მთავარი,სიახლეები

უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობა დაამტკიცა – „ნაახალწლევს მეტი ვიქნებით“ 

25.12.2020
უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობა დაამტკიცა – „ნაახალწლევს მეტი ვიქნებით“ 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძეს დაუჭირა მხარი. პლენარული სხდომა დღეს, 25 დეკემბერს, გაიმართა.

უმაღლესმა საბჭომ თორნიკე რიჟვაძის მიერ წარმოდგენილი მინისტრობის კანდიდატებიც დაამტკიცა: ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე იქნება, ჯანდაცვის – ნინო ნიჟარაძე, სოფლის მეურნეობის – გიორგი სურმანიძე, განათლების – მაია ხაჯიშვილი.

აჭარის მთავრობას უმაღლეს საბჭოში „ოცნების“ 14-ვე წევრმა დაუჭირა მხარი.

„ბუნებრივია, გექნებათ მხარდაჭერა,“ – ეს თითქმის ყველა გამომსვლელმა აღნიშნა”ქართული ოცნებიდან”, რომელთაც კენჭისყრამდე ერთპარტიული უმაღლესი საბჭოს ტრიბუნა დაიკავეს და, მათი შეფასებით, ხელისუფლების სხვადასხვა მიღწევა მიმოიხილეს.

ტრიბუნასთან დადგა ირაკლი ჩავლეიშვილიც. ის ერთადერთი დეპუტატია, რომელიც „გაერთიანებული ოპოზიციიდან“ უმაღლეს საბჭოში შევიდა.

„გაყალბება გახდა ჩვენი ეროვნული იდენტობის მახასიათებელი, ისე შეგვისისხლხორცდა ეს საკითხი ჩვენ… საბოლოოდ, ყველაფერი თავს იყრის პარლამენტში, უმაღლეს საბჭოში, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება აქ,”- აღნიშნა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

ირაკლი ჩავლეიშვილმა ასევე თქვა, რომ დღეს რთულია ხელისუფლებაში ყოფნა, მაგრამ მთავრობას მხარს არ დაუჭერს: „ავანსად ვერ გავცემ ნდობას, დავაკვირდები ხელისუფლების საქმიანობას“, – დასძინა მან.

არჩევნების გაყალბების საკითხს „ოცნების” დეპუტატებიც შეეხენ.

„საზოგადოებას აღარ სჯერა იმის, რომ არჩევნები გაყალბდა,”- განაცხადა ილია ვერძაძემ.

„არსებობს კრიზისული სიტუაცია… ისინი არ იღებენ პასუხისმგებლობას, გაზაფხულზე ელოდებიან ქვეყნის შესუსტებას, მაგრამ პანდემიის პირობებშიც ჩვენ ველოდებით ეკონომიკის ზრდას,”- განაცხადა ტიტე აროშიძემ.

„ვფიქრობ, ნაახალწლევს ვიქნებით გაცილებით მეტი,”- აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ. მისი აზრით, ოპოზიცია აზრს შეიცვლის და უმაღლეს საბჭოში შევა.

ტრიბუნასთან დავით გაბაიძემ ოპოზიციის დამოკიდებულება  „ტანტრუმის მდგომარეობით“ ახსნა.

„ეს არის ტერმინი ბავშვთა ფსიქოლოგიაში, როცა ერთიდან სამ წლამდე ბავშვს აქვს ემოციური ამოხეთქვა, რაღაცას ითხოვს, ვერ მიიღებს, ტირის, კივის, ფეხებს აბაკუნებს…”- განმარტა დავით გაბაიძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ იმის დასტურად, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ელჩები ახსენა, ევროპა და აზიაც.

„ამერიკის შეერთებული შტატები გეუბნება, რომ არა ხარ მართალი, ევროპელი ამას გეუბნება, აზიელი გეუბნებათ იგივეს…“ – აღნიშნა დავით გაბაიძემ.

„ნურავის გაუჩნდება ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები, ყველაფერი იქნება მშვიდად…“ – დაამშვიდა „ოცნების“ დეპუტატები თორნიკე რიჟვაძემ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სტაბილურობის შენარჩუნებაა.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოსახლეობა მოელის გვერდში დგომას, თანადგომას, ყოველდღიურად მძიმდება მათი ეკონომიკური მდგომარეობა. ეს გვერდში დგომა უნდა იყოს საგრძნობი და ხელშესახები,”- დასძინა თორნიკე რიჟვაძემ.

„წარმატებებს გისურვებთ,“- მიმართა თორნიკე რიჟვაძეს დავით გაბაიძემ მას შემდეგ, რაც ერთპარტიულ საბჭოში „ოცნების“ სრულმა შემადგენლობამ ხელი თანხმობის ნიშნად ასწია.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: