მთავარი,სიახლეები

შეზღუდვა უსაფრთხოების სახელით

03.10.2017 • 4191
შეზღუდვა უსაფრთხოების სახელით

ბუნდოვანი, არაგანჭვრეტადი და საფრთხის შემცველი – ასე აფასებენ საქართველოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობები საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც რელიგიის თავისუფლებასაც შეეხება. მათი შეფასებით, წარმოდგენილი კრიტერიუმები თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფრთხეებს შეიცავს. მათ აქვთ კითხვები, თუმცა ვერ იღებენ პასუხებს. რელიგიური უმცირესობები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში არაერთხელ გახდნენ რწმენის გამოხატვის შეზღუდვისა და შეუწყნარებლობის მსხვერპლი, პოლიტიკური პროცესების მიღმა რჩებიან.

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, მეორე მოსმენით მიღებულ ვარიანტში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ექვსი საფუძველია მითითებული. ესენია: „დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის დაცვის, მართლმსაჯულების განხორციელების ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიღებულ რედაქციაში აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის მუხლი გააფართოვა, რაც უმცირესობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა აზრით, ადამიანის უფლებების სტანდარტს გააუარესებს. ჩამოთვლილი პუნქტებიდან რელიგიური უმცირესობები ყველაზე სახიფათო ჩანაწერად მიიჩნევენ რელიგიის შეზღუდვას „სახელმწიფო უსაფრთხოების“ დაცვის მოტივით. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიაჩნია, რომ დაუშვებელია რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა „სახელმწიფო უსაფრთხოების“ საფუძველზე.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის, რუსუდან გოცირიძის შეფასებით, კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის გაჩენა პრობლემაა:

„ჩვენ ისედაც ვცხოვრობთ გარემოში, სადაც ხელისუფლება თავს არ იწუხებს იმის ასახსნელად, თუ რა მიზეზით იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. როცა ხელისუფლება კონსტიტუციით გაიმაგრებს ზურგს, კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით“.

რუსუდან გოცირიძის აზრით, პირველი საშიშროება იმის, რომ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ლეგალიზება მოხდებოდა, მაშინ გაჩნდა, როდესაც რელიგიის სააგენტომ თავის სტრატეგიაში ჩაწერა, რომ საზღვრისპირა რეგიონების მოსახლეობა, რომელსაც რელიგიური ან ეთნიკური იდენტობა მეზობელი სახელმწიფოს მსგავსი აქვს, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საყურადღებო მოსახლეობას წარმოადგენს. „ამ ჩანაწერით სახელმწიფომ მოსახლეობის ეს ნაწილი ავტომატურად არასანდო მოქალაქეებად წარმოაჩინა, – თურმე ეს მოქალაქეები პოტენციურად საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს. ამიტომ, როცა რელიგიის შეზღუდვის სფეროში „სახელმწიფო უსაფრთხოება“ გადმოინაცვლებს, ჩნდება რისკი, რომ ამ ჩანაწერს ხელისუფლება უმცირესობების წინააღმდეგ გამოიყენებს“, – მიიჩნევს რუსუდან გოცირიძე. მისი აზრით, მაშინ, როცა დღეს არსებული კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლების დაცვის მაღალ სტანდარტს გვაჩვენებს, მუსლიმებს მაინც არ ეძლევათ შესაძლებლობა, ააშენონ მეჩეთი თავიანთ ნაყიდ მიწაზე. ასევე, სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად, რუსთავში კათოლიკეებს არ აძლევენ საშუალებას, ააშენონ ეკლესია.

„ბენჟამინ ფრანკლინი ამბობდა, რომ ქვეყანა, რომელიც თავისუფლებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების გამო, არც ერთს იმსახურებს და არც მეორეს. ისტორიამ აჩვენა, რომ თავისუფლების შეზღუდვით არც ერთ საზოგადოებას არ მიუღია უსაფრთხოების გარანტიები. როცა ქსენოფობიური მარშების და მსგავსი გამოწვევების ორომტრიალში ვცხოვრობთ, დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის სფეროში იქნება ცეცხლზე ნავთის დასხმა, რადგან მას ფაშისტურ განწყობებს ვარგებთ“, – ამბობს რუსუდან გოცირიძე.

რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი შეიძლება გახდეს „დანაშაულის თავიდან აცილების“ მოტივი, რაც უმცირესობების აზრით, ასევე ბუნდოვანი და გაუგებარია.

ეპისკოპოსის აზრით, იმ პრობლემებს, რომლებსაც აქამდე ხელისუფლება ვერ აგვარებდა ან არ აგვარებდა, ახლა „მარტივად მოაგვარებს“.

„დანაშაულის თავიდან აცილება“ უნდა მოქმედებდეს დანაშაულის წყაროსთან მიმართებაში და არა იმასთან მიმართებაში, ვისაც ემუქრებიან. თუმცა პრაქტიკა საქართველოში საპირისპიროს აჩვენებს. დანაშაულის ჩადენის დროს საზოგადოებას მხოლოდ ერთი კითხვა უჩნდება – ხომ არ გააღიზიანა მსხვერპლმა მოძალადე? ამიტომ, ერთ დღეს შეიძლება ვინმე მოვიდეს და მითხრას, რომ წერეთელზე მცხოვრებ მოსახლეობას თქვენი ეკლესიის ზარები აღიზიანებს, ან აღიზიანებთ აქ ხალხის მისვლა-მოსვლა და თუ ვინმე თავზე დაგესხმებათ, თქვენი ბრალი იქნება. რამდენი შემთხვევა გვახსოვს, როცა სახელმწიფომ დაიცვა რელიგიური ან სხვა უმცირესობები საფრთხის დროს და რამდენჯერ გაუგორა კოჭი უმრავლესობას? რამდენი შემთხვევა გვახსოვს, როცა სამართალდამცავები იდგნენ კანონის მხარეს? ძალიან ცოტა“, – ამბობს რუსუდან გოცირიძე.

„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე მიიჩნევს, რომ კანონი არ უნდა იძლეოდეს ინტერპრეტაციის საშუალებას. უსაფრთხოების სახელით რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა მაღალ რისკებს წარმოშობს.

„შეიძლება მოვიდეს ხელისუფალი და გვითხრას, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობა წარმოადგენს საფრთხეს. იმის მტკიცება, რომ ეს ასე არ არის, ძალიან რთული იქნება. მაშინ, როცა დღეს გვაქვს ბევრად უკეთესი კანონი, უმცირესობების უფლებები მაინც ხშირად ირღვევა. გავიხსენოთ ნიგვზიანის, სამთაწყაროს, ჭელას მოვლენები, ქობულეთში პანსიონზე ღორის თავის აკვრის ფაქტი, არც ერთი ეს შემთხვევა სამართლებრივად დღემდე არ არის შეფასებული და გამოძიებული. ლოცვაში ხელის შეშლის ფაქტი იყო, როცა მუფთი მეჩეთში არ შეუშვეს. სამართალდამცავები გვერდს უვლიან რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ჩადენილ კანონდარღვევის ფაქტებს. ამ ფონზე, ბუნებრივია, საფრთხის შემცველია დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები“.

შეხვედრა პარლამენტში, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებთან ტოლერანტობის დღეს

შეხვედრა პარლამენტში, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებთან ტოლერანტობის დღეს

ტარიელ ნაკაიძის აზრით, მას შემდეგ, რაც რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი კონსტიტუციაშიც გაჩნდება, სახელმწიფო უფრო მეტად ინერტული გახდება რელიგიური უმცირესობების დაცვის მიმართ. „მოხეში არსებული ნაგებობა არ გადასცა სახელმწიფომ მუსლიმებს, რადგან მართლმადიდებლების წინააღმდეგობა არსებობდა. ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ამბავი ვიღაცამ შესაძლოა დაპირისპირების წყაროდ აქციოს, რადგან ვიღაცას მოსწონს ეს, ვიღაცას – არა. კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ კი უმცირესობებს ეს საყრდენიც აღარ გვექნება – ჩვენი უფლებების დაცვა მთლიანად პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული.“

ტარიელ ნაკაიძის აზრით, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები რელიგიის თავისუფლების სფეროში, ქვეყნის მომავალს დააზარალებს: „ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, სადაც ყველა ჩვენს მეზობელს შესაძლებელია თავისი სტრაგეტიული გეგმები გააჩნდეს და, ბუნებრივია, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს თავისი უსაფრთხოების სტრატეგია, მაგრამ ეს თუ საკუთარი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, პრობლემაა.“

რელიგიის თავისუფლების მუხლში განსახორციელებელ ცვლილებებს საფრთხის შემცველად მიიჩნევს „სახარების რწმენის ეკლესიის“ წევრი ლელა ხონელიძეც. მისი აზრით, ეს ცვლილებები არ არის განჭვრეტადი, არ იციან რა მიზანს ესახურება და საიდან არის ნაკარნახევი. „ამ კითხვებზე რელიგიურ უმცირესობებს პასუხი არ მიგვიღია ხელისუფლებისგან. ყველა ვთანხმდებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება იყოს საქართველოში, მაგრამ რელიგიების კრიტიკული დამოკიდებულება ახალ პროექტთან მიმართებაში განპირობებულია სახელმწიფო პოლიტიკიდან, რომელსაც ატარებს ის რელიგიებთან მიმართებაში. „დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით“ შეიძლება აკრძალონ საკულტო ნაგებობების მშენებლობა, გარდა მართლმადიდებელი ტაძრებისა. შეიძლება ამიკრძალონ საჯარო სივრცის გამოყენებაც კი. ამ აკრძალვაზე პასუხი შეიძლება მივიღო სასამართლო დავის შემდეგ, მაგრამ მთელი აქტივობა ამ პერიოდში იქნება ხელშეშლილი. რაც ადრე და დღესაც დისკრიმინაციად მიიჩნეოდა, ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ყველაფერი შეიძლება „გაპრავდეს“, – გვეუბნება ის.

ლელა ხონელიძე, ისევე როგორც სხვა რელიგიური თემის წარმომადგენლები, კანონის აღსრულების პოლიტიკურ ნებაზე საუბრობს: „ჩვენმა ეკლესიამ 2010 წელს, სხვა პროტესტანტულ ეკლესიებთან ერთად, სპორტის სასახლის დარბაზში სამდღიანი დიდი შეხვედრა გამართა ისე, რომ ხელი არ შეუშლიათ – სამართლებრივად სახელმწიფო მაშინ ჩვენ გვერდით დადგა. მაგრამ 2014 წელს, როცა „იმედის ფესტივალის“ ჩატარება გვინდოდა სპორტის სასახლეში, ხელი შეგვიშალეს – სახელმწიფომ ასე ინება. როცა სახელმწიფოს უნდა, დგას სამართლიანობის მხარეს, როცა უნდა – არა“.

რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების მუხლში საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებულ განხილვებში რელიგიური უმცირესობები ჩართულნი არ არიან. რუსუდან გოცირიძის თქმით, რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლები, თავიანთი ინიციატივით, ერთხელ შეხვდნენ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს, რათა თავიანთი რეკომენდაციები გაეცნოთ. „ამ დროს ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზეც. თუმცა არც შეხვედრა ყოფილა პარლამენტის ორგანიზებული და არც საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარს გეგმავდნენ ჩვენთან“. რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ ეს შეხვედრა მაინც ვერ იქნებოდა პროდუქტიული რადგან ორი მოსმენა ჩავლილი იყო (პარლამენტში) და ბევრი არაფრის შეცვალა არ შეეძლოთ. „მაგრამ მეორეა ხელისუფლების დამოკიდებულება, – როცა ჩვენ ვესაუბრებოდით პრობლემებზე, ისინი გვესაუბრებოდნენ ცხრაწლიან რეჟიმზე.

ამონარიდი საქართველოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიიდან:

საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში რელიგიური ჯგუფების იმგვარი გეოგრაფიული განლაგებაა, როცა მათ ანალოგიური ეთნიკური (მაგ.; სამცხე-ჯავახეთის სომხურ თემს ესაზღვრება სომხეთი, ქვემო ქართლის აზერბაიჯანულ თემს – აზერბაიჯანი და ა.შ.) ან რელიგიური (აჭარის ქართველ მუსლიმთა თემს ესაზღვრება მუსლიმური თურქეთი და ა.შ.) კუთვნილების მქონე ქვეყნები ესაზღვრებათ.

აღნიშნული მდგომარეობა საქართველოს სახელმწიფოს განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ ამოცანებს უყენებს; კერძოდ: თავიდან აირიდოს მეზობელი, რეგიონის ქვეყნების მხრიდან საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ-რელიგიური მრავალფეროვნების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფოს შიდაპოლიტიკაში საკუთარი ინტერესების დაფიქსირების მცდელობა.

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში ვერ მოხერხდა მწყობრი, მიზანმიმართული რელიგიური პოლიტიკის ჩამოყალიბება და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება. პრობლემის არეალი დავიწროვდა და მარტოოდენ რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვას ითვალისწინებდა, მაშინ, როცა ამავდროულად, რელიგიური ჯგუფების ინტერესების დაცვასთან ერთად, აუცილებლად უნდა მოიცავდეს ქვეყნის საშინაო და საგარეო უსაფრთხოების დისკურსს.

როდესაც პირველად დაიწყო ანტიმუსლიმური განწყობები, პირადად მე არ დამიტოვებია არც ერთი დაწესებულება და ვუხსნიდი მინისტრებს იმ საფრთხეებს, რომლებიც ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყოლოდა. ზოგიერთი ზრდილობის გულისთვის გვისმენდა, ზოგიერთი, უბრალოდ, ჩვენ თვალწინ მობილურში თამაშობდა.

ერთადერთი, რაზეც სახელმწიფომ დაგვიძახა, ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვა იყო. თუმცა როგორც კი ამ განხილვებმა პარლამენტში გადაინაცვლა და იქ ჩასხდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლები, აბსოლუტურად ამოიკვეთა კანონპროექტიდან ყველა ის ნაწილი, რაზეც თვეების მანძილზე ვმსჯელობდით“.

კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელი გიორგი ცხომელიძეც ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩართული არ ყოფილა. „რაც ვიცით, ისიც მედიიდან. სახელმწიფოს საკმარისად არ განუმარტავს ცვლილებებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ შეგვატყობინა ასევე ცვლილებების შესახებ და ჩვენ გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება“.

გიორგი ცხომელიძის თქმით, უნდა ყოფილიყო უფრო ღია და გამჭვირვალე პროცესი, მეტი დისკუსია: „საქართველოში რელიგიური უმცირესობები პოლიტიკურად აქტიურები არ არიან ხოლმე, მაგრამ, რადგანაც ცვლილებები რელიგიის სფეროს ეხება, ვფიქრობ, სახელმწიფოს მეტი დაინტერესება უნდა გამოეჩინა ჩვენი აზრის მიმართ“.

წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესიის პასტორი, ვარლამ რამიშვილი ამბობს, რომ რელიგიური თავისუფლება არ არის აბსოლუტურად შეუზღუდავი, მაგრამ რის გამო უნდა იყოს შეზღუდული, ამის დეტალიზება აუცილებელია. „მეც მაქვს კითხვები – რით არის ცუდი დღეს მოქმედ კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლების შესახებ ჩანაწერი? რამ წარმოშვა ამ ცვლილებების საჭიროება, რამდენად შეესაბამება ახალი კანონპროექტი საერთაშორისო გამოცდილებას, კანონპროექტის მესვეურებმა რატომ არ ინებეს კონსულტაცია რელიგიათა საბჭოსთან, რადგან არანაირი კონსულტაცია, არანაირი შეხვედრა და განმარტება ამ თემაზე ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა. უკეთესია გამჭვირვალობა, ღიაობა და განსჯა“, – ამბობს ის.

ეჭვები, რომ შესაძლებელია ეს შეზღუდვები ვინმემ ბოროტად გამოიყენოს, აღარ იარსებებდა, თუკი ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა ამაზე ნათელი განმარტებები და თანამშრომლობის სურვილი. „რაც არ უნდა ჩაწერო კანონში, მაინც ნებას აქვს მნიშვნელობა. აქამდე არ იყო შეზღუდვები, მაგრამ პრობლემა მაინც არსებობდა. დასანანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამაზე სათანადო განმარტება არ ხდება“.

ვარლამ რამიშვილის თქმით, დემოკრატია, რწმენის თავისუფლება, არ აზიანებს სახელმწიფოს, პირიქით: „შებორკვამ, წინააღმდეგობამ და დევნამ დაანგრია საბჭოთა და ბევრი სხვა წყობა. სადაც არის აზრის გამოხატვის თავისუფლება, დისკუსია, იქ არის კანონის უზენაესობაც, სწორედ ასეთი სახელმწიფო გვინდა, რომ გვქონდეს.“

„ქრისტიანული მორალი ისედაც გვკარნახობს, რომ სიკეთე ჩუმად ვაკეთოთ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა გინდა, ვთქვათ, პატიმრები მოინახულო, ან სხვა რაღაც კარგი საქმე გააკეთო, მაგრამ ამის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გვაძლევენ, თუკი ჩვენს იდენტობას დავმალავთ. სახელმწიფოს არ უნდა, რომ ჩვენ დადებითად წარმოვჩნდეთ. ამიტომ გვაშინებს ახალი შეზღუდვები“, – გვეუბნება ლელა ხონელიძე.

ტარიელ ნაკაიძის თქმით, როცა ძლიერდება ზეწოლა, იზრდება წინააღმდეგობა. „ეს მხარდამჭერები კი შეიძლება ვეძებო ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, დემოკრატიულ ქვეყნებში“.

რუსუდან გოცირიძის აზრით კი, „ასეთი მდგომარეობა აწყობს მხოლოდ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და არა დემოკრატიას“.

რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლების გაფართოებაში პრობლემას ხედავს რელიგიათა საბჭოში გაერთიანებული 19 რელიგიური კონფესია და 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებმაც მიმართვის ტექსტი გაუგზავნეს როგორც საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტს, ასევე სთხოვენ ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ შეისწავლონ საქართველოს მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებები და რისკები, რომლებიც შეიძლება ამ ცვლილებებმა გააჩინოს.

ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია

ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია

მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტია“, რომლის წარმომადგენელი გიორგი ნონიაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ შეიძლება პოლიტიკური კონტექსისგან დამოუკიდებლად აღვიქვათ, „რადგან საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს, მათ შორის რელიგიური დაპირისპირებები, დომინანტი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლების აგრესიული ქმედებები, პოლიტიკური ელიტის მიერ წახალისებული სიძულვილი უმცირესობების მიმართ. ეს კონტექსტი აჩვენებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ემსახურება იმას, რომ სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოექცეს რელიგიური ინსტიტუტები“.

ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორის, თამარ გურჩიანის თქმით, კიდევ უფრო სახიფათოა მე-8 მუხლი, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიის როლზეა საუბარი. „თუ აქამდე მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ისტორიაში იყო აღიარებული და კონსტიტუციაში მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, ახლა უკვე ეს მუხლი შეიძლება გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ მართლმადიდებელი ეკლესია კი არ დაექვემდებაროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ გაუთანაბრდეს მას. აქამდე არსებული ჩანაწერით, ეკლესიის როლი მნიშვნელოვანია, თუმცა ადამიანის უფლებებს აქვს უპირატესობა, ახალი ჩანაწერი კი ადამიანის უფლებებს და ეკლესიის როლს თანაბარ ძალას ანიჭებს. ვენეციის კომისიის შეფასებით, ეს უკან დახევაა. ის, რომ სახელმწიფო ხედავს საფრთხეს განსხვავებულ რელიგიურ კონფესიებში, სურვილი აქვს აკონტროლოს ის, საბჭოთა პრაქტიკაა და ამის გაგრძელებას ვხედავთ დღეს“ – ამბობს თამარ გურჩიანი.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლების გაფართოება და დაგეგმილი ცვლილებები ბუნდოვან ნორმებს შეიცავს, ამიტომ აჯობებს, განმარტებები დაკონკრეტებული იყოს.
„რელიგიის თავისუფლებაში ჩარევა სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამას დემოკრატიული საზოგადოების მიზნები მოითხოვს. ჩარევის პირობები არის შემდეგი: სხვათა უფლებები, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, საზოგადოებრივი წესრიგი და მორალი. თუმცა ყველა ეს პუნქტი არის სასამართლოების მსჯელობისა და გააზრების საკითხი, რადგან არც მორალი და არც საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ერთმნიშვნელოვან განმარტებას არ მოიცავს“, – ამბობს ის.

ბექა მინდიაშვილის თქმით, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ამ პირობების საფუძველზე გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდავთ.

„ავიღოთ ოტო პრემინგერის ინსტიტუტის საქმე ავსტრიის წინააღმდეგ. ავსტრიელი მორწმუნეების აზრით, მათ მიერ ნაჩვენები ფილმი ქრისტეს შესახებ იყო მკრეხელური, მიუხედავად იმისა, რომ 18 წლამდე პირები არ დაიშვებოდნენ და მითითებული იყო, რომ შინაარსი შეიძლება ყოფილიყო მიუღებელი რელიგიური ადამიანებისთვის, ავსტრიის სასამართლომ მაინც დააყადაღა ფილმი და შეწყვიტა კინოჩვენება. ევროპის სასამართლომ 90-იან წლებში განიხილა ეს საკითხი და ავსტრიას დაუტოვა გადაწყვეტილების უფლება. რელიგიური თემები – იქნება ეს ჩადრის ტარება, ჯვარცმის გამოფენა თუ ა.შ. მუდმივი დისკუსიის საკითხია, თუმცა ყველა ევროპულ ქვეყანას საკუთარი მიდგომა და ტრადიცია აქვს რელიგიასთან და გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში.

ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც არ არის კონსოლიდირებული ლიბერალური დემოკრატია და მუდმივად მიქცევ-მოქცევაში ვართ ლიბერალურ და თავისუფლების მოწინააღმდეგე ძალებს შორის, ეს ცვლილებები უკიდურესად სახიფათო ხასიათს ატარებს“.

მინდიაშვილის აზრით, სახელმწიფო უსაფრთხოების მოტივით ნებისმიერი რამ შეიძლება შეზღუდონ, „მაგალითად, დახურავენ საქმეს და ვერ გავიგებთ რა და რატომ იზღუდება. ამის მაგალითია თუნდაც მამალაძის (დეკანოზი გიორგი მამალაძე) სასამართლო პროცესები. მაგრამ როცა ეს იქნება კონსტიტუციით ბეჭედდასმული, უკვე დაცვის შესაძლებლობაც გვესპობა.“

მინდიაშვილის თქმით, ევროპის მხოლოდ სამი ქვეყნის კონსტიტუციაში წერია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძველზე შეიძლება შეიზღუდოს რელიგიის თავისუფლება. ეს ქვეყნებია: პოლონეთი, ბულგარეთი და კვიპროსი: „სამივე ქვეყანა ძალიან პრობლემატურია ამ თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ გაცილებით უფრო პრობლემატური ვიქნებით“ – ამბობს მინდიაშვილი.

ews

გადაბეჭდვის წესი


ასევე: