დაჯარიმდებით თუ ავტომანქანას დროულად არ განაბაჟებთ ან ნაწილებად გაყიდით

2020 წლის პირველი მაისის შემდგომ საქართველოში შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებას 60-დღიანი დეკლარირების ვადა აქვს, რა ვადაშიც იმპორტიორმა ის უნდა განაბაჟოს, ან მოახდინოს რეექსპორტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მფლობელი დაჯარიმდება.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით: იმპორტიორმა ამ ვადაში ავტომობილის ან უნდა განბაჟოს, ან დასაწყობოს საბაჟო საწყობში, ან კიდევ განახორციელოს რეექსპორტი [სატრანსპორტო საშუალების გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მისი საქართველოდან გაყვანის მიზნით, რისთვისაც მას დამატებით ეძლევა 45 დღე].

თუ პირი 60 კალენდარულ დღეში ვერ ახერხებს აღნიშნული ქმედებების განხორცილებას, მას შეუძლია დეკლარირების ვადა გაახანგრძლივოს მაქსიმუმ 30 დღით, ყოველ კალენდარულ დღეზე 5 ლარის გადახდით.

„გადასახადებისგან თავის არიდებისა და არაკანონიერი ქმედებების აღკვეთის მიზნით, რათა არ მოხდეს განსაბაჟებელი სატრანსპორტო საშუალებების დაშლა/დანაწევრება და  შემდგომში მისი ავტონაწილებად რეალიზაცია, აუცილებელია განხორციელდეს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მკაცრი მონიტორინგი.

თუ ავტოიმპორტიორი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განახორციელებს შესაბამის ქმედებებს, მას  დეკლარირების ვადის დარღვევისთვის დაეკისრება ჯარიმა ყოველ დაგვიანებულ დღეზე 50 ლარი, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა. ამასთან, პირს განესაზღვრება 30 კალენდარული დღე ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენას და შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელებას.

თუ პირი მოცემულ ვადაში ვერ/არ წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას, ავტომანქანა ჩაითვლება უკანონოდ განკარგულად და მის მიმართ, განხორციელდება, როგორც საურავის [ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის] ასევე, ჯარიმის სახით, იმპორტის გადასახდელების 100 პროცენტის ოდენობის თანხის დარიცხვა და გადასახდელების სახით იმპორტის გადასახდელების ოდენობის თანხის დარიცხვა“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პანდემიის დროს, 2020 წლის მაისიდან დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში უცხოეთიდან შემოტანილია 706 მილიონ 843 ათას 700 აშშ დოლარის სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალება.

მათ შორის: სამგზავრო მსუბუქი ავტომობილები – 538 269 700 დოლარის;
სატრანსპორტო საშუალებები, სამრეწველო დანიშნულების – 154 504 300 დოლარის;
სატრანსპორტო საშუალებები, არასამრეწველო დანიშნულების – 14 069 700 დოლარის.
შედარებისთვის: 2020 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში 758 მილიონი აშშ დოლარის მსუბუქიავტომობილები იყო შემოტანილი, 2019 წელს კი – 1,1 მილიარდი აშშ დოლარის.

რაც შეეხება 2020 წლის პირველ მაისამდე შემოტანილ ავტომობილებს, მათი განბაჟებისთვის, ან რეექსპორტისთვის ავტოიმპორტიორებს ვადა 2021 წლის პირველ მარტამდე აქვთ. ამ დრომდე ავტომობილის მფლობელი საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან გათავისუფლებულია. თუ მფლობელი პირველ მარტამდე არ მოაქცევს ასეთ ავტომანქანას საბაჟო პროცედურებში, მასზე აღნიშნული შეღავათი აღარ გავრცელდება.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალების მფლობელები თავდაპირველად დეკლარირების ვალდებულებისაგან გათავისუფლდნენ 2020 წლის 1 სექტემბრამდე, ხოლო შემდგომ აღნიშნული შეღავათი გავრცელდა, ასევე, 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე და მათ მფლობელებს განბაჟების ვადა ჯერ 2020 წლის 1 სექტემბრამდე, ხოლო შემდგომ 2021 წლის 1 მარტამდე გაუხანგრძლივდათ.

„რის საშუალებაც ჰქონდა მერიას, ისეთი ხიდი გაკეთდა“ – რკინის ხიდი ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში რკინის საცალფეხო ხიდი სოფელ შარაბიძეებში მოაწყვეს.

ახალი ხიდის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას დღეს, 11 თებერვალს, ფეისბუქში კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრმა რკინის საცალფეხო ხიდის ის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც მოაჯირიც კი არ აქვს.

ფეისბუქზე ხელვაჩაურის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს საკუთარი მილიონიანი უკანონო მშენებლობებიც შეახსენეს.

ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, „რის საშუალებაც ჰქონდა ხელვაჩაურის მერიას, ისეთი ხიდი გაკეთდა“.

კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ ხელვაჩაურის მერიის ფეისბუქგვერდზე ხიდის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები წაშალეს.

„ისეთი ამბავი ატყდა, წავშალეთ… შეცდომით ავტვირთე ფოტოები, ჩემი შეცდომა იყო, ტექნიკური შეცდომა დავუშვი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრის თანამშრომელმა, ირმა ტუნაძემ. მან გვითხრა, რომ ხიდს მოაჯირი აქვს და ამის დამადასტურებელი ფოტოების გამოგზავნასაც დაგვპირდა, თუმცა საბოლოოდ გვითხრა, რომ ფოტოები მხოლოდ მას ჰქონდა, ტელეფონი გაუფუჭდა და მოაჯირიან ხიდს ვეღარ გვაჩვენებს.

ირმა ტუნაძის თქმით, ეს საცალფეხო ხიდი სოფელ შარაბიძეებს აკავშირებს სოფლის გზასთან და ხიდით დაახლოებით 12 ოჯახი სარგებლობს.

„უძველესი ხიდი იყო და გასულ წელს წაიღო მდინარემ წყალდიდობის დროს, ხიდისთვის 2002 ლარი დაიხარჯა, ნაწილი იყო გადარჩენილი და ის აღადგინეს,“ – გვითხრა ირმა ტუნაძემ.

ვინ გადაწყვიტა ხიდის ამ ფორმით მოწყობა და რატომ? – ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრს პასუხისმგებელი პირის კომენტარის ჩაწერა ვთხოვეთ, თუმცა კომენტარზე უარი მივიღეთ.

_____________

მთავარი ფოტო: ხიდი ხელვაჩაურში, ფოტო ხელვაჩაურის მერიის ფეისბუქგვერდიდან. დღეს გავრცელებული ვიდეოკადრებით დასტურდება, რომ ხიდს მოაჯირი აქვს.

 

პოლიციამ რამდენიმე თვე არაფერი გააკეთა – ადვოკატი 14 წლის გოგოს შესაძლო გაუპატიურებაზე 

წინასწარი ინფორმაციით, ქობულეთში 14 წლის მოზარდმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. როგორც გამოძიება ამბობს, მასზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს. თუმცა პოლიციამ ბრალდებული მხოლოდ გოგოს დაღუპვის შემდეგ დააკავა. გარდაცვლილი არასრულწლოვნის მეურვის ნებართვით საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ჩაერთო. შესაბამისად, ამ საქმეზე „ბათუმელების“ კითხვებს ადვოკატი ანა თავხელიძე პასუხობს.

  • ანა, რაზე მეტყველებს მოზარდის სუიციდის ფაქტი, რომელი უწყებების სისუსტე ან გულგრილობა ჩანს ამ საქმეში?

რამდენიმე სახელმწიფო უწყების მხრიდან ჩანს ვალდებულებების დარღვევის საქმე. რადგან, რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბავშვთან სოციალური მუშაკი მუშაობდა, ამიტომ წარმოუდგენელია, რომ მხედველობის მიღმა დარჩენოდა ასეთი მძიმე ტრავმა და ძალადობა, რაც ბავშვმა გადაიტანა. თუ ჰქონდა ინფორმაცია, მაშინ რა გააკეთა მან, რა ზომები მიიღო. თუმცა ვხედავთ, რომ ვერაფერიც ვერ გააკეთა, რადგან ფსიქოლოგიც არ ჩართეს ბავშვთან სამუშაოდ.

ასეთ შემთხვევებში კი, არა მარტო ფსიქოლოგის, ფსიქიატრის ჩართვაც საჭიროა იმდენად მძიმე ტრავმაა ეს ბავშვისთვის. ამიტომ, პირველი ჩავარდნა ის არის, რომ სათანადოდ არ იმოქმედა სოციალურმა მუშაკმა.

  • როგორ ფიქრობთ, კვალიფიკაციის პრობლემაა აქ თუ გულგრილობის?

არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე. როცა დეტალებს ვნახავთ და შევისწავლით, უფრო დავადგენთ, მაგრამ ფაქტია, რომ უწყებამ ამ ნაწილში დაარღვია ბავშვის უფლება. აქ ისიც მნიშვნელოვანია, თუ სოციალურმა მუშაკმა უფრო ადრე გაიგო და პოლიციას არ შეატყობინა. შეუტყობინებლობის ნაწილშიც შეიძლება გაჩნდეს მის მიმართ კითხვები.

  • როგორც სკოლის დირექტორმა აღნიშნა, სოციალურ მუშაკს ბოლოს 4 თებერვალს ჰქონდა შეხვედრა ბავშვთან.  

დიახ, მას ეს ინფორმაცია უნდა ჰქონოდა. რაც შეეხება პოლიციის ნაწილს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რა წამსაც პოლიციაში შეტყობინება შევიდა, იმ მომენტში ყველა პასუხისმგებელი სუბიექტი უნდა ჩართულიყო ბავშვთან. დავუშვათ, რომ სოცმუშაკმა ვერაფერი გაიგო, გამორჩა მხედველობიდან არაკომპეტენტურობის ან სხვა რამის გამო, პოლიციაში ხომ შევიდა შეტყობინება?

პოლიციას, თავის მხრივ, ავტომატურ რეჟიმში უნდა გაეკეთებინა შეტყობინება სოცმუშაკისთვის, რომ ძალადობის ნაწილში ემუშავა ბავშვთან და ასევე დაუყოვნებლივ ჩართულიყო ფსიქოლოგი. როგორც წესი, სექსუალური ძალადობის საქმეებზე გამოკითხვები და ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედებები ფსიქოლოგის თანდასწრებით ხდება ხოლმე. მათ შორის ექსპერტიზების ჩატარებაც, იმიტომ, რომ დაცული იყოს ბავშვის ემოციური უსაფრთხოება და ზიანი არ მიადგეს მას.

ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, პოლიციამ რამდენიმე თვის განმავლობაში არაფერი არ გააკეთა ამ საქმეზე, არ მიიღო დაუყოვნებლივ ზომები სავარაუდო მოძალადის დასაკავებლად. პოლიციასთან ერთად პროკურატურის პრობლემაცაა, რადგან ბრალდებულად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას პროკურორი იღებს და მათ ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ.

თუმცა, ასევე გაიჟღერა ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევამაც და ესეც ვერ დარჩება შეფასების მიღმა წარმოუდგენელია. პოლიციამ თუ ბავშვი სათანადოდ გამოკითხა, ყველა შესაძლო ასპექტი უნდა გაეთვალისწინებინა, მათ შორის ოჯახში ძალადობის ფაქტორიც და ამაზეც უნდა ჰქონოდა ინფორმაცია. ობიექტური და სამართლიანი გამოძიების პირობებში უნდა ჰქონოდა პოლიციას ეს ინფორმაცია და უნდა მიეღოთ ყველა ზომა.

  • უნდა დადგეს თუ არა იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც ჰქონდა ინფორმაცია მოზარდის მდგომარეობაზე, თუმცა არაფერი მოიმოქმედა მის გარდაცვალებამდე?

დღეს ხომ იცის შსს-მ და ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ მათმა თანამშრომლებმა არაკომპეტენტურობით, არაკვალიფიციურობით თუ დამოკიდებულების გამო არ მიიღეს ყველა ზომა ბავშვის დასაცავად და პრევენციული ზომები არ გაატარეს? მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს აუცილებლად. ამ კუთხით ველოდებით, რომ ძალიან სწრაფი ნაბიჯები გადაიდგმება. იმისთვის, რომ რომელიმე პირის პასუხისმგებლობა გამოირიცხოს ან დადასტურდეს, აუცილებელია მოკვლევა, ზოგ შემთხვევაში გამოძიება შესაძლოა დაიწყოს, მაგალითად, სამსახურებრივი გულგრილობის ან სხვა სახის დარღვევაზე.

  • რადგან ჩართული ხართ ამ საქმეში, ხომ არ მიგიღიათ ოფიციალურად რაიმე დოკუმენტი, სადაც ჩანს, როდის დაიწყო ოფიციალურად პოლიციამ გამოძიება?

ჩვენ ეს დეტალები ჯერჯერობით არ ვიცით, რადგან ახლა მივმართეთ პროკურატურას და მოვითხოვეთ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა. გვჭირდება საქმის მასალებზე ხელმისაწვდომობა რომ ვნახოთ, ზუსტად რა ინფორმაცია ჰქონდა პოლიციას და შევაფასოთ მათი მხრიდან დარღვევები იყო თუ არა.

  • ხომ არ გქონიათ გარდაცვლილი მოზარდის დასთან საუბარი, რომელიც ოფიციალურად მიიჩნევა ბავშვის მეურვედ. რას ამბობს, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით?

ამ დეტალებზე არ გვისაუბრია არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. თანხმობა ავიღეთ მისგან, რომ ადვოკატად ჩავერთოთ და მისი როგორც დაზარალებულის ცნობა მოვითხოვოთ ამ საქმეში.

  • სკოლის როლს თუ ხედავთ ამ საქმეში, რა შეიძლებოდა მათ გაეკეთებინათ მოზარდის დასაცავად?

გვქონდა სკოლის დირექტორთანაც საუბარი, მისგან მაქვს ინფორმაცია, რომ სწავლის განახლების შემდეგ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ბავშვი არ დადიოდა სკოლაში და როგორც დამრიგებელს უთქვამს, ბავშვი (ალბათ რომელიმე ოჯახის წევრის განცხადებით), სავარაუდოდ დადიოდა სტომატოლოგთან, ეს მიზეზი უთხრეს. თუმცა მას შემდეგ, რაც დეტალებს შევისწავლით, ყველა შესაძლო პირისგან მივიღებთ ინფორმაციას, შესაძლებელია სკოლის მხრიდანაც გამოიკვეთოს ვალდებულების დარღვევა.

  • რამდენად არსებობს იმის რისკი, რომ საქმის გამოძიება არ მივიდეს ბოლომდე?

როცა ვნახავთ სისხლის სამართლის დეტალებს, გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია მტკიცებულებით სტანდარტთან დაკავშირებითაც და შესაძლოა ამ ნაწილშიც გვქონდეს პრეტენზია პოლიციასთან. არ არის გამორიცხული, რომ მათ არ მოიპოვეს ბევრი მტკიცებულება, რადგან არ მიაქციეს საქმეს სათანადო ყურადღება და რიგი მიზეზების გამო ხელიდან გაუშვეს შანსი მტკიცებულებების შეგროვების.

14 წლის გოგოს თვითმკვლელობაზე პასუხი სახელმწიფო უწყებებს უნდა მოვთხოვოთ – დოლიძე

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ქობულეთში არასრულწლოვანი გოგოს თვითმკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობასთან დაკავშირებით პასუხი უნდა მოვთხოვოთ განათლების, შსს-ს და ჯანდაცვის სამინისტროებს, რადგან მსგავსი ფაქტები პირდაპირ კავშირშია სახელმწიფო უწყებების გაუმართავ და უპასუხისმგებლო მუშაობასთან.

„სამწუხაროდ, ქობულეთში მომხდარი ტრაგედია არ არის პირველი შემთხვევა. ბოლო წლების განმავლობაში გვახსოვს არაერთი მოზარდის გარდაცვალების თუ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი. მაჰათმა განდის სიტყვებით, საზოგადოება ხასიათდება იმით, თუ როგორ ექცევა იგი მის ყველაზე სუსტ და მოწყვლად წევრებს. ამ სიტყვებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება ამ საზარელი შემთხვევებიდან გამომდინარე ნამდვილად არ ხასიათდება კარგად. საზოგადოების ყველაზე სუსტ და მოწყვლად წევრებს, კონკრეტულად ბავშვებს და მოზარდებს ჩვენ სათანადოდ ვერ ვუფრთხილდებით,“ – აცხადებს ანა დოლიძე.

„პირველი და უმთავრესი, ვინც უნდა რეაგირებდეს ასეთ შემთხვევებზე, არის სკოლა – განათლების სამინისტრო.

დასავლეთის ქვეყნებში საკმარისია ბავშვი ერთხელ მაინც მივიდეს სკოლაში დალურჯებული ან ხელდაშავებული, მაშინვე ერთვება სკოლის მექანიზმები, რათა გაარკვიოს ბავშვის მიმართ ძალადობას ხომ არ ჰქონდა ადგილი.

ქობულეთის შემთხვევაში პირველი ფიასკო ისევ განათლების სისტემაში უნდა ვეძებოთ, სადაც ცოტა ხნის წინ ვიხილეთ ჩხოროწყუს აღმაშფოთებელი შემთხვევა. სკოლას უნდა მოეხდინა რეაგირება პირველივე ინფორმაციაზე, რომელიც მან მიიღო ამ გოგონასთან დაკავშირებით. მოეძებნა ფსიქოლოგები და აეტეხა განგაში.

მეორე უწყება შსს-ს ადგილობრივი სამსახურია, რომელსაც, ფაქტია, მიღებულ ინფორმაციაზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენია, რათა დაეცვა მოზარდი. გარდა ამისა, შსს-ში მილიონობით ლარი იხარჯება მართლწესრიგის ოფიცრებზე, ეს ხალხი მსგავსი შემთხვევების პრევენციაზე უნდა მუშაობდეს, დადიოდეს ოჯახ-ოჯახ და იგებდეს ინფორმაციას ჩვენი სოციუმის მდგომარეობის შესახებ. მართლწესრიგის სამსახურის ხელმძღვანელობამ კეთილი უნდა ინებოს და წარმოადგინოს საქმიანობის ანგარიში, რათა ვიცოდეთ რაში ვხარჯავთ მილიონობით ლარს.

მესამე უწყება არის ჯანდაცვის სამინისტრო თავისი სოციალური მომსახურების სააგენტოთი. ამ სააგენტოს ჰყავს მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელი და სწორედ ასეთი ვითარების პრევენცია, მოზარდების დაცვა და მათთვის სოციალური მხარდამჭერის გამოცხადება, არის ამ სამსახურის მოვალეობა.

ამ სამ უწყებას – განათლების სამინისტროს, შსს-ს და ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მოვთხოვთ პასუხი ქობულეთში მომხდარ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით. რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რომ მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს და უნდა მოვითხოვოთ პასუხი წინა შემთხვევებზეც. ეს არ არის მხოლოდ გაყალბებული არჩევნების და პოლიტიკის საკითხი. ჩვენს ქვეყანაში არსებულ განუკითხაობას ეწირებიან ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი და პატარა წევრები,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

________________

ამავე თემაზე: 

როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები

სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთ:

როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები

ქართველი მეზღვაურები ომანიდან საქართველოში უახლოეს მომავალში უსაფრთხოდ დაბრუნდებიან

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს ომანში მყოფი ქართველი მეზღვაურების მდგომარეობის თაობაზე:

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაცია მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ომანში ქართველ მეზღვაურებთან და ყველაფერს აკეთებს საქართველოს სხვა საჯარო უწყებებთან ერთად იმისთვის, რომ ისინი უახლოეს მომავალში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

ამდენად, სააგენტოსთვის მიუღებელია აღნიშნულ საკითხზე ზოგიერთი მედია საშუალების მხრიდან არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომელსაც საქართველოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა შეუძლია.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ომანში მყოფმა მეზღვაურებმა დახმარების თხოვნით 19 იანვარს, 20:22 სთ-ზე მომართეს. ამავე მომენტიდან დაიწყო აღნიშნული საქმის მართვა სააგენტოს მიერ და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. საქმეში აქტიურად არის ჩართული საქართველოს საელჩო საუდის არაბეთში.

პრობლემა მდგომარეობდა ტვირთის მფლობელსა და გემთმფლობელს შორის მიმდინარე კერძო სამართლებრივი ხასიათის დავაში, რის გამოც გემი გაჩერებული იყო ომანში. მსგავსი საქმეები საჭიროებს დელიკატურ მართვას და გარკვეულ პერიოდს საბოლოო გადაწყვეტამდე.

აღსანიშნია, რომ მეზღვაურების პასპორტები, ბერძენმა კაპიტანმა საკუთარი ნებით გაატანა ტვირთმფლობელის წარმომადგენელს, რომელიც დავის ფარგლებში უარს აცხადებდა პასპორტების დაბრუნებაზე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საქმეში ჩართვის შემდეგ:

[checklist]

  • მეზღვაურებისათვის მაღალკვალიფიციური იურიდიული კონსულტაციის გაწევის შემდეგ მოხერხდა ქართველი მეზღვაურების დაცვა არასასურველი პროცესებისგან, რომელიც შესაძლო სამართლებრივ პასუხისმგებლობას უკავშირდებოდა;
  • მეზღვაურებს გაუკეთდათ ვიზები და მათი რეპატრიაციის უზრუნველსაყოფად 24/7-ზე მიმდინარეობს მუშაობა. დღეის მდგომარეობით ომანის სახელმწიფოს მხრიდან გაცემულია ეკიპაჟის შეცვლის ნებართვა, ხოლო დროშის სახელმწიფოსგან – ქართველი მეზღვაურების ჩამოწერის დოკუმენტი გემზე მათი შემცვლელების ასვლის გარეშე, რაც საკმაოდ რთული კონსულტაციების შედეგია;
  • მეზღვაურთა ნაწილი გადაყვანილია სასტუმროში და გემზე დარჩენილია მხოლოდ ის მეზღვაურები, რომლებმაც თავად არ ისურვეს სასტუმროში გადასვლა;
  • მეზღვაურები უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებელი პირობებით, სურსათით და ყველა სახის დახმარებით, მათ შორის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით;
  • სააგენტოს დირექტორის მოადგილე პირდაპირ კავშირზეა როგორც მეზღვაურებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან.

[/checklist]

აქვე აღვნიშანავთ, რომ რამდენიმე მეზღვაურის კონტრაქტს ვადა გაუვიდა, ან გასდის 2-3 დღის განმავლობაში. მეზღვაურები გემზე იმყოფებიან 2020 წლის ივნისის თვიდან და პანდემიით შემნილი კრიზისის გათვალისწინებით ამ რანგის მეზღვაურებისათვის გემზე ყოფნის ვადა ჯდება ნორმის ფარგლებში. მეზღვაურებს ხელფასები სრულად აუნაზღაურდებათ.

ომანიდან ყველა ქართველი მეზღვაური უახლოეს მომავალში შეუფერხებლად დაბრუნდება საქართველოში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ხაზგასმით აცხადებს, რომ ამ დრომდე მსოფლიოს არც ერთ წერტილში ქართველი მეზღვაურები არ დარჩენილან სათანადო ყურადღების გარეშე, ნებისმიერი ბრალდება, რომ ქართველ მეზღვაურებს არ ეწევათ დახმარება, არის ფაქტებით განზრახ მანიპულაცია.

მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მედია საშუალებას, მსგავსი ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ ფაქტები საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, რათა თავიდან იქნას აცილებული არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

ვინ შეძლებს გერმანიაში 3 თვით დასაქმებას – ანაზღაურება საათში 9.50 ევროა

დღეს, 11 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ.

სეზონური სამუშაოები გერმანიაში პირველი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდანაა შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი.

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ასაკი: 18-დან 60 წლამდე;
  • გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
  • ფიზიკურად ჯანმრთელი;
  • უნდა ჰქონდეს მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
  • ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
  • გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმების ხანგრძლივობაა 1-დან 3 თვემდე. სამუშაო დრო: 5-6 დღე კვირაში; 8 – 10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი – 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

რეგისტრაციის შემდეგ, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები, კონკრეტული ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უკავშირდებიან დასაქმების მსურველებს. სერვისცენტრში მისვლისას მსურველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის ელექტრონული მოწმობა და/ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი.

კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების მსურველთა შესახებ მონაცემები მიეწოდება გერმანელ დამსაქმებელს. დასაქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გერმანელი დამსაქმებელი. გადაწყვეტილება ეცნობება თითოეულ მსურველს. გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დამსაქმებელი მუშაობის დაწყების მსურველს უგზავნის შრომით ხელშეკრულებას, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდება გერმანიაში გამგზავრებამდე.

სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე workabroad.gov.ge გადის, თუმცა ამ დროისთვის პორტალზე შესვლა შეფერხებულია.

სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მომსახურება უფასოა.

 

საქართველოს მოქალაქეები 3 თვით შეძლებენ გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას

საქართველოს ჯანმრთელობისა და შრომის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები სოფლის მეურნეობის სფეროში გერმანიაში 3 თვით დასაქმებას შეძლებენ.

დღეს, 11 თებერვალს, ტიკარაძემ და გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ მოქალაქეთა რაოდენობა განსაზღვრული არ არის და ეს არის დროებითი, სამთვიანი მიგრაცია.

„გერმანიის მთავრობა მზადაა განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოს ჩვენი მოქალაქეები, თუმცა აუცილებლად უნდა იქნეს განმარტებული, რომ ეს არის დროებითი შრომითი მიგრაცია, რომლის ვადები განსაზღვრული არის 3 თვით, რაც მიმართული არის, როგორც ჩვენი მოქალაქეების ფინანსური კეთილდღეობისთვის, ასევე ცოდნის გაცვლის მიზნით,“ – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმითვე, ამ ეტაპზე, გერმანიის კერძო სექტორის მოთხოვნიდან გამომდინარე, მოქალაქეები ლეგალურად მხოლოდ სოფლის მეურნეობის სფეროში შეძლებენ დასაქმებას.

ტიკარაძის განცხადებით, ამავე საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკება ბულგარეთთან, ისრაელთან და საფრანგეთთან.

 

სილქნეტი განმარტებას აკეთებს დროებით შექმნილ შეფერხებაზე და ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს

კომპანიაში ახლახანს ჩატარდა მასიური სისტემური განახლების სამუშაოები. ამ სამუშაოების მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ კიდევ უფრო მაღალი დონის მომსახურება, რომელიც მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული მათ მოთხოვნებზე. ამასთანავე, უახლესი სისტემის დანერგვით, ჩვენ შევძლებთ სწრაფად და მოქნილად ვუპასუხოთ  ბაზრის თანამედროვე გამოწვევებს

სამუშაოების პროცესში, სამწუხაროდ, აბონენტების მცირე ნაწილს შეუფერხდა მომსახურება და ასევე ზოგს დაერიცხა ზედმეტი გადასახადი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აბონენტზე ზრუნვა და პასუხისმგებლობით ვეკიდებით თითოეული მომხმარებლის პრობლემას. ვწუხვართ, რომ შეიქმნა ასეთი დისკომფორტი

გვინდა მივმართოთ მომხმარებელს, რომ უმოკლეს ვადაში დავაკორექტირებთ მათზე ზედმეტად დარიცხულ დავალიანებებს და ამასთანავე, დამატებით დავაკომპენსირებთ ამ შეფერხებას: ყველა აბონენტს, რომელსაც შეექმნა აღნიშნული შეფერხება, საჩუქრის სახით მიიღებენ კომპანიისაგან ბონუსს, სხვადასხვა სახის პაკეტისა თუ მომსახურების სახით

გვინდა ბოდიში მოვუხადოთ ჩვენს მომხმარებელს აღნიშნული დისკომფორტისთვის. ჩვენი მთავარი საზრუნავია, მომხმარებელს მუდამ შევთავაზოთ მოქნილი და სწრაფი მომსახურება, რომელიც მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული მათ მოთხოვნებზე. არსებული სისტემური ცვლილებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ამ ცვლილების ფარგლებში გამოწვეული ზემოთ ჩამოთვლილი დროებითი შეფერხებები აღმოფხვრილი იქნება უმოკლეს ვადებში, რაც სამომავლოდ არ განმეორდება.

რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო 14 წლის გოგოს სავარაუდო გაუპატიურებასა და სუიციდზე 

ქობულეთში, სოფელ ქაქუთში, 14 წლის გოგოს სავარაუდო თვითმკვლელობასა და გაუპატიურებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, კონკრეტულად რა სამუშაო შეასრულა სოციალურმა მუშაკმა მსხვერპლი მოზარდის დასახმარებლად: რა პერიოდიდან მუშაობდა მსხვერპლთან, თუ იცოდა, რომ გოგო იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, აცნობა თუ არა ამის შესახებ შესაბამის უწყებებს და რა მოიმოქმედა ინფორმაციის მიღების შემდეგ?

ამ კითხვებზე პასუხის მიღებას „ბათუმელები“ ჯერ კიდევ გუშინ, 10 თებერვალს, ანუ მას შემდეგ ცდილობდა, რაც 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

უწყებამ დღეს, 11 თებერვალს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას კომენტარი მოგვაწოდა. მინისტრის მოადგილემ ჩვენ მიერ დასმულ კითხვებს პრაქტიკულად არ უპასუხა. მის შეფასებას გთავაზობთ აქვე და უცვლელად:

„მინდა გამოვეხმაურო ქობულეთში 14 წლის ბავშვის სუიციდის ფაქტს და აღვნიშნო, რომ ეს არის ნამდვილად უდიდესი ტრაგედია. როდესაც ჩვენ ორი წლის წინ, ბავშვის უფლებათა კოდექსი შემოვიღეთ, ჩვენი სამინისტროს ფარგლებში ცალკე შეიქნა ზრუნვის სააგენტო, რომელიც მიმართულია ბავშვის დაცვაზე და იმ პირობებში, როდესაც ვძენთ მრავალფეროვნებას ბავშვზე ზრუნვის სერვისებს, ნამდვილად ტრაგიკულია, რომ ჩვენ ყველა, თითოეულ ბავშვთან ვერ მივდივართ და შესაბამისი სერვისებით გაძლიერება ვერ მოხერხდა.

ბავშვი სახელწიფო მზრუნველობაში არ იმყოფებოდა, ნათესავებთან ცხოვრობდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა არ ავიღოთ და არ უზრუნველვყოთ თითოეული ბავშვი, რომელიც ოჯახში ცხოვრობს, მისთვის საჭირო და მხარდამჭერი გამაძლიერებელი სერვისებით.

მიგვაჩნია, რომ სერვისები უნდა გაიზარდოს, ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, ხელმისაწვდომი თითოეული ბავშვისთვის და ოჯახისთვის, რომ იცოდნენ, სად ეძებონ ინფორმაცია და დახმარება.

პირველი და მნიშვნელოვანი, რაც ამ მიმართულებით ვითარდება, ეს არის ეგრეთ წოდებული ბარნაჰუსის  მოდელი, სადაც იქმნება სპეციალიზებული ცენტრი, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის, სადაც ერთი ფანჯრის პრინციპით, ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით, მოხდება როგორც გამოძიების, ასევე მხარდამჭერი სერვისების მიწოდება, რომელიც სჭირდება ტრავმაგამოცდილ ბავშვს“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქობულეთში ერთი სოცმუშაკი მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პირი მას შემდეგ დააკავა, როცა 14 წლის მოზარდმა თავი მოიკლა.

_______________________

ამავე თემაზე:

14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა

„შენება კარგია“ – რიჟვაძე ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე

„შენება კარგია“ – ასე უპასუხა დღეს, 11 თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე დასმულ შეკითხვას. კითხვა მას ბათუმის მერიასთან შეკრებილმა აქტივისტება დაუსვეს, რომლებიც დღეს სწორედ ამ პროექტზე ნებართვის გაცემის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

მთავრობის თავმჯდომარისთვის მეტი კითხვის დასმა აქტივისტებმა ვერ მოახერხეს, დაცვამ მათ მიახლოების საშუალება არ მისცა, თორნიკე რიჟვაძემ კი რეპლიკის შემდეგ სწრაფად დატოვა ტერიტორია.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარეს მერიაში სამუშაო შეხვედრა ჰქონდა: „ის ჯერ მაღალმთიანეთში იმყოფებოდა მუნიციპალიტეტების მერიებში სამუშაო შეხვედრებზე, დღეს კი ბათუმის მერიაში მივიდა“.

„ამბასადორის“ პროექტთან დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძეს გასულ წელს სხვა პოზიცია ჰქონდა. „რამდენ სართულზეც არის თანხმობა, უნდა აშენდეს იმდენი, არც მეტი და არც ნაკლები“, – თქვა მან გასული წლის იანვარში. მაშინ პროექტი იყო არა 16-სართულიანი, არამედ 4-სართულიანი.

 

ვინ და რატომ აძლევს რუსეთის მოქალაქეებს ბულვარში უკანონო მშენებლობის უფლებას 

 

რა (არ) გააკეთა გამოძიებამ 14 წლის გოგოს გაუპატიურებაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ

გუშინ ქობულეთში, სოფელ ქაქუთში, 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. გოგოს ბაბუამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მის შვილიშვილზე 23 წლის კაცმა სექსუალურად პირველად 2020 წლის ივლისში იძალადა. როგორც ბაბუამ თქვა, მოძალადემ მეორედაც „მოაკითხა, ექვსი თვის მერე და მეორეჯერ იძალადა“.

ბაბუას თქმით, ოჯახმა მეორე შემთხვევის შემდეგ გაიგო ძალადობის შესახებ.

როდის მიმართა ოჯახმა პოლიციას? – ქაქუთში გვითხრეს, რომ ბაბუა პოლიციაშია გამოკითხვაზე. ქაქუთის სკოლის დირექტორის თქმით კი, გუშინ მან ოფიციალურად შეიტყო, რომ გამოძიება გოგოს მიმართ ჩადენილ ძალადობაზე 2020 წლის დეკემბერში დაიწყო.

„ბათუმელები“ ცდილობს შს სამინისტროსგან მიიღოს ინფორმაცია, რა გააკეთა დეკემბრიდან დღემდე გამოძიებამ? – ბაბუამ თქვა, რომ „დაკავებული არ ჰყავდენ ის ბიჭი და ამაზე [გოგო] დარდობდა“.

როდის ჩატარდა ექსპერტიზა და რატომ ვერ მიიღო ოჯახმა ეს დასკვნა? – ბაბუას თქმით, გოგო „ელოდებოდა ექსპერტიზის ქაღალდს თუ რაც არის“.

რატომ დააკავეს სავარაუდო მოძალადე დღეს, ანუ მას შემდეგ, რაც მედიამ გაავრცელა ინფორმაცია გოგოზე სექსუალური ხასიათის ძალადობისა და თვითმკვლელობის შესახებ? – გუშინ ბაბუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოძალადე დაკავებული არ არის.

მოზარდზე სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ შეატყობინეს თუ არა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს? – სავარაუდოდ კი, რადგან ამ ორგანიზაციიდან მოგვწერეს, რომ ბოლოს გოგონასთან სოცმუშაკს ვიზიტი 4 თებერვალს ჰქონდა.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე არ გვიპასუხებენ, ანუ არაფერს გვეტყვიან გარდა იმისა, რა ინფორმაციაც დღეს გაავრცელეს. არადა გამოძიების დაწყებიდან თითქმის 2 თვე გავიდა.

___

ამავე თემაზე:

14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა

სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთ:

როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები

ბათუმში 25 წლის მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

დღეს, 11 თებერვალს, ბათუმში მეხანძრე-მაშველი დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თორნიკე კიპაროიძე ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელია მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავდა.

_____________

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ქობულეთში მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მოსწავლეებში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდი დაუდასტურდა ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეს.

როგორც ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, მოსწავლე ბოლო რამდენიმე დღე სკოლაში არ დადიოდა, ამიტომაც კლასში ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალურია. თვითიზოლაციაში მხოლოდ მოსწავლის ოჯახის წევრები იმყოფებიან.

საკლასო ოთახში სწავლის განახლებიდან დღემდე, აჭარაში კორონავირუსის სულ 4 შემთხვევაა გამოვლენილი,  აქედან ერთი შემთხვევა მასწავლებელს უკავშირდება, 3 კი – მოსწავლეებს.

აჭარაში საკლასო ოთახებში სწავლა პირველ თებერვალს განახლდა, სწავლის განახლებიდან მეათე დღეს სკოლებმა ახალი რეკომენდაციები მიიღეს, ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, სკოლაში უფროსკლასელები ვალდებული არიან ატარონ პირბადე.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმში კვირის ბოლოს გაავდრდება | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს, 11 თებერვლის 21 საათიდან 12 თებერვლის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ძირითადად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 –2 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 13-14 თებერვალს, აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში კი მოთოვს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად წვიმიანი ამინდი ბათუმში შაბათ-კვირას დაიწყება და შემდეგი კვირის ბოლომდე გასტანს.

საქართველოში კოვიდით 10 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 557 ახალი შემთხვევა

11 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 557 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 21 890 კვლევა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 639 პირი

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია 787  ადამიანი. აქედან 083  ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 456 მძიმე პაციენტია.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი დღეის მდგომარეობით არის 2.98%, 14 დღის მანძილზე იყო – 3.64%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.41%.

______________

ფოტო: nplg.gov.ge, ციფრული ფოტოგამოფენა „ქართველი ექთნები ეპიდემიის წინა ხაზზე“

14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა

ქობულეთში სექსუალური ძალადობისთვის 23 წლის კაცი შსს-მ მას შემდეგ დააკავა, რაც დაზარალებულმა 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. გოგოს თვითმკვლელობის შესახებ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია.

გარდაცვლილის ბაბუა გუშინ ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა ორი თვის წინ გაიგო, შემთხვევა კი გასულ ზაფხულს მოხდა.

„ცამეტიწლინახევრის იყო მაშინ. ემუქრებოდა თუ რა იყო არ ვიცი, ბავშვი არ ამბობდა რამეს… ჩვენ გავიგეთ მაშინ, მეორეჯერ რომ მოაკითხა, ექვსი თვის მერე“, – უთხრა მედიას ბავშვის ბაბუამ.

სოფლის სკოლის დირექტორის ინფორმაციით, გოგონასთან სოცმუშაკი მუშაობდა და ბოლო ვიზიტი 4 თებერვალს განახორციელა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან კი „ბათუმელებს“ მოსწერეს, რომ ბავშვთან ფსიქოლოგი არ მუშაობდა:

„სოციალური მუშაკის მიერ შეთავაზებული იქნა სახელმწიფო ზრუნვის სერვისები, მათ შორის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. შეფასებისას ოჯახის გარემო არ იყო რისკის შემცველი, ამიტომ არ იყო მიზანშეწონილი, მოზარდის სურვილის გათვალისწინებით, სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანა“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გოგოს მამა გარდაცვლილია, დედა კი თურქეთში მუშაობს.

გუშინ, 10 თებერვალს, შს სამინისტრო „ბათუმელებთან“ აცხადებდა, რომ არათუ დაკავება, გამოძიებაც კი არ იყო დაწყებული ბავშვის მიმართ ძალადობის საქმეზე.

შსს-ს მიერ დღეს, 11 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ედება სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთ:

როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები

აჭარაში კოვიდის 21 შემთხვევა დადასტურდა | 11 თებერვალი

11 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 160 პაციენტი, მათგან 7 ხელოვნურ სუნთქვაზეა.

აჭარაში კოვიდსასტუმროში 128 ადამიანი იმყოფება.

ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორად ლევან ლაზარიაშვილი დანიშნეს

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“  დღეიდან ლევან ლაზარიაშვილი უხელმძღვანელებს. ლევან ლაზარიაშვილი 2020 წლის არჩევნებზე უსკოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო. გარდა ამისა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ლევან ლაზარიაშვილი შპს „ჯორჯიან ინვესტ გრუპში“ 33% წილს ფლობდა, თუმცა ამ კომპანიის წილები მან უკვე გადასცა ნიკა შამილაძეს.

მერიის ინფორმაციით, ამ დრომდე „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის მოვალეობას ბიძინა ბიბილეიშვილი ასრულებდა.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა საკადრო ცვლილებები – მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელების გათავისუფლება-გადაადგილება და ახალი პირების დანიშვნა – გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო.  ჩიქოვანმა შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის თანამდებობიდან მაშინ ბადრი ფარტენაძე გაათავისუფლა.

არჩილ ჩიქოვანის 10 თებერვლის ბრძანებით, ლევან ლაზარიაშვილი ა[ა]იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ დირექტორისა და ლიკვიდატორის თანამდებობაზეც დაინიშნა.

 

ბათუმში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი 2 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2007 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი ორი პირი – 1985 წელს დაბადებული გ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ო.კ. ბათუმში დააკავეს.

დაკავებულები დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2007 წლიდან იძებნებოდნენ.

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2007 წლის 24 მაისს გ.ტ. და ო.კ. დაუსწრებლად წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მათზე ძებნა გამოცხადდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გ.ტ-ს და ო.კ-ს სასჯელის სახით განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 18 წლითა და 9 თვით.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2007 წლის 1 იანვარს, ბათუმში, ერასა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე გ.ტ-მ და ო.კ-მ ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს ძმებს- ვ.ა-ს და დ.ა-ს. დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ვ.ა. მიყენებული ჭრილობების შედეგად 2007 წლის 13 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გ.ტ. და ო.კ. ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძებების შედეგად 2021 წლის 10 თებერვალს ბათუმში დააკავეს.“ – აცხადებს შსს.

დაკავებულები პენიტენციურ დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.

ავთანდილ გალდავა აჭარის პოლიციის უფროსად დანიშნეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი ავთანდილ გალდავა დანიშნეს. აქამდე ამ პოსტზე კოტე ანანიაშვილი მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე უხელმძღვანელებს. ამ დრომდე დიასამიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ნიკოლოზ დიასამიძემ ავთანდილ გალდავა შეცვალა.

ავთანდილ გალდავა ფიგურირებს ზუგდიდში ბანკის დაყაჩაღების საქმეში, როცა გამტაცებელმა ბადრი ესებუამ, რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი, ბანკის შენობა რამდენიმე მძევალთან ერთად დატოვა, მათ შორის ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები შს მინისტრის მოადგილემ – ვლადიმერ ბორცვაძემ თანამშრომლებს  წარუდგინა.

ქალთა ჯგუფის ადმინი, თამარ ფონიავა ამბობს, რომ ცრუ გვერდები შეუქმნეს და ყალბ ამბებს უვრცელებენ

სივრცე ქალური საუბრებისთვის/Space For Female Talk – სექსუალური განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე ყველაზე დიდი ქართული ფეისბუქჯგუფი და გვერდია მხოლოდ ქალებისთვის. ჯგუფში 100 ათასზე მეტი წევრია. ყოველდღიურად ჯგუფში ასობით პოსტი ქვეყნდება, თითოეულს რამდენიმეათასიანი გამოხმაურება აქვს ხოლმე.

ჯგუფი თითქმის 2 წლის წინ შეიქმნა და როგორც მისი დამფუძნებელი თამარ ფონიავა ამბობს, მალევე გაჩნდა მისი ყალბი ასლები. თამარ ფონიავას თქმით, განუწყვეტელი აგრესიის და მუქარის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ დაამზადეს მისი ფეისბუქგვერდის ყალბი ანგარიში, რის საშუალებითაც გამყალბებელი სხვადასხვა ჯგუფში საჯაროდ წერდნენ სექსუალური შინაარსის შემცველ არალოგიკურ სტატუსებსა და კომენტარებს.

სხვისი იდენტობის მოპარვა საქართველოში დანაშაულია.

თამარ ფონიავამ განცხადება კიბერდანაშაულის ფაქტზე უკვე შეიტანა პოლიციაში რამდენიმე დღის წინ.

„ჯერ ჩემი გვერდის ,,სივრცე ქალური საუბრებისთვის“ ასლი გააკეთეს, ჯგუფიც ცალკე, ფეიქექაუნთი მწერდა იმ დღესვე, დამამატე შენს ჯგუფში და ამ ყალბ გვერდს წავშლიო.

სექსუალური შინაარსის პოსტებს რომ წერს შენი სახელით ვიღაც სოცქსელში გასაგებია, რომ ქალების ჯგუფის გამო სურთ ჩემი დისკრედიტაცია, მაგრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა იმ ამბავმა, რომ ,,მთავარი არხის“ ლაივზე, როცა სამეგრელოში ბავშვი მოექცა ნანგრევებში, ჩემი სახელით წერდა ყალბი გვერდი საშინელებებს ბავშვზე.

ქუთაისის პოლიციაში მალევე შევიტანე განცხადება. დავურთე სქრინები. მითხრეს, თუ დაიძრა ეს საქმე, დაგიკავშირდებითო. ძალიან გულისხმიერები იყვნენ პოლიციელები, თუმცა მითხრეს, რომ დიდი ალბათობით ვერაფერს გამოარკვევდნენ, რადგან კიბერდანაშაულის დეპარტამენტი ძალიან პატარაა და ასეთ საქმეებს ხელს ნაკლებად კიდებენო.

იმედგაცრუებული წამოვედი. გამოდის, რომ ყველას შეუძლია დაგიშავოს ინტერნეტსივრცეში რამე, თუ მიზანში ამოგიღო. ფეიქექაუნთიდან ჩემი სახელის მატარებელი გვერდი მწერდა კიდეც, რომ მიდი, მიჩივლე, ვერაფერს დამიშავებენო“, – ამბობს თამარ ფონიავა.

ვის და რატომ აღიზიანებს ქალთა დიდი ჯგუფი

ჯგუფის ადმინისტრატორი ამბობს, რომ ქალებმა ჯგუფში უამრავი კაცი ამხილეს, რომლებიც ავიწროებდნენ სექსუალურად არაერთ გოგოს. იყო შემთხვევები, როცა ეს კაცები რამდენიმე ქალმა ერთდროულად ამხილა და ამოიცნო, რის შემდეგაც შევიდა განცხადებები პოლიციაში და ა.შ.

„მერე ასეთი კაცები მწერდნენ, რომ წამეშალა ქალების მიერ მხილებული ისტორიები მათზე და ფოტოები. დამმუქრებიან, უთქვამთ, რომ იარაღი აქვთ და რასაც უნდათ იმას მიზამენ. ზოგი პირიქით, გევედრება, რომ წაშალო მასზე ისტორია ჯგუფში და „ასე აღარ მოიქცევა, მეტს აღარ იზამს“.

გარდა ამისა, სამწუხაროდ, არიან ქალებიც, რომლებიც არღვევენ ჯგუფის წესებს და გააქვთ სქრინები ჯგუფიდან, გააქვთ ქალების ისტორიები, რაც ჩვენი წესებით, დაუშვებელია. დაუშვებელია ასევე რაიმე სახის შეურაცხყოფა. ტრანსფობიური, სექსისტური და სხვების დამცინავი კომენტარები ჯგუფიდან იშლება, ეს ძალიან მკაცრად კონტროლდება. თავდაპირველად წესების დამრღვევ ქალებს ვაფრთხილებთ, თუ ეს შედეგს არ გამოიღებს, გვიწევს წავშალოთ. მერე ეს გაბრაზებული კაცები და ქალები, ცხადია, არაფერს კარგს არ წერენ სოციალურ ქსელებში ქალთა ჯგუფზე და მის დისკრედიტაციას ცდილობენ“, – ამბობს თამარ ფონიავა.

რატომ ეზღუდებათ ეთნიკურ უმცირესობებს უფასოდ სწავლა ქართულ უნივერსიტეტებში

საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს, რომლებიც 1+4 პროგრამით არიან ჩარიცხულნი უნივერსიტეტებში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე უფასოდ სწავლის შესაძლებლობა არ აქვთ. ეთნიკური უმცირესობები მიიჩნევენ, რომ ეს დისკრიმინაციაა და განათლების მინისტრს ამ პრობლემის გამოსწორებას სთხოვენ.

სახელმწიფო პროგრამა 1+4 საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის შეიქმნა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით. პროგრამის ფარგლებში არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები უმაღლესში მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდით ირიცხებიან, ოღონდ მათ ოთხის ნაცვლად ხუთი წელი უწევთ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა, რადგან პირველი ერთი წელი ქართული ენის შესწავლას ეთმობა.

სტუდენტებს სახელმწიფო ენის შესწავლაში თანხის გადახდა უწევთ.

„ხელს ვაწერ, რადგან“ – სტუდენტები პეტიციით მიმართავენ განათლების მინისტრს

სტუდენტები და მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ პროგრამა 1+4-ით ჩარიცხულ სტუდენტებს უფასოდ სწავლის შესაძლებლობა უნდა მისცეს კვოტირების ფარგლებში, დაფინანსების წესის შეცვლას ითხოვენ.

პეტიცია დაფინანსების წესის შეცვლის შესახებ უკვე გავრცელდა და მას ამ დროისათვის 400-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

პეტიციას თან ახლავს კომენტარებიც, სადაც ხელმომწერები, ძირითადად სტუდენტები, წერენ, რატომ სურთ დაფინანსების წესის შეცვლა:

  • ჟენიკ მკრტჩიანი, ახალქალაქი: „ხელს ვაწერ იმიტომ, რომ ვსწავლობ ქართულ ფილოლოგიას და მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაკულტეტი უფასოა, მე მაინც ვიხდი სწავლის საფასურს. ეს უსამართლობაა“.
  • როვშან კასუმოვი, ბოლნისი: „ხელს ვაწერ, რადგან მსურს, რომ სახელმწიფომ გადაიხადოს ჩემი სწავლის საფასური. მე ღარიბი ოჯახიდან ვარ“. 
  • ქიუბრა გარაჯაევა, მარნეული: „ხელს ვწერ იმიტომ, რომ ჩვენც საქართველოს მოქალაქეები ვართ“.
  • მარიამ რაისიანი, ახალქალაქი: „ხელს ვაწერ იმიტომ, რომ ეს იყო ის შანსი, რომელიც საშუალებას აძლევდა სომეხ აბიტურიენტებს, გახდნენ საქართველოს ნაწილი და თავიანთი დანარჩენი ცხოვრება საქართველოსთვის იმუშაონ“.

„ბათუმელები“ ამ პეტიციის ერთ-ერთ ავტორს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტილინგვური განათლების პროგრამის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორს კახა გაბუნიას ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ამ საკითხზე დისკრიმინაციულია.

დისკრიმინაციული ჩანაწერი, როგორც კახა გაბუნია ამბობს, 2013 წლიდან ჩნდება, რადგან სწორედ ამ პერიოდში დაიწყო სახელმწიფომ პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება.

„მე ვარ 1+4 პროგრამის ხელმძღვანელი უნივერსიტეტში და სტუდენტებისგან გავიგე, რომ უფასო პროგრამებზე მათ სწავლის საფასურის გადახდა უწევთ. მაშინვე მივმართე  განათლების სამინისტროს და იცით როგორი იყო მათი რეაქცია?  – „ჩვენ ხომ უმცირესობებს კვოტირებით ვრიცხავთ და კიდევ დამატებით დავაფინანსოთ?“ 

მათ არც კი ჰქონდათ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეთნიკური უმცირესობები უფასოდ არ სწავლობენ.

ქუჩაში რომ გავაჩეროთ ადამიანები და ვკითხოთ, 80 პროცენტი იტყვის, რომ უმცირესობებს უნივერსიტეტში უფასოდ ვასწავლით. ასე ფიქრობს ბევრი ლექტორ-მასწავლებელიც. ჰგონიათ, რომ რადგან მათი უმაღლესში ჩარიცხვის წესი განსხვავებულია, სწავლის გადასახადს არ იხდიან. ეს ასე არ არის“, – ამბობს კახა გაბუნია.

მისი თქმით, მას არაერთხელ უსაუბრია მაღალი თანამდებობის პირებთან ამ პრობლემაზე, თუმცა მხოლოდ გულგრილობას აწყდება.

კახა გაბუნია

„როცა ჩხენკელი პირველად დანიშნეს, ავუხსენი საკითხი, შემპირდა, რომ მოაგვარებდა, თუმცა ერთ თვეში გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ბატიაშვილთან ვერ მოვახერხე კომუნიკაცია, ახლა ისევ ჩხენკელია მინისტრი და მინდა, რომ ეს პეტიცია სწორედ მას გავუგზავნოთ“, – ამბობს კახა გაბუნია.

მისი თქმით, მიხეილ ჩხენკელი ინფორმირებული იყო, თუ რას ითხოვდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები, აღიარებდა კიდეც დისკრიმინაციულ ჩანაწერს, თუმცა 2020 წლის 11 აგვისტოს მაინც იმავე შინაარსის ბრძანება გამოსცა.

მინისტრის ბრძანებაში წერია:

„დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ბაკალავრიატის / მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსება“.

ეს ნიშნავს, რომ სტუდენტი რომელიც 1+4-ის მოსამზადებელ პირველ კურსს დაასრულებს, უფასო საგანმანათლებლო პროგრამაზე უფასოდ ვერ ისწავლის.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ ამ შემთხვევაშიც დაუშვას კვოტირების სისტემა უმცირესობებისთვის, ისევე როგორც უმაღლესში ჩარიცხვის შემთხვევაში აქვს დაშვებული [5-5 პროცენტი – აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულებისთვის, 1-1 პროცენტი – ოსურენოვანი და აფხაზურენოვანი მოქალაქეებისათვის] და ეს აღმოფხვრის უთანასწორობას“, – ამბობს კახა გაბუნია.

რა შეიცვალა 1+4 ქართული ენის მომზადების პროგრამაში ათი წლის შემდეგ?

„პროგრამა 2010 წლიდან ამუშავდა და ფაქტობრივად, ჰაერზე შეიქმნა. ათი წლის შემდეგ კი, წელს პირველად მიიღო ახალი აკრედიტაცია.

პროგრამა არსებითად გაუმჯობესდა, რადგან წერა-კითხვის, მოსმენის, გრამატიკის კომპონენტები ცალკე მოდულებად ისწავლება, ასევე  მართლწერა და პროფესიული ტერმინოლოგია. პროგრამაში გათვალისწინებულია აბიტურიენტების ენის ცოდნის დონეც“, – ამბობს კახა გაბუნია, რომელიც პროგრამის ხელმძღვანელია თსუ-ში.

მისი თქმით, შეიქნა სახელმძღვანელოებიც, რაც აქამდე არ არსებობდა და ნელ-ნელა გვარდება სპეციალისტების პრობლემაც.

კახა გაბუნიას თქმით, რომელიც უნივერსიტეტში მულტილინგვურ პროგრამასაც ხელმძღვანელობს, სწორედ 1+4 პროგრამიდან მიიღეს სტუდენტების ნაკადი ამ პროგრამაზე წელს პირველად, რაც სამომავლოდ არაქართულენოვანი სკოლებისთვის პროფესიული რესურსი გახდება.

„26 სტუდენტი გვყავს უკვე პირველ კურსზე. ესეც უფასო პროგრამაა და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან არაქართულენოვან სკოლებში სპეციალისტების სერიოზული კრიზისია. ამჯერად მხოლოდ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს მოვამზადებთ“, – ამბობს კახა გაბუნია.

მისი თქმით, არაქართულენოვანი სკოლების დაახლოებით 2 ათასამდე მასწავლებელი სახელმწიფო ენას ვერ ფლობს. „საბჭოთა კავშირის მერე ამ სკოლებში მასწავლებელი პრაქტიკულად არ მზადდება“, – ამბობს კახა გაბუნია.

ტყუილი თუ გულგრილობა – რატომ არ ცვლის სამინისტრო მიდგომას

„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე, განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ 2013 წელს, სანამ  პირველი ბრძანება გამოვიდოდა, მას ჰქონდა კომუნიკაცია სამინისტროსთან და კვოტირებასთან დაკავშირებული შეზღუდვა ბრძანებაში არ ჩაწერილა, თუმცა უნივერსიტეტებმა მაინც არ დააფინანსეს კვოტირებული სტუდენტები.

„ამის შემდეგ, კიდევ გვქონდა კომუნიკაცია განათლების ყველა მინისტრსა და მოადგილესთან, რომლებიც ამბობდნენ: „უი, რას ამბობთ, ასეთი რეგულაცია გვაქვს? არც ვიცოდით, აუცილებლად შეიცვლება“. მაგრამ რეალურად, როცა მოდის საგრანტო დაფინანსების თარიღი, ეს მუხლი ისევ ძალაში რჩება.

არ ვიცი იტყუებიან თუ არა, როცა ამბობენ, რომ შეცვლიან, მიზანმიმართულად ხდება თუ ავტომატურად გადადის ეს ბრძანება, მაგრამ ფაქტია, რომ 8 წელია ამ საკითხზე ვმსჯელობთ, განვიხილავთ სამინისტროსთან, მაგრამ არაფერი იცვლება. არავინ იაზრებს, რა შედეგები მოჰყვება ამას“.

შალვა ტაბატაძის თქმით, მას ჯერ არ შეხვედრია სამინისტროში ადამიანი, ვინც დაასაბუთებდა ამ შეზღუდვის მნიშვნელობას.

უფრო მეტიც, ტაბატაძე ამბობს, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს მიღებული აქვს სამოქმედო გეგმა, სადაც ასევე ჩაწერილი იყო ეთნიკური უმცირესობების განათლების დაფინანსების საკითხი, თუმცა საბოლოო ვარიანტიდან ამოიღეს.

„ვინ ამოიღო არ ვიცი, თუმცა ფაქტია, რომ ვიღაც მიზანმიმართულად აკეთებს“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

მისი თქმით, არაქართულენოვანი სკოლები არასდროს ყოფილა განათლების სისტემის ნაწილი პროფესიული განვითარების, ქართული ენის სწავლების თუ სკოლის ადმინისტრაციის მომზადების კუთხით.

შალვა ტაბატაძე

„სწორედ ამიტომ დაგვჭირდა სტუდენტთა კვოტირება, რადგან 20 წელიწადში ჩვენ არაქართულენოვან სკოლებში 4-5 ათასი პედაგოგი დაგვჭირდება – საპენსიო ჯილდოს ფარგლებში სისტემიდან 1 450 მასწავლებელი გავიდა და მხოლოდ 250 ახალი კადრი შევიდა სკოლებში. აქედან უმრავლესობას არ აქვს პედაგოგის კვალიფიკაცია.

სწორედ ამიტომ უნდა მოვიზიდოთ უნივერსიტეტში სტუდენტები, რომ მოვამზადოთ ორენოვანი ახალი კადრები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან ახალი ცოდნით. სხვა შემთხვევაში, არაქართულენოვან სკოლებში რეფორმა ვერ განხორციელდება.

მთელი აქცენტი უნდა გაკეთდეს სამომავლო პერსპექტივაზე, რომ შესაძლებელი გახდეს ამ სკოლების რეალურად ქართულ სისტემაში ინტეგრირება და რეფორმირება“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

იგი ასევე საუბრობს კვოტირებული კურსდამთავრებულების დასაქმების პრობლემაზეც:

„ადგილობრივ საჯარო უწყებებში მათ დასაქმების პრობლემა აქვთ, მაშინ, როცა ადგილზე არ გვყავს მაღალკვალიფიციური კადრები. ეს ადამიანები უნდა გამოვიყენოთ როგორც საჯარო სამსახურებში, ასევე განათლების სისტემაში, ჯანდაცვაში და ა.შ. მარტო იმით კმაყოფილება, რომ თურმე 1+4 პროგრამაზე სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა, საკმარისი არ არის. მთავარია საბოლოო მიზანი“.

შალვა ტაბატაძის თქმით, სახელმწიფო არც იმაზე საუბრობს, რომ კვოტირებით ჩარიცხულთა დიდი ნაწილი სწავლას ფინანსური პრობლემების გამო წყვეტს.

„23 პროცენტს აქვს სულ დამთავრებული 1+4-ის პროგრამა. თბილისში სწავლა და ცხოვრება ძალიან ძვირი უჯდებათ სტუდენტებს, განსაკუთრებით, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს, რადგან ეს რეგიონი თბილისიდან შორსაა, ამიტომ ისინი რუსეთში ან სომხეთში ამჯობინებენ სწავლის გაგრძელებას“.

შალვა ტაბატაძის შეფასებით, სახელმწიფოს სისუსტე და შეცდომაა იმის ვერგააზრება, თუ რა არის საჭირო უმცირესობების ინტეგრაციისთვის და ამის კლასიკური მაგალითია ის, რომ სახელმწიფო კვოტირებულ სტუდენტებს უფასო პროგრამებზე უფასოდ სწავლას უზღუდავს.

„კვოტირების მიზანია, რომ უმაღლესი განათლება მიიღონ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც შემდგომ ჩაერთვებიან აქტიურად ქვეყნის პოლიტიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში. რეალურად კი გვაქვს მხოლოდ თვითკმაყოფილება ამ პროგრამის არსებობის გამო, მაგრამ არ ვფიქრობთ იმაზე, ეს ინსტრუმენტი როგორ გამოვიყენოთ შესაბამისი პოლიტიკის გაანალიზებისთვის“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

სად არის პრობლემის სათავე

„ბათუმელები“ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს საჯარო სკოლის ქართულის მასწავლებელს ნათია მანიას ესაუბრა.

მასწავლებლის აზრით, სახელმწიფოს უცნაური პოლიტიკა აქვს უმცირესობებთან მიმართებაში, რადგან ერთი მხრივ, სახელმწიფო აღიარებს, რომ უმცირესობებს ვერ აძლევს სათანადო განათლებას, რადგან დაინახა 1+4 პროგრამის საჭიროება, თუმცა სკოლის დონეზე განათლების დაბალ დონეს მაინც ვერ ხედავს.

„ზოგი ისეთი მასწავლებელი ასწავლის ქართულს, საერთოდ ვერ ლაპარაკობს ქართულად. მათემატიკას ასწავლის და მიმატება-გამოკლების იქით ვერ მიდის. ფაქტია, რომ სახელმწიფო არანაირად არ ცდილობს გაუნათლებელი მასწავლებელი სკოლას მოაშოროს, მასწავლებელი, რომელმაც თავისი საგნის 4 პროცენტიც კი არ იცის.

შეიძლება ზუსტად იმიტომ, რომ ასეთი მასწავლებელი, როგორც წესი, ძალიან მორჩილია და სახელმწიფოს უნდა, რომ მორჩილებაში ჰყავდეს მასწავლებელი“, – მიიჩნევს ნათია მანია.

პედაგოგის აზრით, თუკი სკოლაში მოსწავლე მინიმუმ A2 ან B1 დონეზე შეისწავლის ქართულს, მას უფრო გაუადვილდება 1+4 პროგრამაში მონაწილეობა, ხოლო თუ ის B2 დონეზე მიიღებს სახელმწიფო ენის ცოდნას, აღარ დასჭირდება 1+4 პროგრამა უნივერსიტეტში ჩასარიცხად:

„უმჯობესია რესურსები დაიხარჯოს სკოლაში, აქ გაძლიერდეს ქართული ენის სწავლება და გაიზარდოს აბიტურიენტთა მომზადება. საბოლოოდ, სახელმწიფომ უნდა მიაღწიოს იმას, რომ მოსწავლემ ქართული ენა მაღალ დონეზე სკოლაში ისწავლოს და ამისთვის ყველა პირობა უნდა შექმნას“.

ნათია მანია, პედაგოგი

ნათია მანიას თქმით, არაქართულენოვან სკოლებში არა მხოლოდ ქართული ენა ისწავლება დაბალ დონეზე, უმცირესობებმა მშობლიური ენა და ლიტერატურაც კი არ იციან სათანადოდ, რაც ხელს უშლის მოსწავლეების აკადემიურ განვითარებას.

პედაგოგის აზრით, ყველა ტიპის პრობლემის მოგვარებას სჭირდება მოაზროვნე, მცოდნე, პროფესიონალი, მონდომებული და თანამედროვე მასწავლებელი.

„ასეთი მასწავლებლების  დიდი დეფიციტია ქვეყანაში. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ მასწავლებელს სამოქალაქო პოზიციაც უნდა ჰქონდეს, უნდა იყოს არა მორჩილი და პასიური, არამედ კრიტიკული და ცვლილებებისთვის უნდა მუშაობდეს. თუ სკოლაში ასეთი პედაგოგები იქნებიან, ყველა პრობლემა გამოსწორდება“, – ამბობს ნათია მანია.

მასწავლებლების კვალიფიკაციის გარდა, ის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების პრობლემაზეც საუბრობს.

„პრობლემაა, როცა სახელმწიფო ვერ იაზრებს, რას ნიშნავს ასწავლო შენი ქვეყნის მოქალაქეს სხვა სახელმწიფოში გამოცემული და სხვა სახელმწიფოს განათლების პოლიტიკით აწყობილი მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოთი. ამ სახელმძღვანელოებში სხვა ქვეყნის პრეზიდენტის ფოტოებია, სხვა სახელმწიფოს ჰიმნია დაბეჭდილი, სულ სხვა აგიტაცია-პროპაგანდაა და ვფიქრობ, ამაზე უნდა დაფიქრდეს სახელმწიფო“, – ამბობს ნათია მანია.

რას ამბობს მოძრაობა „სალამი“

ქამრან მამადლი,  მოძრაობა „სალამის“ აქტივისტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს გულგრილობა ამ საკითხზე შესაძლოა გამომდინარეობდეს იქედან, რომ ხშირად გადაწყვეტილებებს ის პირები იღებენ, ვინც არ იცნობს ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათ „საკუთარ ტყავზე არ გამოუცდიათ მსგავსი უთანასწორობა“.

„შესაძლოა იმის ბრალიცაა, რომ სამინისტროს დონეზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი არავინ მუშაობს, ვინც დაანახებს მათ უმცირესობების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ხშირად, ბიუროკრატიული ან პოლიტიკური ნაბიჯია  გადამწყვეტი და არა რეალური საჭიროებები“, – ამბობს ქამრანი.

ქამრან მამადლი

ის ამბობს, რომ შესაძლოა ვინმემ თქვას, უმცირესობები ისედაც ჰყავს სახელმწიფოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რადგან მხოლოდ ერთი გამოცდით ირიცხებიან უმაღლესში:

„თუმცა, ამის საჭიროებაც არასწორმა სახელმწიფო პოლიტიკამ და პრობლემის გაუაზრებლობამ მოიტანა.

ჩვენ ვსაუბრობთ არსებითად ჩაგრულ და გარიყულ ჯგუფებზე, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ჰქონდათ უმაღლესში სწავლის შესაძლებლობა და სწორედ 1+4 პროგრამა გახდა საჭირო, რომ ეთნიკურ უმცირესობებს დაეწყოთ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა. ახლა კი ასეთი  ხარვეზის არდანახვა შეუძლებელია“, – ამბობს ქამრან მამადლი.

როგორ ფიქრობთ, რატომ გამოსცა უმცირესობების ინტერესების წინააღმდეგ მინისტრმა ბრძანება, მაშინ, როცა მას უკვე ჰქონდა ინფორმაცია თქვენი მოთხოვნების შესახებ? – ვკითხეთ ქამრანს. ის ამბობს, რომ ამაზე ზუსტი პასუხი არ აქვს.

„ჩვენ, „სალამის“ აქტივისტებმა, შარშან დავიწყეთ ამაზე საუბარი. ვრეკავდით განათლების სამინისტროშიც, უნივერსიტეტებშიც…

ჩვენთვის ორი საკითხია ყველაზე მნიშვნელოვანი – პირველი ის, რომ 1+4  პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც სტუდენტის სტატუსიც კი არ აქვთ პირველ წელს, არ უნდა იხდიდნენ სწავლის საფასურს სახელმწიფო ენის შესწავლაში, მეორე ის, რომ უფასო ფაკულტეტებზე უმცირესობებსაც უფასოდ უნდა შეეძლოთ განათლების მიღება“, – ამბობს ქამრან მამადლი.

რას ამბობს განათლების სამინისტრო

რატომ არ ეძლევათ ეთნიკურ უმცირესობებს უფასო პროგრამაზე სწავლის შესაძლებლობა, რა არის ამის კონკრეტული მიზეზი და აპირებს თუ არა განათლების სამინისტრო იმ ბრძანების გაუქმებას, რომელიც ამ უფლებას უმცირესობების წარმომადგენლებს ართმევს? – „ბათუმელები“ შეეცადა საქართველოს განათლების სამინისტროსგან მიეღო ამ და სხვა კითხვებზე პასუხი.

სამინისტროს წერილობითაც მივაწოდეთ კითხვები, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. 

აპირებდა სააკაშვილი ზღვით შემოპარვას? – ბათუმში მესამე პრეზიდენტის მეგობრებს ასამართლებენ

“ისინი არიან უკანონო პატიმრობაში,” – მიმართა დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს და საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სამი პირის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება მოითხოვა. ბრალდებულები ღია ზღვაში იახტაზე გასული წლის 28 ნოემბერს დააკავეს. ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 თებერვალს, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე ვოლოდიმერ დიაჩენკოს და იური ხიმინჩის, ასევე საქართველოს მოქალაქე – მიხეილ ბატურინის შესახებ. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავება. მიხეილ ბატურინი უკრაინაში ცხოვრობს და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი იყო. სააკაშვილთან მეგობრობს დანარჩენი ორი ბრალდებულიც. ისინი იახტით მიემგზავრებოდნენ უკრაინიდან თურქეთში, თუმცა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გონიოს ნაპირიდან 12 კმ-ში დააკავეს.

“…გამოძიებას ჰქონდა ეჭვი, რომ უკანონო მიგრანტი შემოიყვანეს საქართველოში, ეს აღკვეთის შეფარდების პროცესზეც დაადასტურა პროკურორმა, თუმცა განკარგულებაში ეს არ ჩაუწერიათ,” – გვითხრა პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

ზღვაში გაჩერებულ იახტაზე სამართალდამცველებს უნახავთ სველი ჰიდროციკლი და საცურაო ჟილეტი, რამაც ეჭვები მიგრანტის უკანონო შემოყვანზე გააძლიერა.

“ჰქონდათ ეჭვი, რომ ამ ადამიანებმა ფარულად შემოიყვანეს საქართველოში სააკაშვილი, ამისთვის ისჯებიან ისინი,” – ამას “ნაციონალური მოძრაობის” და ორგანიზაცია “ალტერნატივას” ლიდერები ჰყვებიან, რომლებიც ასევე პროცესის დაწყებამდე ბათუმის სასამართლოსთან შეიკრიბნენ და დაკავებულების დაუყონებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

იმას, რომ საზღვრის უკანონო კვეთის მიზანი მიგრანტის შემოყვანა იყო, არც პროკურორი ვლადიმერ მგალობლიშვილი გამორიცხავს. ის ამბობს, რომ ეს გამოძიების ცალკე ეპიზოდია, რაზეც ძიება ჯერ არ დასრულებულა.

სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე კი, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მთავარი აქცენტი დაკავებაზე გააკეთა, რაც სასამართლოს შეფასებითაც, აღკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზე, უკანონო იყო.

მთავარი ხარვეზი ისაა, რომ დაკავებულებს უფლებები არ განუმარტეს, ხოლო დაკავების შემდეგ შუა ზღვაში გაჩერებულ იახტაზე საათების განმავლობაში დატოვეს.

“ეს ნონსენსია: სასამართლო მიიჩნევდეს დაკავებას უკანონოდ და იმავდროულად პატიმრობაში ტოვებდეს ადამიანებს,” – ეს ადვოკატისთვის მთავარი არგუმენტია, რაც, მისი აზრით, აჩვენებს, რომ ეს საქმე პოლიტიზებულია.

“მათ მოითხოვეს უკრაინული ენის თარჯიმანი და მივიყვანეთ იმ დროს, რაც ოქმშია მითითებული, ამ პროცედურულ დარღვევაზეა მხოლოდ საუბარი,” – აღნიშნა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ.

“თარჯიმანი რომ ვერ იქნა დროულად ნაპოვნი, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ დაკავება კანონიერი იყო? დაკავების დროა ფალსიფიცირებული. ამას ხომ თარჯიმანი არ სჭირდებოდა?” – შეეპასუხა პროკურორს ადვოკატი.

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოითხოვა დაუშვებლად მიეჩნიათ ის მტკიცებულებები, რომლებიც  სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკის დროს მტკიცებულებების სახით მიიღეს.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დაადასტურა, რომ სასამართლოს ეს შეფასება ჰქონდა, რაზეც ადვოკატმა ისაუბრა, თუმცა:

“გვაქვს ასეთი რეალობა, რომ დაკავება დასრულდა და შეეფარდათ აღკვეთის ღონისძიება,” – აღნიშნა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ.

ადვოკატის აქცენტია ისიც, რომ ბრალდებულების იახტა გონიოს სანაპიროდან 12 კილომეტრში გააჩერა საზღვაო პოლიციამ, რომელიც ბათუმის პორტში არ შემოსულა.

“პორტში არ შემოსულან, მიდიოდნენ თურქეთში, საიდან გამოდის საზღვრის უკანონო კვეთა?” – კითხულობს ადვოკატი.

დაცვის მხარის მტკიცებით, ჩხრეკის დროს ვერ აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი და არც უკანონო თევზჭერას ეწეოდნენ ამ გემით.

პროკურატურა ამ ეტაპზე ვერ ამბობს, რა მოტივით დაარღვიეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ბრალდებულებმა.

“ეს იყო არა დაკავება, არამედ ტყვეობაში აყვანა,” – დასძინა ბექა ბასილაიამ.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობა იმ დასაბუთებით, რომ ყველა მტკიცებულება სასამართლოში უკვე წარმოდგენილია და “არავის სიურპრიზი აღარ ელის”.

“მოწმეებად დასაკითხი მხოლოდ პოლიციელები არიან. დაუჯერებელია, ბრალდებულებმა პოლიციის წარმომადგენლებზე მოახდინონ ზემოქმედება,” – დასძინა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

“ისინი წყალში აპირებდნენ მიმალვას და ხმელეთზე უფრო დიდი შესაძლებლობა აქვთ”, – ასე დაიწყო პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ იმის დასაბუთება, თუ რატომ არ უნდა გაათავისუფლონ პატიმრობიდან ბრალდებულები.

პროკურორის თქმით, ბრალდებულების იახტას წინ სანაპირო დაცვის ორი კატარღა გადაუდგა და ბაგირზე ჩაიბა.

“ეს ბაგირიც კი გადაჭრეს და ცდილობდნენ გაქცევას…” – დასძინა პროკურორმა.

პროკურორს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ უთხრა, რომ ვიდრე ის საუბრობდა, ბრალდებულებს ეცინებოდათ.

“ეს უპატივცემულობას კი არ ნიშნავდა, არამედ იმას, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანები არ კარგავენ რეალობის აღქმის უნარს…” – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

“შესაძლოა, იყოს სიცილის კონტექსტი, შესაძლოა, იყოს სხვა რაღაც…” – აღნიშნა მოსამართლემ.

“ამ ადამიანებმა საკუთარი ნებით გააჩერეს იახტა, რა უშლიდათ ხელს, განეგრძოთ გზა და 2 წუთში თურქეთის საზღვართან იქნებოდნენ,” – განაგრძო ადვოკატმა.

დაცვის მხარეს ამ საქმეში წარმოდგენილი აქვს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაც, სადაც უკრაინის სახელმწიფო შეშფოთებას გამოხატავს უკრაინის მოქალაქეების დაკავების გამო. ასევე აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შეცვლას და დამატებითი შეზღუდვების დაწესებას ითხოვს.

“მე ძალიან დიდ პატივს ვცემ უკრაინას, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოს გადაწყვეტილებაა,” – თქვა მოსამართლემ.

“მე ათასჯერ ვარ შემოსული ამ გზით, მეზღვაურები ვართ, პროკურორმა ეს არ იცის, მაგრამ რატომ მოხდა ეს, რატომ დაგვაკავეთ?” – ჰკითხა ერთ-ერთმა ბრალდებულმა პროკურორს. მას მოსამართლემ უთხრა, რომ არსებითი განხილვა არ დაწყებულა და კითხვებს  პროკურორი ჯერ ვერ უპასუხობს.

ბრალდებულები დანაშაულის ჩადენას არ აღიარებენ. “ეს თეთრი ძაფით შეკერილი საქმეა,” – დასძინა ბრალდებულმა მიხეილ ბატურინმა.

მოსამართლემ საბოლოოდ აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შეცვლაზე უარი თქვა. ამის მთავარ მიზეზად მან ის დაასახელა, რომ ახალი გარემოება არ არსებობს.

“დამისახელეთ ერთი დასაბუთებული ვარაუდი, რის გამოც თვლით, რომ, მაგალითად, მიხეილ ბატურინი დანაშაულს ჩაიდენს?” – ჰკითხა მოსამართლეს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. მისი მტკიცებით, ბრალდებულებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთიათ.

“მაშინ რატომ დასჭირდა მას ეს ფორმა?” – დისკუსიაში შეყოლა ამჯობინა მოსამართლემ.

“რომელი ნორმით იკრძალება წყლიდან შემოსვლა?” – დაჟინებული ტონი დაეტყო ადვოკატს.

“გთხოვთ, ნუ ჩამერევით გადაწყვეტილების მიღებაში,” – ადვოკატს თვალი აარიდა მოსამართლემ.

“რატომ ცდილობთ გაკეთილშობილებას, როცა კითხვებზე პასუხი არ გაქვთ?” – განაგრძო მოსამართლესთან კამათი ადვოკატმა.

“კითხვაზე პასუხი ძალიან კარგად მაქვს,” – უკან აღარ დაიხია მოსამართლემ და სიტუაციის განმუხტვა ადვოკატისთვის შენიშვნის მიცემით დაასრულა.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ სამივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

“პორტის და ნავსადგურში შემოსვლის გარეშე როგორ არის შესაძლებელი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა, რა ვერსია გაქვთ?” – ისევ იკითხა ადვოკატმა. ამჯერად ის ამ საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს. სასამართლო სხდომა გრძელდება, გრძელდება საპროტესტო აქციაც სასამართლოს წინ.

სასამართლო პროცესი ბათუმში აქციის ფონზე მიმდინარეობდა
სასამართლო პროცესი ბათუმში აქციის ფონზე მიმდინარეობდა
ადვოკატი ბექა ბასილაია და პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე

___

https://netgazeti.ge/news/518099/

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მილიონიანი უკანონო მშენებლობა – სასტუმროები და სხვა ქონება

თავად უარყოფს, მაგრამ ფაქტობრივად დასტურდება, რომ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი მათ შორისაა, ვინც ქობულეთში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უკანონოდ ააშენა და ექსპლუატაციაში გაუშვა 1560,5 კვ.მეტრი სასტუმრო. აღმოჩნდა, რომ ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ეს არ შეუნიშნავს. ასევე უკანონოდ დააშენა და გაზარდა მან   კიდევ ერთი შენობის მასშტაბი. 2021 წლისთვის დავით მჭედლიშვილის ოჯახის სასტუმრო და საცხოვრებელმა ფართობმა 4583 კვადრატულ მეტრს მიაღწია.

დავით მჭედლიშვილი ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეა 2017 წლიდან. უფლებამოსილების ვადაში მან, როგორც მაღალი რანგის საჯარო მოხელემ, ქონებრივი დეკლარაცია ოთხჯერ შეავსო. ამ დეკლარაციების მიხედვით, ბოლო წლებში მისი და მისი ოჯახის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა გადამოწმებით დადგინდა ისიც, რომ დეკლარაციებში ყველაფერი არ წერია.

„ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ ამ პერიოდში დავით მჭედლიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე გაჩნდა შენობები და გაიზარდა არსებული შენობის მასშტაბი უკანონოდ, მერიის არქიტექტურის სამსახურის ნებართვების გარეშე.

 

ქობულეთი, რუსთაველის # 224- ის მიმდებარედ უკანონოდ აშენებული სასტუმრო

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2021 წლის 28 იანვარს შეავსო. ამ დეკლარაციის მიხედვით, უძრავი ქონების ნაწილი – 1560 კვადრატული მეტრი სასტუმრო დავით მჭედლიშვილმა და მისმა მეუღლემ ძირითადად, უმცროსი შვილის სახელზე გადააფორმეს. 2018 წელს ივერი მჭედლიშვილის საკუთრებაში დაარეგისტრირეს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ქობულეთში, რუსთაველის # 224- ის მიმდებარედ, ზღვასთან ახლოს.

დეკლარაციაში სახლის ფართობად 1560,5 კვ.მ.-ია მითითებული, მიწის ნაკვეთი კი 1460კვ.მ-ა. დავით მჭედლიშვილის შვილის სახელზე გადაფორმებული ეს სახლი, სინამდვილეში სასტუმროა. ფოტო: სასტუმრო „სიშელის“ ვებგვერდიდან

რატომ ჩაწერა დეკლარაციებში სასტუმროები საცხოვრებელ სახლებად – ამაზე თავად დავით მჭედლიშვილს ვკითხეთ. სატელეფონო საუბარში მან განგვიმარტა, რომ მათ შორის ერთ-ერთში ცხოვრობენ, ამიტომაც სახლიც არის და სასტუმროც. ზოგან კი მიწის ნაკვეთების ფართობები და შენობების ფართობები ერთმანეთში აერია, შეცდომა დაუშვა, რისთვისაც დააჯარიმეს კიდეც.

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე უარყოფს, რომ ეს შენობა უნებართვოდ ააშენა:

„ახალი არ აგვიშენებია, ძველი შენობაა, ადრე აშენებული. ძველი ნებართვებიც იქნება ალბათ, ჩვენ ავაშენეთ და შვილმა დაასრულა“.

სინამდვილეში, სასტუმროს მშენებლობა ამ ნაკვეთზე 2016 წელს დაიწყო და 2018 წლის ბოლოს დაასრულა ისე, რომ შესაბამისი ნებართვები ქობულეთის მერიის არქიტექტურის სამსახურს გაცემული არ აქვს. დეკლარაციაში არც მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ჩანაწერი იძებნება. საჯარო რეესტრით კი დასტურდება, რომ დეკლარაციის შევსებისას დავით მჭედლიშვილს შენობებისა და მიწის ნაკვეთების ფართობები ერთმანეთში არ არევია.

დავით მჭედლიშვილი, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე. ფოტო: დავით მჭედლიშვილის ფეისბუქგვერდიდან

გარდა ამისა, ჩვენი ინფორმაციით, არც დავით მჭედლიშვილი და არც მისი შვილი [ივერი მჭედლიშვილი] – ამ კონკრეტული ქონების მესაკუთრე უნებართვო მშენებლობისთვის ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურს არათუ არ დაუჯარიმებია, მითითებაც კი არ მიუციათ. ზემდგომი სტრუქტურის პირველი პირის უკანონო ქმედება ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ვერ ან არ შენიშნეს.

„ბათუმელები“ ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, მინდია რომანაძეს დაუკავშირდა და საკრებულოს თავმჯდომარის კუთვნილ მისამართებზე უნებართვო მშენებლობების გადამოწმება სთხოვა.

ის ჯერ შეგვპირდა, რომ გადაამოწმებდა ინფორმაციას და დაგვიკავშირდებოდა, შემდეგ ტელეფონი გამორთო, მეორე დღეს კი გვითხრა, რომ შვებულებაშია და გვირჩია არქიტექტურის სამსახურს დავკავშირებოდით. იმავე კითხვებით მივმართეთ როგორც ქობულეთის არქიტექტურის სამსახურს, ასევე მერიის პრესსამსახურს, თუმცა რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად მათგან პასუხები ვერ მივიღეთ. ერთკვირიანი მცდელობის შემდეგ კი ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვეთ, რითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ ერთი სასტუმრო უკანონოდ ააშენა, კიდევ ერთ შენობას კი რეკონსტრუქცია ჩაუტარა და დააშენა ასევე უკანონოდ.

უკანონოდ აშენებულ 1560 კვადრატულ მეტრ შენობაში მჭედლიშვილებს საოჯახო სასტუმრო seashell [„სიშელი“] აქვთ მოწყობილი. იძებნება ამ სასტუმროს ვებგვერდიც, რომლის საშუალებით მომხმარებელს ტურების დაგეგმვას და სხვა შესაბამის მომსახურებასაც სთავაზობენ [ეს სასტუმრო ექსპლუატაციაში 2019 წელს გაუშვეს].

შპს „სიშელის“ ასი პროცენტის მფლობელი და ხელმძღვანელი კი დავით მჭედლიშვილის უფროსი ვაჟი, მიხეილ მჭედლიშვილია.

საჯარო რეესტრის თანახმად, მჭედლიშვილების სასტუმროს ოფიციალური მისამართია: ქობულეთი, რუსთაველის #224-ის მიმდებარე. დავით მჭედლიშვილს ეს მიწის ნაკვეთი საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევამდე დიდი ხნით ადრე აქვს შეძენილი. 

ქობულეთი, რუსთაველის #224 – სახლი და სასტუმრო 

სასტუმრო „სიშელის“ წინ, რუსთაველის #224-ში, ქუჩის მხარეს მჭედლიშვილებს კიდევ ერთი საცხოვრებელი და ამავდროულად სასტუმრო აქვთ. სწორედ ამ შენობაში დაიწყო ოჯახმა თავის დროზე მცირე სეზონური ბიზნესი – საოჯახო სასტუმროს სახით. ბოლო სამი წლის განმავლობაში კი შენობას დააშენეს და მისი მასშტაბი ბევრად გაზარდეს, რასაც ასევე არ ადასტურებს დავით მჭედლიშვილი. „არ დაგვიშენებია. ასე იყო. ძველია. 15 წელია რაც აქ საოჯახო სასტუმრო გვაქვს და ჩემი მეუღლე უძღვება ამ ყველაფერს“, – ამბობს ის.

თუმცა ეს რომ ასე არ არის, ამის გაგება თავად დავით მჭედლიშვილის ქონებრივი დეკლარაციებიდანაც შეგვიძლია: პირველი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მან 2018 წელს საკრებულოს თავმჯდომარის რანგში შეავსო, ამ შენობის ფართობი 600 კვ. მეტრი იყო. 2021 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი, შენობის ფართობი ხუთჯერ გაიზარდა და 3023.3 კვ.მეტრია.

ეს სახლი – სასტუმრო ოფიციალურად დავით მჭედლიშვილის მეუღლის, ირმა გოგიტიძის საკუთრებაა.

დავით მჭედლიშვილის სახლი [სასტუმრო], ხუთსართულიანი შენობა. შენობის საერთო ფართი 3023.3 კვ.მ-ია.

    ქობულეთი, აღმაშენებლის #380

უშუალოდ დავით მჭედლიშვილის სახელზეა გაფორმებული 400 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ქობულეთში – აღმაშენებლის #380-ში. ამ მიწაზე დგას 301 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა. აღმაშენებლის ქუჩა ქობულეთში ზღვის პირველ ზოლს ესაზღვრება და ტურისტულ სეზონზე ამ ქუჩაზე ფართოებები უფრო ძვირად ქირავდება.

როგორც თავად გვიყვება ამ ქონებასთან დავით მჭედლიშვილს „გამოსახლების ისტორია“ აკავშირებს. საკრებულოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ამ თემაზე საუბარი ეუხერხულება, მაგრამ რადგან კითხვები გაჩნდა, იძულებულია ისაუბროს:

„გადავარჩინე იპოთეკარი, რომელიც კარგავდა სახლს, უკვე არაფერი აღარ ეშველებოდა, რადგან სასამართლოს განაჩენი გამოტანილი ჰქონდა. სახლი ეკუთვნოდა ქვრივს და მის ობლებს, გამოსახლებაზე იყვნენ მისულები, იყო ერთი ამბავი და ჩვენ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, მე, ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, პარლამენტის დეპუტატი ნაკაიძე მივედით – მოლაპარაკებას შედეგი არ ჰქონდა. მყიდველი, რომელმაც შეისყიდა ეს ქონება ბანკისგან, ოჯახის დაუყოვნებლივ გამოსახლებას ითხოვდა.

მე არ ვიცი, როგორ მომივიდა მაშინ ასეთი აზრი, ავიღე სესხი, 72 000 აშშ დოლარი გამოვიტანე და ქონება გამოვისყიდე, გადავიფორმე ჩემს სახელზე და ოჯახს საშუალება მივეცი ამ სახლში დარჩენილიყო საცხოვრებლად. ახლა ეს ოჯახი ფეხზე დადგა და სესხს თვითონ იხდიან, ხანდახან ვეხმარები და როცა სესხს დაფარავენ, საბოლოოდ ეს ქონება მათ დაუბრუნდებათ. შეგიძლიათ გადაამოწმოთ. მე ეს ადამიანები გადავარჩინე გამოსახლებას. ამას ვერ ვამბობ, რადგან თავის ქებასავით გამომდის, ამ ამბის გამო ლამის ხელისგულზე მატარებს გვარი მთლიანად“.

საკრებულოს თავმჯდომარის მონათხრობს სახლის მეპატრონე მანანა დიასამიძეც ადასტურებს, თუმცა აქაც არის ერთი საინტერესო დეტალი. ამ ამბის მოყოლისას დავით მჭედლიშვილს დაავიწყდა ეთქვა, რომ იპოთეკარი ოჯახის წევრი რუსლან რომანაძე მისი მძღოლია.

ქობულეთი, აღმაშენებლის #380

ქობულეთი, სხვა ქონება რუსთაველზე 

2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში დავით მჭედლიშვილს კიდევ ერთი მიწის ნაკვეთის შესახებ უწერია, რომელიც ასევე ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე #309 – ის მიმდებარედ ჰქონდა და 2900 კვ.მეტრი იყო. შემდეგ წლებში შევსებულ სამ დეკლარაციაში არც ამ ნაკვეთზე, არც მისი გაყიდვით მიღებულ შემოსავალზე არაფერი წერია. რეესტრის მონაცემებით, ეს ქონება ახლა ბიზნესმენ ვალერიანე ჩხარტიშვილს ეკუთვნის. რეესტრის მონაცემებში მითითებულია ასევე, რომ ამ ნაკვეთის გადასაფორმებლად ბიზნესმენმა სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად ნასყიდობის ხელშეკრულება წარადგინა.

ამ შენობასთან ახლოს, რუსთაველის #162-ში, დავით მჭედლიშვილის უმცროსი შვილი ფლობს ასევე ბინას [110 კვ.მ], რომელიც მისთვის უჩუქებიათ. ამავე მისამართზე 20 კვ.მ. ფართობს ფლობს საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე ირმა გოგიტიძე.

ქობულეთი – მიწა

დავით მჭედლიშვილის შვილს, ივერი მჭედლიშვილს გასულ წელს თავადაც შეუძენია 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელ ლეღვაში, რაშიც 3000 აშშ დოლარი გადაუხდია. ამ ციფრებს ლარებში თუ გადავიყვანთ, მას კვადრატულ მეტრში დაახლოებით 4 ლარი აქვს გადახდილი. ნაკვეთს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ტყე ესაზღვრება.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სოფელ ლეღვაში 4500 კვ.მ მიწის ნაკვეთს თავად დავით მჭედლიშვილიც ფლობს. ეს ქონება მას მემკვიდრეობით მიუღია. რეესტრის მონაცემებით, ამ შემთხვევაში თანამესაკუთრედ ფიქსირდება დავით მჭედლიშვილის მეორე ვაჟი, მიხეილ მჭედლიშვილი.

2019 წელს დავით მჭედლიშვილის უმცროს შვილს საჩუქრად მიუღია ასევე მიწის ნაკვეთი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში [23 000 კვ.მ]. ვინ აჩუქა მას ეს ნაკვეთი, დეკლარაციაში მითითებული არ არის და შესაბამისი ინფორმაცია ვერც რეესტრში ვიპოვეთ.

დავით მჭედლიშვილის უფროსი ვაჟი, მიხეილ მჭედლიშვილი ფლობს ასევე ბინას ბათუმში [50კვ.მ] აბუსერიძის ქუჩაზე, ხოლო მეუღლე ირმა გოგიტიძე 2002 წლიდან ფლობს ბინას თბილისში [50კვ.მ] ბუდაპეშტის ქუჩაზე, კიდევ ერთი ბინა აქვს დავით მჭედლიშვილს თბილისში, ვაშლიჯვარში [130 კვ.მ.].

ამავე დეკლარაციის მიხედვით, დავით მჭედლიშვილის ოჯახს სოლიდური სესხიც აუღია,  რუსთაველის ქუჩაზე არსებული ქონება მათ იპოთეკური სესხით აქვთ დატვირთული. რაც შეეხება შემოსავლებს, 2021 წლის დეკლარაციის მიხედვით, ირმა გოგიტიძის, როგორც ინდმეწარმის შემოსავალი გასულ წელს 75 000 ლარი იყო, საწარმოს კაპიტალის სახით კი 30 000 ლარი დააფიქსირეს,  ეს ციფრები მჭედლიშვილის ყველა დეკლარაციაში იდენტურია.

ხელფასის სახით, დავით მჭედლიშვილს, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მეუღლეს, როგორც პედაგოგს, გასულ წელს ჯამში 51 500 ლარი მიუღიათ. უმცროს შვილს, როგორც შპს „საქართველოს ინოვაციური ჰაბის“ [კომპანია ივერი მჭედლიშვილმა 2018 წელს თავად დააფუძნა]  დირექტორს, 19 000 ლარი მიუღია.

ის  ასევე ფლობს შპს „ბილბორდერის“ 45 პროცენტს, დეკლარაციის მიხედვით, ამ ორგანიზაციას გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია.

მიხეილ მჭედლიშვილის შემოსავალი ასახული არ არის. ის შპს „ინგლისური აჭარაში“ და  შპს „თმმ საქართველოს“ დამფუძნებელია, ამ ორგანიზაციას გასულ წელს შემოსავლის სახით 10 000 ლარი მიუღია.

ქობულეთის საკრებულოში არჩევამდე დავით მჭედლიშვილი საზოგადოებრივი კოლეჯის ,,ახალი ტალღის” დირექტორი იყო.

____

ამავე თემაზე:

ხელვაჩაურის მერი სამსახურის ავტომანქანით „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე

უვადო პატიმრებს გათავისუფლებისთვის მოამზადებენ – სამინისტრომ პროგრამა დაამტკიცა

იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 9 თებერვლის ბრძანებით, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამა დამტკიცდა, რომელიც ძალაში დღეს, 10 თებერვალს, შევიდა.

პროგრამაში ჩართვა შეუძლია იმ მსჯავრდებულს, რომელმაც ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის არანაკლებ 12 წელი და წერილობით თანხმობას აცხადებს პროგრამაში მონაწილეობაზე.

ბრძანებაში აღნიშნულია ასევე, რომ პროგრამა ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. ის მსჯავრდებულები კი, რომლებიც არ ფლობენ სახელმწიფო ენას, პროგრამის დაწყებისთანავე ერთვებიან ქართული ენის შემსწავლელ კურსებში.

პროგრამის ხანგრძლივობა 2 წელია. საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 წლით.

„პროგრამის მიზანია უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირების სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით გათავისუფლების, აგრეთვე უვადო თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლისთვის, შემთხვევის მართვის ფარგლებში, მსჯავრდებულთა ჩართულობა ისეთ ღონისძიებებში, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციას და რესოციალიზაცია-რეინტეგრაციისთვის მზადებას“, – აღნიშნულია ბრძანებაში.

პროგრამით გათვალისწინებულია მსჯავრდებულთა შეფასება, ინდივიდუალური პროგრამის შედგენა, საგანმანათლებლო და ფსიქო-სოციალური პროგრამებისა და სხვადასხვა აქტივობების უზრუნველყოფა და სასამართლოსთვის წარსადგენად შემაჯამებელი ანგარიშის მომზადება.

პროგრამა შედგება 8 ეტაპისგან, რომელიც აერთიანებს სასწავლო მოდულებსა და მხარდამჭერ აქტივობებს:

  • ეტაპი I – მსჯავრდებულის შეფასება, ინდივიდუალური პროგრამის შედგენა და დაზარალებულთან ან მის უფლებამონაცვლე მხარესთან დაკავშირებული ინფორმაციის ამსახველი ანგარიშის მომზადება;
  • ეტაპი II – კონსტრუქციული ურთიერთობების აგება;
  • ეტაპი III – ჯანსაღი ცხოვრება და პროფესია;
  • ეტაპი IV – ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა;
  • ეტაპი V – სამოქალაქო განათლება (საგანმანათლებლო მოდული);
  • ეტაპი VI – მაკრო სისტემები (საგანმანათლებლო მოდული);
  • ეტაპი VII – ადაპტაციის უნარების გაუმჯობესება (საგანმანათლებლო/უნარების განვითარების მოდული);
  • ეტაპი VIII – მომავლის კონსტრუქციული დაგეგმვა.

ცალკეული ეტაპების დაძლევა ფასდება პროგრამით განსაზღვრული კრიტერიუმებით, რაც შემდგომ ეტაპზე გადასვლის წინაპირობაა. თუ მსჯავრდებული ვერ დაძლევს პროგრამის რომელიმე ეტაპს, იგი შესაბამის ეტაპს ხელმეორედ გაივლის.

მსჯავრდებულის მიერ პროგრამის ყველა ეტაპის გავლის შემთხვევაში სპეციალური გუნდი [შემადგენლობას ამტკიცებს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი] აკეთებს საბოლოო შეფასებას და ადგენს „გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამის შემაჯამებელ ანგარიშს“, რომელიც ინახება მსჯავრდებულის პირად საქმეში, ხოლო მსჯავრდებულის მიერ სასჯელის სახით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვის შესახებ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, ეგზავნება სასამართლოს.

სასამართლოს მიერ უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში, გუნდი აფასებს მსჯავრდებულს და მის საჭიროებებზე მორგებულ განახლებულ 6-თვიან ინდივიდუალურ პროგრამას ადგენეს, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს ამ პროგრამის გარკვეულ მოდულებს/სესიებს.

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად მონაცემების წარდგენა 22 თებერვლის ჩათვლით გრძელდება 

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად იანვრის თვის მონაცემების ელექტრონულად წარდგენის ბოლო ვადა, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალია [ვინაიდან 20 თებერვალი არის შაბათი-არასამუშაო დღე]. ამასთან, დამსაქმებლებს, რომლებმაც იანვრის თვეში ვერ წარადგინეს განაცხადები [დეკემბრის მონაცემები], შესაძლებლობა აქვთ ეს მონაცემები 22 თებერვლამდე წარადგინონ.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 200-ლარიანი დახმარება [იანვარში] 106 080 პირს ჩაერიცა – ჯამში 21 216 000 ლარი.

დასაქმებულის შესახებ მონაცემებს, რომელსაც ეკუთვნის კომპენსაცია – 200 ლარი, შემოსავლების სამსახურს აწვდის დამსაქმებელი. ანუ, განაცხადს ელექტრონულად ავსებს დამსაქმებელი[კომპანია/ორგანოიზაცია] და არა კომპენსაციის მიმღები პირი.

10 თებერვლის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში უკვე 11 900  განაცხადია დარეგისტრირებული.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში, თებერვალში, აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას გამოიყენებს წინა თვის,  (იანვრის) განაცხადებს. ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, იანვრის თვეში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია 22 თებერვლის ჩათვლით [ვინაიდან 20 თებერვალი არის არასამუშაო დღე], რის შემდეგაც დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებით“.

საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებაში ბოლო დროს განხორციელდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც:

  • თუ 2020 წელს, საარჩევნო პერიოდში, პირი დაქირავებული იყო, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი და ამ პერიოდის მიხედვით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან  უფიქსირდება ხელფასის მიღება, ეს გარემოება აღარ იწვევს კომპენსაციის გაცემის შეზღუდვას.
  • ცვლილება შეეხო იმ პირებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ კომპენსაციის გაცემის პირობებს, მაგრამ მათზე განაცხადების წარდგენა ვერ განხორციელდა – დამქირავებელი მეწარმე ფიზიკური პირის გარდაცვალების ან იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო. ასეთ შემთხვევაში, კომპენსაციის მიღების მიზნით, 22 თებერვლის ჩათვლით, დაქირავებულ პირს თავად შეუძლია წარადგინოს განცხადება შემოსავლების სამსახურში.

200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, განაცხადის წარდგენა, შესაძლებელია მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან,

ამასთან, მოქალაქეს საშუალება აქვს გადაამოწმოს, არის თუ არა 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში.

გადასამოწმებლად გადადით ბმულზე

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მიწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge.

ვის ეკუთვნის კომპენსაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:

როდის მიიღებენ 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები 100-ლარიან დახმარებას

 

განახლებული რეკომენდაციები სკოლებს – მთავრობა

საქართველოს მთავრობამ დღეს, 10 თებერვალს, გამოაქვეყნა სკოლებისთვის რეკომენდაციები, რომელიც სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას უკავშირდება.

რეკომენდაციებსა და წესებს შორისაა:

  • მოსწავლის ტრანსპორტირება:
  • სასკოლო ტრანსპორტში ასვლამდე უნდა ჩაუტარდეს მოსწავლეს თერმოსკრინინგი;
  • 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მშობლის ინფორმირება და მოსწავლის სახლში დაბრუნება;
  • დასაშვები ტემპერატურის შემთხვევაში, სასკოლო ტრანსპორტით მგზავრობისას, მოსწავლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება.

სკოლაში შესვლამდე:

  • თერმოსკრინინგის ჩასატარებლად მოსწავლეები იცავენ 1-მეტრიან დისტანციას, სკოლის შენობაში შემსვლელ ნებისმიერ პირს სკოლის წარმომადგენელი უზომავს ტემპერატურას;
  • დასაშვები ტემპერატურის შემთხვევაში, პირი გაივლის დეზობარიერს, დაიმუშავებს ხელებს ანტიბაქტერიული ხსნარით და მხოლოდ მას შემდეგ გადაადგილდება დანიშნულების ადგილამდე;
  • თერმოსკრინინგისას 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება პირის სპეციალურად განსაზღვრულ სივრცეში გადაყვანა და 15 წუთის შემდეგ, განმეორებით, სამედიცინო თერმომეტრით ტემპერატურის გადამოწმება;
  • 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ტექნიკური პერსონალი და გარეშე პირები სკოლაში არ დაიშვებიან;
  • 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მოსწავლე სკოლის წარმომადგენელს გადაჰყავს წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში. სკოლა უკავშირდება მოსწავლის მშობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც პასუხისმგებელია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანაზე. მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად.

მოსწავლის პირადი ჰიგიენა სკოლაში:

  • სკოლის საერთო სივრცეებში V-XII კლასის მოსწავლეები უნდა გადაადგილდნენ მხოლოდ პირბადით;
  • მოსწავლემ სკოლაში გადაადგილებისას უნდა დაიცვას 1-მეტრიანი დისტანცია, საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ მოსწავლემ ხელები უნდა დაიბანოს საპნით და გაიმშრალოს ქაღალდის ხელსახოცით;
  • გაკვეთილზე ხელის დაბინძურების შემთხვევაში, მოსწავლემ ხელები უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით;
  • ხველების ან ცემინების შემთხვევაში, მოსწავლემ სახეზე უნდა აიფაროს მოხრილი იდაყვი ან გამოიყენოს ერთჯერადი ხელსახოცი. გამოყენების შემდეგ ხელსახოცი მოსწავლემ უნდა მოათავსოს თავდახურულ ურნაში;
  • საკვების მიღებამდე და შემდეგ მოსწავლემ აუცილებლად უნდა დაიბანოს ხელები დადგენილი წესით.

რეკომენდაცია მშობლებს:

  • შვილის ცხელების ან რესპირაციული სიმპტომების შემთხვევაში, ბავშვი ექვემდებარება სახლში დარჩენას;
  • მშობელი ვალდებულია, სკოლას აცნობოს შვილის გამოუცხადებლობის მიზეზი და უზრუნველყოს ოჯახის ექიმის გამოძახება ან მისი გადაყვანა ცხელების ცენტრში.

რეკომენდაცია მასწავლებლებს:

  • სკოლის საერთო სივრცეებში მასწავლებელი უნდა გადაადგილდეს მხოლოდ პირბადით;
  • სკოლის შენობაში შესვლისთანავე მასწავლებელმა უნდა გაიაროს დეზობარიერი;
  • კლასიდან კლასში გადაადგილებისას, მასწავლებელმა ხელები უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით;
  • მშობელთან კომუნიკაცია მასწავლებელმა უნდა წარმართოს დისტანციური სერვისების გამოყენებით;
  • მასწავლებელმა უნდა მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით;
  • მასწავლებელმა ინტენსიურად უნდა იმუშაოს მოსწავლეებთან მათი ცნობიერების ასამაღლებლად.

მთავრობის განცხადებით, ამასთან ერთად ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ პირველ თებერვალს სასწავლო პროცესის განახლებიდან ორ კვირაში, კორონავიურუსი აჭარაში ორ მოსწავლეს და ერთ პედაგოგს დაუდასტურდა.

ბსუ-ს წინ შადრევნის შეკეთებისთვის ბულვარი 160 ათას ლარს გადაიხდის

ბათუმის უნივერსიტეტის წინ არსებული შადრევნის რეაბილიტაციისთვის ბულვარის ადმინისტრაცია ბიუჯეტიდან 159 999 ლარს დახარჯავს. ამ თანხით მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადებულია.

დაგეგმილია აუზის მოცულობის შემცირება არმირებითა და დასხმით, განათების მოწყობა, ფსკერის მოპირკეთება, გამავალი მილის შეცვლა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 22 თებერვალს დასრულდება. სამუშაოები კი გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა დასრულდეს.

ტენდერს თან ახლავს შადრევნის რეაბილიტაციის პროექტიც, რომელიც კერძო კომპანიამ ბულვარის დაკვეთით მოამზადა.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას, ბულვარის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და არხების სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე ცალკე ტენდერი 290 ათასი ლარით აქვს გამოცხადებული, სადაც წინადადებების მიღება 2021 წლის 15 თებერვალს დასრულდება.

2021 წლის განმავლობაში ბათუმის ბულვარში არსებული შადრევნების, არხებისა და ქანდაკება „ალი და ნინოს“ მოვლა-ექსპლუატაციისთვის კი ხელშეკრულება შპს „ბათუმის შადრევნებთან“ 225 ათას ლარზე უკვე გაფორმებულია.

 

[toggle title=”ტექნიკური დავალება და შადრევნების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ:“]

ტექნიკური დავალება:

1.1. მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ბათუმის ბულვარში არსებული შადრევნების და არხების მოვლა-ექსპლუატაციის მომსახურება კერძოდ:

• ყოველდღიური მონიტორინგი, შადრევნის კომპიუტერული დანადგარებისა და მართვის ელექტრონული მოწყობილობების, წყალქვეშა ტუმბოების, წყალქვეშა განათებების, შადრევნის საფილტრაციო სისტემის, ხმის გამაძლიერებლების, აკუსტიკური მოწყობილობების და სხვა ძირითადი ელექტრო მოწყობილობების გამართული მუშაობისათვის;
• ექსპლუატაციის პროცესში შადრევნის დეტალების დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველ ორგანიზაციას დაზიანების შესახებ და ამავდროულად დაადგინოს დაზიანების მიზეზი, რათა დროულად მოხდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი სათადარიგო ნაწილის მიწოდება. სათადარიგო ნაწილის მიწოდებისთანავე მიმწოდებელი ვალდებულია დაუყონებლივ შეცვალოს დაზიანებული ნაწილი ახლით დაზიანების აღმოსაფხვრელად;
• შადრევნებისა და არხების აუზში ყოველდღიურად სხვადასხვა ნარჩენებისაგან დაბინძურებული წყლის ზედაპირის, გრანიტის მოაჯირისა და სახურავის გაწმენდა;
• შადრევნებისა და არხების აუზის ფსკერის, გრანიტის მოაჯირის, კედლების, სახურავის მასში არსებული დანადგარების დასუფთავება–გარეცხვა თვის განმავლობაში 2-ჯერ შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შესაბამისად. შადრევნისა და არხის აუზის გარეცხვის წინ აუზი მთლიანად უნდა დაიცალოს წყლისგან და გარეცხვის შემდეგ შეივსოს წყლით.
• შადრევნებისა და არხების აუზის დამატებითი დასუფთავება–გარეცხვა ხდება შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით.
• შადრევნებისა და არხების ჩართვა გამორთვა უნდა მოხდეს დანართი №1-1-ში მოცემული გრაფიკის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუზღუდავი დროით ჩართოს და გამორთოს შადრევანი;
• ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის დროს (თოვლის სახით) შადრევნები და ქანდაკება „ალი და ნინო“ უნდა იყოს გამორთულ მდგომარეობაში.
• კომუნალური ხარჯებს (დენისა და წყლის) იხდის შემსყიდველი ორგანიზაცია.

შადრევნებისა და არხების აუზების პარაპეტის, შიდა და გარე კედლების, ფსკერის კვადრატულობა:

1. ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან მდებარე ფერადი შუქ -მუსიკალური შადრევანი:
– კვ.მ 1 514,20

2. ბათუმის ბულვარში ჭადრაკის სახლ „ნონა“-სთან მდებარე შადრევანი: კვ.მ 218,80

3. ბათუმის ბულვარში ნინოშვილის ქუჩისა და სასტუმრო „შერატონის“ კვეთის მიმდებარედ, 26 მაისის ქუჩის გასწვრივ მდებარე შადრევანი „გოგონა ველოსიპედით“: კვ.მ 111,90;

4. სახელმწიფო უნივერსიტეტთან მდებარე შადრევანი: კვ.მ 200,00;

5. არდაგანის ტბაში მდებარე ფერადი შუქ-მუსიკალური შადრევანი: კვ.მ 1 087,40;

6. ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე შადრევნები:

– პირველი შადრევანი – კვ.მ 613,20;
– მეორე შადრევანი – კვ.მ 424,34;
– მესამე შადრევანი – კვ.მ 151,60;
– მეოთხე შადრევანი – კვ.მ 407,20;
– მეხუთე შადრევანი – კვ.მ 243,00;

7. ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე არხები:
– პირველი არხი – კვ.მ 151,30;
– მეორე არხი – კვ.მ 193,00;
– მესამე არხი – კვ.მ 166,14;
– მეოთხე არხი – კვ.მ 144,10;
– მეხუთე არხი კვ.მ 125,70
– მეექვსე არხი კვ.მ 288,55
– მეშვიდე არხი კვ.მ 88,80

საოცრებათა პარკში მდებარე ქანდაკება “ალი და ნინო”:

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
• • ყოველდღიური მონიტორინგი ქანდაკების გამართული მუშაობისათვის;
• ექსპლუატაციის პროცესში ქანდაკების დეტალების (გარდა გარე განათებისა) დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველ ორგანიზაციას დაზიანების შესახებ და ამავდროულად დაადგინოს დაზიანების მიზეზი, რათა დროულად მოხდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი სათადარიგო ნაწილის მიწოდება. სათადარიგო ნაწილის მიწოდებისთანავე მიმწოდებელი ვალდებულია დაუყონებლივ შეცვალოს დაზიანებული ნაწილი ახლით დაზიანების აღმოსაფხვრელად;
• ქანდაკების შეზეთვა და შეპოხვა უნდა უზრუნველყოს საკუთარი სახსრებით
• ქანდაკების ჩართვა გამორთვა უნდა მოხდეს დანართი №1-2-ში მოცემული გრაფიკის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუზღუდავი დროით ჩართოს ქანდაკება;

[/toggle]

აჭარაში მთავრობა წელს 2 100 ჰექტარს დახნავს – ნახევარმილიონიანი ტენდერი

აჭარაში წელს 2 100 ჰექტარი ფართობის დახვნა იგეგმება, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 574 ათასი ლარია გამოყოფილი. აგროსერვის ცენტრმა მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2021 წლის 12 მარტს დასრულდება. დახვნა-დადისკვა-დაფარცხვა კი, 31 მაისის ჩათვლით უნდა დასრულდეს.

ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ჯამში 1 350 ჰექტარი დაიხვნება, დაიდისკება და დაიფარცხება. ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში კი ჯამში 750 ჰექტარი ფართობის მხოლოდ დახვნაა დაგეგმილი.

ტენდერის პირობების მიხედვით, ნიადაგის დამუშავების სამუშაოები უნდა განხორციელდეს აგრო-ვადებში ხელშეკრულების გათვალისწინებული პირობების შესაბამისად და უნდა დასრულდეს 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით.

ამასთან, ნიადაგის დახვნის სამუშაოები უნდა დასრულდეს:

  • ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში 2021 წლის 10 მაისის ჩათვლით;
  • ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში 2021 წლის 25 მაისის ჩათვლით;
  • ნიადაგის დადისკვა-დაფარცხვის სამუშაოები კი, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიცპალიტეტებში, უნდა დასრულდეს 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით.

მიმწოდებელმა ნიადაგის დამუშავების სამუშაოები არ უნდა ჩაატაროს ნალექიან ამინდში. ის ასევე ვალდებულია პერიოდულად წარადგინოს ნიადაგის დამუშავების აქტები აგროსერვის ცენტრში [ნიადაგის დამუშავების აქტში უნდა მიეთითოს ხელმომწერი პირები, მუნიციპალიტეტი, დამუშავებული მიწის ფართობის რაოდენობა, რომელსაც ხელს უნდა აწერდნენ: მიმწოდებლისა და შემსყიდველის წარმომადგენლები, შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი].

მიმწოდებელი ასევე ვალდებულია ნიადაგის დასამუშავებლად ყოველდღიურად მზადყოფნაში ჰყავდეს არანაკლებ 30 ერთეული ტექნიკა (ტრაქტორი); სამუშაოების მიმდინარეობისას ტექნიკის გაფუჭების შემთხვევაში კი, დროულად აღმოფხვრას ხარვეზი.

თუ შემსყიდველის მიერ ვერ იქნება მითითებული დასამუშავებელი ფართობები, მაშინ შემსყიდველი მიმწოდებელთან შეთანხმებით წყვეტს ფაქტიურად შესრულებული სამუშოების შესაბამისად ფართობის შემცირებას.

„შარშან დაიხნა 1 500 ჰექტარი, წელს მობილიზებული გვაქვს თანხა 2 000 ჰექტარისთვის. თუ მეტი იქნება მოთხოვნა და აგროვადებში განხორციელდება პროგრამა, დავხნავთ მეტსაც. არის შემთხვევები, როცა აგროვადები გასულია და მერე ითხოვს ფერმერი დახვნა-დაფარცხვას. ჩვენ ვერ განვახორციელებთ ისეთ ქმედებას, რაც აგროვადებთან არ არის შესაბამისობაში. ეს საკითხი იქნება დარეგულირებული“ – განაცხადა ერთი თვის წინ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ.

ამავე თემაზე:

მიწის რეგისტრაცია უფასოდ – ნახეთ, რა იცვლება

მთავარი ფოტო: არქივიდან /აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფოტო

„ჩვენი მიწები წყლით იფარება, რა ვაკეთოთ?“ – კირნათელები ჰესის პიკეტირებას აპირებენ

ხელვაჩაურში, კირნათში მცხოვრები ადამიანები „კირნათიჰესთან“ საპროტესტო აქციას მართავენ. მოსახლეობის თქმით, ისინი ჰესის მშენებელმა კომპანიამ ხელისუფლებასთან ერთად მოატყუა, ისევ იტბორება სახნავ-სათესი მიწის ფართობები, რაც შემოსავლის ძირითადი წყარო იყო.

„კომპენსაცია მე პირადად ავიღე მხოლოდ 2500 ლარი, 6-დოლარ-ნახევარი გამოვიდა კვადრატული, ეს იყო საკარმიდამო, რაც დავთმე… ახლა კომპანია იძახის, რომ კომპენსაცია გადახდილი მაქვსო, მაგრამ ვეღარ ვიყენებთ სახნავ-სათესებს, რით ვიარსებოთ, იქ ვთესავდით, თხილის ბაღები იყო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კირნათში მცხოვრები ჯუმბერ ჯიხაძე.

მისი თქმით, მოსახლეობისთვის არ მიუციათ კომპენსაცია იმ მიწებზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრება იყო და მოსახლეობა წლების განმავლობაში იყენებდა.

აქცია „კირნათიჰესთან“

„მიწის რეფორმა არ ჩაატარა არცერთმა ხელისუფლებამ, ეგ ხომ ჩვენი ბრალი არ იყო?“ – კითხულობს მოქალაქე და ამბობს, რომ ჰესის აშენების შემდეგ სახნავ-სათესი მიწის ფართობები პერიოდულად წყლით იფარება. ამ მიწების გამოყენებას ვეღარავინ ახერხებს.

მოქალაქეების თქმით, მათ ამ მიწებზეც მიიღეს კომპენსაციაზე დაპირება, როცა ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი იყო მოლაპარაკებებში ჩართული.

ჯუმბერ ჯიხაძის თქმით, კომპენსაცია 210 ოჯახს ერგება. მოქალაქეები აპროტესტებენ იმასაც, რომ ჰესის აშენების შემდეგ ჰაერი უფრო ნოტიო გახდა და მოსავალი ფუჭდება.

„ასე აქ ცხოვრებას აზრი აღარ აქვს, ჩვენ გვატყუებს ყველა, ხელისუფლება და კომპანიაც,“ – აცხადებს ჯუმბერ ჯიხაძე. აქციის მონაწილეების თქმით, ეს გამაფრთხილებელი აქციაა და თუ კომპანია მოსახლეობას კომპენსაციას არ გადაუხდის, ჰესის პიკეტირებას მოახდენენ.

„გადავკეტავთ ნამდვილად… სახელმწიფოს მიწები იყო, მაგრამ ჩვენი ძირძველი მიწებია ფაქტიურად, იქ ვრგავდით სიმინდს, ლობიოს, ფხალს, ახლა აქ წყალია. გვეუბნებიან, უფრო მეტი წყალი დადგება, როცა სრულად ამოქმედდება ჰესიო. კომპანიაში გვეუბნებიან, რომ კომპენსაცია გადახდილი აქვთ, მაგრამ ეს არაა სწორი. შეიქმნას კომისია, რომელიც ამ საკითხს თავიდან ბოლომდე შეისწავლის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ანრი ცინცაძემ.

ეს არ არის პირველი აქცია, რომელსაც კირნათში მოსახლეობა  მართავს ჰესის მშენებლობის დაწყების შემდეგ.

ცოფის შემთხვევები ქობულეთში – მონადირეები მტაცებლებზე ინადირებენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სადაც თებერვლის დასაწყისში სოფლებში ცოფის შემთხვევები დადასტურდა, ცოფის პრევენციისთვის და მტაცებელი ცხოველების თავდასხმისგან მოსახლეობის დასაცავად მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა მონადირეთა ჯგუფებს.

სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცოფის გამავრცელებელი ტურაა, რომელმაც შინაური ცხოველები დაკბინა და დააინფიცირა.

ქობულეთის მერის მოადგილის, დავით ვერულიძის ინფორმაციით,  მონადირეების საშუალებით მტაცებელი ცხოველების, მგლებისა და ტურების ლიკვიდაცია უნდა მოხდეს. მისი თქმით, ასეთ ზომებს მიმართავენ მაშინ, როცა პოპულაცია იზრდება და საფრთხისშემცველია მოსახლეობისთვის.

„თუმცა სალიკვიდაციო მტაცებელი ცხოველების რაოდენობა მკაცრად ლიმიტირებულია, ეკოსისტემას რომ არ შევუქმნათ საფრთხე“, – ამბობს დავით ვერულიძე. მისივე თქმით, საუბარია 5 ტურისა და 5 მგლის ლიკვიდაციაზე.

ქობულეთის იმ სოფლებში, სადაც ცოფის შემთხვევა დადასტურდა, სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შინაურ ცხოველებს სავალდებულო ვაქცინაციას უტარებენ ცოფზე.

ჯიხანჯურში, წყავროკასა და ცხრაფონაში 60-დღიანი კარანტინია გამოცხადებული, რაც გულისხმობს კონტროლს შინაური ცხოველების გადაადგილებაზე და მათ სავალდებულო ვაქცინაციას. კარანტინი ამ შემთხვევაში არ ზღუდავს ადამიანთა გადაადგილებას.

ამ სოფელში აკრძალულია რძისა და ხორცპროდუქტების რეალიზაცია 2 თვის განმავლობაში.

„ბათუმის წყლის“ დირექტორად ლევან დავითაძე დანიშნეს

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა შპს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორის პოსტზე ლევან დავითაძე დანიშნა.

ლევან დავითაძე 2017-2018 წლებში აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო, მანამდე მუშაობდა ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დირექტორის მოადგილედ, უფრო ადრე კი ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე იყო.

2020 წლის დეკემბრიდან დღემდე „ბათუმის წყლის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ბაკურაძე იყო, „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ბაკურაძე ტექნიკური დირექტორის პოსტზე რჩება.

___________________

ფოტოზე: არჩილ ჩიქოვანი და ლევან დავითაძე

 

კოვიდის 544 ახალი შემთხვევა საქართველოში, 5 პაციენტი გარდაიცვალა

10 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 544 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 18 244 კვლევა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  263 601-ს.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია  4 879 ადამიანი. აქედან  2 094  ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 471 მძიმე პაციენტია.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი დღეის მდგომარეობით არის 2.98%, 14 დღის მანძილზე იყო – 3.64%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.41%.

აჭარაში კოვიდის 29 ახალი შემთხვევაა | 10 თებერვალი

10 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აჭარაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კოვიდისგან განიკურნა 39 პაციენტი, კლინიკა დატოვა 15-მა პაციენტმა.

დღევანდელი მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 158 პაციენტი, მათგან 4 მართვით სუნთქვაზეა.

აჭარაში კოვიდსასტუმროში 132 ადამიანი იმყოფება.

თუ პარკირების თანხა გადახდილი გაქვს, მაგრამ ავტომანქანის ნომერი განაახლე, მაინც დაგაჯარიმებენ

თუ ბათუმში ცხოვრობთ და ავტომანქანის პარკირების საფასური გადახდილი გაქვთ, შესაძლოა მაინც დაგაჯარიმონ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ავტომანქანის ნომერს შეცვლით, მაგრამ ამის შესახებ შესაბამის ცნობას ბათუმის მერიაში არ წარადგენთ. იმის მიუხედავად, რომ მონაცემთა ბაზები ორივე საჯარო უწყებაში [შსს-ს მომსახურების სააგენტო და ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“] ელექტრონულადაა, ერთი საჯარო უწყება მეორისგან მონაცემს დამოუკიდებლად ვერ იღებს.

„ბათუმელებს“ კონკრეტული მოქალაქე მოუყვა, რომ ავტომანქანაზე ძველი ნომერი ახლახან იმიტომ გამოცვლა, რადგან 2021 წლის 31 მარტამდე ნომრის შეცვლა სავალდებულოა. ამ მოქალაქეს პარკირების საფასური მაისის ჩათვლით ჰქონდა გადახდილი, მაგრამ, ამის მიუხედავად, ნომრის გამოცვლიდან რამდენიმე დღეში პარკირების ჯარიმა მაინც მიუვიდა. მოქალაქეს უთხრეს, რომ მერიაში წერილობითი ცნობა უნდა წარადგინოს შსს-დან ნომრის განახლების შესახებ.

„ისევ მივედი მომსახურების სააგენტოში, სადაც რიგები იყო… დამატებით 6 ლარი გადავიხადე იმაში, რომ ცნობა მოეცათ. ამ ცნობის წარდგენის შემდეგ გამიუქმეს ჯარიმა, თუმცა გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ეს მიდგომა. მომსახურების სააგენტოში, როცა ნომერი განვაახლე არავის უთქვამს, რომ დამატებით ცნობა უნდა წარმედგინა მერიაში,“ – გვითხრა მოქალაქემ.

ნომრის შეცვლა 72 ლარი ღირს. ფასიან ნომრებს სხვა საფასური აქვს ნომრების შესაბამისად.

რატომ არ ცვლის ერთმანეთში ორი საჯარო უწყება მონაცემთა ბაზას, რის გამოც მოქალაქე ზარალდება?

პარკირებაზე მოქალაქეებს ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს. ამ უწყების პრესცენტრში ვერ გვიპასუხეს, რატომ აჯარიმებს ინსპექცია მოქალაქეს მაშინ, როცა მას პარკირების საფასური გადახდილი აქვს.

„მოქალაქემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ცნობა „ბათუმის ავტოტრანსპორტში“, თუ ამ ცნობას წარმოადგენს, აღარ დაჯარიმდება,“ – ეს გვითხრეს ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაციის უფროსი, მარადი სანიკიძე ადასტურებს, რომ „ეს დადგენილი პრაქტიკაა“, თუმცა არ თვლის, რომ „ეს“ რამე განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის მოქალაქეებს. გულგრილ დამოკიდებულებას აჩვენებს ისიც, რომ ამ დრომდე „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ოფიციალურად არ მიუმართავს შსს-ს „მომსახურების სააგენტოსთვის“, რომლის მონაცემებზე წვდომაც ბათუმის მერიის ამ სამსახურს არ აქვს.

„ეს არის ორი სხვადასხვა ორგანო, რომელთანაც ფიზიკური, ან სამართლებრივი შემხებლობა არ გვაქვს, თუმცა მიმდინარეობს ამ საკითხზე შიდა კონსულტაციები… როცა გვექნება მზა პაკეტი, მაშინ მივმართავთ,“ – გვიპასუხა შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაციის უფროსმა.

ამ პრობლემაზე „ბათუმელებმა“ მიმართა შსს-ს მომსახურების სააგენტოსაც, სადაც გუშინ გვითხრეს, რომ საკითხზე განმარტებას „ხვალ გააკეთებენ“. უწყებაში ადასტურებენ, რომ ბათუმის მერიას შესაბამისი ბაზების გაზიარების თხოვნით არ მიუმართავს.

აჭარაში მიწის უფასო რეგისტრაცია არც წელს დაიწყება

მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაცია აჭარაში ამ ეტაპზე არ დაიწყება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2021 წლის 4 თებერვლის ბრძანებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალები განსაზღვრა. ამ ბრძანებაში არ არის მაღალმთიანი აჭარა.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, დაიწყება თუ არა 2021 წელს აჭარის რომელიმე მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაცია და არის თუ არა გაწერილი გეგმა-გრაფიკი, რომლითაც სისტემური რეგისტრაცია ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება, როგორც ამას მთავრობა აცხადებდა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ 2021 წელს სისტემური რეგისტრაციისთვის მხოლოდ კახეთის რეგიონია შერჩეული: „2022 წელს სისტემური რეგისტრაციისთვის ახალი არეალების დასამტკიცებლად მსჯელობა კი, მიმდინარე წლის ბოლოს გაიმართება.“

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ამ ეტაპზე მიწის სისტემური რეგისტრაცია ჩატარდება კახეთში – საგარეჯოს, ყვარლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების გარკვეულ დასახლებებში.

იუსტიციის სამინისტროს ვკითხეთ, თუ რა კრიტერიუმით შეირჩა აღნიშნული მუნიციპალიტეტები.

„კახეთის რეგიონი გამოირჩევა მკვეთრად აგრარული მონო-ეკონომიკით –  ქვეყნის სასოფლო სამეურნეო სავარგულების 38% კახეთში მდებარეობს. განსაკუთრებით დიდია სახნავი და სათიბ-საძოვარი სავარგულების მოცულობა. ამ კატეგორიის სავარგულების მიხედვით პირველ ადგილზეა საქართველოში, რის გამოც კახეთი მემარცვლეობისა და მეცხოველეობის წამყვანი რეგიონია. დღეისათვის საქართველოს ვენახების 65-70% კახეთშია კონცენტრირებული.

კახეთისთვის ასევე  ურბანიზაციის დაბალი დონეა დამახასიათებელი:  კახეთის რეგიონის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგიის თანახმად, მოსახლეობის 80% სოფლად ცხოვრობს.  რეგიონის სოფლები კი მოსახლეობის რიცხოვნობითა და განსახლების სიმჭიდროვით 2-ჯერ აღემატება საქართველოს სხვა რეგიონებში მდებარე სოფლების საშუალო ზომას.

ამასთან, 2016–2019 წლებში სისტემური რეგისტრაცია უკვე განხორციელდა საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში [მზისგულის, არბოშიკისა და არხილოსკალოს ადმინისტრაციულ ერთეულებში].

ასევე, სისტემური რეგისტრაცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე მიმდინარეობს [ქალაქი საგარეჯო, ნინოწმინდა, წყაროსთავი, გიორგიწმინდა, ყანდაურა, შიბლიანი, იორმუღანლო, ლამბალო, თულარი, დუზაგრამა], რომელიც 2021 წელს დასრულდება.

შედეგად, 2021 წელს სრულად დასრულდება საგარეჯოს,  დედოფლისწყაროსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მდებარე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროცესი“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის მაისში განაცხადა, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავდა.

„სამთავრობო პროგრამის 2021-2024 წლის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ შესაბამისად, სამი წლის განმავლობაში სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება“, – მოგვწერეს იუსტიციის სამინისტროდან.

მიწის სისტემური რეგისტრაციის დროს საჯარო რეესტრი თავად მიდის ადგილზე და ახდენს მიწის აზომვას, საკადასტრო ნახაზების მომზადებას, ყველა საჭირო დოკუმენტის მოძიებას, ნახაზების ჩასწორებას და მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას. ეს  ყველაფერი კი მოქალაქეებისთვის არის უფასო.

ვიდრე მთავრობა სისტემურ რეგისტრაციას დაიწყებს, მოქალაქეებს უფლება აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიწის ნაკვეთები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპორადული რეგისტრაციით დაირეგისტრირონ. სპორადული რეგისტრაცია ნიშნავს იმას, რომ მოქალაქე საკუთარი სახსრებით აკეთებს საკადასტრო ნახაზს და წარადგენს საჯარო რეესტრში. თუ მიწის საკუთრების/ფლობის ან სხვა რაიმე დოკუმენტი აქვს, თან დაურთავს ნახაზს. თუ არ აქვს ასეთი დოკუმენტი, ამ დოკუმენტების მოძიებას არქივში და სხვა სახელმწიფო სამსახურებში უკვე საჯარო რეესტრი უზრუნველყოფს. ამაში მოქალაქე ფულს არ იხდის. უფასოა შემდგომში მიწის საკუთრებაში დარეგისტრირებაც.

საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში მიწის სისტემური რეგისტრაციისთვის 15 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა დამტკიცებულ ბიუჯეტში ეს თანხა 5 მილიონამდეა შემცირებული.

ამ თემაზე:

როდის დაიწყება მიწის უფასო რეგისტრაცია, რაზეც მთავრობამ შარშან განაცხადა

Exit mobile version