მთავარი,სიახლეები

წაიკითხეთ, სანამ ბავშვს საახალწლო ასაფეთქებლებს უყიდით

24.12.2020
წაიკითხეთ, სანამ ბავშვს საახალწლო ასაფეთქებლებს უყიდით

ყოველწლიურად საქართველოში ათობით ბავშვი, მოზარდი და ზრდასრული ზიანდება საახალწლო პიროტექნიკისგან.

მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნისთვის პიროტექნიკური ნაწარმის მიყიდვა საქართველოში 2018 წლიდან დასჯადია, პიროტექნიკა, ე.წ. „ასაფეთქებლები“ და „ბომბაჩკები“ ბავშვებისთვის რომ კვლავ ხელმისაწვდომია, ამაში ქუჩაში გავლისასაც იოლად დარწმუნდებით.

15 დეკემბერს ბათუმში სატვირთო ავტომანქანას ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, როცა, თვითმხილველების თქმით, ბავშვებმა სატვირთო ავტომანქანის ქვეშ „ბომბაჩკები“ შეაგდეს. ამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა არის შემთხვევები, როცა პიროტქნიკის გამო ადამიანების ჯანმრთელობა ზიანდება.

გასულ ახალ წელს, 2019 წლის 31 დეკემბრიდან 2020 წლის პირველი იანვრის ჩათვლით საქართველოში პიროტექნიკით 81 ადამიანი დაზიანდა, მათგან 51 პირს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა – ეს ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან მოგვაწოდეს. 

ბოლო წლების განმავლობაში „ბათუმელებმა“ არაერთი შემთხვევა გააშუქა, როცა საახალწლო პიროტექნიკის გამოყენების გამო ბავშვები დაშავდნენ.

საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით პიროტექნიკის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა დასჯადია. ის, ვინც არასრულწლოვანს პიროტექნიკას მიჰყიდის 100 [ფიზიკური პირის შემთხვევაში] ან 200 ლარით [იურიდიული პირის შემთხვევაში] ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში 3 მილიონ 400 ათას 700 დოლარის პიროტექნიკაა შემოტანილი. მათ შორის: ფეიერვერკები, სასიგნალო რაკეტები, წვიმის რაკეტები, ნისლსაწინააღმდეგო სიგნალები და სხვა პიროტექნიკური ნაწარმი.

გასულ, 2019 წელთან შედარებით, პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი წელს საქართველოში განახევრებულია. გასულ წელს საქართველოში  6 მილიონ 305 ათას 400 დოლარის პიროტექნიკა და ფეიერვერკები იქნა შემოტანილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: