მთავარი,სიახლეები

ბულვარის დირექტორის გათავისუფლება შეიცავს სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნებს – NGO

14.04.2021 • 1622
ბულვარის დირექტორის გათავისუფლება შეიცავს სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნებს – NGO

„ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება შეიცავს სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნებს, იგი ემსახურება ირაკლი ჯინჭარაძის დასჯას ბულვარის ინტერესების დასაცავად საჯაროდ დაფიქსირებული კრიტიკული მოსაზრებების გამო“ – ამ განცხადებას ბათუმში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები ავრცელებენ.

ორგანიზაციები ეხმიანებიან ირაკლი ჯინჭარაძის ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

2021 წლის 12 აპრილს სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც ჯინჭარაძემ თქვა, უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მან აჭარის ტელევიზიით შეიტყო.

2021 წლის 30 მარტს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც განიხილებოდა სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანიისთვის ბულვარის გასწვრივ, „ლე მერიდიანის“ შენობის პირდაპირ, 3380 კვ.მ. ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხი, ირაკლი ჯინჭარაძემ ღიად განაცხადა, რომ არ ეთანხმებოდა ამ საკითხს.

„გასათვალისწინებელია ისიც, რომ  რამდენიმე დღეში ბულვარის განაშენიანების გეგმის წარდგენა უნდა მომხდარიყო, რომელიც ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და საჯარო სივრცის განვითარებისა და კონსერვაციის ხედვებს ასახავდა“, – ამბობენ განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ არსებული გარემოებები, კერძოდ, ის, რომ საჯაროდ გაცხადებული კრიტიკული მოსაზრებებიდან რამდენიმე დღეში ირაკლი ჭინჭარაძე გაათავისუფლეს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის თანამდებობიდან ისე, რომ მისი მოსაზრებები გათავისუფლებამდე არც კი მოუსმენიათ, ასევე, ის გარემოება, რომ მან გათავისუფლების შესახებ მედიით შეიტყო და გათავისუფლების ბრძანება დაგვიანებით ჩაბარდა, დასაბუთებულ ეჭვს აჩენს მისდამი დისკრიმინაციულ მოპყრობაზე და იგი ემსახურება ირაკლი ჭინჭარაძის დასჯას საჯაროდ დაფიქსირებული კრიტიკული მოსაზრებების გამო.

„ხაზგასასმელია, რომ ეს არ წარმოადგენს აჭარის ხელისუფლების მიერ ბათუმის ბულვარის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის მიზნით კრიტიკული მოსაზრების ჩახშობის პირველ მცდელობას და ამ პრაქტიკამ უკვე საგანგაშო სახე შეიძინა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ბათუმის ბულვარში 19-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის მიმართ კრიტიკის გამო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წევრის სტატუსი შეუწყვიტეს საზოგადოება ბათომის ორ წარმომადგენელს,“ – ნათქვამია განცხადებაში. ]

განცხადებას ხელს აწერენ: „საზოგადოება ბათომი“, სამოქალაქო მოძრაობა „დაიცავი ბათუმის ბულვარი“, „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“, „დემოკრატიის ინსტიტუტი“, „მწვანე სექტორი“,  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი – ბათუმის ოფისი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი.

ხელმომწერი ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები სოლიდარობას უცხადებენ ბათუმის ბულვარის ყოფილ დირექტორს ირაკლი ჭინჭარაძეს და ბათუმის ბულვარის დასაცავად ოთხშაბათს, 14 აპრილს, 17:00 საათზე აჭარის მთავრობასთან აქციას აანონსებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: