მთავარი,სიახლეები

რატომ თქვა გახარიამ, რომ „ჩვენ ვართ მართლმადიდებლური სახელმწიფო“

15.04.2020 • 3003
რატომ თქვა გახარიამ, რომ „ჩვენ ვართ მართლმადიდებლური სახელმწიფო“

„ჩვენ ხომ მართლმადიდებლური სახელმწიფო ვართ“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე, როცა კორონავირუსის ზრდის გამო დამატებითი შეზღუდვები დაუწესა მოქალაქეებს. პრემიერმა დასძინა, რომ ეკლესიები არ დაიკეტება და პასუხისმგებლობის ტვირთი სახელმწიფომ, როგორც გახარია ამბობს, „ბრძენ მოქალაქეებს“ დააკისრა. საზოგადოების ნაწილი პრემიერს კონსტიტუციის გადაკითხვას ურჩევს. რა იგრძნობოდა პრემიერის ამ სიტყვებში – ეკლესიისადმი მორჩილება თუ გააზრებული რიტორიკა სეკულარიზმის წინააღმდეგ? – ამ საკითხზე „ბათუმელებმა“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ჰკითხა.

  • ბატონო მირიან, რას ფიქრობთ პრემიერის განცხადებაზესაქართველო მართლმადიდებლური სახელმწიფოთუ სეკულარული?

პრემიერ-მინისტრის პოსტზე მომუშავე ადამიანისთვის არა მგონია ეს წამოცდენა ან საკითხში გაუთვითცნობიერებლობა იყოს, თუმცა ესეც არ არის გამორიცხული. როგორც მახსოვს, ამის შემდეგ გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს მრავალსაუკუნოვანი  ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილება  ეკლესიასთან და ა.შ.  მაგრამ უმთავრესი პრობლემა აქ არის ის, რომ ხალხის მეხსიერებაში ეკლესია თვითონ არის შეზრდილი სახელმწიფოსთან. მართლმადიდებელი მღვდლების არგუმენტები სახლში არდარჩენაზე არის აბსოლუტურად არარელიგიური ხასიათის. ისინი ძირითადად ამოზრდილია ისტორიული მითებისაგან და ხშირად სრულიად ალოგიკურ თხრობებს წარმოადგენენ.

მოსახლეობის წარმოდგენაში სახელმწიფო და ეკლესია არ არის ერთმანეთისგან გამიჯნული. ეს არის ფაქტი, რომელიც ასახულია კონსტიტუციაშიც ძალიან ცუდი ჩანაწერით, რომ სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის ისტორიულ როლს და ა.შ. მაშინ, როცა ვიცით, რომ საქართველოში ისლამიც არსებობდა ისტორიულად, მაზდეანობაც და მითრაიზმიც და ა.შ. ქართული სამეტყველო ენაც და მათ შორის საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიაც, ასე ვთქვათ, ძალიან დავალებულია სპარსული რელიგიებით. ასე, რომ გახარიას ეს შეფასება მე წამოცდენად არ მიმიღია. მან უბრალოდ, რაღაცნაირად ასე დაალაგა სურათი და ეცადა აეხსნა გარემოება, რატომ ვერ აიძულებს სახელმწიფო საპატრიარქოს, დაემორჩილოს კანონმდებლობას. ფაქტობრივად, ჩვენ გამოვდივართ ირანის მსგავსი სახელმწიფო იმ განსხვავებით, რომ ირანში რელიგიამ მიიღო ჯანსაღი ზომები ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს კი მასობრივი თვითმკვლელობის ორგანიზება სურს საკუთარი უძლეველობის დასამტკიცებლად.

  • შესაძლოა მართლმადიდებელი ეკლესია ცდილობს ადამიანების გონება კვებოს მითოლოგიით, მაგრამ სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს ამაში? ჩვენ ხომ რიტორიკის დონეზე მაინც ვაღიარებთ, რომ სეკულარული სახელმწიფო გვაქვს, ვაღიარებთ კულტურულ და რელიგიურ მრავალფეროვნებას და .?

ჩვენ რომ  სეკულარული სახელმწიფო ვართ, ეს არის ძალიან მცირე ადამიანების წარმოდგენა. უდიდესი ნაწილისთვის ეს ასე არ არის. უნდა ვაღიაროთ, რომ უმრავლეს პოლიტიკოსთა თავებიც ამ წარმოდგენით არის გაჯერებული და ამას ხელს უწყობს კონსტიტუციაც, სადაც ეკლესიის განსაკუთრებულ მდგომარეობაზეა საუბარი. ეს აბსურდული ჩანაწერი გადასახედია. საუბარი აღარ მაქვს კონკორდატზე, რომელიც ფაქტობრივად დიდი სიშლეგეა. ირანის ისლამური რესპუბლიკაც აფინანსებს მაგალითად სომხურ სამოციქულო ეკლესიას საკუთარ ტერიტორიაზე და არც ის გამორიცხავს გარკვეულ შეწყნარებულ მრავალფეროვნებას. დაახლოებით ასეთი წარმოდგენაა საქართველოშიც სეკულარიზმზე.

  • როცა სახელმწიფო მოუწოდებს ადამიანებს, რომ დარჩნენ სახლში, რადგან უფრო მეტად არ გავრცელდეს ვირუსი, დაწესებულია ძალიან მაღალი ჯარიმები საგანგებო რეჟიმის დარღვევაზე, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია არ ემორჩილება საგანგებო მდგომარეობას. რისი ნიშანია ეს, ხელისუფლების უძლურების?

გახარიამ  ეკლესიის მიმართ ლოიალობა ახსნა იმით, რომ სახელმწიფოს და ეკლესიას შორის კატეგორიული ურთიერთობების გამოცდილება არ არსებობსო. თუმცა, პირველი რესპუბლიკის პირობებშიც შეიზღუდა ეკლესიის პოლიტიკური ძალაუფლება და ეს ასახულია 1918 წლის კონსტიტუციაშიც, საბჭოთა გამოცდილებაც არსებობს, რომელიც ასევე ჩვენი წარსულია და შუა საუკუნეებშიც კი არ ყოფილა ჰარმონიული ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. პირიქით, ხშირად იყო დაძაბულობა.

ეკლესიების დაკეტვა არის ყველაზე დიდი პრობლემაო – აცხადებს საპატრიარქო, მაშინ როცა დამოწმებული ფაქტია, რომ დავით ულუს დროს საქართველოს ეკლესიამ ინტერდიქტი გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ ეკლესია წყვეტს კონკრეტული ქვეყნის ტერიტორიაზე წირვა-ლოცვას. მაშინ ეკლესიამ წირვა-ლოცვა სრულიად შეაჩერა. მიზეზი იყო ის, რომ ახალი მეფე, დავით ულუ, არ უმტკიცებდა ეკლესიებს ძველ პრივილეგიებს, – მიწას,  ტერიტორიებს, ტყეებს და ა.შ. სანამ ეს საკითხი გაირკვეოდა ადგა და საკუთარ მრევლს ზიარება დაუკავა ეკლესიამ, ეს იყო პოლიტიკური იარაღი. ასე, რომ პოლიტიკური მიზნით ზიარების მიცემა ან ზიარებაზე უარის თქმის გამოცდილება საქართველოს ეკლესიას უხვად აქვს.

მთავრობა ცდილობს ახსნას, თუ რატომ ვერ ეხება საპატრიარქოს კონკრეტული და კატეგორიული ტონით. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ გახარიას ტვინში მსგავსი რაღაც მართლაც ხდებოდეს. ეს ხომ ის მთავრობაა, მართლმადიდებლური ასამბლეის ჩაშლის გამო საზოგადოებას რომ დაუპირისპირდა და თვალები დათხარეს ადამიანებს. შესაძლოა მართლმადიდებლობა გახარიასაც პოლიტიკური მოწყობის ფორმად ესმის.

  • თუ ტრადიციებზე ვსაუბრობთ, რომის ეკლესიას არანაკლები ტრადიცია და გავლენები აქვს თავის სახელმწიფოში, თუმცა ვნახეთ რომის პაპის ლოცვა წმ. პეტრეს ცარიელ მოედანზე.

რომის ეკლესიის პოლიტიკურ გამოცდილებას მართლაც ვერ შევედრებით, მაგრამ კათოლიკური და სხვა ბევრი ეკლესია ამოდის საღვთისმეტყველო პოზიციებიდან. ქართველ მღვდლებს როცა ვუსმენ, საღვთისმეტყველო კი არა რელიგიური შეფერილობის ტექსტებიც კი არ აქვთ. ეს არის სრული ბოდვა, რასაც  ქრისტიანობასთან საერთო არ აქვს. ულტრაორთოდოქსები არ ემორჩილებიან ისრაელში და ამერიკაში ამ განკარგულებებს. თუმცა იქ ორთოდოქსები, ზოგადად, სახელმწიფოს არ მიიჩნევენ ღვთიურ წარმონაქმნად და ეს ჟესტია მათი მხრიდან დაუმორჩილებლობა, ქართული ეკლესია კი ცდილობს არსებული სიტუაცია პრაგმატულად გამოიყენოს. ევაჭრება სახელმწიფოს ხეებს, ტყეებს და ა.შ.

  • საპატრიაროზე ტყეების გადაცემის თემა რამდენიმე დღეა გააქტიურდა. მაშინ, როცა პანდემიის გამო ყველაფერი გაჩერებულია ქვეყანაში, პარლამენტმა სწორედ ამ საკითხის განხილვა დაიწყო. ამაზე ვაჭრობა მიდის მთავრობასა და საპატრიაროს შორის?

გადაუმოწმებელი ინფორმაციით, საუბარი იყო, რომ ყოველწლიური დაფინანსება გაზრდილიყო 49 მილიონამდე, თუმცა ეს საკითხი არ გაჟღერებულა არც ერთი მხარისგან. შესაძლოა ამ ტიპის გარიგებებზეც იყოს საუბარი. თუმცა მეორე საკითხიცაა. როდესაც  საბჭოთა კავშირი დაინგრა და ჩვენი პოლიტიკური ელიტა ჯართის გაყიდვით იყო დაკავებული, ეკლესია ცდილობდა მომავალი დაესურათხატებინა. სწორედ მაშინ დაიწყო გავრცელება მითების და ეკლესია ამტკიცებდა, რომ ნებისმიერი ტექნოლოგიური წინსვლა არის მიახლოება ეშმაკთან, ანტიქრისტესთან და საქართველო გადარჩება მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი წმინდა პატრიარქი ჰყავს. შესაძლოა მოცემულ მომენტში სწორედ ამ მითების ტყვეა და მსხვერპლია თავად საპატრიარქოც, შეთქმულების თეორიებისა, რომელსაც თვითონ ქმნიდა წლების განმავლობაში.

  • მუსლიმები დაემორჩილნენ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, ასევე სხვა რელიგიური ორგანიზაციებიც. რომ არ ყოფილიყო ასე, როგორც მოიქცეოდა სახელმწიფო, რას ფიქრობთ?

ჯარიმები არ ასცდებოდათ არც მუსლიმებს და არც სხვებს. სახელმწიფო მუშაობს ძალიან მკაცრი შერჩევითი სამართლის პრინციპით. ორუელის ფრაზა რომ გავიხსენოთ -„ყველა ადამიანი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია“, მართლმადიდებელი ეკლესია  „უფრო თანასწორიას“ კატეგორიაა და მსგავსი პოლიტიკა მიუღებელია, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. სისულელეა დააჯარიმო ტიტების გამყიდველი 3 ათასი ლარით, რომელიც ისედაც მშიერი და გაღატაკებულია, როცა იქვე ბზებით მოვაჭრე პირების არსებობა არც კი გინდა შეიმჩნიო.

გარდა ამისა, რატომ უჭირთ ეკლესიების დაკეტვა? იმიტომ, რომ სხვა ეკლესიებს მრევლთან სხვაგვარი ურთიერთობის  გამოცდილებაც აქვთ, ეს არის პასტორალური საქმიანობა, ანუ მრევლის დამოძღვრა, წმინდა წერილი უნდა იცოდეს მღვდელმა კარგად, რომ ღვთის სიტყვა მიიტანოს ადამიანებთან, კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს. მაგალითად, დასავლეთში თეოლოგიას როცა ვსწავლობთ, ლექციების ერთი მესამედი ფსიქოლოგიაა. საქართველოში კი სასულიერო პირებმა ერთადერთი რაც იციან, არის რიტუალები. თუთიყუშს რომ დააზეპირებინო გალიაში როდის შევიდეს და გამოვიდეს, რა დროს რა წამოიძახოს დაახლოებით ისე. მექანიზირებული რიტუალების აღმასრულებელნი არიან და ტაძრები რომ დაკეტონ, ამის მიღმა რა საქმიანობის გაშლა შეუძლიათ, ამაზე წარმოდგენა არ აქვთ, ცოდნის დონეზეც კი არ იციან, რა აკეთონ.

  • პრემიერმა პასუხისმგებლობის ტვირთი დააკისრა მოქალაქეებს – „გონიერი, ბრძენი მოქალაქე მიხვდება“, რომ ეკლესიაში არ უნდა წავიდესო. რაზე იყო მინიშნება?

მინიშნება იყო იმაზე, რომ მთავრობას არ აქვს თავი რაიმე დაუშალოს ეკლესიას. თუ ეტყვის არ მიხვიდეო, ეკლესია ბრალს დასდებს, რომ ღვთისმგმობია ხელისუფლება. მეორე მხრივ, საპატრიარქო მრევლს ეუბნება, მისვლით დამტკიცდება მისი ერთგულება ღმერთისადმი. დაიწყეს მოქალაქეების მორალური კომპრომეტირება. პარადოქსია, რომ ეკლესია არ იღებს ასეთ დროს პასუხისმგებლობას და ადამიანებს ეუბნება, რომ არ დაემორჩილოს საგანგებო რეჟიმს, – დაავადდებით ტაძარში,  ესეც ღვთის ნება იქნებაო. ეს არის ანტიქრისტიანული ქმედება. მათ ქრისტიანობის მთავარი მიღწევა, რომ ღმერთთან მისასვლელი გზა ჩვენს გულსა, სულსა და გონებაზე გადის, შემოატრიალეს და ქრისტიანობა რაღაც ქვებამდე დაიყვანეს.

ეკლესია ცდილობს პანდემიის დროსაც კი სახელმწიფოს დაუწესოს თამაშის წესები. შესაძლოა, ეს არის მისი პასუხი ციანიდის საქმეზე, ამ ბოღმას ახლა აკომპენსირებენ და კვირიკაშვილის [ყოფილი პრემიერი] გამოჩენაც ამას უკავშირდებოდეს, რომელსაც ისევ მძაფრად აქვს დანაშაულის განცდა ამ საქმეში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: