ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ვინ აღადგენს წარეცხილ პლაჟს? – სანაპიროზე ხრეშის შესატანად საჭირო თანხა ბიუჯეტში არ არის

25.12.2020
ვინ აღადგენს წარეცხილ პლაჟს? – სანაპიროზე ხრეშის შესატანად საჭირო თანხა ბიუჯეტში არ არის

ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე მოწყობილ ნაპირდამცავ ნაგებობასთან ყოველწლიურად მინიმუმ 25 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა დაიყაროს. ეს აუცილებელია, რათა აქ პლაჟი შენარჩუნდეს. თუმცა ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის. შესაბამისი თანხა არც აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტში და არც საქართველოს ბიუჯეტის პროექტშია გაწერილი.

პლაჟის ხელოვნურ კვებას ბათუმის ნაპირდაცვის ის პროექტიც ითვალისწინებდა, რომლითაც ეს ნაგებობა მოეწყო და რაშიც 55 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ხელოვნური პლაჟის შენარჩუნებას კი, მინიმუმ ნახევარ მილიონამდე ლარი მაინც დასჭირდება ყოველწლიურად.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, სანაპიროზე სამუშაოები ჰოლანდიურმა კომპანია STRUIJK GROUP-მა შეასრულა.

„ბათუმელებს“ მუნიციპალური განვითარების ფონდში უთხრეს, რომ ნაგებობა ბათუმის მუნიციპალიტეტს უნდა გადაეცეს, რისთვისაც მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

ვინაიდან დამცავი ნაგებობა ბათუმს უნდა გადმოეცეს, რატომ არ არის ბიუჯეტში გათვალისწინებული ხრეშის შესატანად საჭირო თანხა? – ამ კითხვაზე პასუხის მიღება „ბათუმელებმა“ ქალაქის მერიაში სცადა, თუმცა პრესსამსახურში გვითხრეს, რომ წერილობით უნდა მივმართოთ.

სანაპირო ზოლზე ხელოვნური პლაჟი უკვე წარეცხილია / ბათუმი, სექტემბერი, 2020

იმისათვის, რომ ახალი ბულვარის ბოლოდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე მონაკვეთში სანაპიროზე პლაჟი აღდგეს და შენარჩუნდეს, საჭირო იქნება ჩატარდეს კვლევა და ყოველწლიურად ზამთარში, როცა არ არის ტურისტული სეზონი, ხრეში შეიტანონ.

ახალი ბულვარის გაგრძელებაზე პლაჟის ხელოვნურად მოწყობისთვის, ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 30 ათასი კუბ/მეტრი ხრეში, ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან მანქანებით გადაიტანეს.

სამუშაოები 2020 წლის იანვარში დასრულდა, თუმცა რამდენიმე მონაკვეთზე ხელოვნურად მოწყობილი პლაჟი ზღვამ უკვე გადარეცხა.

ხელოვნური ნაგებობის გასწვრივ რომ პლაჟი ზღვამ წარეცხა, ამის საილუსტრაციოდ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების შედარებაც გამოდგება.

პირველი ფოტო [მარცხნივ] 2019 წელსაა გადაღებული, წითელი ზოლით კი, ერთ მონაკვეთში, ზღვისა და სანაპიროს საზღვარია მონიშნული [თუმცა ამ ფოტოს გადაღების შემდეგ აქ ხრეში კიდევ შეიტანეს და პლაჟიც უფრო გააფართოვეს], მეორე ფოტო 2020 წლის 5 დეკემბერსაა გადაღებული – აქ ჩანს წითელი ზოლიდან რამდენით გადმოიწია ზღვამ პლაჟის მიტაცების ხარჯზე:

2019 წლის 28 ოქტომბერს და 2020 წლის 5 დეკემბერს თანამგზავრიდან გადაღებული ერთი და იმავე ადგილის ფოტოები

ზღვამ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ზოგიერთ ადგილზე ნაპირის დაცვის მიზნით ჩალაგებული ლოდების წყობის დაშლაც დაიწყო.

ვრცლად ამ თემაზე:

ბათუმში ზღვამ წარეცხა 1 კილომეტრი პლაჟი, აქ ნაპირდაცვისთვის 55 მილიონი დაიხარჯა [ფოტო]

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: