განათლება,მთავარი,სიახლეები

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები შშმ პირები უმაღლესში გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან

14.04.2021 • 1000
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები შშმ პირები უმაღლესში გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აბიტურიენტები საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 14 აპრილს, მიიღო საქართველოს პარლამენტმა.

საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტს საქართველოს განათლების სამინისტრომ მიმართა.

განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამის არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და ამისთვის გადმოდიოდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უნდა ჩაირიცხონ და დაფინანსდნენ.

დგებუაძის თქმით, ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის შესახებ დეტალები დაზუსტდება განათლების მინისტრის დადგენილებაში.

მსგავსი ინიციატივა  სამინისტროს პარლამენტში უფრო ადრე ჰქონდა წარდგენილი, თუმცა იქ დაკონკრეტებული იყო მხოლოდ სენსორული დარღვევების მქონე პირები, ინიციატივას საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა იმ დათქმით, რომ  ფორმულირება არა მარტო სენსორული დარღვევის მქონე პირებს, არამედ მთლიანად შშმ პირებზე გავრცელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: