მთავარი,სიახლეები

ქალების თითქმის ნახევარს არ ეძლევა სექსზე უარის თქმის უფლება – გაერო

15.04.2021 • 1839
ქალების თითქმის ნახევარს არ ეძლევა სექსზე უარის თქმის უფლება – გაერო

57 ქვეყანაში მცხოვრები ქალების თითქმის ნახევარს უფლება არ აქვს თავად გადაწყვიტოს, ჰქონდეს თუ არა სექსი თავის პარტნიორთან, გამოიყენოს თუ არა კონტრაცეპტივები ან სამედიცინო დახმარება მოიძიოს – ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 2021 წლის საფლაგმანო ანგარიშში „მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობა“.

პრესრელიზის თანახმად, პირველად ხდება, რომ გაერო თავის ანგარიშში სხეულის ავტონომიაზე ამახვილებს ყურადღებას; ეს გულისხმობს საკუთარ სხეულთან დაკავშირებით არჩევანის გაკეთების ძალაუფლებას ძალადობის ან სხვების გადაწყვეტილებების თავს მოხვევის შიშის გარეშე.

სხეულის ავტონომიის დარღვევის ფორმებში შედის სექსუალური ძალადობა, ბავშვთა/ადრეული ქორწინება, ღირსების გამო მკვლელობა და სხვა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მონაცემები ხელმისაწვდომია: ქალების მხოლოდ 55 პროცენტია სრულად უფლებამოსილი გააკეთოს არჩევანი ჯანდაცვასა და კონტრაცეფციასთან დაკავშირებით და ასევე შეუძლია, რომ სექსზე თანხმობა ან უარი თქვას.

ამ ქვეყნების მხოლოდ 71 პროცენტში არის გარანტირებული წვდომა დედათა ჯანმრთელობის მომსახურებაზე.

ქვეყნების მხოლოდ 75 პროცენტში არის სამართლებრივ დონეზე უზრუნველყოფილი სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობა კონტრაცეფციაზე.

ქვეყნების მხოლოდ 80-მდე პროცენტს აქვს სექსუალური ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ხელშემწყობი კანონები.

ქვეყნების მხოლოდ 56-მდე პროცენტში არსებობს კანონები და პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერს ყოვლისმომცველ განათლებას ადამიანის სექსუალობის შესახებ.

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, სადაც მონაცემები ხელმისაწვდომია, ქალებს უფრო მეტად აქვთ სხეულზე ავტონომია. თუმცა წილი იმ ქალებისა, რომლებიც არ არიან საკმარისად გაძლიერებული იმისთვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები ჯანდაცვაზე, კონტრაცეფციაზე და არ აქვთ შესაძლებლობა, განაცხადონ თანხმობა ან უარი სექსზე, კვლავ მაღალია:

19 პროცენტი უკრაინაში, 23 პროცენტი ყირგიზეთში, 31 პროცენტი ალბანეთში და 34 პროცენტი სომხეთში. ტაჯიკეთში ქალების 67 პროცენტს არ შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება ამ ფუნდამენტურ საკითხებზე.

ანგარიშში ნათქვამია, როგორ ირღვევა ქალების, მამაკაცების, გოგოებისა და ბიჭების ავტონომია თავიანთ სხეულზე:

  • 20 ქვეყანაში თუ ტერიტორიაზე მოქმედებს კანონი „მოძალადეზე დაქორწინების შესახებ“, სადაც მამაკაცს შეუძლია სისხლისსამართლებრივ დევნას გაექცეს, თუ ის დაქორწინდება იმ ქალზე ან გოგოზე, რომელიც გააუპატიურა.
  • 43 ქვეყანაში არ არსებობს კანონმდებლობა დაქორწინებულ პირებს შორის გაუპატიურების შესახებ (გაუპატიურება მეუღლის მიერ).
  • 30-ზე მეტ ქვეყანაში შეზღუდულია ქალების უფლება გადაადგილდნენ სახლის გარეთ
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოები და ბიჭები თითქმის სამჯერ უფრო მეტი ალბათობით შეიძლება დაექვემდებარონ სექსუალურ ძალადობას და ამ თვალსაზრისით, გოგოები ყველაზე დიდი რისკის წინაშე დგანან.

„ყველასთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ქალების თითქმის ნახევარს ჯერ კიდევ არ შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილების მიღება  იმის შესახებ, ჰქონდეს თუ არა სქესობრივი კავშირი, გამოიყენოს თუ არა კონტრაცეფცია, ან სამედიცინო დახმარება მოიძიოს. ასობით მილიონ ქალს და გოგონას საკუთარი სხეული თავად არ ეკუთვნის. მათ ცხოვრებას სხვები მართავენ,“ – აღნიშნავს UNFPA-ს აღმასრულებელი დირექტორი, დოქტორი ნატალია კანემი.

_________________

ფოტო: ფრაგმენტი ტაილერ სპენგლერის გრაფიკული ნამუშევრიდან, რომლითაც ანგარიშია ილუსტრირებული. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: