დოქტორ ფეიკი შემეცნებითი-გასართობი ტიპის თამაშია, რომელიც Deep Fake-თან, ყალბ ამბებთან და ყალბ ანგარიშებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და მათი გამოვლენის ინსტრუმენტებს აერთიანებს.

სახალისო თამაშში დოქტორ ფეიკის მხარდამჭერების — დიპფეიკის, ტროლის, კლონისა და ფიშერის დამაბნეველ კითხვებს უნდა ვუპასუხოთ. ბოროტმოქმედებს სუპერგმირის დახმარებით ვებრძვით და ყოველი სწორი პასუხის შედეგად ქალაქის გათავისუფლებას ვუახლოვდებით.

როგორ ვითამაშოთ

მედიაწიგნიერების ქალაქში სიმშვიდის დასაბრუნებლად თითოეულ ბოროტმოქმედს ცალ-ცალკე უნდა შეებრძოლო. ყოველი სწორი პასუხის შემდეგ შენს მოწინააღმდეგეს ასუსტებ და მის დამარცხებას უახლოვდები.

პირველი, ვის წინააღმდეგაც გალაშქრება გვიწევს, მისტერ დიპფეიქია. მოთამაშის დასაბნევად ის ყველასთვის საყვარელ და ნაცნობ პერსონაჟებს იყენებს და მათ ყალბ ვიდეოებს გვთავაზობს. შემდეგი მისტერ ტროლია, რომელმაც ათეულობით იდენტობა მოიპარა. მთავარია, მის ხაფანგს არ წამოვეგოთ და დაკვირვებით ამოვიცნოთ ყალბი ანგარიშები.

ფოტო: Doctor Fake

ფოტო: Doctor Fake

დავალება კიდევ უფრო რთულდება, როცა საქმეში მისტერ კლონი ერთვება. მას შეუძლია ცნობილი მედიაგამოცემებში მცირედი ცვლილებები შეიტანოს და “კლონირებული გვერდებით” დეზინფორმაცია გაავრცელოს. მათ ამოსაცნობად კი დეტალებზე დაკვირვებაა საჭირო. სულ ბოლოს მისტერ ფიშერს უნდა შევებრძოლოთ, რომელიც ჩვენს გასაცურებლად ბევრი ტყუილის თქმას ეცდება.

როგორ შეიქმნა თამაში

თამაში დოქტორ ფეიკი მითების დეტექტორის მედიაწიგნიერების პროგრამის კურსდამთავრებულებისა და რეგიონული ქსელის წევრების ინიციატივაა, რომელიც Hacking the Fake News-ის ფარგლებში შეიქმნა. გუნდის შემადგენლობაში მარიამ დანგაძე, მარიამ თოფჩიშვილი, ანი ქისტაური, მარია ტარიელაშვილი და ზიზი ნიშნიანიძე იყვნენ. მუსიკის ავტორი კი ივა შელიაა.

შემეცნებითი-გასართობი თამაშის იდეაზე და მის კონცეფციაზე მისმა შემქმნელებმა On.ge-სთან ისაუბრეს.

ბოროტმოქმედების დასამარცხებლად თამაში პასუხების სავარაუდო ვარიანტებს გვთავაზობს, რომლებიც, ცხოვრებაშიც ძალიან გამოსადეგია. მაგალითად, როგორ შევძლოთ ყალბი ფოტოს ამოცნობა ან როგორ გადავამოწმოთ ამა თუ იმ გვერდის სანდოობა.

“[მათ] დასამარცხებლად მედიაწიგნიერი უნდა იყო, თუმცა ამავდროულად თამაში ამ უნარის განვითარებაში გეხმარება”, — აღნიშნავს დანგაძე.

გუნდის კიდევ ერთი წევრი, მარიამ თოფჩიშვილი ყვება, რომ მთავარი იყო ისეთი კითხვების შედგენა, რომელიც მომხმარებლისთვის ჩამთრევი იქნებოდა. მიზანი იყო ისიც, რომ მათ, პასუხის გაცემის გარდა, ყოველ ჯერზე რაღაც ახალი ესწავლათ:

“ესეც ძალიან რთული კომპონენტი იყო — თუკი არასწორად პასუხობდა, გასაგებად აგვეხსნა, რა შეეშალა”.