მთავარი,სიახლეები

ბულვარში ხრეში ახალნაყიდი მილებით ვერ გადაქაჩეს და მანქანებით ეზიდებიან

09.12.2019 • 3750
ბულვარში ხრეში ახალნაყიდი მილებით ვერ გადაქაჩეს და მანქანებით ეზიდებიან

ძველი ბულვარიდან ახალ ბულვარში ხრეშის მილებით გადაქაჩვის გეგმა ჩაიშალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, არ იმუშავა სპეციალურმა მოწყობილობამ [ტუმბოები, მილები], რომელიც სპეციალურად შემოიტანეს და დაამონტაჟეს პლაჟზე.

ერთ-ერთი დასაქმებულის თქმით, „ტუმბო ვერ მოერია და ქვები ვერ გადაქაჩა“. ძველი ბულვარის პლაჟზე თავმოყრილი ხრეში აეროპორტის მიმართულებით ამჯერად, პლაჟზის გავლით, მანქანებით გადააქვთ.

ხრეშის გადატანა ახალ ბულვართან პლაჟის მოსაწყობადაა აუცილებელი და ის ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ნაწილია. პროექტის ფარგლებში პლაჟის გასწვრივ ააშენეს ბეტონის კედელი და ჩააწყვეს ქვის ლოდები. გაკეთდა სასეირნო ბილიკი, პლაჟზე გადასასვლელები. პროექტში 55 მილიონი ლარი იხარჯება. სამუშაოები სახელმწიფოს მიერ აღებული სესხით სრულდება.

ბათუმში ნაპირდაცვის პროექტი, რომელიც 2 კილომეტრამდე დამცავი კედლის – ქვანაყარი ბერმის აშენებას და სხვა სამუშაოებს ითვალისწინებს, აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხით დაფინანსდა. პროექტი იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ შექმნა. მას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოებს კი ჰოლანდიური კომპანია STRUIJK GROUP-ი ასრულებს, რომელთანაც თავდაპირველად კონტრაქტი 30 მილიონამდე ლარზე გაფორმდა, მოგვიანებით კი პროექტი 55 მილიონამდე გაიზარდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროექტის გაძვირება, ძირითადად, განაპირობა ბულვარში შესრულებულმა სამუშაოებმა, რაც არ იყო თავიდან გათვალისწინებული [გაკეთდა სასეირნო ბილიკი, რომელიც 4 წლის წინ ზღვამ დაანგრია].

რატომ ვერ იმუშავა სისტემამ, რომლითაც ხრეში უნდა გადაექაჩათ და რა ზარალი ნახა სახელმწიფომ? – მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ მათ მისცეს დავალება პროექტის ინჟინერს – იტალიურ კომპანიას, შეისწავლოს მიზეზი. მიზეზის დადგენის შემდეგ კი დადგება ზარალის ანაზღაურების საკითხი [შესაძლოა განიხილონ არსებული სატუმბი სისტემის შეცვლა და ახლის შემოტანა, რომელიც იმუშავებს ბათუმის პლაჟზე, ვინაიდან ახალ ბულვართან პლაჟმა რომ იარსებოს, მას მუდმივი კვება, ანუ იქ ხრეშის რეგულარულად დაყრა სჭირდება].

ბათუმი / 9.12.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

„ჩვენ საერთაშორისო ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული… მთავარია, გაირკვეს მიზეზი, რატომ არ იმუშავა სისტემამ და თუ საჭირო გახდა, არბიტრაჟსაც მივმართავთ, ასე, რომ სახელმწიფო არ იზარალებს“, – აცხადებენ ფონდში.

ერთ-ერთი ვერსიით, ბათუმში ჩამოტანილი ტუმბოები გათვლილი იყო უფრო წვრილი და არა ისეთი ქვანარევი ფრაქციისთვის, როგორიც ბათუმის პლაჟზეა.

„ვერც იმას ვიტყვით, რომ არსებულმა სისტემამ არ იმუშავა. იმუშავა, მაგრამ ქვიშა-ხრეში ისე მცირე რაოდენობით  გადაჰქონდა, რომ პროექტით გათვალისწინებული მასის გადატანას თვეები დასჭირდებოდა და პროექტი ვერ დასრულდებოდა. ამიტომ, მიღებული იქნა ხრეშის ავტომანქანებით გადატანის გადაწყვეტილება. 30 ათასი კუბ/მ ხრეშის გადატანა მოხდება და სამუშაოები 2 თვეში დასრულდება. სხვა ყველა სამუშაო დამთავრებულია. პლაჟზე ხრეშის დაყრით კი,  პროექტი მთლიანად დასრულდება. სამომავლოდ, პლაჟის კვებაზე ბათუმის მერიამ უნდა იზრუნოს – არ იქნება კვება, არ იქნება პლაჟი“, – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ხრეში ახალ ბულვართან მილების ნაცვლად ავტომანქანებით გადააქვთ:

„სანრემოს“ მიმდებარე ტერიტორიიდან ხრეში ახალი ბულვარის პლაჟისთვის გადააქვთ /ბათუმი / 9.12.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

ახალი ბულვარი, სადაც პლაჟი ხელოვნურად უნდა მოეწყოს / ბათუმი / 9.12.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

ტუმბო, რომლითაც ხრეში უნდა გადაექაჩათ /ბათუმი / 9.12.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

ახალი ბულვარის გასწვრივ / აქ ხრეში პლაჟის შესაქმნელად ძველი ბულვარიდან ავტომანქანებით მოაქვთ / ბათუმი / 9.12.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

ახალი ბულვარის პლაჟზე ჩასასვლელი / ბათუმი / 9.12.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

ამ თემაზე:

სპეციალური ტუმბოებითა და მილებით ახალი ბულვარის მიმართულებით 30 500 კუბ/მ ხრეშის გადატანა იგეგმებოდა:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: