სიახლეები

საია ბულვარის დირექტორის გათავისუფლებაზე: ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს

14.04.2021 • 1650
საია ბულვარის დირექტორის გათავისუფლებაზე: ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს

„ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს, რასაც საბოლოო შეფასებას მისცემს სასამართლო,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ბათუმის ბულვარის დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლების შესახებ.

ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან 12 აპრილს გაათავისუფლეს. მანამდე, 30 მარტს, ირაკლი ჯინჭარაძემ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საჯაროდ გააპროტესტა პლაჟების კერძოს საკუთრებაში გადაცემა.

ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლების მიზეზად აჭარის მთავრობამ აუდიტის დასკვნა დაასახელა, რომელიც 2020 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა.

იურისტი პაატა დიასამიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ განკარგულების გამოცემამდე აჭარის მთავრობამ კანონით სავალდებულო მოთხოვნები უგულებელყო, მაგალითად, არ მოუსმენიათ ირაკლი ჯინჭარაძის ახსნა – განმარტება იმ დარღვევებზე, რაც სახელმწიფო აუდიტმა დააფიქსირა.

„აქტის გამოცემა უკვე ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა, მინიმუმ ის, რომ ვიღაც დაჯდა და აუდიტის დასკვნის საფუძველზე ეს აქტი დაწერა… შესაძლოა, მან თქვა, რომ არ სჭირდებოდა ახსნა-განმარტება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საქმეზე გამოძიება დასრულებული არ არის და ამ საქმის გარემოებები არავის გამოუკვლევია.

ეს შეიცავს სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნებს, რომ ირაკლი ჯინჭარაძე რეალურად თავისი კრიტიკული მოსაზრების გამო დაისაჯა. ამას ადასტურებს უმაღლესი საბჭოს წევრის, დავით ბაციკაძის განცხადებაც [„ბურდღუ გაყოყოჩდა“ – ასე შეაფასა დავით ბაციკაძემ ირაკლი ჭინჭარაძის გათავისუფლების საკითხი ], რომ რეალურად დასაჯეს ადამიანი.

ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ირაკლი ჯინჭარაძე დისკრიმინაციის მსხვერპლია,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე.

საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელისთვის ის ფაქტიც, რომ აუდიტის დასკვნის გამოკვლევით მთავრობა არ დაკავებულა და ამაზე თანამდებობის პირის საჯარო პროტესტის შემდეგ ჰქონდა რეაქცია, აჩვენებს იმას, რომ აჭარის მთავრობის რეაგირების მიზანი დასჯა იყო.

„მაშინვე უნდა მოეხდინათ რეაგირება, როცა ამდენი დრო გავიდა…

ახლა ჩნდება შთაბეჭდილება, რომ დასჯის მიზნით მოახდინეს რეაგირება… გამოსაკვლევია ისიც, ხარვეზები, რაც დაადგინა აუდიტმა დოკუმენტების შედარების შედეგად, მართლაც ტექნიკური ხარვეზი იყო, როგორც ამას ირაკლი ჯინჭარაძე ამბობს, თუ სხვა პრობლემა,“ – აღნიშნა პაატა დიასამიძემ „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: