პირველი მაისიდან თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში ცვლილებები ამოქმედდება, რომლის თანახმადაც თამბაქოს მოხმარება იკრძალება ყველა შენობა-ნაგებობასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
კერძოდ, მოწევა შეიზღუდება რესტორნების, კაფეების, ბარების, კვების სხვა ობიექტების, გასართობი კლუბების, ცენტრების, კომერციული-სავაჭრო ობიექტებისა და მაღაზიების ინტერიერში, ანუ უშუალოდ შენობებში. კანონი თამბაქოს მოწევას აკრძალავს სილამაზის სალონებში, სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში, პოლიკლინიკებში, ესთეტიკური მედიცინის ცენტრების, სამედიცინო-სპორტულ-გამაჯანსაღებელი სპა ცენტრების ინტერიერსა და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე.
შეზღუდვა ასევე შეეხება სასწავლო დაწესებულებებს, უნივერსიტეტებს, სკოლებს, ბაგა-ბაღებსა და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებს. მწეველთათვის სპეციალური ადგილების გამოყოფა ამ დაწესებულებების ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა უნდა უზრუნველყონ.
მოწევა იკრძალება სადარბაზოშიც, რადგან სადარბაზო არის მრავალბინიანი სახლის საერთო ქონება ისევე, როგორც ვესტიბიული, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სხვენი, სახურავი და ლიფტი.
აკრძალვა ნაწილობრივ ეხება სასტუმროებსაც. კერძოდ, 2020 წლის პირველ იანვრამდე დასაშვებია თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20 პროცენტში. დაუშვებელია სასტუმროს მოსაწევ და არამოსაწევ ნომრებში თამბაქოს მოწევის რეჟიმის შეცვლა. სასტუმროს მოსაწევი ნომრები უნდა გამოიყოს სასტუმროს ადმინისტრაციის სპეციალური ბრძანებით, რომელიც სასტუმროში თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს.
ამ სივრცეებში იკრძალება როგორც თამბაქოს, ისე ჩილიმისა და ელექტროსიგარეტის მოხმარება.
[checklist]
სად იქნება დასაშვები მოწევა
- ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას
- თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში
- პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი
- წინასწარი დაკავების იზოლატორში
- კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში
- სამორინეში
- აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში
- სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით
- 2020 წლის პირველ იანვრამდე დასაშვებია სტადიონის ტერიტორიაზე მოწევა. 2020 წლის პირველ იანვრამდე დასაშვებია თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20%-ში
[/checklist]


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტის ინფორმაციით, ჯანმრთელობისთვის საშიშია როგორც თამბაქოს უშუალოდ მოხმარება, ისე თამბაქოს მოწევის პროცესში გარემოში გამოყოფილი კვამლი, რომელიც ავსებს რესტორნებს, ოფისებს და სხვა დახურულ სივრცეებს, როცა ადამიანები ეწევიან.
თამბაქოს კვამლში 4000-მდე ქიმიური ნივთიერებაა; მათგან 250 კარგად ცნობილი მავნე ნივთიერებაა, 50-ზე მეტი კი კიბოს გამომწვევია. არ არსებობს მეორადი კვამლის ზემოქმედების უსაფრთხო დონე.
მოზრდილებში მეორადი კვამლი გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებებს, მათ შორის გულის კორონალურ დაავადებებს და ფილტვის კიბოს, ახალშობილებში უეცარი სიკვდილის სინდრომს, ორსულებში დაბალწონიანი ნაყოფის დაბადებას იწვევს.
ბავშვების თითქმის ნახევარი რეგულარულად იმყოფება თამბაქოს მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
მეორადი კვამლი ყოველწლიურად 600000 ნაადრევ სიკვდილს იწვევს.