მთავარი,სიახლეები

ერთპარტიული პარლამენტი მხოლოდ 1 რელიგიური ჯგუფით – სად არიან სხვები

25.12.2020 • 2315
ერთპარტიული პარლამენტი მხოლოდ 1 რელიგიური ჯგუფით – სად არიან სხვები

მეათე მოწვევის საქართველოს ერთპარტიულ პარლამენტში, არც რელიგიური მრავალფეროვნებისთვის აღმოჩნდა ადგილი. დარბაზში მხოლოდ დომინანტური, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები ისხდნენ. სხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები პირველ სხდომაზე არ მიუწვევიათ. „ეს დარბაზი ასეა აშენებულ-მოწყობილი, ვერ იტევს მეტ ადამიანს“, – გვითხრეს პარლამენტში.

იქ, სადაც სიმჭიდროვის მიზეზით ადგილი ვერ გამოინახა სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის, მართლმადიდებელ სასულიერო პირებს 5 სავარძელი შეხვდათ. პარლამენტის ადმინისტრაცია თავს იმით იმართლებს, რომ მათ სხვისი ადგილი დაიკავეს. „ასე არის ოდითგანვე“ – გვეუბნებიან ადმინისტრაციაში, ანუ მას შემდეგ, რაც, მათი თქმით, რუსთაველზე პარლამენტის შენობა აშენდა.

რელიგიური უმცირესობების ადგილი მხოლოდ ქუთაისის პარლამენტის შენობაში ყოფილა გათვალისწინებული.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძის თქმით, გული არ დაწყვეტია იმ ფაქტის გამო, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომაზე არ მიიწვიეს. მისთვის ეს სურათი ზუსტად ასახავს იმას, რაც რეალობაში ხდება.

„ითქვა, რომ რაკი პანდემიაა, დისტანციიდან გამომდინარე საკმარისი ადგილები არ იყო. თუმცა ერთი ეკლესია 5 ადამიანით იყო წარმოდგენილი. სიმართლე რომ გითხრათ, განცდის დონეზე გული არ დამწყვეტია, რომ არ დაუძახეს რელიგიებს, რადგან, როგორც წესი, ეს ზედაპირული საჩვენებელი გამოსვლები ხანდახან დამაბნეველია და ვერ აღიქვამ რა ხდება რეალურად. ეს სურათი კი იყო ძალიან ადეკვატური იმისა, რაც ხდება. ერთპარტიულ პარლამენტში მხოლოდ ერთი რელიგიური ჯგუფი იყო წარმოდგენილი. აბსოლუტურად ადეკვატური სურათია“, – ამბობს რუსუდან გოცირიძე.

რუსუდან გოცირიძე. ფოტო საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ფეისბუქ გვერდიდან

მისი თქმით, რომც მიეწვიათ, ბევრი რელიგიური თემი შესაძლოა არც წასულიყო ამ მოწვევის პარლამენტში პროტესტის ნიშნად. „მათ შორის ვიქნებოდით ჩვენც“, – ამბობს რუსუდანი.

პროტესტს კი, მისი თქმით, ის პროცესები იწვევს, რაც ქვეყანაში არჩევნების შემდეგ ვითარდება. „მოსახლეობაში არსებობს პროტესტი განცდა და ეს აბსოლუტურად იგნორირებულია ხელისუფლების მხრიდან. ეს იმდენად შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მოქალაქისთვის, რომ მოწვევის შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად არ წავიდოდით“, – გვეუბნება რუსუდან გოცირიძე.

ხელისუფლების ეს ჟესტი, ეპისკოპოსის აზრით, აჩვენებს იმასაც, რომ ხელისუფლებას მოჩვენებითობის დონეზეც კი აღარ აინტერესებს რელიგიური მრავალფეროვნების საკითხი. „რომ მოენდომებინათ, რელიგიის საკითხთა სააგენტო მოახერხებდა მრავალფეროვნების ჩვენებას. შეიქმნებოდა ზედაპირული სურათი თითქოს მრავალფეროვნება მათთვის ძვირფასია, მაგრამ არც ეს გააკეთეს, კეკლუცობის დონეზეც კი აღარ აინტერესებთ ეს თემა და ის, რომ მხოლოდ ერთი ჯგუფი იყო სხდომაზე წარმოდგენილი, ძალიან ზუსტი სურათი ამის საჩვენებლად“, – ამბობს ის.

რუსუდან გოცირიძის აზრით, სახელმწიფომ არადომინანტურ რელიგიებთან გაუცხოება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა რელიგიის საკითხთა სააგენტო შექმნა. „სააგენტომ ზუსტად იცის, რომელი რელიგიური თემია კრიტიკულად განწყობილი სახელმწიფოს მიმართ და რომელი იქნება უთქმელად იქ, სადაც დაუძახებენ. მაგალითად, როცა რელიგიის სააგენტომ გააკეთა „რელიგიები საქართველოში“, კონკრეტულად ჩვენი თემი არ წარმოადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მათ რუკაზე, მათ კალენდარზე არ ვარსებობთ, რადგან იციან, რომ კრიტიკულად ვართ განწყობილი“, – ამბობს ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე.

თენგიზ პარმაქსიზიშვილი

ბათუმის კათოლიკური ეკლესიის წევრის, თენგიზ პარმაქსიზიშვილის აზრით, ხელისუფლება რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებაში უფრო შორს წავიდა და არა მარტო პარლამენტში არ მიიწვია, ადამიანის უფლებების ხაზიც გადაკვეთა – რელიგიურ ლიდერებს მათი მრევლის წევრების პირადი მონაცემები მოსთხოვა. ამ მონაცემების გაგზავნაზე კონფესიებმა უარი განაცხადეს.

„ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. ამას ჰქვია ბოლშევიზმი, ამ გზით მივდივართ?“ – კითხულობს ის. მისი აზრით, „ქართული ოცნება“ ტოლერანტობის თვალსაზრისით რომ მოიკოჭლებს, ამას არა მხოლოდ რელიგიური უმცირესობების პარლამენტში არ მიწვევა ადასტურებს.

„მთელი პანდემიის პერიოდი აჩვენებს ჩვენს დისკრიმინაციას, როცა ჯერ აღდგომის, შემდეგ კი ახლა შობის დღესასწაულზე არ მოგვცა გადაადგილების უფლება. მაშინ როცა 6 იანვარს მოხსნა შეზღუდვა, როცა მართლმადიდებლები აღნიშნავენ შობას“.

თენგიზ პარმაქსაზიშვილის აზრით, თუ ხელისუფლება სახელმწიფოებრივად აზროვნებს, უნდა ესმოდეს, რომ სახელმწიფო ყველა მოქალაქისთვის არის ერთი. „როცა გამონაკლისს უშვებ ერთისთვის და ზღუდავ მეორეს, ეს არც ტოლერანტობაა და არც სახელმწიფოებრივი აზროვნება“, – გვეუბნება ის.

საქართველოს მთავრობას რელიგიური უმცირესობებისთვის თანაბარი გარემოს შექმნისკენ მოუწოდა სახალხო დამცველმაც. „ნებისმიერი შეზღუდვა და მისგან დაწესებული გამონაკლისი შემთხვევები შემუშავდეს არადისკრიმინაციული მიდგომით, რომელიც თანასწორუფლებიანობის და სახელმწიფოს ნეიტრალობის მოთხოვნებს უპასუხებს“, – წერს სახალხო დამცველი.

ტარიელ ნაკაიძე მუსლიმი თემის წარმომადგენელია. ის წლების განმავლობაში „ქართველ მუსლიმთა კავშირს“ ხელმძღვანელობდა და წელს პირველად, მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრიც გახდა. თუმცა, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, მანდატზე ისიც უარს ამბობს. ტარიელ ნაკაიძე მიიჩნევს, რომ ერთპარტიულ პარლამენტში მიწვევა დიდი სახარბიელო არ არის, თუმცა შინაარსობრივად თუ განვიხილავთ, საკმაოდ უსიამოვნო ტენდენციაა, რადგან ხელისუფლებას რელიგიური მრავალფეროვნების წარმოჩენა უკვე ზედაპირულადაც აღარ სურს.

„პრაქტიკულად, ხელისუფლებას არ აქვს კეთილი ნების პოლიტიკა და ეს არ გამოიხატება მხოლოდ პარლამენტში არ მიწვევაში. წინა მოწვევის პარლამენტი ისეთი კანონის მიღებას ცდილობდა, რითაც რელიგიურ უმცირესობებს უსაფრთხოების სახელით უპირებდა ზღუდავდა. ბევრი ბრძოლის შემდეგ ეს აღარ მოხდა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ამ პარლამენტმა ეს თემა ისევ გააცოცხლოს“, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

მისი თქმით, პანდემიისას დომინანტური რელიგიისთვის მიცემული პრივილეგიები, პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ „ჩვენ მართლმადიდებლური ქვეყანა ვართ“ და ამის ღიად დეკლარირება საკმაოდ ცუდ სურათს გვაძლევს, „სადაც ჩანს თუ რა სახის პოლიტიკური განზრახვა აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არადომინანტური რელიგიების მიმართ. ამიტომ საგანგაშოა ეს სიტუაცია“, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე. მას მიაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ჯერ კიდევ ბევრი აქვს საბრძოლო იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებები გაძლიერდეს.

შედარებით ლოიალურად უყურებს ამ საკითხს სრულიად საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე.  „რახან ერთი კონფესია იყო, კარგი იქნებოდა, რომ ჩვენც მივეწვიეთ, რადგან ისტორიულად და დღესაც ჩვენი კულტურული სიმდიდრეა რელიგიური მრავალფეროვნება“, – მოკლედ გვითხრა ადამ შანთაძემ.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI)-ის თანადამფუძნებელი და სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამების ხელმძღვანელი მარიამ ღავთაძე, პარლამენტის მხრიდან რელიგიური კონფესიების მიმართ გულგრილობას, ღია განაცხადს უწოდებს იმაზე, რომ მთავრობა არ მიიჩნევს თანასწორ მოქალაქეებად განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანებს.

„ცალკე საკითხია ის, რამდენად ექნებოდათ მათ სურვილი ერთპარტიულ პარლამენტში მისვლის“,  – ამბობს ღავთაძე. მისი აზრით, პირველ სხდომაზე არ მიპატიჟება იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც ხელისუფლება წლის განმავლობაში ავლენდა უმცირესობების მიმართ.

„ეს გამოჩნდა მაშინაც, როცა აღდგომის დღესასწაულიდან მოყოლებული როგორ ურთიერთობდა სახელმწიფო მართლმადიდებელ ეკლესიასთან, როცა აბსოლუტურად გასული იყო კონსტიტუციის ფარგლებიდან და კულუარულ გარიგებებში იყო შესული საპატრიარქოსთან, სხვა აღმსარებლობებს კი ელემენტარულ კითხვებზეც არ სცემდა პასუხს“, – ამბობს ღავთაძე.

პანდემიის პირველი ტალღაში დაწესებული შეზღუდვების დროს რელიგიურ უმცირესობებს ხელისუფლებამ პასუხი არ გასცა კითხვაზე, შეეძლოთ თუ არა მათ რელიგიური მსახურების განახლება ან როგორ უნდა ემოქმედათ პანდემიის პირობებში.

პრემიერ-მინისტრ გახარიას პარლამენტში ყოფნისას „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა სერგო რატიანმა პირდაპირ ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა შეკრების უფლება რელიგიურ კონფესიებს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, თუმცა პრემიერმა არც ამ შემთხვევაში გასცა პასუხი. „ეს იყო სრული იგნორი“-მიიჩნევს მარიამ ღავთაძე.

მარიამ ღავთაძე

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში არც რელიგიის საკითხთა სააგენტოს უზრუნია რელიგიური კონფესიების ინფორმირებაზე. „ვერ ნახავთ მათ მიერ გაცემულ ვერცერთ რეკომენდაციას, ვერცერთ ჩანაწერს, მაშინ როცა მთელ მსოფლიოში გაიცემოდა რეკომენდაციები რელიგიური ორგანიზაციებისთვის. მაქვს განცდა, რომ რელიგიის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესდება ამ ხელისუფლების პირობებში და ეს ყველაფერი ამაზე მიანიშნებს“.

მარიამის აზრით, მათ შორის პირდაპირ დისკრიმინაციასაც აქვს ადგილი, როდესაც დომინანტი ეკლესიის გარდა სხვა კონფესიებს არ მისცეს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის შესაძლებლობა, ახლა კი არც შობის დღესასწაულზე დართეს უფლება ღამით გადაადგილების.

გამონაკლისი მთავრობამ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ საპატრიარქოსთვის დაუშვა და 6 იანვარს მოხსნა გადაადგილებაზე შეზღუდვა, მაშინ როცა მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ქრისტეშობას. სხვა მიმდინარეობის ქრისტიანები კი, ისინი, ვინც 25 დეკემბერს ზეიმობს შობის დღესასწაულს, იძულებული იყო საშობაო წირვა არა ტრადიციულად ღამით, არამედ კომენდანტის საათის დაწყებამდე ჩაეტარებინა.

„ვიცე-პრემიერი [მაია ცქიტიშვილი] ამბობს, რომ იმიტომ უნდა იზეიმონ მართლმადიდებლებმა, რომ ისინი უმრავლესობაა. ეს არის სწორედ დისკრიმინაცია. გარდა იმისა, რომ მიზანმიმართულად ახდენენ ამ შერჩევას, ისიც კი არ ესმით, რას ნიშნავს რწმენის და რელიგიის თავისუფლება“, – ამბობს ღავთაძე.

მარიამის აზრით, მსგავსი მიდგომა მმართველ პარტიას საკუთარი პოლიტიკის განმტკიცებისთვის სჭირდება და მიაჩნია, რომ ამას დომინანტური ეკლესიისთვის პრივილეგიების მიცემით მოახერხებს.  „ამაზე მეტყველებს ტყეების მიცემა საპატრიარქოსთვის პანდემიის პერიოდში და ის პრივილეგიები, რასაც ამ პერიოდში ვხედავდით. ეს ყველაფერი საკმაოდ საგანგაშოა, რადგან „ქართულმა ოცნებამ“  მოახერხა ის, რომ დარჩა ხელისუფლებაში, მოახერხა ის, რომ რელიგიის სააგენტო რომლის პრობლემურობაზე ყველა საუბრობს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებიც, მაინც შეინარჩუნა და ალბათ სხვა შემზღუდავ ქმედებებზე გადავა სამომავლოდ“.

რაც შეეხება მრევლის წევრების პირადი მონაცემების მოთხოვნას, მარიამ ღავთაძის თქმით, ეს ძალიან პრობლემური – საბჭოთა უშიშროების მეთოდებია და ახლაც მხოლოდ ძალიან არადემოკრატიულ ქვეყნებში გამოიყენება. „ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას სურს წვდომა ჰქონდეს ადამიანების პერსონალურ მონაცემებზე მათი რელიგიური შეხედულებების მიხედვით და ასე დაახარისხოს ისინი“, – ამბობს ღავთაძე.

ჩვენ შევეცადეთ გაგვეგო, რას ფიქრობდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო პარლამენტის მხრიდან რელიგიური უმცირესობების იგნორირებაზე.

ამ უწყებაში გვითხრეს: „ჩვენ არაფერს არ ვამბობთ, მათ ჰკითხეთ, ვინც არ მიიწვია“.

____

მთავარი ფოტო: მოსაყდრე შიო [შუაში] თანმხლებ პირებთან ერთად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: