მთავარი,სიახლეები

ზანგურს ქალზე ძალადობაში რეჟისორი ელენე მაცხონაშვილიც ადანაშაულებს – რას პასუხობს მსახიობი

14.04.2021 • 1585
ზანგურს ქალზე ძალადობაში რეჟისორი ელენე მაცხონაშვილიც ადანაშაულებს – რას პასუხობს მსახიობი

რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი მსახიობ ბესო ზანგურს ძალადობაში ამხელს, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ელენე მაცხონაშვილის თქმით, მან თავად დაინახა, როგორ სცემდა ბესო ზანგური შეყვარებულს აუდიტორიაში.

როგორც ელენე მაცხონაშვილი წერს, შემთხვევა წლების წინ მოხდა.

„დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! თეატრალურ უნივერსიტეტში, ბევრი წლის წინ ჩემი თვალით ვნახე, ვნახე ბესო ზანგური როგორ სცემდა (თავისივე შეყვარებულ) გოგოს. სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ! საკმაოდ რთულად და დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან! იმედი მაქვს, სხვა თეატრები და თეატრალები მაინც ილაპარაკებენ ძალადობაზე, ილაპარაკებენ ადეკვატურად და საღად! „დაგმობა“ ცოტაა!“ – წერს ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე.

ბესო ზანგური ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. როგორც მან „ბათუმელებს“ უთხრა, თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლისას ჰყავდა მეუღლე – ანა ყაჭეიშვილი და არ ჰყოლია შეყვარებული.

„თუ ანა ყაჭეიშვილს გულისხმობს ელენე მაცხონაშვილი, ჩემს ცოლს, მე რომ ვსწავლობდი, უკვე დამთავრებული ჰქონდა თეატრალური უნივერსიტეტი. თუ ამას წერს ნინუცა მაყაშვილზე, ესეც სისულელეა, რადგან ნინუცამ 8-9 წლის შემდეგ ჩააბარა თეატრალურში – მას შემდეგ, რაც მე დავამთავრე სწავლა. თან ამ დროს ნინუცა იყო ასაკით ძალიან პატარა. ასეთ კომენტარებს სამართლებრივად ვუპასუხებ. ვინ არის ელენე მაცხონაშვილი? რას შეესწრო და ვის შეესწრო წარმოდგენა არ მაქვს”, – ამბობს ბესო ზანგური.

ელენე მაცხონაშვილმა „ბათუმელებთან“ დააზუსტა, რომ შემთხვევა დაახლოებით 1999-2000 წლებში მოხდა, როცა ბესო ზანგური პირველ კურსზე იყო და ჯერ არ იყო დაქორწინებული ანა ყაჭეიშვილზე. ელენეს თქმით, ის და მისი მეგობარი ბიჭი [რომელსაც იდენტიფიცირება ბესო ზანგურთან მეგობრობის გამო არ სურს] შეესწრნენ როგორ სცემდა ზანგური შეყვარებულს.

„საღამო იყო, რეპეტიციები დამთავრებული იყო, შესაბამისად და აუდიტორიებიც იყო ცარიელი. ერთ-ერთი ასეთი ცარიელი აუდიტორიიდან მე და ჩემს ერთ მეგობარ ბიჭს ხმაური შემოგვესმა და გოგოს ხმა, რომელიც შველას ითხოვდა. ბესოს გამოვგლიჯეთ ეს გოგო და კონფლიქტიც იქ მორჩა. პოლიციისთვის არ მიგვიმართავს, ხომ იცით, ეს რა დროც იყო, პატრულიც კი არ არსებობდა.

მერე ვხედავდით, რომ წყვილმა ურთიერთობა გააგრძელა ჩვეულებრივად. ვერ დაგისახელებთ ვინ შეესწრო ჩემთან ერთად ამ ფაქტს. ეს ბიჭი ბესო ზანგურის მეგობარია და არ სურს გამოჩნდეს. ვერც გოგოს სახელს გეტყვით, ვისაც სცემდა ზანგური, არ ვიცი ის ისურვებდა თუ არა ამის გამხელას“, – გვითხრა ელენე მაცხონაშვილმა.


მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მასზე თანაცხოვრების დროს სისტემატურად ძალადობდა ყოფილი მეუღლე – ბესო ზანგური. ქალი ამბობს, რომ ზანგური მას, მათ შორის, ორსულობის დროს სცემდა. თავად მსახიობი ამას უარყოფს.

ბესო ზანგური ბრალდებას უარყოფს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ნინუცა მაყაშვილი შს სამინისტროში დაიბარეს.

https://netgazeti.ge/news/534531/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: