ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„აღარ არის ადგილი“ – ბათუმში კოვიდსასტუმროს ამატებენ

15.04.2021 • 2066
„აღარ არის ადგილი“ – ბათუმში კოვიდსასტუმროს ამატებენ

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ბათუმში კოვიდსასტუმროს მოსაწყობად კომპანია „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმთან“ ახალი ხელშეკრულება 300 ათას ლარზე 2021 წლის 8 აპრილს გააფორმა.

დოკუმენტების მიხედვით, 8 აპრილითაა დათარიღებული აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მიერ დეპარტამენტში გაგზავნილი წერილიც, რომ არსებულ კოვიდსასტუმროში აღარ არის თავისუფალი ადგილი და ვეღარ იღებენ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს.

„ვინაიდან უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში აჭარის რეგიონში კვლავ მნიშვნელოვნად გაიზარდა ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდინფიცირებულ პირთა რაოდენობა, მიზანშეწონილია გაიხსნას ახალი საკარანტინე სივრცე. გთხოვთ, თქვენს გადაწყვეტილებას,“ – აღნიშნული იყო მინისტრის წერილში.

ტურიზმის დეპარტამენტმა კომპანიასთან ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა და შეთანხმებისთვის შესყიდვების სააგენტოს 14 აპრილს მიმართა.

„ბოლო ორი კვირის მანძილზე საგრძნობლად იმატა კოვიდინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობამ, რის გამოც საჭირო გახდა სასტუმრო მომსახურების დამატებით შესყიდვა,“ – აღნიშნულია დეპარტამენტის განაცხადში.

ხელშეკრულების მიხედვით, დეპარტამენტი კოვიდსასტუმროში პაციენტებს საჭიროების მიხედვით განათავსებს, ხოლო სასტუმროს მესაკუთრეს თანხას ფაქტობრივი მომსახურების შესაბამისად გადაუხდიან. დღიურად ერთ ნომერში დეპარტამენტი 50 ლარს გადაიხდის, ამ თანხაში სამჯერადი კვებაც შედის.

აჭარის ტერიტორიაზე არსებული საკარანტინე სივრცეების მოწყობისთვის სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს 2020 წლის აპრილიდან საქართველოსა და აჭარის მთავრობების შესაბამისი განკარგულებებით დაევალა.

15 აპრილის დილის მონაცემებით, აჭარაში 163 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში:

აჭარაში კოვიდის 103 ახალი შემთხვევაა | 15 აპრილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: