მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რითი განსხვავდება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინები

29.03.2021 • 3945
რითი განსხვავდება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინები

საქართველოში ამ ეტაპზე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ორი ვაქცინაა შემოტანილი – ბრიტანულ-შვედური ფირმა „ასტრაზენეკა“ და გერმანულ-ამერიკული „ფაიზერი“. ორივე მათგანი ხელმისაწვდომია მედიცინის მუშაკებისთვის. ვაქცინაციის გეგმით, ასევე გათვალისწინებულიa 65 წელს გადაცილებული ადამიანების აცრა. თუმცა ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის ჯერჯერობით მხოლოდ „ასტრაზენეკაა“ ხელმისაწვდომი, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან აცრიან მათ.

ეფექტურობა

ასტრაზენეკა: 76% ეფექტურობა სიმპტომური COVID 19-ის წინააღმდეგ; 100% ეფექტურობა მძიმე ან კრიტიკული დაავადების და ჰოსპიტალიზაციის საწინააღმდეგოდ; 85% ეფექტურობა სიმპტომური COVID 19-ის წინააღმდეგ 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში;

ფაიზერი: ვაქცინის ეფექტურობა მინიმუმ 97% იყო COVID 19 სიმპტომური შემთხვევების, ჰოსპიტალიზაციის, მძიმე და კრიტიკული ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, ანალიზმა აჩვენა ვაქცინის 94% -იანი ეფექტურობა ასიმპტომური SARS-CoV-2 ინფექციების წინააღმდეგ. ვაქცინის ეფექტურობა გაზომილია მეორე დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ.

ვაქცინის დოზა

ასტრაზენეკა: 2 დოზა (თითო დოზა = 0.5 მლ IM), საშუალოდ 28 დღის ინტერვალით;

ფაიზერი: 2 დოზა (თითო დოზა = 0.3 მლ IM), საშუალოდ 21 დღის ინტერვალით.

ვაქცინის ტიპი

ასტრაზენეკა:  არა-რეპლიკაციური ვირუსის ვექტორი – “კორონავირუსის ზედაპირიდან აღებული წვეტი ცილა სხვა უსაფრთხო ვირუსშია შეყვანილი. ინექციის შემდეგ ვაქცინა აღწევს უჯრედებში, რომლებშიც  შეყვანილი ცილის მსგავსი ცილის გამომუშავებას იწყებს, რაზეც ადამიანის იმუნური სისტემა რეაგირებს, ანტისხეულები  გამომუშავდება და იმ T უჯრედების აქტივაცია ხდება, რომლებსაც წვეტი ცილის განადგურება შეუძლიათ. შესაბამისად, ისინი გაანადგურებენ კორონავირუსს, თუ ის აცრილი პაციენტის ორგანიზმში მოხვდება”.

ფაიზერი: mRNA – ვაქცინა:  მუშაობს ორგანიზმში გენეტიკური მასალის, ი-რნმ–ის შეყვანით, რომელიც შეიცავს კორონავირუსის ე.წ. “წვეტოვანი” ცილის შექმნის ინსტრუქციას. ვაქცინა შედგება არა გენეტიკური ვირუსული მასალისგან, არამედ mRNA-ის სინთეზური ნაწილისგან, რომელიც  ვირუსის ცალკეული ნაწილების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გვერდითი მოვლენები

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი წერს, რომ COVID 19 ვაქცინაციის შემდეგ, ისევე როგორც სხვა დაავადებების ვაქცინაციის შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს გვერდითი მოვლენები. ეს ნორმალური ნიშანია იმის, რომ თქვენი სხეული იწყებს ერთგვარი თავდაცვის შენებას. გვერდითმა მოვლენებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ყოველდღიური მუშაობის უნარზე, მაგრამ, როგორც წესი, ისინი რამდენიმე დღეში ქრება. ზოგიერთ ადამიანს საერთოდაც არ აღენიშნება აცრის შემდეგ გვერდითი მოვლენები.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა კოვიდვაქცინებით აცრის შემდეგ ასე გამოიყურება: მკლავზე, სადაც აცრა გაკეთდა – ტკივილი, სიწითლე, შეშუპება; სხეულის დანარჩენ ნაწილში: დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ცხელება, გულისრევა;

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი კოვიდ 19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით წერს, რომ გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად არ არის რეკომენდებული ვაქცინაციამდე ანტიალერგიული მედიკამენტების მიღება.

ნანემსარის არეში ტკივილისა და დისკომფორტის შესამცირებლად დაიდეთ სუფთა, გრილი, სველი ნაჭერი. ასევე აამუშავეთ ან ავარჯიშეთ მკლავი; ცხელებით გამოწვეული დისკომფორტის შესამცირებლად მიიღეთ ბევრი სითხე და ჩაიცვით თხლად.

ალერგიული რეაქციები და ანაფილაქსია

იშვიათ შემთხვევაში ადამიანს უვითარდება ალერგიული რეაქცია ვაქცინის ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტის მიმართ. მათ შეიძლება განუვითარდეთ ჭინჭრის ციება ან სხვა სახის გამონაყარი კანზე, შეშუპება და რესპირატორული სიმპტომები.

ვაქცინაზე დაუყოვნებლივი, მწვავე ალერგიული რეაქცია არის ანაფილაქსია. ანაფილაქსიის პირველი სიმპტომებია მკვეთრი ადგილობრივი რეაქცია, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, გამოხატული სიფერმკრთალე, არტერიული წნევის ვარდნა. ანაფილაქსიური შოკი შესაძლოა ფატალურადაც დასრულდეს.
“ანაფილაქსია არის ნებისმიერი ვაქცინის შესაძლო, მაგრამ იშვიათი გვერდითი მოვლენა და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას”, – წერს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

ევროპის სამედიცინო სააგენტო 12 მარტის ანგარიშში წერს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე სავარაუდო ალერგიული რეაქცია განუვითარდა 5 000 000 ადამიანიდან 41-ს, ეს 100 000 ადამიანზე 0,8 შემთხვევაა. რაც შეეხება ფაიზერის ვაქცინას, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის 2021 წლის იანვრის მონაცემებით, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა მილიონიდან 11.1-ს ანუ 100 000-დან 1 ადამიანს. თუმცა, ეს მონაცემები ვაქცინების ხარისხთან კავშირში არ არის. მწვავე ალერგიული რეაქციები უვითარდებათ ადამიანებს, რომელთაც მძიმე ალერგიული რეაქციების ისტორია აქვთ.

19 მარტს თბილისში 27 წლის ახალციხელი ექთანი გარდაიცვალა. მას “ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ანაფილაქსიურ შოკსა და ვაქცინას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული.

ცოტა ხნის წინ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა დროებით შეაჩერა ევროპის 13-მა ქვეყანამ თრომბის წარმოქმნასთან დაკავშირებული შიშის გამო. თუმცა „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია კვლავ განახლდა – ევროპის წამლის სააგენტოს დასკვნაში დაიწერა, რომ ვაქცინა არ არის დაკავშირებული სისხლის თრომბის ზრდის რისკთან იმ ადამიანებში, ვინც ვაქცინა გაიკეთა; ასევე, არ არსებობს მტკიცებულება, რომ პრობლემა დაკავშირებულია ვაქცინის კონკრეტულ პარტიასთან ან წარმოების ადგილთან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: