საშვები ჩვენთვისაც. როგორც მითხრეს, შუამდგომლობაზე მუშაობენ“, – ამბობს ადამ შანთაძე.

კითხვაზე, გადაადგილდება თუ არა თავად ავტომანქანით ქალაქში, ადამ შანთაძე ამბობს, რომ საშვს ელოდება. „როგორც ვიცით, სასულიერო პირებზე ყველაზე ვრცელდება დაშვება“, – გვეუბნება მუფთი.

მოექცა თუ არა ხელისუფლება სხვა რელიგიური დენომინაციების სასულიერო პირებს დისკრიმინაციულად, ან უნდა დაეშვა თუ არა სახელმწიფოს გამონაკლისი სასულიერო პირებთან დაკავშირებით? – ამ კითხვით სახალხო დამცველსაც მივმართეთ. ომბუდსმენის აპარატში გვპასუხობენ, რომ ჩამონათვალში, სადაც მითითებულია, ვის შეუძლია შეუფერხებლად გადაადგილება ავტომანქანით, არსად წერია რელიგიური ორგანიზაციები ან სასულიერო პირები. „ამიტომ არ ვიცით, რის საფუძველზე გადაადგილდებიან სასულიერო პირები“.

„ბათუმელები“ ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე საათია ცდილობს კომენტარის მიღებას საქართველოს მთავრობისგანაც, თუმცა მთავრობის პრესსამსახურში ზარებს არ პასუხობენ.

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ სამართლებრივი პროგრამის ხელმძღვანელის მაკო ღავთაძის შეფასებით, მართლმადიდებელი სასულიერო პირებისთვის ავტომობილით გადაადგილების უფლება არა მარტო დისკრიმინაციულია სხვა რელიგიური სასულიერო პირების მიმართ, არამედ ყველა იმ მოქალაქის მიმართ, ვინც სოციალური პრობლემების და სხვა კრიზისების მიუხედავად, ემორჩილება საგანგებო წესებს.

„როგორც საპატრიარქოში ამბობენ, სატელეფონო ზარით მოაგვარეს გადაადგილების საკითხი. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს და საპატრიარქოს ურთიერთობა გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან.

ეს წრე – სასულიერო პირებით, სტიქაროსნებით, მგალობლებით ძალიან დიდი იქნება ალბათ, ამიტომ ბუნდოვანია, როგორ შეათანხმეს ამდენი ადამიანის გადაადგილება სახელმწიფოსთან. ან რა საჭიროება დგას იმის, რომ სასულიერო პირები ავტომანქანებით გადაადგილდებიან? რა ლოგიკა იყო ამ შეზღუდვაში, თუკი ამდენი ადამიანი იმოძრავებდა ქუჩაში“, – ამბობს მაკო ღავთაძე.

მისი თქმით, შეზღუდვას რაიმე შედეგი უნდა მოჰყვეს, ხალხი კი ამას ვერ ხედავს.

„ორი პარალელური სამყარო არსებობს. ერთში, ადამიანები საღი აზრიდან გამომდინარე ამ შეზღუდვებს ემორჩილებიან, მეორე სამყაროში კი კორუფციული გარიგება და ვაჭრობაა საპატრიარქოსთან. ამ ყველაფრის მსხვერპლი არიან ის ადამიანები, რომლებსაც, საბოლოო ჯამში, ყველაზე დიდი ეკონომიკური და ფინანსური ზიანი მიადგათ“, – ამბობს ღავთაძე.

მისი შეფასებით, მაშინ, როცა ამდენი პრივილეგიების ფონზე სასულიერო პირებისგან აშკარა მუქარა მოდის და კანონის იგნორირება, სახელმწიფო ზეწოლის მსხვერპლი მაინც რელიგიური უმცირესობები არიან.

ქვეყანაში კორონავირუსის მზარდი შემთხვევების გამო, მთავრობამ დამატებითი შეზღუდვები დღეს 12:00 საათიდან აამოქმედა. ახალი წესები მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილებას სრულად ზღუდავს. იმ ავტომანქანების ჩამონათვალში, რომელსაც  გადაადგილების შეუზღუდავი უფლება აქვს, არ არის მითითებული სასულიერო პირები.

დამატებითი შეზღუდვა ასევე ავალდებულებს ყველა მოქალაქეს საჯარო სივრცეში ატაროს პირბადე, რასაც მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ნაწილი არ ემორჩილება.

___

მთავარი ფოტო: საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: