მთავარი,სიახლეები

„გულნატკენები და გაბრაზებულებიც ვართ“ – მთავრობას რელიგიური უმცირესობები ისევ დაავიწყდა

26.11.2020 • 2346
„გულნატკენები და გაბრაზებულებიც ვართ“ – მთავრობას რელიგიური უმცირესობები ისევ დაავიწყდა

28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ღამით მოქალაქეებს გადაადგილება ეზღუდებათ. გამონაკლისი ორი დღეა 31 დეკემბერი – ახალი წლის წინა ღამე და 6 იანვარი, მართლმადიდებლური შობის წინა ღამე.

საქართველოს მთავრობამ არც ამჯერად გაითვალისწინა ის რელიგიური უმცირესობები, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ და საშობაო ლიტურგიისთვის ტაძრებში 24 დეკემბრის საღამოს იკრიბებიან.

ამასთან დეკემბერ-იანვარში სხვადასხვა კონფესია სხვადასხვა დღესასწაულს აღნიშნავს. მაგალითად, 11-18 დეკემბერს აღინიშნება ებრაული ხანუქა, 5 იანვრის ღამეს კი სომხური სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს შობას.

„საქართველოში არ არსებობს მხოლოდ 6 იანვარი. არსებობს 24-25 დეკემბერიც. სხვადასხვა კონფესიისთვის ტოლერანტობის მომენტია. მთავრობა ტოლერანტული უნდა იყოს ყველას მიმართ და არა მხოლოდ უმრავლესობის მიმართ.

მგონია, რომ რელიგიის სააგენტომ ამაზე უნდა იზრუნოს. ასეთი გადაწყვეტილებით კი მგონია, რომ მისი როლი ნულია. მისი (რელიგიის სააგენტოს) პრეროგატივაა, რომ ყურადღება მიექცეს სხვა კონფესიებსაც,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ქართველ კათოლიკეთა ეპისკოპოსი გაბრიელე ბრაგანტინი.

პრობლემურად მიიჩნევენ მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც. აქ ამბობენ, რომ თუ 6 იანვარს ერთი ჯგუფისთვის აწესებს მთავრობა შეღავათს იმისათვის, რომ ადამიანები მივიდნენ ეკლესიებში, მაშინ სხვა რელიგიურ კონფესიებსაც უნდა ჰქონდეთ ამის საშუალება.

„გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა თუ იხსნება ერთი კონკრეტული რელიგიური ჯგუფისადმი, ასეთ დროს გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან სხვა რელიგიური ჯგუფების ინტერესებიც,“ – ამბობს საიას ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი მერაბ ქართველიშვილი.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე კი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ წინა ლოქდაუნის გამოცდილებიდან ხელისუფლებამ ვერაფერი ისწავლა.

„იგივე წრეზე დავტრიალებთ. პირველი ჩაკეტვის დროს რა უხერხულობაშიც ჩავარდა სახელმწიფო, იგივე უხერხულობაში ეხვევა დღესაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ოდნავადაც კი არ გაითვალისწინა რაც მაშინ ვუთხარით, ვთხოვეთ, გავუკრიტიკეთ… სახელმწიფომ ელემენტარულად რიტორიკაც კი არ შეცვალა. რვა თვე გავიდა პირველი ჩაკეტვიდან. ამ თვეების მანძილზე, სხვა ყველა ბედნიერებასთან ერთად ამ მიმართულებითაც არაფერი არ გააკეთა ხელისუფლებამ.

ჩემს ხელისუფლებას, ჩემს სახელმწიფოს ვეტყოდი, რომ ფართოდ გაახილეთ თვალები, რადგან თქვენი მოქალაქეები არიან სხვადასხვა რელიგიური თემის წარმომადგენლებიც და არ არის მხოლოდ ერთი მონოლითური საზოგადოება, სადაც მხოლოდ ერთი ტიპის რელიგიურ ჯგუფს ელაპარაკები. თუ აპირებთ რაღაცა შეღავათების დაწესებას, მაშინ უნდა გაითვალისწინო რა კონკრეტულ  რელიგიურ სეზონს ემთხვევა. აღდგომა, ბაირამი და პასექის დღესასწაული იყო მაშინ და გვახსოვს, რომ სრული იგნორი მოჰყვა მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის, რადგან ამ სახელმწიფოსთვის არსებობს მხოლოდ ერთი რელიგიური თემი, მხოლოდ ერთი ეკლესია და მხოლოდ ერთი მიდგომა. არ შეიძლებ ასე. არც ეკლესიისთვის შეიძლება, რომელსაც ვითომ მხარში უდგანან. ანგრევენ იმ ეკლესიასაც ასეთი მიდგომით და არც სახელმწიფოსთვის არ შეიძლება. სახელმწიფოს  ერთიანობას ანგრევენ ასეთი მიდგომით.

რუსუდან გოცირიძე. ფოტო: საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ფეისბუქგვერდიდან

არ ვლაპარაკობ მე იმაზე შობას ნაძვის ხეს დავიდგამ თუ არა. როცა უჭირს ქვეყანას, როცა საერთო საფრთხეა აღდგომა სახლებიდან ვიდღესასწაულეთ – მძიმე და არასახალისო იყო, მაგრამ არ დავხოცილვართ. ჩვენი დღესასწაული ჩვენს გულშია. მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქე რომ ხარ, სულ სხვა რამეზე არის აქ ლაპარაკი. ქვეყანა თუ გქვია, მაშინ იყავი, როგორც ქვეყანა. ძალიან გულნატკენი და გაბრაზებულიც ვარ, სიმართლე რომ გითხრათ. იმიტომ, რომ ეს პირველად არ ხდება,” – ამბობს რუსუდან გოცირიძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, სადაც გვითხრეს, რომ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სააგენტო განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

მთავარი ფოტო: პადრე გაბრიელ ბრაგანტინი მრევლთან ერთად

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/501625/?fbclid=IwAR0u5YKKkOZRV_BqAMUyI-kkv8r9AB3cWaKlyvrCHVHeOzMN4qEw2QY9Sng

გადაბეჭდვის წესი


ასევე: