ბათუმი,განათლება,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

4 მილიონ ლარად 121 საჯარო სკოლაში Wi-Fi ქსელები მოეწყობა

25.12.2020 • 2250
4 მილიონ ლარად 121 საჯარო სკოლაში Wi-Fi ქსელები მოეწყობა

საქართველოს განათლების სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით 121 საჯარო სკოლაში Wi-Fi ქსელების მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა განხორციელდება დონორის – მსოფლიო ბანკის დაფინანსებით. სატენდერო თანხა 4 023 000 ლარია.

შერჩეული სკოლებიდან 63 სკოლა აღმოსავლეთ საქართველოშია, ხოლო 58 სკოლა დასავლეთ საქართველოში. მათ შორის 23 სკოლა აჭარაში:

  • ბათუმში: მე-2, მე-14, მე-15, 25-ე და 27-ე საჯარო სკოლები;
  • ქობულეთში: მე-6 და მე-3 სკოლები, ასევე, კვირიკეს მე-2, სოფელ ქობულეთის, წყავროკას და ჩაისუბნის საჯარო სკოლები;
  • ხელვაჩაურში: სოფელ ხელვაჩაურის N1 სკოლა, თხილნარის N1 სკოლა, ასევე, ახალსოფლისა და კაპრეშუმის საჯარო სკოლები;
  • ქედაში: დაბა ქედისა და დოლოგნის საჯარო სკოლები;
  • შუახევში: დაბა შუახევისა და ხიჭაურის საჯარო სკოლები;
  • ხულოში: სოფლების – ღურტას, ოქრუაშვილების, დიოკნისის და სხალთის საჯარო სკოლები.

სატენდერო კომისიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სკოლები შერჩეულია სამინისტროს მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით და სია შეთანხმებულია დონორთან.

ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 8 თებერვალს და 12 თებერვალს დასრულდება. სკოლებში Wi-Fi ქსელების მოწყობა კი, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს.

საქართველოში 2 309 საჯარო და კერძო სკოლაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: