მთავარი,სიახლეები

მოსამართლე მიიჩნევს, რომ დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საქმე არ უნდა განიხილონ

14.04.2021 • 1604
მოსამართლე მიიჩნევს, რომ დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საქმე არ უნდა განიხილონ

საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად დაუშვა პარლამენტარების სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ. საუბარია პარლამენტის სამ წევრზე, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, მანდატების შეჩერებას ითხოვენ, მაგრამ ამაზე პარლამენტი უარს ამბობს. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით თამარ კორძაიამ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ მიმართეს.

მოსამართლე ევა გოცირიძე გამონაკლისია. ის მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტარების ეს სარჩელი საერთოდ არ უნდა განიხილოს. მოსამართლე რამდენიმე არგუმენტს ასახელებს, მათ შორის, აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საკონსტიტუციოს მოუწევს პოლიტიკური დღის წესრიგით მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება. ეს კი „მიუღებელია სასამართლოს როლიდან გამომდინარე,“ – აღნიშნავს მოსამართლე ევა გოცირიძე.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს პოლიტიკური მიზანშეწონილობით მიღებული პარლამენტის სადავო დადგენილებები შეაფასოს სამართლებრივი კრიტერიუმებით, რაც შეუძლებელია, ანდა ის შეაფასოს პოლიტიკური კრიტერიუმებით, რაც ასევე შეუძლებელი და მიუღებელია სასამართლოს როლიდან გამომდინარე.

ხსენებული დადგენილებები წმინდა პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებებია, მიღებულია პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე, პოლიტიკური მიზანშეწონილობით ნაკარნახევი ბოიკოტის საპასუხოდ და წარმოადგენს მიმდინარე პოლიტიკური (სავარაუდოდ, ჯერ კიდევ დაუსრულებელი) პროცესის ნაწილს.

საკონსტიტუციო სასამართლო არ არის იმ მდგომარეობაში, რომ იურიდიული კატეგორიებით შეაფასოს კონსტიტუციურობა ისეთ პოლიტიკურ პროცესში – პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში – მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც ისედაც ამოვარდნილია ორდინარული კონსტიტუციური მართლწესრიგიდან.

რადგან ჩემმა კოლეგებმა საქმე მიიღეს არსებითად განსახილველად, მათ არსებითი განხილვის დროს, სავარაუდოდ, მოუწევთ ან საკითხის პოლიტიკური კონტექსტის მთლიანად უგულვებელყოფა და არაორდინარული შემთხვევების ორდინარულ, კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებად მიჩნევა, რაც შეცდომა იქნება, ანდა ნებსით თუ უნებლიედ, პოლიტიკაში შეჭრა და პოლიტიკური კატეგორიებით ოპერირება, რაც ასევე შეცდომა იქნება.

უფრო გონივრული იქნებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს განეხორციელებინა თვითშეზღუდვა საკითხის ბუნების, მისი წმინდა პოლიტიკური ხასიათის გამო და ე.წ. პოლიტიკური საკითხის დოქტრინაზე დაყრდნობით, უარი ეთქვა კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებაში პარლამენტის სადავო დადგენილებების შეფასებაზე და სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილებანი პოლიტიკური ხელისუფლების მიხედულების ფარგლებში დაეტოვებინა,“ – წერს ევა გოცირიძე.

მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ოპოზიციიდან პარლამენტში შესული დეპუტატების უმრავლესობამ ერთდროულად მოითხოვა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა. „…ამ გზით მიზნად ისახავენ ვადამდელი არჩევნების მიღწევას და ეს ყველაფერი საჯაროდ დეკლარირებული აქვთ,“ – დასძენს მოსამართლე.

მოსამართლე ევა გოცირიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტს მსგავს ვითარებაში ფართო დისკრეცია უნდა ჰქონდეს და სასამართლო ამ პროცესში არ უნდა ჩაერიოს.

„ვითარების არაორდინარულობა თავისთავად მიუთითებს იმის საჭიროებაზე, რომ პარლამენტს უნდა ჰქონოდა მოქმედების მეტი თავისუფლება და რომ 39-ე მულის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი თავისი ვიწრო, ფორმალური, სიტყვასიტყვითი გაგებით განსახილველ შემთხვევებს არ მიემართება.

საქართველოს პარლამენტმა, სავარაუდოდ, სწორედ ზემოთ დასახელებული მიზეზებით, აღწერილ არაორდინარულ ვითარებაში საკუთარ თავს მიანიჭა დისკრეციული თავისუფლება, ემსჯელა 51 პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამართლებულობაზე და უარი თქვა მათი პირადი განცხადებების დაკმაყოფილებაზე,“ – წერს მოსამართლე.

ევა გოცირიძე თავის განსხვავებულ აზრში ასევე ხსნის, თუ როგორ ესმის მას „თავისუფალი მანდატი“.

„საზოგადოდ პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში პიროვნებამ შეიძლება გადაიფიქროს და უარი თქვას მოპოვებულ მანდატზე, თუმცა ეს „უფლება“ „თავისუფალი მანდატის“ პრინციპში კი არ ძევს, არამედ ადამიანის უფლებაში, არ დაკავდეს ისეთი საქმიანობით, რომელიც მის ნება-სურვილს არ შეესაბამება. ამასთან მიმართებაში (როდესაც, ცხადია, საკითხი შეეხება ორდინარულ შემთხვევებს და არა მასობრივ ბოიკოტს), შესაძლებელია, რელევანტური იყოს პიროვნების თავისუფალი განვითარების, პიროვნული ავტონომიურობის, შრომის თავისუფლების, იძულებითი შრომის აკრძალვისა და სხვა საკითხები კონკრეტული ვითარებებისა და გარემოებების გათვალისწინებით.

თუმცა ძალზე არასერიოზული იქნებოდა გვეფიქრა, რომ თავისუფალი მანდატის მფლობელი პარლამენტის წევრი, ვითომდა სწორედ იმიტომ, რომ თავისუფალი მანდატის მფლობელია, თითქოს უფრო მეტად თავისუფალია, უარი თქვას პარლამენტის წევრობაზე, ვიდრე იმპერატიული მანდატის მფლობელი,“ – წერს მოსამართლე ევა გოცირიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: