მთავარი,რეკლამა,სიახლეები

რამდენად ხშირია პიროტექნიკით დაზიანება ახალ წელს – კლინიკა BMC-ის გამოცდილება

25.12.2020 • 2474
რამდენად ხშირია პიროტექნიკით დაზიანება ახალ წელს – კლინიკა BMC-ის გამოცდილება

ახალი წლის ღამის ფოიერვერკის შოუ ულამაზესი სანახაობაა, რომელსაც უამრავი ადამიანი ადევნებს თვალს. სადღესასწაულო განწყობა კი პიროტექნიკის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ამ უკანასკნელით გამოწვეული არასასურველი შემთხვევების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

„პიროტექნიკის გამოყენებას თავისი წესები აქვს. წლიდან წლამდე გაზრდილი სტატისტიკა კი გვიჩვენებს, რომ ახალი წლის ღამეს მისი არასწორი გამოყენებით  ადამიანების ცხოვრებაში (განსაკუთრებით ბავშვებში) საახალწლო განწყობა ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ტრავმით შეიცვალა“, – ამბობს თემურ მოსიავა, BMC -ის სისხლძარღვთა და პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგი.

თემურ მოსიავა

BMC -ის სისხლძარღვთა და პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგი თემურ მოსიავა

  • ბატონო თემურ, რამდენად რთული და საგანგაშოა პიროტექნიკით მიყენებული დაზიანება ადამიანისთვის?

პიროტექნიკის დაზიანება ახლოს არის ცეცხლნასროლ ჭრილობასთან, აფეთქებით წარმოშობილ დაზიანებასთან. გარდა დამწვრობისა, გვხვდება ნაფლეთოვანი და ნაგლეჯი ჭრილობები, ასაფეთქებელი მასალით ქსოვილოვანი სტრუქტურა გახლეჩილი და დაზიანებულია. არის შემთხვევები, როცა რბილი ქსოვილებიდან დაწყებული, ვგულისხმობ კანის საფარს, ძვლოვანი სტრუქტურებით დამთავრებული მძიმე სურათის წინაშე ვდგებით. ზიანდება, რა თქმა უნდა, სისხლძარღვები, ნერვები, რომელთა აღდგენა, საწყის მდგომარეობაში მოყვანა საკმაოდ რთული პროცესია.

  • რამდენად ხშირია შემთხვევა, როდესაც პიროტექნიკით დაზიანებულ პაციენტებს პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ჩარევა ესაჭიროებათ?

პიროტექნიკით დაზიანებული პაციენტების უმრავლესობას პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგის ჩარევა ესაჭიროება.

მოგეხსენებათ, პიროტექნიკით მიღებული აფეთქებითი დაზიანება ყველაზე მძიმე მექანიკური ტრავმაა – ძლიერი ტალღის გამო ჭრილობის ირგვლივ მდებარე ქსოვილები ზიანდება და შეიძლება სრულიად უსიცოცხლოც კი გახდეს. მსგავსი ჭრილობის უბრალოდ გაკერვა ან სტრუქტურების აღდგენა ხშირად საკმარისი არ არის.

ჩვენს გუნდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გაუმკლავდეს ნებისმიერი სირთულის შემთხვევას თუ დაზიანებას. სისხლძარღვთა ქირურგების გუნდის თითოეული წევრი კვალიფიციური და საქმის პროფესიონალია, შესაბამისად ურთულესი დაზიანების დროსაც კი შედეგი დამდგარა და თანაც – არაერთხელ.

მედიცინის თანამედროვე მეთოდები საშუალებას გვაძლევს ქსოვილთა დიდი ნაწილის კვდომის შემთხვევაშიც კი ჩანაცვლებით აღვადგინოთ და პირვანდელ მდგომარეობასთან მოვიყვანოთ სხეულის ესა თუ ის ნაწილი.

  • როგორ მიდის ასეთ დროს რეაბილიტაციის პროცესი?

პაციენტის რეაბილიტაციის პროცესი ინდივიდუალურია, ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის დაზიანების ხარისხზე.

რამდენჯერმე მქონია პირადად ჩემს პრაქტიკაში შემთხვევები, როდესაც დაგვჭირდა მრავალეტაპიანი ოპერაციული ჩარევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამკურნალო პროცესი ექიმთან ერთი ვიზიტით არ შემოიფარგლება. აქ მთავარი მაინც შედეგის მიღწევაა. დამერწმუნეთ, გამოცდილი ქირურგი ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული მკურნალობის გარანტია.

  • თქვენ პირადად რამდენად რთულ შემთხვევასთან მოგიხდათ გამკლავება?

წინა წლებში მქონდა შემთხვევა, როდესაც პაციენტი საკმაოდ რთული მდგომარეობით შემოვიდა კლინიკაში. დაიგეგმა მრავალეტაპიანი მკურნალობა.

თავდაპირველად აღვადგინეთ სისხლძარღვები, კიდურის ოსტეოსინთეზი. დარჩენილი სტრუქტურების სიცოცხლისუნარიანობა რომ შეგვენარჩუნებინა, კიდური ჩავანაცვლეთ მუცლის საფარში (კანქვეშა ქსოვილებში). ეს ერთ-ერთი მეთოდია რბილი ქსოვილების დასაფარად. რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც სისხლის მიმოქცევა აღდგა და მიხორცდა კანი დაზიანებულ კიდურზე, შემდეგ განვახორციელეთ მისი პლატიკურად, რეკონსტრუქციულად დამუშავება.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ იზრდება წლიდან წლამდე პიროტექნიკით დაზიანების სტატისტიკა?

ახალი წლის ღამეს კლინიკაში მოხვედრილი ყველა პაციენტის მთავარი შეცდომაა პიროტექნიკის ხელში დაკავება. საახალწლო პიროტექნიკა უნდა დაფიქსირდეს მიწაში ან ვერტიკალურ მდგომარეობაში, არ შეიძლება მისი ხელით მართვა.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთი მორიგე ექიმი ვერ უმკლავდება ხოლმე და საჭირო ხდება გუნდის სრული შემადგენლობის გამოძახება.

ჩვენს კლინიკაში, BMC – ში, 24/7-ზე მუშაობს სისხლძარღვთა ქირურგების გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი. ახალი წლის ღამეს ჩემს კოლეგებს მინდა ვუსურვო მშვიდობიანი მორიგეობა.

გახსოვდეთ, რომ ქაღალდის მილში აფეთქების სიმძლავრე არაფრით ჩამოუვარდება ხელყუმბარას. პიროტექნიკის გამოყენებისას არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძვირი გადაიხადეთ ან რამდენად ხარისხიანია, აქ მთავარია წესების დაცვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ტრავმას აგარიდებთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

გადაბეჭდვის წესი


ასევე: