მთავარი,სიახლეები

ხვნა-თესვის “რეკორდული ათვისება” – თემა უფლებების კომიტეტის სხდომაზე

24.12.2020 • 1001
ხვნა-თესვის “რეკორდული ათვისება” – თემა უფლებების კომიტეტის სხდომაზე

არაფერ შუაშია, მაგრამ ხვნა-თესვა ადამიანის უფლებების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავარ თემად იქცა. დღეს, 24 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს, თორნიკე რიჟვაძეს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ამ ორი კომიტეტის წევრებს თორნიკე რიჟვაძე ცალკე შეხვდა.

ხვნა-თესვაზე ყურადღება ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ გაამახვილა. არაერთი უფლებრივი პრობლემის არსებობის მიუხედავად, მას კითხვა საერთოდ არ ჰქონდა. უფლებებზე აქცენტის ნაცვლად, ცოტნე ანანიძემ ხვნა-თესვაზე არჩია მთავრობის შექება და ერთპარტიულ უმაღლეს საბჭოში საბჭოთა ტერმინის გამოყენებასაც არ მოერიდა: “რეკორდული ათვისება”.

“ჩემს სამაჟორიტარო მუნიციპალიტეტშიც რეკორდული ათვისება იყო საგაზაფხულო ხვნა-თესვის კუთხით…” – აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.

ხვნა-თესვაზე ისაუბრა თორნიკე რიჟვაძემაც. “მომავალ წელსაც გვექნება და უკვე პროგრამული ხასიათი მიიღო ხვნა-თესვის დაფინანსებამ” – თქვა მან.

კითხვა არა, მაგრამ უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზოგადად შეეხო იმასაც, რომ შშმ პირებს გამოწვევები აქვთ, ხოლო პანდემიის პირობებში სესხების პრობლემა გააქტიურდა და “მეტი ინფორმირებულობაა საჭირო”.

“ყველა სკოლა, რომელიც შენდება, ადაპტირებულია,” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. კონკრეტულად როგორ მოგვარდება პრობლემური სესხი, ან რა შეიცვლება შშმ პირებისთვის, სხდომაზე არ უსაუბრიათ.

თორნიკე რიჟვაძესთან კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა ლადო მგალობლიშვილს. ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა. დეპუტატის აზრით, ააიპ-ების ხელმძღვანელებს უკონკურსოდ არ უნდა ნიშნავდნენ მინისტრები.

“მაგალითად, აჭარის სახელმწიფო ცეკვის ანსამბლის დირექტორი ინიშნება თქვენივე უფლებამოსილების ვადით,” – თქვა ლადო მგალობლიშვილმა და განმარტა, რომ ამ საკითხს ააქტიურებს, რადგან “მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარეს აქვს ამ კუთხით ინიციატივის უფლება,”- დასძინა მან.

“მზად ვართ ამ საკითხზე ვიმსჯელოთ დეტალურად,” – მოკლე რეპლიკით შემოიფარგლა თორნიკე რიჟვაძე.

რადგან ორი კომიტეტის დეპუტატებს მოსაზრებებიც აღარ დარჩათ, თორნიკე რიჟვაძემ თავისი ინიციატივით “ოცნების ქალაქზე” არჩია ელაპარაკა ერთი-ორი წუთი.

“იქ ყველა ოჯახს საცხოვრისის პრობლემა მოუგვარდა,” – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

“რა დამრჩენია, წარმატება უნდა გისურვოთ,” – დაასრულა სხდომა ლადო მგალობლიშვილმა და თორნიკე რიჟვაძეს გახედა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: